Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ოქმს გაასაჩივრებს, როგორც კი ის გამოქვეყნდება. ეს განცხადება ოპოზიციური პარტიის წევრებმა ბრიფინგზე გააკეთეს.

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ანა წითლიძის, განცხადებით, საკრებულოს სხდომა, სადაც უმრავლესობამ ერთხმად მოიწონა ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება, პროცედურული დარღვევებით წარიმართა. მისი თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოქმი გამოითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო:

„ოქმი საკრებულოს სხდომაზე რეალურად არ შედგენილა. საკრებულომ რეალურად არ იცის და არც ოქმში ჩაწერილა, ვინ იყო მომხრე და ვინ - წინააღმდეგი, ან ვინ შეიკავა თავი, რაც არის დარღვევა და რაც იძლევა ოქმის გაბათილების საშუალებას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი სიტყვებით, პროცედურული დარღვევა იყო ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ საკითხი კენჭისყრაზე განმარტებების გარეშე დააყენა. დეპუტატის თქმით, ის ვალდებული იყო ეთქვა, თუ რა საკითხს ეყრებოდა კენჭი, ისევე როგორც მისი დასრულების შემდეგ უნდა დაეფიქსირებინა შედეგი.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის, თეიმურაზ ბასილაიას, განცხადებით კი, მას შეეცოდა საკრებულოს ყველა წევრი, რომლებსაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წასვლა მოუხდათ იმისათვის, რომ პარტიის დირექტივები შეესრულებინათ.

„მათ განაჩენი გამოუტანეს საკუთარ ღირსებას, საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, საკუთარ პარტიასაც და, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, მათ, გარდა იმისა, რომ ქალაქს წაართვეს სტატუსი, განაჩენი გამოუტანეს ასობით საჯარო მოხელეს“, - განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს უპასუხეს. იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომა პროცედურული დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა:

„ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის დონე, რაც აუცილებელი იყო მსგავსი შეხვედრების დროს. იმის ნაცვლად, რომ მოგვესმინა ერთმანეთისთვის, ჩვენი აზრები გამოგვეხატა, ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც მიმართული იყო ჩაშლისკენ და ქაოსისკენ“, - განაცხადა ნუგზარ სარიამ.

მისივე სიტყვებით, სხდომის ოქმის გამოსაქვეყნებლად კანონით დადგენილია სამდღიანი ვადა, რომელსაც ქალაქის საკრებულო არც ამ შემთხვევაში დაარღვევს:

„აპარატი ამზადებს ამ ოქმს ჩანაწერების მიხედვით. ამას ანალიზი უნდა, თითოეული გამომსვლელის მოსაზრება ფიქსირდება აუდიოჩანაწერის მიხედვით, ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში ჩანაწერების სახით. ამის შემდეგ გადაეცემა მხარეებს, მოეწერება ხელი თავმჯდომარის მიერ და ქვეყნდება საჯარო გზით“, - განაცხადა ნუგზარ სარიამ.

22 მაისის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა არასამთავრობო სექტორმაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც მოიწონეს ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება, პროცედურული ხარვეზებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საუნჯე“ და „სამართლიანი არჩევნები“ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

12 ხმით 3-ის წინაღმდეგ ზუგდიდის საკრებულომ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის მიუხედავად, 22 მაისს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. მანამდე რეგიონალური განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება თემის საკრებულომ 19 მაისს გამართულ სხდომაზე მოიწონა.

XS
SM
MD
LG