Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის თვითმმართველობას შშმ პირთა საკითხებზე რეკომენდაციებით მიმართეს


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენობების ნაწილს პანდუსები გაუკეთდა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე გადასასვლელი მოეწყო, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გადაადგილება კვლავ პრობლემას წარმოადგენს. დაწესებულებათა დიდი ნაწილი მხოლოდ გარეთა პერიმეტრზეა ადაპტირებული, შენობების შიგნით კი არ არის სპეციალური კიბე ან ლიფტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარგებლობა.

ეტლით მოსარგებლე რულან საჯაია, რომლის ორგანიზაცია „ჰანგიც“ ამ პრობლემებზე თვითმმართველობისა და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას წლების განმავლობაში ცდილობს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მცირე დადებითი ძვრები ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით ქალაქში შეინიშნება, თუმცა ხშირად სტანდარტები არ არის დაცული:

„აქ არ არის საუბარი მარტო ეტლით მოსარგებლეებზე. ამ მხრივ საერთოდ არ არის გათვალისწინებული მხედველობადაქვეითებულები, არ არის ხმოვანი შუქნიშანი. ეტლით მოსარგებლეებისთვის თუ შეინიშნება რაღაც პოზიტიური ძვრები, ამ კატეგორიისთვის საერთოდ არაფერია გაკეთებული. არ არის კაბინეტებში - ვთქვთ, საჯარო სამსახურებში -ბრაელის შრიფტი. აქ კატასტროფა გვაქვს სრული“.

ერთჯერადი ფულადი დახმარებები ეს არის წყალში გადაყრილი თანხა. ამ ადამიანების არანაირი სოციალური ინტეგრაციის და არანაირი სოციალური სერვისების მრავალფეროვნება და გაუმჯობესება იმ თანხით, რა თანხასაც გამოყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა, ვერ ხერხდება.
მადონა ხარებავა

პრობლემების მოგვარების მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დეამ“ რეკომენდაციების დოკუმენტი გადასცა. რეკომენდაციები ასოციაციამ თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის, ალექსანდრე სვანიშვილის, თანამონაწილეობით შეიმუშავა. მუშაობისას დაეყრდნენ შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელის, მადონა ხარებავას, განცხადებით, მონიტორინგით გამოვლინდა ძირითადი ხარვეზები შშმ პირთა საკითხებზე მუშაობისას როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის მიდგომებში, რაც აისახა კვლევაში. ის მიიჩნევს, რომ დღეს არ არსებობს შშმ პირებს მორგებული გარემო და არც სოციალური პროგრამები:

„ერთჯერადი ფულადი დახმარებები ეს არის წყალში გადაყრილი თანხა. ამ ადამიანების არანაირი სოციალური ინტეგრაციის და არანაირი სოციალური სერვისების მრავალფეროვნება და გაუმჯობესება იმ თანხით, რა თანხასაც გამოყოფს ადგილობრივი თვითმმართველობა, ვერ ხერხდება“.

ის იმედს გამოთქვამს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი ასახული იქნება თვითმმართველობის ახალ პროგრამებში და, რაც მთავარია, 2018 წლის ბიუჯეტში.

ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში, ალექსანდრე სვანიშვილის რეკომენდაციაა შშმ პირთა საკითხები თვითმმართველობამ გაიაზროს და კომპლექსურად განიხილოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია:

„ეს ეხება ფიზიკური გარემოს გაუმჯობესებას, ეს ეხება აღმზრდელობით საკითხებს, ეხება კვალიფიკაციის საკითხებს. ეს ეხება ყველაზე მთავარს, საზოგადოების გათვითცნობიერებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბიუჯეტი განიხილავს როგორც დახმარების სუბიექტს და არა სუბიექტს, რომელიც არის საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი, და მას ისევე უნდა მოეპყროს, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს“.

ზუგდიდის მერიაში ირწმუნებიან, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განცხადებით, ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებს:

„მათ, განურჩევლად შეზღუდვისა, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ აბსოლუტურად ყველა პროგრამით. ჩვენ შევეცდებით მოვაგვაროთ არა მარტო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ხელი შევუწყოთ მათ რესოციალიზაციას და ინტეგრირებას სოციუმში“.

ასოციაცია „დეას“ ინფორმაციით, კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა რეკომენდაციები, ჩატარდა პროექტის „მე მაქვს უფლება“ ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო აქტივობის ინსტიტუტი“ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG