Accessibility links

საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდის მერიისგან ბოტანიკური ბაღის დასუფთავების უფლებას ითხოვს


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბ „ბაიას“ ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, და მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე, გურგენ სართანია, მერიას მიმართავს თხოვნით, დართოს ნება ბოტანიკური ბაღის დასუფთავებისა და წყლის სისტემის აღდგენის. ჯგუფს ბაღში უკვე შეტანილი აქვს წყლის მილები და ინერტული მასალა, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის გაურკვეველია ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი პოზიცია, მაშინ როცა ქალაქის მთავარი ისტორიული ძეგლი მოუვლელობის მიზეზით ნადგურდება. მათი თქმით, ამ პოზიციას იზიარებს ის 30 მოხალისე, ვინც საკუთარი სურვილით ჩაერთო დასუფთავების აქციაში.

გამგებლის ყოფილი მოადგილის, გურგენ სართანიას, განცხადებით, საწყისი ეტაპისთვის ზვიად სიჭინავა მზად იყო ბაღში წყლის მიწოდების აღდგენისთვის 40 ათასი ლარი გამოეყო, მოგვიანებით კი მუშები ექირავებინა და ხარჯებიც გაეზარდა. გამგებლის ყოფილი მოადგილე ირწმუნება, რომ სიჭინავას, რომელსაც სურვილი აქვს კენჭი იყაროს ქალაქ ზუგდიდის მერის პოზიციაზე, ამ სამუშაოების ჩატარება მხოლოდ ბაღის გადარჩენის მიზნით სურს:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

„მაგრამ მას უარი უთხრეს. ჩენ ვთხოვთ მერიას, ეს არ იყო რაღაც მერიის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ჩვენ ის გვაწუხებს, რომ გავერანებულია ბოტანიკური ბაღი. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოგვცენ იმის უფლება, რომ წყალი გაედინებოდეს ჯერ ბაღში, მერე ბულვარში. ეს არ არის არანაირად კავშირში არც კანდიდატობასთან, არც მერობასთან. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ ბოტანიკური ბაღი გამოიყენოს და დივიდენდები ჩაიწეროს, რომ შემდეგ მოსახლეობასთან თქვას, მე ბოტანიკური ბაღი გავწმინდეო, და ამით თავი მოიწონოს“, - განაცხადა გურგენ სართანიამ. თავად ზვიად სიჭინავას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კითხვაზე, რატომ არ მიმართეს ნებართვისთვის ქალაქის მერიას, საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ზურაბ ჯინჯოლავამ, განაცხადა, რომ დასუფთავების აქციას თვალს ადევნებდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, რომელსაც პროტესტი არ გამოუხატავს. უფრო მეტიც, დაჰპირდა, რომ გამოყოფდა სპეციალისტს, რათა მათ არ დაეზიანებინათ მცენარეები.

„არავინ სპეციალისტი არ მოსულა და ჩვენ გავაგრძელეთ თიბვა, ბაღის დასუფთავება. საზოგადოებაც შემოგვიერთდა, მაგრამ მეორე დილით აქ დაგვახვედრეს პოლიცია, დაცვის პოლიცია იყო თუ ვინ იყო, მე არ ვიცი, თვითონ მერიის სამსახურებიც იყვნენ და უარი გვითხრეს ამაზე“, - განაცხადა ზურაბ ჯინჯოლავამ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალისტის მომსახურებით ჯგუფი ვერ ისარგებლებდა, რადგან მათთვის დასუფთავების აქციის ან ბაღში სხვა რაიმე სახის ღონისძიების ჩატარების თხოვნით არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით არ მიუმართავს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე აცხადებს, რომ ესმის მოქალაქეების განწყობა ბოტანიკური ბაღის მიმართ, თუმცა მოუწოდებს მათ მოთმინებისკენ, მით უფრო მაშინ, როცა „ასე ახლოს არის“ ბაღის რეკონსტრუქციის დაწყების თარიღი.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი დღე-დღეზე, უახლოეს ერთ კვირაში, როგორც ჩვენ შეგვპირდნენ, აპირებს ტენდერის გამოცხადებას, რომელიც რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სწორედ აქ გამარჯვებული კომპანია გააკეთებს ბაღის სრულ რეაბილიტაციას. კეთილმოწყობის სამსახური ინტენსიურად აწარმოებს სამუშაოებს ბოტანიკური ბაღის და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს სამუშაოები ამწუთასაც მიმდინარეობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, რომ მოთმინება იქონიონ“, - განაცხადა მაია ღუბელაძემ.

მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ იგეგმება ბოტანიკური ბაღის სრული განახლება, ამ ეტაპზე თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ჩარევებისგან, თუმცა კოსმეტიკური ხასიათის სამუშაოები, რაც გულისხმობს მის მოვლას და დასუფთავებას, მერიის თანამშრომლის მტკიცებით, ეტაპობრივად ტარდებოდა და ტარდება ახლაც, სპეციალისტების ჩართულობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG