Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წელს გაწეული ხარჯებით სამეგრელო-ზემო სვანეთში ზუგდიდის თვითმმართველობა ლიდერობს


ზუგდიდი
ზუგდიდი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა გამოაქვეყნა გაკვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2016 წელს გაწეული ხარჯების, მათ შორის - შრომის ანაზღაურების, პრემიის, სახელფასო დანამატის, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების, მივლინებებისა და საწვავის შესახებ. ინფორმაციის მიხედვით, ამ მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სხვებს უსწრებს. გამონაკლისი მხოლოდ მივლინებების ხარჯებია, სადაც პირველი ადგილი მესტიის მუნიციპალიტეტს უჭირავს.

როგორც ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განუცხადა ჟურნალისტებს, გასულ წელს პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა - 771 825 ლარი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიცა, ყველაზე ნაკლები კი - 52 850 ლარი - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაზე დიდი მოცულობით პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა კვლავ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 201 445 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 840 ლარი.

„ძირითადი პრობლემა, რასაც ჩვენ აქ ვეხებით, არის პრემია და სახელფასო დანამატები. გვესმის, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ დადგენილი წესი პრემიების გაცემის შესახებ, თუმცა თვითონ ეს დადგენილებები შეიცავენ ხარვეზებს. ანუ დადგენილება უნდა იყოს იმდაგვარი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს პრემიის გაცემა შეეძლოს მხოლოდ მაშინ, როცა ამას კონკრეტული საჯარო მოსამსახურე იმსახურებს“, - ამბობს არჩილ თოდუა.

ამასთან, მისი განცხადებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, გასულ ორ წელთან შედარებით, მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრეცედენტები:

„მესტიის მუნიციპალიტეტში პრემია სულ ერთხელ გაიცა და ისიც მხოლოდ ერთ თანამშრომელზე. იგივე მოხდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც, სადაც ერთხელ გაიცა პრემია ერთ თანამშრომელზე. მოკლედ, ორივე შემთხვევაში ეს დასაბუთებული იყო და მოხდა შრომატევადი სამუშაოსთვის. ანალოგიურად იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც რამდენიმე თანამშრომელზე პრემია გაიცა განსაკუთრებული შრომატევადი სამუშაოსთვის. თუმცა ხშირ შემთხვევაში პრემია და სახელფასო დანამატი გაიცემა გარკვეული დასაბუთების გარეშე“.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები, რომელიც მოყვანილია კვლევაში, არ სცდება კანონით დადგენილ ზღვარს. მამუკა წოწერიას არ უკვირს ის, რომ ზუგდიდის გამგეობა და საკრებულო გაწეული ხარჯებით სხვა თვითმმართველობებს უსწრებს, რადგან:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიულად და მოსახლეობის მხრივაც, ადმინისტრაციული ერთეულების მხრივაც არის ერთ-ერთი ლიდერი. შესაბამისად, ხარჯების მეტობა გამოწვეულია ამ სიდიდით“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მისი განცხადებით, პრემიისა და სახელფასო დანამატის გაცემა ემსახურებოდა დასაქმებულების სტიმულის გაზრდას. ამასთან, გამგებლის მოადგილის მტკიცებით, წლევანდელ ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად მინიმუმამდეა შემცირებული სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის, პრემიებისა და სახელფასო დანამატების ფონდი.

„შემცირებულია ხარჯები. კონკრეტულად ეს ეხება საქონელსა და მომსახურებას, შეეხება სუბსიდირებას და სახელფასო ფონდს. ის გასული წლის მთლიანი ბიუჯეტის პროექტის 90 %-ს არ აღემატება. მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ შემცირდეს ეს ხარჯები და მიმართოს კაპიტალურ მშენებლობაზე“, - აღნიშნა გამგებლის მოადგილემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, დაუშვებელია პრემიის გაცემა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. პრემია უნდა გაიცეს მხოლოდ მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის.

XS
SM
MD
LG