Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებაში ინფექცია გავრცელდა


ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში, რამდენიმე ათეული ადამიანია მოწამლული. სპეციალისტები იკვლევენ მიზეზებს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი, მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია.

პაციენტებს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ - სიცხე, დიარეა, გულის რევის შეგრძნება. გალის რაიონის მკვიდრმა ციალა ქობალიამ შვილიშვილი მსგავსი სიმპტომებით მიიყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. მისი ცნობით, რამდენიმე დღეა, რაც მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წყალია. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო, არ ვიცით. მარტო ჩვენ ვართ ასე? სხვებიც არიან. გუშინ აქ სასწრაფოს რამდენიმე მანქანა იყო. მოწამლულია ბავშვი, ინფექციაა რაღაც“, - ამბობს ციალა ქობალია.

„ორი დღეა ეს შევამჩნიეთ, ბავშვები გაჰყავთ აქედან. ერთი თვის წინაც იყო ამაზე ლაპარაკი“, - გვითხრა მზია კვაშილავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, ინფექციისგან დაავადებული 89 პირია, მათ შორის 39 - ბავშვი.

ნანა ოდიშარიას თქმით, მისი სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის ექიმები დასახლების ყველა ოჯახში იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს:

„სიმძიმე არის საშუალო, ძირითადად - მსუბუქი. მძიმე ფორმა ვისაც აქვს, სტაციონარულ მკურნალობას გადის. ადგილზე რჩება ორი პირი, რომელთაც საშუალოზე ცოტა მძიმე მდგომარეობა აქვთ. მათ მიეცათ რეკომენდაცია, რომ მკურნალობა გაიარონ სტაციონარულ პირობებში“.

ნანა ოდიშარიას თქმით, აღებულია ლაბორატორიული სინჯები, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სამსახურმა - წყლის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კი დაავადებულებისგან აიღო სინჯები ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევებისთვის. პასუხები ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG