Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვს უცხოეთის პასპორტი მისცეს

აფგან სადიგოვი უცხოეთის პასპორტით.
აფგან სადიგოვი უცხოეთის პასპორტით.

საქართველოდან გაძევებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა სამშობლოში პასპორტი აიღო. ინფორმაცია გაავრცელა მისმა ცოლმა, სევიჩ სადიგოვამ.

„ახლა ჩვენ წინაშე შემდეგი მიზანია, ამას სინანულით ვამბობ, ქვეყნის დატოვება. რატომ ვამბობ ამას სინანულით?! იმიტომ, რომ სამშობლოს დატოვება ადამიანს ყველაფრის დაკარგვის შეგრძნებას უქმნის. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს“, - დაწერა სევიჩ სადიგოვამ ფეისბუკში.

გუშინ, 30 აპრილს სადიგოვამ რადიო თავისუფლებასთან ეჭვი გამოთქვა, რომ მის ქმარს დოკუმენტის მიცემას უჭიანურებდნენ.

„ამჟამად ორი სახელმწიფო უწყება ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდის: ერთი ამბობს, რომ ძებნა არ მიმდინარეობს, მეორე კი იუწყება, რომ სისტემაში „ძებნილის“ სტატუსი კვლავ არსებობს. ეს წინააღმდეგობა თავისთავად სერიოზულ კითხვებს ბადებს. ჩემი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინია ამ შეუსაბამობის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა და სიტუაციის ოფიციალური გარკვევა. თუმცა ისინი ოფიციალურ პასუხზე უარს ამბობენ. რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს“, - ამბობდა ის გუშინ, 30 აპრილს.

სადიგოვის შესახებ

აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, აზერბაიჯანი კი მის გადაცემას მოითხოვდა.

სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.

ჟურნალისტის კიდევ ერთხელ დაკავება

აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ეწერა სადო პოსტში, რომელსაც თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.

გაძევების გადაწყვეტილება

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 აპრილს, გამთენიისას, 04:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:

  • აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევების შესახებ;
  • 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რადგან მიიჩნია, რომ ამით ჟურნალისტი ქართულ პოლიციას შეურაცხყოფდა;
  • სამი წლის განმავლობაში აუკრძალა საქართველოში შემოსვლა.

გაძევების მეორე დღეს, 6 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

სასამართლოს უარი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოში ითხოვდნენ, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მანამდეც დაუყენებიათ:

„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG