დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში მხარს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს.
"საარჩევნო კომისიას" რეგისტრაციის მოთხოვნით კიდევ რამდენიმე "კანდიდატმა" მიმართა.
„ამ ხალხს ცხინვალში ფაქტობრივად არავინ იცნობს“, - გვეუბნება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
ის დარწმუნებულია, რომ კამბოლოვი „არჩევნებს“ პირველივე ტურში, დამაჯერებლად მოიგებს.
"საპრეზიდენტო კანდიდატები"
წინასწარი ინფორმაციით, "არჩევნებში" ხუთი "კანდიდატი" მიიღებს მონაწილეობას:
- მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე "კომუნისტური პარტიის" მიერ;
- ხოხ ჩოჩიევი - "სახელმწიფო დაცვის" ყოფილი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ირი ფარნის“ მიერ;
- მურატ ვალიევი - "სახელმწიფო დაცვის" მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
- ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
- კაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.
"კანდიდატთა" რაოდენობა "არჩევნებამდე" შესაძლოა შემცირდეს - თუკი, მაგალითად, რომელიმე მათგანი საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს (მინიმუმ 3500) ვერ შეაგროვებს.
"პრეზიდენტობის კანდიდატებს" ოსური და რუსული ენების ცოდნაც ევალებათ - კამბოლოვმა გამოცდა უკვე ჩააბარა.
უარი რეგისტრაციაზე
ე.წ. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ედუარდ გაბარაევს და „განვითარების პარტიის“ კანდიდატს, ფატიმა ხუგაევას.
ორივე შემთხვევაში მიზეზად მხარდამჭერთა რაოდენობის სიმცირე დასახელდა - "კანდიდატის" წარდგენა საინიციატივო ჯგუფის ან პარტიის მინიმუმ 100 წევრს შეუძლია.
ამის გარდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მოთხოვნილი დოკუმენტებიდან ხუგაევამ „მხოლოდ პასპორტის ასლი წარადგინა“.
ე.წ. არჩევნების მიღმა დარჩენილი "კანდიდატები" გადაწყვეტილების გასაჩივრებაში აზრს ვერ ხედავენ.
კიდევ ორმა პარტიამ – „ხალხის ერთიანობამ“ და „ირონმა“ – გადაწყვიტეს, რომ "არჩევნებში" მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ "არჩევნებისთვის" მთავარი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ოსეთის“ ლიდერი აცამაზ ბიბილოვი ემზადებოდა, თუმცა „მოულოდნელად გამოჩნდა კამბოლოვი“ და ოპოზიციას მისთვის „გზის დათმობა“ მოუწია.
კამბოლოვის გზა
61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელია.
მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში; მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი, პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.
მისი მთავარი დაპირებებიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება.
იმისთვის, რომ კამბოლოვს ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაეკავებინა:
- 2026 წლის 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან გააფორმა შეთანხმება „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ, რომელიც ექსპერტთა ნაწილმა ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია;
- 21 მაისს, შეთანხმების საფუძველზე, შეიცვალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუცია, რითაც კამბოლოვს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობის უფლება მისცეს;
- 27 მაისს ალან გაგლოევმა კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის "სახელმწიფო მრჩევლად" დანიშნა, 8 ივნისს კი "პარლამენტს" მისი კანდიდატურა "პრემიერის" პოსტზე წარუდგინა;
- 16 ივნისს ე.წ. დეპუტატებმა კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს;
- 22 ივნისს მოსკოვში პუტინმა გაგლოევი მიიღო;
- 23 ივნისს გაგლოევი გადადგა, პუტინმა ის საკუთარ მრჩევლად დანიშნა; კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
- 13 ივლისს პუტინმა კრემლში კამბოლოვი მიიღო და მას "არჩევნებში" წარმატება უსურვა.
ცხინვალში უმაღლესი „თანამდებობის“ დაკავების შემდეგ, მარატ კამბოლოვი, პუტინის გარდა, რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა; ცხინვალში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.
კამბოლოვმა ცხინვალში ჩასვლისთანავე ტელეგრამ-არხი შექმნა, რომელზეც თავის შეხვედრებსა და გადაწყვეტილებებზე პოსტავს.
მაგალითად, 3 აგვისტოს მან რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე განახლებული გამშვები პუნქტი გახსნა - „ქვემო ზარამაგზე“ წლებია ხალხი დიდი რიგების პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.
6 აგვისტოს კამბოლოვი ახალგორში ჩავიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საშვების გაცემა „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ გამარტივდება - ამ დოკუმენტების მიღება ადგილობრივებს დანარჩენ საქართველოში ჩასვლისთვის, მათ შორის სამედიცინო დახმარების მისაღებად და ნათესავების მოსანახულებლად სჭირდებათ.
სოციალურ ქსელებში კამბოლოვის კრიტიკაც ისმის - მაგალითად, ერთ-ერთი, რაც ხალხს არ მოსწონს ისაა, რომ მან ზოგიერთ თანამდებობაზე ძველი ჩინოვნიკები დატოვა.
ძამბოლატ თედეევის პოზიცია
იმაზე, რომ "არჩევნები" ფორმალურია, მიანიშნა „ალანიის პატრიოტების“ ლიდერმა ძამბოლატ თედეევმა.
მისმა პარტიამ "არჩევნებზე" "კანდიდატი" წარადგინა, თუმცა თედეევი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მარატ კამბოლოვს „აძლევს შესაძლებლობას, გამოკვეთოს ადამიანები, რომლებსაც მომავალში შეიძლება დაეყრდნოს“.
„იყო დრო, როცა მე მივდიოდი ("არჩევნებზე") და არ გამიშვეს. დღეს, როცა ვხედავ, რომ მარატს (კამბოლოვს) მეტი პოტენციალი და კომუნიკაცია აქვს და მას უკეთესად, მეტის გაკეთება შეუძლია, რატომ არ უნდა დამეყრდნოს ის?.. მოდით, დღეს ჩვენი ამბიციებიც ცოტათი დავწიოთ დაბლა. ჩვენ ხომ თვითონ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები“.
ძამბოლატ თედეევი რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის მოქმედი წევრია. 2011 წელს მან სცადა მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საპრეზიდენტო არჩევნებში", თუმცა ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა მისი "კანდიდატურის" რეგისტრაციაზე, რამაც ცხინვალში პროტესტი და არეულობა გამოიწვია. ამის შემდეგ თედეევმა მხარი დაუჭირა ალა ჯიოევას "კანდიდატურას", რომელმაც "არჩევნები" მოიგო, თუმცა "პრეზიდენტი" მაინც ვერ გახდა.
თედეევის ინიციატივით, ცხინვალის რეგიონში, მის მშობლიურ სოფელ წორბისში, ვლადიმირ პუტინისა და იოსებ სტალინის ძეგლები დაიდგა.
კოკოითის მხარდაჭერა და შესაძლო თანამშრომლობა თბილისთან
მოსკოვის კანდიდატს, მარატ კამბოლოვს, მხარს უჭერს ედუარდ კოკოითიც - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი (2001-2011).
4 აგვისტოს ცხინვალის თეატრში გამართულ შეხვედრაზე მან კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კოკოითის თქმით, მან კამბოლოვს „ქართულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკებების ან პროგრამების არსებობის შესახებ“ ჰკითხა.
„მარატ არკადის ძემ მომცა სიტყვა, რომ არცერთი მსგავსი ნაბიჯი გადადგმული არ იქნება“, - ამბობს კოკოითი.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ "არჩევნების" შემდეგ კამბოლოვმა დაიწყოს „რაღაც პროექტები საქართველოსთან“ - მაგალითად, იმუშაოს სატრანზიტო გზის გახსნაზე, რადგან ეს „რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში“ დაეხმარება.
ცხინვალის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნაზე საუბარი არაერთხელ, მათ შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იყო. ინიციატივას „ქართული ოცნების“ მთავრობა არ გამოხმაურებია.
ზაქარეიშვილს არ სჯერა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვი ცხინვალის რეგიონის ფორმალურ მიერთებას გეგმავს.
„უკრაინის ომის ფონზე რუსეთი აშკარად კარგავს თავის გავლენებს სამხრეთ კავკასიაში. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ხდებიან ერთადერთი საყრდენი წერტილები, საიდანაც შეიძლება მოსკოვმა გავლენა მოახდინოს საქართველოზე, საქართველოდან კი სამხრეთ კავკასიაზე. ამ ფონზე მოსკოვი ვეღარ ენდობა ადგილობრივ ელიტებს და მას სჭირდება ფედერალური სისტემის მართვა, რომ უფრო მეტად გაამყაროს ანექსიური პოლიტიკა, აქციოს ეს ორი რეგიონი გუბერნიებად და გუბერნატორებით მართავდეს“, - დასძენს იგი.
ფორუმი