Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აი, მოვა კოული და...“ - აშშ-სა და ბელარუსის „დიდ გარიგებაზე“

აშშ-ის წარმომადგენელი ჯონ კოული და ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალაქსანდრ ლუკაშენკა (მარჯვნივ)
აშშ-ის წარმომადგენელი ჯონ კოული და ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალაქსანდრ ლუკაშენკა (მარჯვნივ)

19 მარტს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კიდევ ერთხელ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული. შეხვედრის შედეგად კვლავ გათავისუფლდა ათეულობით პოლიტპატიმარი — ამჯერად 250 ადამიანი.

რას იღებს ლუკაშენკო სანაცვლოდ? აშშ-მ მოხსნა სანქციები ორ ბელარუსულ ბანკზე — „ბელინვესტბანკსა“ და „განვითარების ბანკზე“, ასევე ბელარუსის ფინანსთა სამინისტროზე. გარდა ამისა, გაუქმდა დარჩენილი სანქციები ბელარუსის კალიუმის კომპანიასა და „ბელარუსკალიზე“ (კალიუმის სასუქები ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია). ასევე გამოცხადდა, რომ მზადდება ლუკაშენკას ვიზიტი აშშ-ში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების დონის - ელჩების აკრედიტაციამდე - ამაღლებაზე.

კოულის ვიზიტიდან მეორე დღეს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ აპირებს გაატაროს ლიეტუვის სატვირთო ავტომობილები (ე.წ. ფურები), რომლებიც ბელარუსმა შარშან შემოდგომაზე დააკავა თავის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ვილნიუსმა საზღვარი დახურა ბელარუსიდან გაშვებული კონტრაბანდული საჰაერო ბუშტების გამო. მოგვიანებით საზღვარი გაიხსნა, მაგრამ მინსკი სატვირთოებს არ უშვებდა და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მოითხოვდა, რაზეც ლიტვა კატეგორიულ უარს ამბობდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრიზისი სწორედ ასეთი მოლაპარაკებების შედეგად მოგვარდება, თუმცა არა ლიტველებთან, არამედ ამერიკელებთან მოლაპარაკებით.

კოულის ამ ვიზიტში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია.

პირველი - საერთაშორისო კონტექსტი. ამერიკელი წარმომადგენელი მინსკში ჩავიდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში. კონფლიქტის დაწყებისას ბელარუსი პროპაგანდისტები მკვეთრად აკრიტიკებდნენ ამერიკას; ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე ცნობილი გრიგორი აზარიონოკი, ეთერში „ალაჰუ აკბარს“ ყვიროდა. თავად ლუკაშენკა უფრო თავშეკავებული იყო, თუმცა ირანზე თავდასხმას „მოღალატეობრივი“ უწოდა და მწუხარება გამოთქვა ალი ხამენეის მკვლელობის გამო.

"ჩვენს მეგობრებს ეომებით", - ლუკაშენკა ამრიკელებს

მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი არ შეუშალა ლუკაშენკას მიეღო ამერიკელი სტუმარი. თუმცა შეხვედრის დასაწყისში ლუკაშენკამ კოულს სთხოვა, დონალდ ტრამპისთვის გადაეცა მინსკის შეფასებები ახლო აღმოსავლეთის ომზე: „თქვენ ჩვენს მეგობრებს ეომებით“, - თქვა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ტრამპის მხარდამჭერად რჩება.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას კოულმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბელარუსის პრეზიდენტის მოსაზრებების მოსმენა, რადგან ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლური ხედვებისგან. შესაძლოა, იმ ფონზე, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა არ ისურვეს დახმარება ორმუზის სრუტის დებლოკირებაში, მინსკელი ოპონენტის ასეთი კრიტიკა ნაკლებად გამომწვევად ჟღერდა.

ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან (რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან) შეუძახეს მინსკს, რომ მეტი სიფრთხილე გამოეჩინა ამერიკელებთან ურთიერთობაში, არ გადაეკვეთა „წითელი ხაზები“ და მოლაპარაკებებში რუსეთის ინტერესები დაეცვა.

მაგრამ, როგორც ვხედავთ, მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მიღებაში ლუკაშენკას ხელი ვერ შეუშალა ვერც მისი მეგობრის, მადუროს დატყვევებამ, ვერც ირანელი მეგობრების დაბომბვამ და ვერც მოსკოველი მეგობრების მრისხანე გაფრთხილებებმა.

მინსკში კოული ჩავიდა ლიეტუვიდან, სადაც შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამერიკელ სტუმარს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თუმცა ამასთან ერთად მან ბელარუსი რეგიონში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა. ლიეტუვის მთავრობის მეთაურმა ახსენა უკანონო მიგრაცია, კონტრაბანდა და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა.

მოგვიანებით ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც დადებითად შეაფასა აშშ-ის ძალისხმევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში, თუმცა სკეპტიკურად აღნიშნა, რომ ეს ქმნის მანკიერ წრეს: „ლუკაშენკა იღებს მოტივაციას რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩასვას ციხეში, რათა მომავალში უფრო მეტი სარგებელი მიიღოს”.

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან სცადა ჯონ კოულის დარწმუნება, რომ „ბელარუსის დიქტატორთან საუბრისას ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“.

საინტერესო სიმეტრია: მოსკოვი (რუსეთის საგარეო დაზვერვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირით) აფრთხილებს მინსკს, ფრთხილად იყოს ვაშინგტონთან, ხოლო ლიეტუვა აფრთხილებს ვაშინგტონს, ფრთხილად იყოს ლუკაშენკასთან.

თუმცა კოული ვილნიუსში ასევე შეხვდა ლიეტუვის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის შემდეგ, ვილნიუსმაც უნდა დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები მინსკთან.

ისინი ასევე აკრიტიკებენ ბელარუსული კალიუმის სასუქების ტრანზიტის აკრძალვას და თვლიან, რომ ეს სანქციები უფრო მეტად პუტინს აძლევს სარგებელს, ვიდრე ლიეტუვას.

ლიეტუველი დეპუტატების თქმით, კოულმა საუბარში გამოთქვა იმედი, რომ ლუკაშენკას რეჟიმი შეძლებს პუტინისგან გარკვეულ დისტანცირებას.

ამ შეხვედრაში მართლაც ბევრი საინტერესო ასპექტის გამოყოფა შეიძლება.

პირველ რიგში, საუბარია აშშ-ის ადმინისტრაციის კონტაქტებზე ევროპაში ოპოზიციურ, მაგრამ იდეოლოგიურად მასთან ახლოს მდგომ პოლიტიკოსებთან. საჯარო სივრცეში ეს, ალბათ, დაიწყო 2025 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეხვდა პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერს, ალისა ვაიდელს. სწორედ ასეთი „სხვა ევროპის“ მიმართულებით თანამშრომლობის გეგმებზეა საუბარი ასევე დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაში.


მეორე - კოულის განცხადება, რომელიც ლიეტუველმა დეპუტატებმა გაავრცელეს, ლუკაშენკას პუტინისგან დისტანცირების სურვილის შესახებ. ეს ინფორმაცია ირიბად გავრცელდა, მეორე ხელიდან, თუმცა ემთხვევა იმ ფართო სტრატეგიულ მიზანს, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი ტრამპის მიერ ბელარუსის მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში ხედავს.

პოლიტპატიმრების ციხეებიდან გათავისუფლება დადებითი მოვლენაა, ასევე როგორც - გარკვეული ეკონომიკური შეთანხმებები. მაგალითად, თუ ბელარუსის კალიუმის სასუქების ტრანზიტი აღდგება კლაიპედის გავლით, ეს ბაზარზე ვითარებას უთუოდ შეცვლის და ალბათ ამერიკისთვისაც მოგებიანი იქნება. თუმცა სტრატეგიული მიზანი, შესაძლოა, სწორედ ის იყოს, რაც კოულმა ლიეტუველ დეპუტატებთან ირიბად აღნიშნა.

ამჯერად გათავისუფლებული პოლიტპატიმრების უმეტესობა (250-დან 235) ქვეყნიდან არ გააძევეს

პოლიტპატიმრების გათავისუფლების კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ამჯერად მათი უმეტესობა (250-დან 235) ქვეყნიდან არ გააძევეს. ადრე, აშშ-ის თხოვნით პოლიტპატიმრების გათავისუფლებისას, პრაქტიკულად ყველას აძევებდნენ, რაც მწვავე კრიტიკას იწვევდა. ამჯერად, როგორც ჩანს, ამერიკელებმა შეძლეს მინსკის დარწმუნება, ნაწილობრივ მაინც შეეწყვიტათ ეს პრაქტიკა — შესაძლოა ზეწოლით, ან დამატებითი “თაფლაკვერით”, რაღაც სანქციების მოხსნით.

მთლიანობაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ კვლავ გამოიწვია დებატები მსგავსი გარიგებების მორალურ და პოლიტიკურ ბუნებაზე.

კრიტიკოსები ამას „ადამიანებით ამორალურ ვაჭრობას“ უწოდებენ, ხოლო ტრამპის მიდგომის მხარდამჭერები ამ შეფასებას არაკორექტულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საუბარია პოლიტპატიმრების არა „ყიდვაზე“, არამედ „გამოსყიდვაზე“.

ისტორიიდან ცნობილია, რომ ევროპაში ტყვეების გამოსყიდვით იყვნენ დაკავებული ტრინიტარელი ბერები, რომლებმაც 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 30 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. თუმცა ტყვეთა რაოდენობა ამით არ მცირდებოდა. მაგრამ, მეორეს მხრივ, მათ მიერ გამოსყიდულთა შორის იყო მიგელ დე სერვანტესი, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ დაწერა „დონ კიხოტი“.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მიუთითებენ როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი, ისე სხვა კრიტიკოსები: ტრამპი პოლიტპატიმართა ერთ ნაწილს ათავისუფლებს სანქციების მოხსნის გზით, ხოლო ალიაქსანდრ ლუკაშენკა ამასობაში ახლებს აპატიმრებს. შედეგად - ერთი მხრივ ადამიანები თავისუფლდებიან, მეორე მხრივ კი სისტემა გრძელდება. ალბათ, ტრინიტარელი ბერები არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ სერვანტესის ადგილს ვინმე სხვა დაიკავებდა. მსგავსი დილემა არსებობდა მაშინაც, როცა დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთ გერმანიისგან პოლიტპატიმრებს გამოისყიდდა.

არსებობს უფრო რთული ახსნაც. ლუკაშენკასა და დასავლეთს შორის მსგავსი შეთანხმებები სიახლე არ არის. 2026 წლის 28 თებერვალს შესრულდა წინა ასეთი შეთანხმებიდან 10 წელი: მაშინ ევროკავშირმა მოხსნა სანქციები, ლუკაშენკამ კი გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი და 2020 წლამდე ახლების დაპატიმრებისგან თავს იკავებდა. როგორ მიღწიეს მაშინ შეთანხმებას, როგორი იყო მაშინდელი „თაფლაკვერებისა“ და “მათრახების“ თანაფარდობა, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ლუკაშენკამ ამ შეთანხმების პირობები დაიცვა. ტრამპთან მისი მიმდინარე შეთანხმება კი ჯერ დასრულებული არ არის.

და ბოლოს, მესამე პრობლემა - ტრამპის ხელგაშლილობის უკრაინული ექო. სულ ცოტა ერთი ბანკი, რომელსაც ამერიკული სანქციები მოუხსნეს - „ბელინვესტბანკი“ - დაკავშირებული იყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ანგარიშებთან. სანქციების მოხსნა ზრდის ლუკაშენკას შესაძლებლობას დაეხმაროს რუსეთს უკრაინასთან ომში.

თუმცა ტრამპს მრავალი მიზანი და ამოცანა აქვს, და უკრაინის გამარჯვება შესაძლოა მათ შორის მთავარი არც იყოს.

ცოტა ხნის წინ, როცა ჰკითხეს, ეხმარება თუ არა მოსკოვი ირანს სადაზვერვო მონაცემებით, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით - არა, და თუნდაც ეხმარებოდეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

რანაირად? ირანი, მოსკოვის ასეთი დახმარებით დახოცავს ამჯერად არა უკრაინელებს, არამედ ამერიკელებს. ასეა, მაგრამ კრემლი მნიშვნელოვანი ელემენტია ირანთან ვაშინგტონის რთულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ თამაშში, რასთან შედარებითაც “ცოტა რამეს თუ აქვს „მნიშვნელობა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG