Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პროექტი ბულვარის დამცველების პროტესტს იწვევს


მშენებლობა ბულვარში
მშენებლობა ბულვარში

ბათუმის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თანხმობა მისცა ქალაქის მერიის ინიციატივას, რომელიც ზღვისპირა პარკში, ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტებთან“ ახლოს მდებარე ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გაცემას გულისხმობს.

საუბარია ბულვარის ცენტრში, ბამბუკების ხეივანსა და პარკის ცენტრალურ შადრევნებთან მდებარე ყოფილი ფოტოატელიეს შენობაზე, რომლის ფართი 89 კვ/მ-ია. ამ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის საერთო ფართი 113 კვ/მ-ია, მოქალაქე ვასილ ოსეფაიშვილი ითხოვს ათი წლის იჯარით და წელიწადში 7 ათასი ლარის გადახდის პირობით. ამ ადგილას ის მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსებას გეგმავს, სახელწოდებით „სინთეზი“. კომპლექსის შექმნის კონცეფცია ემსახურება აჭარული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

დღეს ისევ ვხედავთ, რომ რაღაც ობიექტები ჩადგეს ისე, რომ არანაირი გათვლები, არანაირი ზოგადი კონცეფცია არ აქვთ და ქაოსურად ხდება, ანუ ინდივიდუალურად ვიღაც ადამიანი მიმართავს მერიას, როდესაც რაღაც ტერიტორია მოეწონება და გამოდის, შეუძლიათ თანხმობა უთხრან ყველას, ვინც კარგად ჩააწყობს საქმეს. ასე ჩანს, ჩემი დაკვირვებით...
მალხაზ ნაკაშიძე

შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ფოტოატელიე, სახელწოდებით „ფოტოსინთეზი“, "კაფე-ბარი ტყეში" - ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზით, ტერასა - კულტურული ღონისძიებებისა და შემოქმედებითი საღამოებისათვის, „ქართული კუთხე“ ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სივრცე ფოტოსესიისათვის, ეზო მოეწყობა და გაფორმდება, - წერია მერიის მოხსენებით ბარათში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წარუდგინეს. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ეს პროექტი წარმოადგინეს ფოტოგრაფებმა, რომლებიც, ათეული წლებია, ბულვარის ამ ადგილას ფოტოატელიეში მუშაობდნენ:

„დღეს ეს ობიექტი არის უსახური, ძველი და ამორტიზებული. მათი მხრიდან შემოვიდა შემოთავაზება, ფოტოატელიეს ფუნქციების შენარჩუნებით და იქვე პატარა კაფეს მოწყობის ინიციატივით. ვფიქრობ, რომ ეს არანაირად არ არის დამაზიანებელი და დამაზარალებელი. მსგავსი ტიპის პატარა კაფეები ბულვარის სხვადასხვა ადგილებში არის და ისინი აბსოლუტურად... გააჩნია, თუკი ნორმალურად ჩაეწერა და ნორმალურად მოთავსდება, ეს უკვე არქიტექტურის საკითხია და ჯერ ამაზე არ ვმსჯელობთ. ჯერ ვმსჯელობთ ამ ობიექტის ფუნქციაზე და იჯარით გადაცემაზე“.

ის, რომ ბათუმის ზღვისპირა პარკში კვებისა და აგრეთვე სხვა ტიპის კომერციული ობიექტები მომრავლდა,ადგილობრივ მცხოვრებთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს. ამ ფაქტს განსაკუთრებით ის ბათუმელები ეხმაურებიან, რომლებიც ორი წლის წინ ძველი ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ნათია ხარატი:

მშენებლობა ბათუმის ბულვარში
მშენებლობა ბათუმის ბულვარში

„ეს ფოტოსტუდია ჩემთვის არის ბავშვობის ნაწილი და ბათუმის კოლორიტი. სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, თუ გვინდა ავთენტურობის შენარჩუნება. ამ ქალაქს არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს, ძალიან ბევრი რამ განადგურდა და რაც დაგვრჩა, უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. მე მესმის, რომ შეიძლება ძველი ფოტოსტუდია ვიღაცისთვის ღირებული არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ განვაახლოთ და ძველი სტატუსი შევუნარჩუნოთ. ჩემთვის სრულიად მიუღებელია რესტორანი ამ ადგილას. რით ვერ დავასრულეთ რესტორნების გახსნა ძველ ბულვარში? ისედაც ბევრი რესტორანი და კაფეა ბათუმში და გადმოვიდეს ბულვარს აქეთ ადამიანი და ნახავს კვების ობიექტებს. შევინარჩუნოთ ძველი სახე“.

მშენებლობა ბათუმის ბულვარში
მშენებლობა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი იერსახის შეცვლას არ ეთანხმება ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ზღვისპირა პარკის პირვანდელი სახე იკარგება:

„ყველა ხედავს, რომ ჩარევა ხდება. კონცეფცია, ფაქტიურად, არ არსებობს. არაერთხელ იყო საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც ვმონაწილეობდით და შეჩერდა, მაგრამ დღეს ისევ ვხედავთ, რომ რაღაც ობიექტები ჩადგეს ისე, რომ არანაირი გათვლები, არანაირი ზოგადი კონცეფცია არ აქვთ და ქაოსურად ხდება, ანუ ინდივიდუალურად ვიღაც ადამიანი მიმართავს მერიას, როდესაც რაღაც ტერიტორია მოეწონება და გამოდის, შეუძლიათ თანხმობა უთხრან ყველას, ვინც კარგად ჩააწყობს საქმეს. ასე ჩანს, ჩემი დაკვირვებით“.

ეს ხელოვნური ჩარევებით ხდება ბულვარის იერსახისა და ავთენტურობის დაკარგვა. დღს ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ვერ შევძელით ბულვარის დაცვა, რასაც მოჰყვება მოქალაქეების პროტესტი, იმიტომ რომ თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ასეთ პროექტებს...
ნანა მეგრელიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარის“ ერთ-ერთი წევრი, ნანა მეგრელიძე, რომელიც 2016 წლის ბულვარის დამცველების საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი იყო, ამბობს, რომ მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ შეწყვიტეს პროტესტი. შეთანხმების მიხედვით კი, ბათუმის ბულვარში უნდა შეჩერებულიყო ყველა ახალი პროექტის განხორციელება და გადამოწმებულიყო ძველი მანამდე, ვიდრე შემუშავდებოდა ზღვისპირა პარკის კონსერვაციის გეგმა. მისივე თქმით, პირობა არ შესრულდა, ბოლო დროს ბათუმის ბულვარში მიმდინარე კომერციული პროექტები კი იძლევა იმის საფუძველს, რომ ბულვარის დამცველებმა პროტესტი ისევ განაახლონ:

„ბათუმის ძველი ბულვარი, რომლითაც ქალაქს აქვს სახელი განთქმული არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ასეთი ზღვისპირა პარკი ევროპაშიც კი არ არსებობს, ამით ძალიან ამაყობენ და მოაქვთ თავი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ ხელს უწყობენ იმას, რომ ეს ყველაფერი გააქრონ და მივიღოთ ბულვარი იმ სახით, როგორსაც თვითონ გვთავაზობენ. ეს ხელოვნური ჩარევებით ხდება ბულვარის იერსახისა და ავთენტურობის დაკარგვა. დღს ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ვერ შევძელით ბულვარის დაცვა, რასაც მოჰყვება მოქალაქეების პროტესტი, იმიტომ რომ თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ასეთ პროექტებს“.

პროექტი კი, რომელიც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ფოტოატელიეს კაფედ და გასართობ ობიექტად გადაკეთებას გულისხმობს, ჯერ არ არსებობს. იგი თავდაპირველად ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში შევა, შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ საბჭოზე გაივლის სავალდებულო განხილვის პროცედურას და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს საბჭო რეკომენდაციას, ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარში ახალი ან სახეშეცვლილი ობიექტის პროექტი განხორციელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG