საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მოკლე ცნობაში წერია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე“.
- საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ცნობაში არ არის ნახსენები ირანის ისლამური რესპუბლიკა.
- ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით შეტევას და მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს ისრაელს, რომელსაც „სიონისტურ რეჟიმს“ უწოდებს.
„მშვიდობა და სტაბილურობა“
„მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას“, - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
რა მოხდა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის ფონზე, ხუთშაბათს, 5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.
- ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან ათ კილომეტრშია.
- აზერბაიჯანის და ირანის სახელმწიფოებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ, თუმცა შიგადაშიგ სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება ჩნდება ხოლმე.
- აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ არცერთ ქვეყანას არ მისცემს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას მეზობელი ირანის, ან სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
- ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი. აზერბაიჯანს და თურქეთს გაფორმებული აქვთ დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ და მტკიცე ალიანსი აქვთ შეკრული.
- აზერბაიჯანი ისრაელისთვის ნავთობის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია. წლების განმავლობაში ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდა თავდაცვის სფეროშიც.
ბაქოს ოფიციალური ინფორმაცია
მომხდარის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გადასაცემად ირანის ელჩი გამოიძახეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 მარტს, შუადღისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ირანთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას შორის სომხეთია.
ბაქოს თანახმად, ერთი დრონით დარტყმა იყო ნახიჩევანის აეროპორტის შენობაზე, რომელიც დაზიანდა, მეორე დრონი კი სოფელ შაქარაბადის სკოლის შენობასთან ჩამოვარდა. დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი.
„სრული პასუხისმგებლობა“
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით შეტევის გამო „სრული პასუხისმგებლობა“ ირანის ისლამურ რესპუბლიკას დააკისრა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო შეტევა და განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავდასხმა" საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაა, რაც ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის გაძლიერებას.
აზერბაიჯანი ირანისგან მოითხოვს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს მკაფიო განმარტება, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა მსგავსი თავდასხმების განმეორება აღარ დაუშვას. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ შესაბამისი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.
საგარეო უწყების განცხადების თანახმად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან განახორციელეს ყოველგვარი სამხედრო აუცილებლობის გარეშე.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭირო საპასუხო ზომებს ამზადებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად და სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად და მსგავსი შეტევები უპასუხოდ არ დარჩება.
მოგვიანებით, 5 მარტსვე, ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით შეტევა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.
„სავარაუდოდ, შემთხვევით“
აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა რაუფ მირქადიროვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა, რომ ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით შეტევა შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და თურქეთი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ და ირანს თავდასხმის არანაირი საფუძველი არ აქვს.
ამასთან, მირქადიროვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად უნდა მოემზადონ მოვლენების სახიფათო განვითარებისთვის.
- შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.
- 2 მარტს გავრცელებული განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, „მათ შორის უმაღლესი ლიდერის“ დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
ფორუმი