ირანის წინააღმდეგ ისრაელის და აშშ-ის მიერ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი. თეირანის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ირანის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ დიდი შეშფოთებით აკვირდებიან ირანის გარშემო მოვლენების განვითარებას.
დღეს, 2 მარტს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ფაშინიანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ფაშინიანმა ფეზეშქიანს მიუსამძიმრა ირანის ხელისუფლებასა და მოქალაქეებში მსხვერპლის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის ემახსოვრებათ უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.
სომხეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში მალე დაისადგურებს მშვიდობა და სტაბილურობა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს 1 მარტს მიუსამძიმრა.
ალიევის სამძიმრის წერილის თანახმად, ღრმად დამწუხრებული არიან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ტრაგიკული სიკვდილით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა ხამენეის ოჯახს, ირანის პრეზიდენტს და ირანელ ხალხს და მოთმინება და გამძლეობა უსურვა.
ალიევის თანახმად, აიათოლა ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანის სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრებაში და განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.
- ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
- აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.
ფორუმი