17 ივლისს, ადრე დილით, მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, დესმონდს პირდაპირ თვითმფრინავში ჩასვამენ, სადაც მეგობრებსაც შეხვდება და ისინი ერთად გაემგზავრებიან სამშობლოში. მოტოციკლს კი, რომლითაც საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა, მას მოგვიანებით გაუგზავნიან.
დიდი რაოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანასა და შეძენა-შენახვაში დადანაშაულებულ დესმონდს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს - რაც ბრალის აღიარებას ნიშნავს. მან ჯარიმა - 100 ათასი ლარი გადაიხადა. სასამართლომ მისი ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა და 20 წლით აუკრძალა საქართველოში შემოსვლა. ჩამორთმეული მედიკამენტები მას აღარ დაუბრუნეს.
“მიხარია, რომ გამოვედი... აღფრთოვანებული ვარ ყველას დახმარებით”, - უთხრა მეთიუ როი დესმონდმა რადიო თავისუფლებას, 16 ივლისს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, ვიდრე ეზოში მომლოდინე მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მას ავტომანქანაში ჩასვამდნენ.
წაყვანამდე, დესმონდს სასამართლოს ეზოში სკამზე ჩამოჯდომისა და დისთვის - კლერისთვის - ბრიტანეთში დარეკვის უფლებაც მისცეს; დააცადეს ჭამაც.
„ახლა ეზოში ბიგ მაკს ვჭამ… მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. მადლობა დახმარებისთვის“ - უთხრა კლერს მეთიუმ. კლერი კი, საპასუხოდ დაჰპირდა, რომ - ბრიტანეთში დაბრუნებულს “ყველაზე დიდ სტეიკს” დაახვედრებს.
სხდომის შემდეგ, სასამართლოს დარბაზშივე, მეთიუ როი დესმონდს გამომძიებელმა ჩამორთმეული ნივთები დაუბრუნა: სამაჯურები, ბეჭდები, ფული, საბანკო პლასტიკური ბარათები, პასპორტი და სხვა დოკუმენტები. აქ არ იყო დაკავების დროს ჩამორთმეული ქურთუკი თუ სხვა ნივთები - რომლებიც მეთიუმ საგანგებოდ მოიკითხა, მაგრამ ყველას გაუჭირდა პასუხის გაცემა - შესაძლებელი იქნება თუ არა მათი მოძიება.
ვიდრე ნივთებს, ხელწერილით, სათითაოდ იბარებდა, დესმონდმა მეგობრებს გაუზიარა ბრაზი ინგლისის ნაკრების არგენტინასთან წაგების გამო, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე [15 ივლისს]. თქვა, რომ ციხეში ყველა არგენტინას გულშემატკივრობდა და ამიტომ ინგლისელების პირველი გოლის გატანისას სიხარულის მოთოკვაც დასჭირდა.
8 დღე არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ არა
დესმონდის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს დიდი ნერვიულობის გადატანა მოუწიათ - 23 აპრილს დაკავებულ მეთიუს ისინი 8 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
“არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ არა და სად იყო, 1 მაისამდე… ეს ძალიან, ძალიან დიდი დროა... საშინლად დიდი დროა ოჯახისთვის და მეგობრებისთვის... არ შეეძლო ჩვენთან დაკავშირება, ვიდრე მის ადგილსამყოფელს დავადგენდით, ადვოკატებს ავიყვანდით და ციხის ბარათზე თანხას დავურიცხავდით, დარეკვა რომ შესძლებოდა... ასევე, მას არ ჰქონდა ჩვენი ტელეფონის ნომრები - რადგან ეს ინფორმაცია ჰქონდა ტელეფონში, რომელიც ჩამოართვეს... 8 დღის განმავლობაში ის იყო მარტო უცხო ქვეყანაში, რომლის ენაზეც არ ლაპარაკობს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დესმონდის ნათესავმა და მეგობარმა ჯეიმს სოიერმა, რომელიც ბრიტანეთიდან სწორედ მის წასაყვანად ჩამოვიდა.
სოიერის თქმით, დესმონდი გამოცდილი მოგზაურია და ყოველთვის ზედმიწევნით იცავს ყველა ქვეყნის კანონმდებლობას, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ის ონლაინ მოძიებულმა ინფორმაციამ შეიყვანა შეცდომაში და ზუსტად ვერ განსაზღვრა - რა მოეთხოვებოდა საქართველოს საზღვარზე გადმოსვლისას.
რა ჰბრალდებოდა ბრიტანელ ვეტერანს?
სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა შუამდგომლობით მიმართა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
პროკურატურამ და სასამართლომ დესმონდი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
- 262-ე მუხლის პირველი და მეორე [ა] ნაწილები - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პროკურსორის უკანონოდ შემოტანა [სასჯელი - რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა];
- 261-ე მუხლის პირველი და მეორე [ა] ნაწილები - დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა [სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე]
- 260-ე მუხლის მეორე [ა] ნაწილი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პროკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა [სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან რვა წლამდე].
დაკავებულმა ყველა ბრალდება აღიარა, რადგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის ეს აუცილებელი პირობა იყო.
“შედეგით შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილები ვართ, რადგან მთავარი იყო მეთიუ როი დესმონდის თავისუფლება… არ ვართ კმაყოფილი იმით, რომ ამ თავისუფლების სანაცვლოდ მოგვიწია დანაშაულის აღიარება - დანაშაულის, რომელიც დავის შემთხვევაში, მოწმეების დაკითხვისა და ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, არ დადასტურდებოდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა და დაამატა, რომ - საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემის პირობებში, "ხანდახან თავისუფლების სანაცვლოდ შენ გიწევს დანაშაულის აღიარება - იმ დანაშაულის, რომელიც არ ჩაგიდენია ან დიდი ალბათობით არ ჩაგიდენია”.
მას შემდეგ, რაც დესმონდის საქმის დეტალები ადვოკატებმა პირველად გაახმაურეს [8 ივლისს], რადიო თავისუფლებამ არაერთხელ მიმართა პროკურატურას, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
პროკურატურიდან განცხადება მხოლოდ 15 ივლისს მოგვაწოდეს, სადაც წერია:
- “ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება”;
- “ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს”.
- “რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დიდ ბრიტანეთში გაცემულ სამედიცინო ცნობას, მისი ნამდვილობა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის”.
პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო და ჯარიმის ოდენობაც მათ შესთავაზეს.
საპასუხოდ, ადვოკატი კოჭლამაზაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ “მეთიუ როი დესმონდს ჩხრეკის ოქმში, გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმში, წერია, რომ ამოიღეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც იყო დალუქული. ეს დევს საქმეში…
თუმცა ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს დოკუმენტაცია ტექნიკურად არ იყო კანონის შესაბამისად ბოლომდე გამართული”.
დაცვის მხარის მტკიცებით, "პრეგაბალინი", "ბუპრენორფინი" და "კოდეინი" დესმონდს ექიმმა ხერხემლის ტკივილის გასაყუჩებლად გამოუწერა - რასაც ადასტურებს რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სამედიცინო ცნობაც - ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ბრიტანეთიდან საქართველოში მაისში გამოიგზავნა. ეს დოკუმენტი ადასტურებს ხერხემლის ტრავმის გამო "ტკივილის მართვის სამედიცინო აუცილებლობას" და იმ ფაქტსაც, რომ პაციენტს, ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე განმეორებით ენიშნებოდა ჩამოთვლილი სამი პრეპარატი: პრეგაბალინის კაფსულები, ბუპრენორფინის აბები და კოდეინის აბები.
ადვოკატის განმარტებით, საზღვარზე პრობლემა იმიტომ წარმოშვა, რომ დესმონდს “ფორმალობები არ ჰქონდა დაცული” და მაგალითად, წარდგენილი ცნობა [ფორმა 100] არ იყო დამოწმებული აპოსტილით, რასაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება მოითხოვს.
ბრიტანეთიდან გამოგზავნილი დოკუმენტების თანახმად, ხერხემლის ტრავმა - ბრიტანეთის არმიის დამსახურებულ ვეტერანს სადესანტო ბრიგადაში მსახურების დროს აქვს მიღებული - როდესაც ხშირად უწევდა პარაშუტიდან ხტომა.
საჭირო დოკუმენტების დედანი - ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული - ადვოკატების თქმით, პროკურატურასა და სასამართლოს რამდენიმე კვირაში წარუდგინეს, თუმცა საქმე მაშინ არ დაძრულა.
ჯაბა კოჭლამაზაშვილს არ უკვირს პროკურატურის განცხადება, რომ ბრიტანეთში გაცემული სამედიცინო ცნობის “ნამდვილობა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის” - რადგან სასამართლო განხილვის პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპამდე არ მისულა.
“ეს იყო დაცვის მხარის სასარგებლოდ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ანგრევდა მათ მიერ წარდგენილ ბრალდებას და მისი გამოკვლევის შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლო, წესით, უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ მას [დესმონდს] ეს დანაშაული არ ჩაუდენია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი კოჭლამაზაშვილი.
მეთიუ როი დესმონდის წინააღმდეგ საქართველოში საქმის განხილვა ადმინისტრაციული წესითაც იყო დაწყებული - ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში მოხმარების ფაქტზე, რადგან მის შარდში ექიმის გამოწერილი პრეპარატების კვალს მიაგნეს. ეს დავა ადვოკატებმა ივნისში მოიგეს - ბრალდებას გაუჭირდა დაემტკიცებინა, რომ მეთიუ როი დესმონდმა პრეპარატები მოიხმარა საქართველოშიც - მაშინ, როცა ის ქვეყანაში შემოსვლამდე, საზღვარზე დააკავეს.
ფორუმი