დიდ, შავ საგამოფენო დარბაზში გალიბ გასანოვის რვა ნამუშევარია გამოფენილი.
რვავეს თავისი ისტორია აქვს.
გამოფენის შესასვლელში, ხალიჩების უძველესი ტრადიციით მქსოველი ქალი, ბორჩალოდან მოწვეული ოსტატი, დამთვალიერებელს ხალიჩის ქსოვის ცოცხალ პროცესს აჩვენებს.
ეს არ არის შემთხვევითი - გალიბ გასანოვის ამ კოლექციაში სწორედ აზერბაიჯანელი ხელოსნების ბორჩალოში ნაქსოვი ხალიჩები და ტექსტილია გამოყენებული. ასევე ბუკლეს, თექის, ტყავისა და ბუნებრივი ბოჭკოებისგან შექმნილი სკულპტურული მოდელები.
გალიბ გასანოვიც აქვეა.
მასთან პირველი ინტერვიუ 2026 წლის მარტში ჩავწერეთ - მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს მილანის მოდის კვირეული მისი პროექტის Institution-ი (ინსტიტუცია) ჩვენებით გაიხსნა. 31 წლის გალიბ გასანოვი ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარიდან, დღეს მილანში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მოდის დიზაინერად მიიჩნევა.
ის 18 წლიდან მილანში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსთან, საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მისი შემოქმედების ხელწერაც ტრადიციული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ესთეტიკის სინთეზს ეფუძნება.
აქ კი, თბილისში გამოფენილი კოლექციით, გალიბ გასანოვი გვიყვება ამბებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისის სოციალურ ცვლილებებსა და ქალთა ემანსიპაციას ეხმიანება.
ამ რვა ნამუშევრით, დიზაინერი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ფარი-ხან სოფიევას - 1918 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, არათუ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, არამედ მსოფლიოში პირველ, დემოკრატიულად არჩეულ მუსლიმ ქალ დეპუტატს.
ეს კი ის რვა ამბავია, რომლებიც გალიბმა თავის რვა ნამუშევარზე გვიამბო.
მწვანე, წითელი, ლურჯი - ამბავი #1
ეს ე.წ. „ქარაჩოფის“ ხალიჩაა. მას რამდენიმე აზერბაიჯანულ სოფელში ქსოვდნენ, მათ შორის, იორმუღანლოში. მსოფლიოში ის სწორედ ამ სახელითაა ცნობილი. ამ ხალიჩებს ახასიათებს დიდი გეომეტრიული ორნამენტები, რვაქიმიანი ვარსკვლავები, „ვერძის რქის“ მსგავსი სიმბოლოები, ძლიერი ფერები - მწვანე, წითელი, ლურჯი. სქელი და რბილი ბეწვი. ასეთ ხალიჩებს დღეს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალი ქსოვს.
აზერბაიჯანელების ცხოვრების ნაწილი - ამბავი #2
ეს უკვე სხვა სოფლის ხალიჩაა, - თხრობას აგრძელებს გალიბი, - ამ ხალიჩას უწოდებენ "ყაზახის" ჯგუფის, ბორჩალოს ხალიჩას. ცხადია, ისინი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ყველას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ვფიქრობ, რომ ამ ხალიჩის ქსოვის ტექნიკაში დიდი ფილოსოფია დევს და ის ჩვენი, აზერბაიჯანელების კულტურის და ცხოვრების ნაწილიცაა, მაგრამ ის ქრება. მას ანაცვლებს სწრაფად ქსოვადი, იაფი ხალიჩები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარშემო ყველაფრის განახლებაა შესაძლებელი, მაგრამ რაც ძვირფასია, ისტორიული, ის უნდა შევინარჩუნოთ.
ლოცვისთვის - ამბავი #3
აი, ამ ხალიჩას "ფახრალოს" ხალიჩას ეძახიან. სამივე მსოფლიოში ძალიან ცნობილი ხალიჩაა. ძალიან ბევრ ცნობილ მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეში შეხვდებით მათ - ცხადია, ძველებს, უნიკალურ ეგზემპლარებს. ამ ნამუშევარს, ზემოთ აქვს ლოცვის დროს თავის დასადები, რადგან მას თავისი დატვირთვა ჰქონდა, სალოცავად იყენებდნენ ხოლმე.
ერთი შეხედვით პალტო - ამბავი #4
ეს მოდელი ფეხსაცმლის თასმებისგან არის დამზადებული. შავი ჩემი გამოხატვის ფორმაა და ის დამზადებულია იმავე ტექნიკით, რაც აქვს ფარდაგს - ჩვენ მას “ქილიმს” ვუწოდებთ. ხელით არის გაკეთებული. ეს პალტოა ასე ერთი შეხედვით, მაგრამ მთლიანად იხსნება და ფარდაგად გადაიქცევა.
თასმებით ნაქსოვი ფარდაგი - ამბავი #5
ეს მოსასხამიც იმავე ტექნიკით დამზადდა, ოღონდ შავის ორი ტონალობით, რაც მას სამი D-ს ეფექტს აძლევს. ესეც იხსნება და ხალიჩად გადაკეთდება. ჯერ ზუსტად ასეთ ტექნიკას, მსოფლიოში, ჩემს გარდა არავის აკეთებს. როცა მეკითხებიან, რატომ ვიყენებ ფეხსაცმლის თოკებს, ვპასუხობ, რომ ბავშვობაში ჩემს მშობლებს ფეხსაცმლის მაღაზია ჰქონდათ, სადაც დიდ დროს ვატარებდი, ვეხმარებოდი ან ვთამაშობდი და სულ მქონდა ამ თასმებთან შეხება. წლების მერე ის ჩემს მასალად იქცა - როცა 2017 წელს, ჩემი პირველი კოლექცია გავაკეთე, სწორედ ეს თასმები გამოვიყენე და ახლა, 11 წლის მერე, ამ ტექნიკას ისევ დავუბრუნდი.
ძლიერი ქალების სილუეტი - ამბავი #6
ეს თავსაბურავია - იგივე ტექნიკა მაქვს გამოყენებული. და მინდოდა მეჩვენებინა, ჩემს კულტურაში რა დატვირთვა აქვს ამ თავსაბურავს. ჩემი ბებიები, მაგალითად, ისევ თავსაბურავით დადიან. ეს არ არის რელიგიური მიზეზის გამო, უბრალოდ, ეს მათი კულტურის ნაწილია. ქართველ კაცსაც მუდამ ქუდი ეხურა, ქალს - ჩიხტიკოპი, ასე იყო ჩვენთანაც. მე ამ ნამუშევრით ვცდილობ იმ ძლიერი ქალების სილუეტი დაგანახოთ, რასაც მე ვხედავდი მუდამ.
ქვედაბოლო თუ ფარდაგი - ამბავი #7
ეს პირველი ქვედაბოლოა, რაც გავაკეთე, როცა INSTITUTION-ი დავაარსე. ეს ქვედაბოლოც იხსნება, იშლება და შეიძლება ფარდაგად იქცეს.
სულ პირველი კაბა - ამბავი #8
ეს კი სულ პირველი კაბაა, რომელიც ამ კოლექციისთვის შეიქმნა. ეს არის სიმბოლო ძლიერი ქალის, დედის. მე სულ მინდა, რომ აქაურ ისტორიებზე მოვყვე იქ, სადაც ვარ, რადგან იქ ამ ამბებს არავინ ჰყვება.
შემოქმედებითი პლატფორმა INSTITUTION-ი გალიბ გასანოვმა 2024 წელ დააარსა და როგორც თავად ამბობს, ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდა. ამიტომ იქცა ის სოციალურ-სახელოვნებო პროექტად. INSTITUTION-ი უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, 2025 წლის CNMI Fashion Trust Grant-ის და 2026 წლის Zalando Visionary Award-ის.
წელს გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის ფინალისტია. ამ კონკურსის შედეგები 4 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.