Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგაპატიმრებენ თუ არა მცირე ოდენობით ნარკოტიკის აღმოჩენისას?


უკვე ორი თვეა რაც გაუქმებულია პატიმრობა იმ ნარკოტიკებზე, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას. ეს გადაწყვეტილება 2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა მას არ მოჰყოლია კონკრეტული განმარტება, რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებებზეა საუბარი.

პრაქტიკულად შეუძლებელი მისია ეკისრება ექსპერტს და ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება.
დავით ოთიაშვილი

ამ დროისთვის არ არსებობს სია, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ნარკოტიკის ეფექტს კონკრეტულ ადამიანზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ნარკოლოგებმა თქვეს, რომ ზუსტი სიის შედგენა ფაქტობრივად შეუძლი იქნებოდა. ნებისმიერი ნარკოტიკის გავლენა კონკრეტულ ადამიანზე სხვადასხვანაირია, შესაბამისად ის, რაც შეიძლება ნაკლებად საზიანო იყოს ერთისთვის, მძიმე შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ადამიანისთვის.

საკონსტიტუციო

„ 2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული 15 დღიანი პატიმრობა, ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მხოლოდ მიჩვევის სწრაფად ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის ან/და აგრესიის გამომწვევი ზემოქმედების არ მქონე ნარკოტიკული საშუალებების ერთჯერადი მოხმარების ან/და უკანონო დამზადებისა და შენახვა-შეძენისათვის.“

სასამართლოში შეტანილი სარჩელი სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა და ახლა ნარკოლოგებთან, მოსამართლეებთან და სხვადასხვა ექსპერტებთან გადიან კონსულტაციებს, იმისთვის რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალობას მოერგოს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში განგვიცხადეს, მათი სარჩელის მიზანი იყო ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმება, რასაც უნდა მოჰყოლოდა ჩანაცვლება სამედიცინო და სოციალურ ღონისძიებებზე ორიენტირებული მიდგომებით. თუმცა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

რა შეცვალა ამ კანონმა და ახლა რა მოცემულობაა

რიგ ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებისა და მათი მცირე ოდენობით შეძენა-შენახვისათვის სანქციების სახით ვეღარ იქნება გამოყენებული თავისუფლების შეზღუდვა, რაც, თავის მხრივ, ასევე, შეიძლება გახდეს უკვე გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან/და შეძენა-შენახვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ექსპერტების მიერ უნდა გამოკვლეულ იქნეს და შეფასდეს თუ რამდენად შეესაბამება მოხმარებული ან/და შეძენილი, თუ შენახული ნარკოტიკული საშუალება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ კლასიფიკაციას და მხოლოდ ასე გადაწყდეს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საკითხი.“- უთხრეს რადიო თავისუფლება სახალხო დამცველის აპარატში.

დავით ოთიაშვილი იყო ერთ-ერთი ნარკოლოგი, რომელსაც კონსულტაციები ჰქონდა ომბუდსმენთან. მისი რეკომენდაციაა, რომ ყველა ცალკეული შემთხვევა ექსპერტებსმა ინდივიდუალურად განიხილონ.

„თუმცა, პრაქტიკაში მე რომ მომიწიოს ასეთი შეფასების გაკეთებადავუშვებ, რომ ვიღაც ადამიანის შემთხვევაში უფრო ნათელი იქნება დასკვნის გაკეთება, თუმცა ასევე ვფიქრობ რომ ბევრ შემთხვევაში გამიჭირდება და ვერ გავაკეთებ ვერანაირ დასკვნას.

ექსპერტმა უნდა გაითვალისწინოს ნივთიერების ბუნება და

ოდენობა, ადამიანის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ადამიანის გამოცდილება ამ ნივთიერებასთან ან სხვა რომელიმე ნარკოტიკთან მიმართებაში და ა.შ სხვა შესაძლებლობას საჭირო ინფორმაციის მისაღებად მე ვერ ვხედავ. უნდა გამოკითხო და იმედი გქონდეს, რომ სიმართლეს გიპასუხებს და არაფერს დაგიმალავს ნარკოტიკების მიღების თაობაზე.

პრაქტიკულად შეუძლებელი მისია ეკისრება ექსპერტს და ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება.“

როგორც ნარკოლოგი გვეუბნება, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ნარკოკანონმდებლობაში ძალიან ბევრ ნივთიერებას არ აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, უბრალოდ თავის დროზე არავინ ჩაწერა და შესაბამისად გრაფა ცარიელია და მისი ნებისმიერი რაოდენობა დიდ ოდენობად ითვლება, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტული ნარკოტიკი უფრო მძიმე და ზიანის მომტენია თუ ის ნარკოტიკი რომელსაც განსაზღვრული აქვს მცირე ოდენობა. უბრალოდ თავის დროზე არ შეიწუხეს თავი რომ ჩაეწერათ და დარჩა ასე.

ჯერ უცნობია როგორი შედეგი დადგება თუ დაგაკავებენ და რომელიმე „კლუბური ნარკოტიკის“ მცირე დოზას აღმოგიჩენენ, თუმცა კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც თუკი ნარკოტიკული საშუალება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას და აგრესიას კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, დაკავებული ციხეში არ უნდა ჩასვან.

ასე რომ, ახლა პარლამენტმა უნდა იფიქროს როგორ მოარგებს სასამართლოს გადაწყვეტილებას დანარჩენ კანონმდებლობას იმისთვის, რომ არ მოხდეს მოქალაქეების უკანონო დაკავება.

სახალხო დამცველის აპარატშიც ამას უსვამენ ხაზს-მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტში გაგრძელდეს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული და პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემდგომი განხილვა და უკვე ინიცირებულ კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG