Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკმარისია ერთი წელი დაზვერვაში? - მოთხოვნები მცირდება, კითხვების რაოდენობა იზრდება

1 აპრილს სადავო პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომელიც დაზვერვის სამსახურში საკამათო ცვლილებებს ითვალისწინებს.
1 აპრილს სადავო პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომელიც დაზვერვის სამსახურში საკამათო ცვლილებებს ითვალისწინებს.

„შემცირდა იმიტომ, რომ, ძირითადად, ეს კეთდება კადრების მოზიდვის მიზნით...“ - ასე განმარტა საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე ტაბატაძემ, დაზვერვის სააგენტოში ხელმძღვანელ პოზიციებზე გამოცდილების მოთხოვნის შემცირება.

ნაცვლად ორი წლისა, ახალი ცვლილების დამტკიცების შემდეგ ერთწლიანი გამოცდილებაც საკმარისი იქნება.

78 მომხრე, 10 წინააღმდეგი - 1 აპრილს სადავო პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

ცვლილებებს უსაფრთხოების ექსპერტები აკრიტიკებენ.

ამ სტატიაში ცვლილებების მნიშვნელობას შეიტყობთ და მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა არგუმენტებს წაიკითხავთ.

რა იცვლება?

სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა ცვლილებები დაზვერვის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში.

დაზვერვის სააგენტოს ოპერატიულ და ანალიტიკურ ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის საკმარისი იქნება დაზვერვის სააგენტოში ან უსაფრთხოების სამსახურში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებაც.

ერთ წლამდე მცირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა მივლენისთვის დაწესებული სამუშაო გამოცდილების ვადაც.

სუსის უფროსის უფლებამოსილებების ნაწილი გადაეცემა დაზვერვის სააგენტოს უფროსს. კერძოდ, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელს შეეძლება თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს, წაახალისოს სააგენტოს თანამშრომლები ან დააყენოს მათი დისციპლინარული საკითხი, ასევე დაამტკიცოს სადაზვერვო დავალებები.

დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წელს დაუქვემდებარეს.

მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, და მათ შორის ერთ-ერთი ალექსანდრე ტაბატაძეც იყო, განმარტავდნენ, რომ „საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია - და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, გაზრდის მათ ეფექტიანობას“

ტაბატაძემ 2026 წლის 17 მარტს პარლამენტში გამოსვლისას კი თქვა, რომ ახალი ცვლილებები 2025 წლის რეფორმის ერთგვარი გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ორი უწყების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას.

დაზვერვის სააგენტოს სუსზე დაქვემდებარებამ, ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ერთ-ერთმა ყველაზე საკამათო გადაწყვეტილებამ, არა მხოლოდ გაზარდა სუსის გავლენები, არამედ გააჩინა პოლიტიზების რისკებიც.

ალექსანდრე ტაბატაძე, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება"
ალექსანდრე ტაბატაძე, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება"

„სუსის პოლიტიზაციის ხარისხი ყოველთვის იყო არაჯანსაღად მაღალი. ბოლო პერიოდში ამ სამსახურის ძირითად ფუნქციად იქცა რეჟიმის უსაფრთხოება, პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოება და არა ეროვნული უსაფრთხოება. გაერთიანების მიზანი ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა კი არ იყო, იყო ის, რომ დაზვერვის სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ავლენდნენ ავტონომიურობის მაღალ ხარისხს, შეუერთეს სუსს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი შაიშმელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. იგი განმარტავს, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ეს სამსახურები, ფაქტობრივად, არ არსებობენ. „პოლიტიკური ზეწოლის პირობებში დაზვერვის იდეა კვდება“.

„დაზვერვის იდეა” - რამდენად მნიშვნელოვანია დაზვერვის სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონის მიხედვით, ეს უწყება საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად სადაზვერვო საქმიანობას ეწევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, განსაზღვრავს საგარეო საფრთხეებსა და რისკებს, პასუხისმგებელია ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, სააგენტო ასევე დაკავებულია საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობითაც.

ერთ წელიწადში ვერცერთი კადრი ვერ შეძლებს დაეუფლოს სადაზვერვო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ვერ მოახერხებს, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი პერსონა თავის კოლეგებში."


რას საქმიანობენ ქვედანაყოფები, რომლებშიც გამოცდილების მოთხოვნა მცირდება?

„სააგენტოს ოპერატიული დანაყოფი არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საზღვარგარეთ სპეციალური ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაზე... არის ყველაზე სპეციფიკურ პროცესებში მონაწილე ძირითადი დანაყოფი, რომლის საქმიანობა მოითხოვს პროფესიონალიზმის მაღალ ხარისხს, პროფესიულ გამჭრიახობას და დაკავშირებულია რისკებისა და სტრესის მართვასთან“, - ამბობს ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის” მრჩეველი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე - ექსპერტი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის განმარტავს ანალიტიკური დანაყოფის ფუნქციებსაც, რომელიც სააგენტოს სადაზვერვო საქმიანობას აფასებს, ამუშავებს და პროცესებს წინასწარმეტყველებს.

ოპერატიული და ანალიტიკური ქვედანაყოფები, შალვა ლომიძის თქმით, „დაზვერვის სააგენტოს ძირითადი მამოძრავებელი ბირთვია“.

დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, შალვა ლომიძე
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, შალვა ლომიძე

დაზვერვის სამსახურში შეცდომის შედეგი შეიძლება იყოს ჩავარდნილი ოპერაციები, გამჟღავნებული წყაროები და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა. უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც სისტემის ეფექტიანობა და სანდოობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ოპერატიულ და ანალიტიკურ დანაყოფებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს ხელი მიუწვდებათ სენსიტიურ, მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემთა ბაზებზე და პასუხისმგებლები არიან ოფიცრების როგორც წარმატებებზე, ისე ჩავარდნებსა თუ შეცდომებზე. „შესაბამისად, ოპერატიულ და ანალიტიკურ დანაყოფებში სამმართველოს უფროსის ან მის ზემდგომ პოზიციაზე მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.“

გამოცდილება - არის თუ არა ერთი წელი საკმარისი?

„ერთ წელიწადში ვერცერთი კადრი ვერ შეძლებს დაეუფლოს სადაზვერვო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ვერ მოახერხებს, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი პერსონა თავის კოლეგებში. შესაბამისად, იგი ვერ იქნება სადაზვერვო საქმიანობის სრულფასოვანი მონაწილე და იქმნება მაღალი რისკი, რომ მან საერთოდ ვერ გაართვას თავი დაკისრებული ამოცანების შესრულებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შალვა ლომიძე.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს განსხვავებული პრაქტიკა აქვთ, როდესაც სადაზვერვო უწყებები საკვანძო პოზიციებზე გამოცდილ ადამიანებს ნიშნავენ, ეს ზრდის სადაზვერვო საქმიანობის მასშტაბებსა და შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მიღწეულ შედეგებს. შესაბამისად, „სადაზვერვო უწყებები საკვანძო პოზიციებზე კადრების დანიშვნის დროს ხელმძღვანელობენ მკაცრად გაწერილი პროტოკოლებით, მათ შემუშავებული აქვთ სპეციალური პროექტები, რაც ხელს უწყობს კადრების ეტაპობრივ და გრძელვადიან მომზადებას სხვადასხვა სირთულის ამოცანის შესასრულებლად.“


როცა გამოცდილება მცირდება საზღვარგარეთაც - რა იცვლება დიპლომატიურ მისიებში?

დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაზვერვის თანამშრომლების მივლინება, ტრადიციულად, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპად, რადგან ასეთი მივლინებები ხშირად უკავშირდება როგორც ინფორმაციის მოპოვებას, ისე პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციას. ექსპერტების თქმით, საზღვარგარეთ მყოფი დაზვერვის ოფიცერი, მიუხედავად იმისა, თუ რა მისია აქვს, როგორც წესი, იმყოფება მასპინძელი ქვეყნის სპეციალური სამსახურების დაკვირვების ქვეშ, რაც ზრდის საფრთხეებსა და ქმნის რისკებს.

შალვა ლომიძე გვეუბნება, რომ ამ გარემოებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ გამოცდილებაც. ასეთ პოზიციებზე დანიშნული ადამიანების პროფესიული მომზადება და სანდოობა პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხს, „გრძელვადიან პერსპექტივაში ეს [ცვლილება] კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს როგორც პროფესიული, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჭრილში“.

გამოცდილების შემცირება - რეფორმა თუ უსაფრთხოების რისკი?

„მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება მოკლე დროში ხელმძღვანელ პოზიციებზე იმ კადრების დანიშვნას, რომლებიც მისაღებია სააგენტოს თუ უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი პირებისთვის. ასევე ემსახურება დანიშნული კადრებისთვის გადამზადების პირობების შერჩევითი პრინციპით განსაზღვრას და სამართლებრივი საფუძვლის შექმნას მათ დასაწინაურებლად ან საზღვარგარეთ გრძელვადიან მივლინებებში წარსაგზავნად“, - გვეუბნება შალვა ლომიძე.

მისი შეფასებით, სწორი საკადრო პოლიტიკა საჭიროებს სისტემურ, გააზრებულ მიდგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში, „პირველ ეტაპზე დასუსტდება სააგენტოს ოპერატიული თუ ანალიტიკური შესაძლებლობები, შემდგომში - სამსახურის რესურსები, საბოლოოდ სახელმწიფოს შეეზღუდება სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომის რესურსი და მსოფლიო სადაზვერვო თანამეგობრობასთან ეფექტიანი თანამშრომლობის პოტენციალი. ეს გავლენას იქონიებს ეროვნული უსაფრთხოების ძირითად მიმართულებებზე, შემცირდება ნდობა სააგენტოსა და სამსახურის მიმართ და მრავალი წელი იქნება საჭირო ამ ხარვეზების გამოსასწორებლად.“

უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი შაიშმელაშვილი
უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი შაიშმელაშვილი


ამ მოსაზრებას ეთანხმება გიორგი შაიშმელაშვილიც. „დაზვერვის სამსახურის შიგნით იმისთვის, რომ როგორც სუსიდან, ისე პოლიტიკური პარტიის ნომენკლატურიდან ამ სამსახურში საკვანძო პოზიციებზე დაინიშნონ პარტიისთვის ლოიალური პირები, ამ მიზანს ემსახურება სინამდვილეში ეს ცვლილება“. უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანი ამ სამსახურების ეფექტურობის გაზრდა რომ ყოფილიყო, მაშინ ამ ორ უწყებას არ გააერთიანებდნენ. „ეს ცვლილებები დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც უკვე შერჩეული არიან, ელოდებიან დანიშვნას, აღმოჩნდა, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს და ამის გამო ცვლიან კანონს.“

31 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაზვერვის სააგენტოს შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა, ალექსანდრე ტაბატაძის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნიდან გააკრიტიკა კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც სააგენტოში ხელმძღვანელ პოზიციებზე დანიშვნისთვის გამოცდილების მოთხოვნის შემცირებას შეეხება. „ვიღაცის, კონკრეტული ადამიანის მოწვევის ან შემოყვანის ინტერესი არის, თან პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე. იმიტომ, რომ ვერაფრით დავიჯერებ იმას, რომ ამ უწყებებში ვერ მოიძებნა ადამიანი, ვისაც აქვს ორი წლის გამოცდილება და აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ დაიკავოს მაღალი თანამდებობა…ვისი ინტერესია, რომ გამოცდილება უნდა შევამციროთ?“ ხორგუანმა ასევე ისაუბრა ამ სტრუქტურების პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და „ერთი პარტიის სამსახურში მყოფი უწყების“ მდგომარეობიდან გამოყვანის მნიშვნელობაზე: „ჩვენ გვინდა, დამოუკიდებელი იყოს ეს უწყება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს“.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი, სოფიო ხორგუანი
ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი, სოფიო ხორგუანი

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრს ალექსანდრე ტაბატაძემაც უპასუხა: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ ვიღელვოთ იმაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან თავის პროფესიონალიზმს დაწევს დაბლა, ან ის ვეღარ იქნება ისეთივე ქმედითი იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებსაც ის ახორციელებს სახელმწიფოს სრულყოფილი და აუცილებელი საქმიანობისთვის“.

რას პასუხობს ხელისუფლება კრიტიკულ შეფასებებს?

რადიო თავისუფლება ალექსანდრე ტაბატაძეს დაუკავშირდა უფრო კონკრეტული პასუხებისთვის უსაფრთხოების ექსპერტების კრიტიკაზე, რომ დაზვერვის სააგენტოში ხელმძღვანელ პოზიციებზე დანიშვნისა და დიპლომატიურ მისიებში მივლინებისთვის გამოცდილების ერთ წლამდე შემცირება ზრდის უსაფრთხოების რისკებს და შეიძლება დააზიანოს სამსახურის ეფექტიანობა.

ჩვენ ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობს კრიტიკოსების მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ შემცირებული მოთხოვნები ზრდის რისკს, ხელმძღვანელ პოზიციებზე დანიშვნები პროფესიულ გამოცდილებაზე მეტად პოლიტიკურ ლოიალურობას დაეფუძნოს, და რა მექანიზმებით აპირებენ ამ რისკების დაზღვევას. ალექსანდრე ტაბატაძემ ჯერჯერობით ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG