Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზე

ევროკომისიის სპიკერი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები, - რომლებზეც პარტია ამბობს, რომ „არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“, - ამოქმედების შემთხვევაში „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.

კანონპროექტს კენჭი უკვე უყარეს და პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებების ამოქმედებამდე დარჩენილია ორი საპარლამენტო მოსმენა და ამის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერა.

რა იცვლება ამჯერად?

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, 3 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.

ცვლილებების თანახმად:

  • მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
  • ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
  • პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს;
  • სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“;
  • ფართოვდება გრანტის ცნება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ასე აფასებს ცვლილებებს:

„[ეს ცვლილებები] სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერი პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან“.

„არ ეწინააღმდეგება“

პარლამენტში რეგისტრაციის თარიღად საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ საიტზე მითითებულია 2026 წლის 21 იანვარი, კანონპროექტების პაკეტის ავტორად და ინიციატორად - ფრაქცია „ქართული ოცნება“.

განმარტებით ბარათში ფრაქცია აღწერს, რომ ეს ცვლილებები გაგრძელებაა 2025 წელს მიღებული ცვლილებებისა, რომელთა მიზანსაც „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება“ წარმოადგენს.

იქვე მიუთითებს, რომ „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის შიგნით და გარეთ არაერთხელ გახდა უსამართლო და დაუსაბუთებელი კრიტიკის საგანი“.

ბარათის ბოლოს, როგორც ყველა კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ერთ-ერთი პუნქტი ეხება იმას, რა მიმართებაშია ცვლილებათა პაკეტი ევროკავშირის სამართალთან.

ამ პუნქტში „ქართული ოცნება“ წერს:

„კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“.

რას ამბობს ევროკომისია

რადიო თავისუფლება ცვლილებათა პაკეტის საჯაროდ გამოცხადების მომდევნო დღეს, 30 იანვარს, დაუკავშირდა ევროკომისიას კითხვით:

„მართებულია თუ არა მითითება, რომ ინიციირებული ცვლილებები არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“?

4 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილში ევროკომისიის სპიკერი რადიო თავისუფლებას პასუხობს:

  • „გასული კვირის განცხადებები მოასწავებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიის კიდევ უფრო გამწვავებას, რომელიც ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის მკაცრად შეზღუდვას ისახავს მიზნად.
  • თუკი ამ ზომებს მიიღებენ, ეს გამოიწვევს რეპრესიების გამწვავებას ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებების წინააღმდეგ.
  • ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან“.

„შეუსაბამოა ნაკისრ ვალდებულებებთან“ - ო’ფლაერტი

განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ „კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ ცვლილებების პაკეტი ასე შეაფასა:

„ეს შეთავაზებები შეუსაბამოა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის ნაკისრ ვალდებულებებთან, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება“.

შესაძლოა „არაღიარებაც“ დაისაჯოს

„ქართული ოცნება“ ასევე განიხილავს, შემოიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას“ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.

3 თებერვალს პლენარულ სესიაზე ერთ-ერთი დეპუტატის ინიციატივაზე პასუხად, სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „თუ პარლამენტიც თანახმა იქნება“, იგი მზად არის, შესაბამისი ცვლილებები შეიმუშაოს - ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, მეორე მოსმენისათვის.

4 თებერვალს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იდეაზე, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული. არის ექსტრემიზმი და ექსტრემისტულ მიდგომებს სახელი უნდა დაერქვას“.

„გრძელდება საუბრები სანქციებზე“

30 იანვარს პრესკონფერენციაზე ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ „გრძელდება საუბრები სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე“.

ბრიუსელი, - რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, ემხრობა ფინანსური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის, - ამას ვერ ახერხებს.

მიზეზი არის კონსენსუსის წესი - ფინანსური სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო, სულ მცირე, უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგობას სწევენ.

იმაზე პასუხად, რასაც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებს, ევროკავშირს 2025 წლის იანვრიდან შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში, - რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, - ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG