„სინამდვილეში, ეს კანონი, კანონთა წყება და, ზოგადად, გამჭვირვალობის თემა, არის არა იმდენად ბუღალტრული თუ „ენჯეო“ საკითხი, არამედ გეოპოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ეს კანონი თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით“, - თქვა მან ორშაბათს, 2 თებერვალს, ტელეკომპანიის ეთერში დებატებისას.
„არსებობს ქართული და არსებობს სხვა“
„არ არსებობს რუსული და ევროპული, ჩრდილოური და აღმოსავლური [ინტერესები]. არსებობს ქართული და არსებობს სხვა. ეს უნდა გავიაზროთ 2026 წელს მაინც, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მსოფლიოში მოხდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ეს კანონი გეოპოლიტიკასაც წინ უსწრებდა... მგონი, ახლა უკვე ცხადად ჩანს, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ“, - თქვა პაპუაშვილმა და განმარტა, რას გულისხმობს:
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია... ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს... ვხედავთ, რა დაპირისპირებებია ევროკავშირის შიგნით, სამყაროში გეოპოლიტიკა როგორ იცვლება“.
„ჩვენ ამას ვხედავთ, ვგრძნობდით 2020-დან მოყოლებული, 2022-ში ეს უკვე გამოჩნდა, რასთან გვქონდა საქმე“, - თქვა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ „ეროვნული ინტერესი, - რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ქართულ პოლიტიკაში, - დღეს ბრუნდება მსოფლიო პოლიტიკაში“.
„რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?“
- „რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?“ - ამ კითხვას სვამდნენ 2023 წელს, „აგენტების კანონის“ შემოტანისას „ქართული ოცნების“ ლიდერები;
- ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ ცვლილებების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და, სამომავლოდ, შეზღუდვა იყო, - რუსეთის „უცხოეთის აგენტების კანონის“ მაგალითზე.
- რადიო თავისუფლება წერდა, რომ კანონის სულისკვეთება მიზანში იღებდა დასავლურ ინსტიტუციებს და კანონმდებლობის დონეზე, ერთმანეთს უთანაბრებდა რუსეთის მავნე გავლენასა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებას.
- „აგენტების კანონი“ 2024 წელს მაინც მიიღეს, რასაც 2025 წელს დაემატა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და ცვლილებები „გრანტების კანონში“;
- 2026 წლის იანვრის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა ახალი ცვლილებები წინა წლებში მიღებული შემზღუდავი კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვის მიზნით. ინიციირებულ ცვლილებებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.
დებატები „რუსთავი 2-ზე“
პირველ სატელევიზიო დებატებში, - რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, - შალვა პაპუაშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს:
- „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა;
- „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა კონსტანტინე ჟღენტმა;
- „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ;
- „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ (ორგანიზაცია „აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირდა).
ფორუმი