„ომი, რომელსაც არავისთვის მოაქვს სარგებელი“
– როგორ იმოქმედა ომმა პირადად თქვენზე?
– არასოდეს ვყოფილვარ ნიცშესეული თეზისის მომხრე, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ვფიქრობ, რაც არ გვკლავს, გვაქცევს ინვალიდებად. გასაგებია, რომ გადატანილი დანაკარგები მოგვიანებით გარკვეულ მიღწევებად აღიქმება. იმ გაგებით, რომ თუ მე ეს გამოვიარე და როგორღაც გადავრჩი, ე.ი. ძლიერი და გამძლე ვყოფილვარ... მაგრამ რაციონალურად, თუ ამ ოთხ წელს გადავხედავთ, მგონია, რომ ერთადერთი გონივრული რეაქცია ისაა, რომ სჯობდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ მომხდარიყო. ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. იმათთვისაც კი, ვინც საკუთარ თავს ამ ომის ბენეფიციარად მიიჩნევს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სამხედრო კონფლიქტი და საოცარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, არავისთვის მოაქვს სარგებელი. აღარაფერს ვამბობ ამ ომის უშუალო მსხვერპლზე და ისეთ ირიბ მსხვერპლზე, როგორებიც ჩვენ ვართ - ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სახლი, სამუშაო, სოციალური სტატუსი და ა.შ. .
რაც შეეხება მათ, ვინც ამ ომით ფული იშოვა ან ძალაუფლება შეინარჩუნა - ისინი ომის გარეშეც იშოვიდნენ ფულს, არც მათ ძალაუფლებას არ ემუქრებოდა განსაკუთრებული საფრთხე. ეს ომი კაცობრიობისთვის სრული ზარალის მაგალითია.
თუ მიღებულ გაკვეთილებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი გაკვეთილი ისაა, რომ ადამიანი მართლაც ადაპტირებადი არსება ყოფილა. ადამიანი ბევრ რამეს ეგუება, ბევრ რამესთან ადაპტირდება, თუმცა არა დანაკარგების გარეშე.
ეკატერინა შულმანი — რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, კანონშემოქმედების პრობლემების სპეციალისტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წარსულში მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების უმაღლესი სკოლის პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრებების კათედრის პროფესორი. 2018–2019 წლებში რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი. Chatham House-ის პროგრამის, „რუსეთი და ევრაზია“ ასოცირებული წევრი.
„საშუალო სტატისტიკური რუსი – ქალია და მას ელენა სმირნოვა ჰქვია“
– საშუალო სტატისტიკური რუსი. როგორ ცხოვრობს ის დიდი ომის ამ ოთხი წლის განმავლობაში?
– ამასობაში საშუალო სტატისტიკური რუსი უკვე 40 წელს გადასცილდა. ის ქალია, მას ელენა სმირნოვა ჰქვია და ჰყავს 1,6 ბავშვი. თუმცა ომის განმავლობაში „ბავშვების ეს რაოდენობა“ ცოტათი შემცირდა. ცხოვრობს ქალაქის ბინაში, მრავალბინიან კორპუსში და სურს, კერძო სახლში გადავიდეს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვს. მის განკარგულებაშია ადგილობრივი წარმოების ავტომობილი.
ელენა სმირნოვა იძულებული გახდა უფრო მეტი დაზოგოს ყოველდღიურ საყიდლებზე, მათ შორის საკვებზეც."
საშუალო სტატისტიკური რუსის ამ საბაზისო პარამეტრებში ომის წლებში შეიცვალა ის, რომ ჩვენი ელენა სმირნოვა უფრო ასაკოვანი გახდა და მას ბავშვებიც ნაკლები ჰყავს, ადგილობრივი წარმოების მანქანა კი ჩინურმა შეცვლა - ძირითადი ცვლილებები ესაა.
ელენა სმირნოვას შემოსავალი ოდნავ გაიზარდა 2022 და 2023 წლებში, ხოლო 2024 წლიდან კვლავ შემცირება დაიწყო. ელენა სმირნოვა ნაკლებად მოგზაურობს თურქეთსა და ეგვიპტეში, თუმცა შესაძლოა კვლავაც ახერხებს ამას. უფრო მეტად შიდა ტურიზმს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ესეც ძვირი უჯდება.
ელენა სმირნოვა იძულებული გახდა, უფრო მეტი დაზოგოს ყოველდღიურ საყიდლებზე, მათ შორის საკვებზეც. საქონლის არჩევისას მისთვის პირველ ადგილზეა ფასის ფაქტორი. ასეთია მისი მომხმარებლური ქცევის ტრანსფორმაცია.
ელენა სმირნოვა დანაზოგისთვისაც უფრო მცირე თანხის გადადებას ახერხებს, რადგან ყველაფერი გაძვირდა. საერთოდაც, ფასების ზრდა მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა - ასე ჩანს სოციოლოგიური კვლევებიდან.
აქ შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული ტენდენციები, რომლებიც რუსეთში ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო, ომის გარეშეც დაახლოებით ამავე მიმართულებით განვითარდებოდა, თუმცა ომმა ამ ტენდენციებს მეტი აჩქარება შესძინა.
რუსული საზოგადოება ბერდებოდა, ბავშვების რაოდენობა მცირდებოდა და შობადობა კვლავაც განაგრძობდა კლებას. ომის წლებში დაფიქსირდა შობადობის მინიმალური მაჩვენებლები დაკვირვებების მთელ ისტორიაში. დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე 1944 წელს უფრო მეტი ბავშვი დაიბადა, ვიდრე 2024 წელს. ასეთია რუსეთის დემოგრაფიული „მიღწევები“.
2030-იან წლებში რუსეთი იქცევა ქვეყნად, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმული ქალებისგან შედგება."
ახალგაზრდა მამაკაცების დიდი რაოდენობით დაღუპვა და ორივე სქესის ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლა აძლიერებს უკვე არსებულ ტენდენციას - საზოგადოების დაბერებას. შესაძლოა, ომის შემდეგ ელენა სმირნოვა კიდევ უფრო ასაკოვანი გახდეს და 2030-იან წლებში რუსეთი იქცეს ქვეყნად, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანდაზმული ქალები იქნებიან.
რა შეცვალა ომმა? შეაჩერა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის ტენდენცია. ქალები კვლავაც ამ ტენდენციის მთავარი ბენეფიციარები არიან, ხოლო მამაკაცებში იგი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. როგორც რუსულ ინტერნეტში წერენ: „ნეტა, რა მოხდა?“
– თუ ომის შედეგად საშუალო სტატისტიკური რუსის დანაკარგებზე ვისაუბრებთ, რა სახის დანაკარგებია ეს? პირველ რიგში რასთან არის დაკავშირებული?
– თუ საკუთარ განცდებს კი არა, სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებს დავეყრდნობით, დავინახავთ, რომ ჩვენს „საშუალო“ ელენა სმირნოვას, ანუ რესპონდენტს, განსაკუთრებით აღელვებს და აღიზიანებს ინტერნეტში დაწესებული შეზღუდვები.
იგი მიჩვეული იყო მომსახურების გარკვეულ დონეს, კავშირის გარკვეულ სიჩქარეს, ამ კავშირის ხელსაწყოების ხელმისაწვდომობასა და სიიაფეს. როცა ამას ართმევენ, ეს მას აღიზიანებს. ჩნდება განცდა - მხოლოდ განცდა, თუმცა მაინც მკაფიოდ გამოხატული გაღიზიანება, რომელიც ერთგვარ გადატანას ჰგავს.
შესაძლოა შეგინიშნავთ ტენდენცია რუსულ, ნებადართულ საჯარო სივრცეებში, როდესაც ადამიანები მოულოდნელად არაპროპორციული ემოციით განიხილავენ ამა თუ იმ თემას. მაგალითად, თუ კატა მატარებლიდან გადააგდეს ან ლარისა დოლინამ ბინა „არასწორად“ გაყიდა, ან მესენჯერებში დარეკვა გაძნელდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - კატაც მნიშვნელოვანია, საკუთრების უფლების სტაბილურობაც და ყოველდღიური კომუნიკაციის ინსტრუმენტებიც.
მაგრამ ის ვნება, რომლითაც ამ თემებს განიხილავენ, ჰგავს კომპენსაციას იმის გამო, რომ არ შეუძლიათ ისაუბრონ „ოთახში მყოფ სპილოზე“ ანუ ცხოვრობენ ოთახში სპილოსთან ერთად, რომელიც რეგულარულად თელავს ადამიანებს, მაგრამ მასზე საუბარი აკრძალულია, არ უნდა შეხედო მას, ვერ უნდა დაარქვა სახელი, სიტყვის თქმაც კი აკრძალულია. ამიტომ დაგროვილი ფრუსტრაციის გამო ადამიანები იწყებენ ემოციურ საუბარს კატაზე ან, მაგალითად, WhatsApp-ზე. ასეთი შთაბეჭდილება ჩნდება. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს საკითხები სრულად თანაბარი მნიშვნელობის არ არის.
რუსეთში ცხოვრება - ოჯახური, სამეურნეო, კომერციული, ზოგადად ყოველდღიური - დიდწილად მესენჯერებზე იყო აგებული. ამიტომ მათი შეზღუდვა ან გაუქმება და მათი ჩანაცვლება უცნაურად მომუშავე MAX-ით ნამდვილად აზიანებს ყოველდღიურობის ქსოვილს, ამიტომ ეს მართლა ყველას ეხება.
რაც შეეხება თავისუფლების დაკარგვას. მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში საზღვარგარეთის პასპორტის მქონეთა წილი დაახლოებით 28%-ს შეადგენდა. ამ ადამიანების უმეტესობა მას ძირითადად თურქეთში მოგზაურობისთვის იყენებდა. ამიტომ ასეთი დანაკარგები საშუალო რუსს შედარებით ნაკლებად ეხება. მას უფრო მეტად აღელვებს ყოველდღიურობის ქსოვილის ნელ-ნელა დაშლა, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში გროვდებოდა. ჩემი აზრით, 2025 წელს ეს ამბავი ყველაზე ნაკლებად გამჭრიახმა ადამიანებმაც კი გაიაზრეს.
ნორმალურობის ილუზია, რომელიც ავტოკრატიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სულ უფრო ძნელად შესანარჩუნებელი ხდება."
ნორმალურობის ილუზია, რომელიც ავტოკრატიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლის შენარჩუნებაზეც დიდი რესურსი იხარჯება, სულ უფრო ძნელად შესანარჩუნებელი ხდება. არანორმალური მოვლენები - აფეთქებები, დრონების იერიშები - სულ უფრო ხშირად ხდება რუსეთის ქალაქებში. ასევე ნელ-ნელა ქრება ის, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვეულებრივად მიიჩნეოდა: იაფი ტაქსი, სტაბილური ინტერნეტი ქალაქებში, ტელეფონში რუკით მარშრუტის დაგეგმვა, ტელეფონით ან ბარათით გადახდის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი ჯერ არ გამქრალა, მაგრამ თვალშისაცემად შეიკუმშა. ეს ეროზიის ერთგვარი პროცესია, როდესაც ომის „მჟავა“ ნელ-ნელა ჭამს ყოველდღიური ცხოვრების ცოცხალ ქსოვილს. ჩემი აზრით, ეს არის 2025 წლის მთავარი ტენდენცია, რაც მას წინა წლებისგან განასხვავებს.
„რუსეთის ახალგაზრდობა — უბედური პატრიოტები“
– თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა ომმა ახალ თაობაზე? თუ ვისაუბრებთ, მაგალითად, იმ გავლენაზე, რომელიც ომმა იქონია რუს სტუდენტებზე.
– ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ სტუდენტების რაოდენობა შემცირდა. შემცირების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი - ობიექტური, დემოგრაფიული მიზეზია და მას „დემოგრაფიული ორმო“ ჰქვია. მეორე მიზეზი - ახალგაზრდების ერთი ნაწილის ემიგრაციაში წასვლა, ნაწილის კი არმიაში გაწვევა (როგორც ნებაყოფლობითი, ისე იძულებითი). მესამე მიზეზი უნივერსიტეტებში ადგილების მკვეთრი შემცირებაა.
რუსეთში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ფაქტობრივად, მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკაა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ბოლო ერთ წლის განმავლობაში. ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო შეთანხმება, საიდანაც რუსეთი გავიდა, იყო ბოლონიის სისტემა, რომელიც ორსაფეხურიან განათლებას — ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას — ითვალისწინებს. რუსეთმა 2022 წლის გაზაფხულზე დატოვა ბოლონიის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ეს საკითხი სულაც არ იყო მაშინ ყველაზე აქტუალური.
ამის შემდეგ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იძულებით შემცირდა როგორც საბიუჯეტო (დაფინანსებული), ისე კომერციული ადგილები. მიმდინარეობს როგორც კერძო უნივერსიტეტების დახურვის პროცესი, ასევე სასწავლო პროგრამების გადაწერა, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ასევე რთულდება მე-10–11 კლასებში გადასვლის ხელმისაწვდომობა, რათა მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებსა (ПТУ) და კოლეჯებში გადაამისამართონ. შედეგად მცირდება სწავლის ვადა და მარტივდება ჯარში გაწვევის პროცედურაც.
ოფიციალურად, სტუდენტები ჯარში არ მიჰყავთ. ეს შეღავათი კვლავაც არსებობს. უბრალოდ სტუდენტად გახდომა გართულდა. რუსეთის სახელმწიფოს სჭირდება ნაკლები ადამიანი უმაღლესი განათლებით, განსაკუთრებით ნაკლები სოციალური მეცნიერებების სფეროში, იურისპრუდენციასა და ეკონომიკაში.
პოლიტოლოგია, ფაქტობრივად, აკრძალულია. რელიგიათმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები დასაშვებია, პოლიტოლოგია — არა.
ასევე პრობლემურია ყველაფერი, რასაც Liberal Arts-ი ეწოდება, რადგან თავად სიტყვა „ლიბერალი“ არ არის „ლეგალიზებული“. ეს ყველაფერი მართლა ხდება.
სხვათა შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილებიც, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ნაწილდება პრივილეგირებულ კატეგორიებზე, მათ შორის ომის მონაწილეთა შვილებზე ან მათ ცოლებზე. პრივილეგირებულთა რაოდენობა ბევრი არ არის და მათი ინტერესები ყოველთვის არ უკავშირდება უმაღლეს განათლებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს სოციალური დაძაბულობის დამატებით ფაქტორს ქმნის.
1950-იანებში დაბადებულები - თაობა, რომელმაც რუსეთი დაღუპა".
ზოგადად, კვლევები საკმაოდ მკაფიო კავშირს აჩვენებს ასაკსა და ხელისუფლების პოლიტიკის მხარდაჭერის დონეს შორის.
უფროსი ასაკის ადამიანები ყველაზე მეტად კმაყოფილნი არიან და ყველაზე მეტად ემხრობიან მკაცრ ზომებს, მათ შორის მობილიზაციასა და ბირთვული იარაღის გამოყენებასაც კი. რაც უფრო ახალგაზრდაა რესპონდენტი, მით ნაკლები ენთუზიაზმი აქვს. ახალგაზრდები უფრო მეტად არიან შეშფოთებული და ნაკლებად კმაყოფილი მიმდინარე პროცესებით, ასევე უფრო მეტად შიშობენ მომავალთან დაკავშირებით.
ეს საკმაოდ პარადოქსული სურათია. ადრე ითვლებოდა, რომ ომი „ახალგაზრდების საქმეა“ და რომ ახალგაზრდები „დვიჟუხის“ (როგორც პუტინმა უწოდა ომს) მომხრეები არიან, ხოლო ხანდაზმულები უფრო ფრთხილობენ, სტაბილურობას უჭერენ მხარს და არ იწონებენ მკვეთრ მოძრაობებს.
მაგრამ ახლა პირიქით არის: ახალგაზრდები უფრო პაციფისტურად არიან განწყობილი, ხოლო ხანდაზმულებს, რომლებსაც არც ღმერთის არ ეშინიათ და არც ხალხის რცხვენიათ, თავზე ხელი აქვთ აღებული. ალბათ მომავალში დაიწერება მეცნიერული კვლევა იმ თაობაზე, რომელიც 1950-იან წლებში დაიბადა - იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. შეიძლება წიგნის სათაურიც კი გამოვიცნოთ: „1950-იანებში დაბადებულები - თაობა, რომელმაც რუსეთი დაღუპა“.
რომ შევაჯამოთ, რუსეთის ახალგაზრდობა მცირერიცხოვანია და პესიმისტურად არის განწყობილი - ერთგვარი უბედური პატრიოტები არიან. გამოკითხვებში საკუთარ თავს პატრიოტებად მიიჩნევენ, რადგან ეს სოციალურად მისაღები პასუხია, თუმცა ამ თავიანთ პატრიოტიზმში ბედნიერები ვერ არიან. არ მოსწონთ მიმდინარე პროცესები, მაგრამ ასევე არ ავლენენ რევოლუციური ბრძოლის სურვილს. უფრო მეტად ცდილობენ გაერთიანებას, რათა როგორმე გადაიტანონ არსებული მდგომარეობა - შეეგუონ ან წავიდნენ ქვეყნიდან.
სოციოლოგიურ გამოკითხვებში ხშირად ფიქსირდება ქვეყნიდან წასვლის სურვილი, მაგრამ ეს სურვილი რეალურ ქცევად იშვიათად გარდაიქმნება ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა წასული იქნებოდა. ახალგაზრდები, როგორც წესი, აცხადებენ, რომ უარს არ იტყოდნენ ქვეყნიდან წასვლაზე, თუმცა პრაქტიკაში უმეტესობა მაინც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ახალგაზრდობა ზოგადად საკმაოდ მობილურია.
მაგრამ რუსეთში ძირითადი მობილობა უკავშირდება არა საზღვარგარეთ წასვლას, არამედ პატარა ქალაქებიდან დიდ ქალაქებში, რეგიონულ დედაქალაქებში, ხოლო იქიდან მოსკოვში გადასვლას. ადამიანური რესურსების კონცენტრაცია კვლავ გრძელდება და ძირითადად ახალგაზრდობის ხარჯზე.
„ან დაგიჭერენ, ან რეგიონულ ადმინისტრაციაში გადახვალ“
– საშუალოსტატისტიკური რუსი ჩინოვნიკი. არის თუ არა მისთვის ომი „სარგებლის ახალი წყარო“?
– დამოკიდებულია იმაზე, სად მუშაობს ჩვენი საშუალოსტატისტიკური ჩინოვნიკი. ფორმიანია (ძალოვან სტრუქტურებში) თუ არა? თუ ფორმიანია, მაშინ მისი საქმე უკეთესადაა – როგორც ხელფასის მხრივ, ისე იმის განცდით, თუ ვინ არის ახლა ქვეყანაში „მთავარი“.
თუ ეს სამოქალაქო მოხელეა, მაშინ 2020 წლიდან (კოვიდის პერიოდიდან) მოყოლებული, მას დაკისრებული აქვს ყოველდღიური მართვის დიდი ტვირთი, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე. ამავე დროს, მას სხვებზე ნაკლები ანაზღაურება აქვს და სხვებზე ხშირადაც იჭერენ და ასამართლებენ.
რეგიონული სახელმწიფო მოხელეები ყველაზე ხშირად „დაჭერილთა“ კატეგორიად იქცნენ. ადრე ამ მხრივ ყველაზე დაუცველი იყვნენ მერები - მათზე ყველაზე ხშირად აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმეები. მერებისთვის ციხეში მოხვედრის ალბათობა დაახლოებით თანაბარი იყო კარიერის გაგრძელების კიდევ ორ გავრცელებულ ვარიანტთან: რეგიონულ ადმინისტრაციაში გადასვლასთან ან იმასთან, რასაც „რადარებიდან გაქრობას“ უწოდებენ.
სამოქალაქო მოხელეს ყველაზე ნაკლები ანაზღაურება აქვს და მას სხვებზე ხშირადაც იჭერენ და ასამართლებენ."
თუმცა 2022 წლიდან, განსაკუთრებით 2024 წლიდან, როდესაც რუსეთის ხელისუფლებაში „დიდი წმენდები“ დაიწყო, საეჭვო „პირველობის პალმა“ რეგიონულ ჩინოვნიკებს გადაეცათ - დეპარტამენტების დირექტორებს, რეგიონებში ფედერალური სამსახურების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, ვიცე-გუბერნატორებს და სხვებს. დაახლოებით ასე გამოიყურება ჩინოვნიკის ცხოვრება რუსეთში.
სხვათა შორის, სამოქალაქო მოხელეებს ყველაზე ნაკლებად გაეზარდათ ხელფასები 2022–23 წლებში, როდესაც მთლიანობაში ხელფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. ძალოვნების ხელფასები კი საგრძნობლად გაიზარდა, რამდენჯერმე ინდექსაციაც კი მოხდა, თუმცა ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებსა და მომიჯნავე სფეროებში დასაქმებულმა ადამიანებმა ნახეს.
„ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“
– ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ ომისგან, თუ ხედავენ სინათლეს გვირაბის ბოლოს?
– ამ კითხვას შეგვიძლია ვუპასუხოთ სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე. მაგალითად, როგორია სამომხმარებლო ოპტიმიზმის დონე ანუ როგორია პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „როგორ ფიქრობთ, ერთწლიან ან ხუთწლიან პერსპექტივაში თქვენი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაუარესდება თუ უცვლელი დარჩება? და როგორი იქნება ქვეყნის მდგომარეობა?“ ასევე: „ვითარდება თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით?“
რას ვხედავთ აქ? თუ საკმაოდ მრავალფეროვან სოციოლოგიურ სურათს შევაჯამებთ, გამოიკვეთება შემდეგი: კითხვაზე, „ვითარდება თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით?“ დადებითი პასუხების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის შემდეგ და, როგორც უკვე ითქვა, ეს ხშირად სოციალურად მისაღებ პასუხად ითვლება. ასეთი პასუხები, ჩემი შეფასებით, 60%-საც აჭარბებს. მსგავსი შედეგები აქვს ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრს“.
- უნდა ვენდოთ თუ არა დღევანდელ რუსეთში სოციოლოგიურ კვლევებს?
ამას „სოციალურად მისაღებ პასუხს“ უწოდებენ - ის გვაძლევს წარმოდგენას არა იმდენად რესპონდენტის შინაგან დამოკიდებულებაზე, არამედ იმაზე, როგორ აღიქვამს ის საზოგადოებრივ ნორმას. ადამიანები ფიქრობენ, რომ ასე უნდა უპასუხონ.
ამის შემდეგ უკვე შეიძლება ვიკამათოთ: ეს უმრავლესობა იმით არის განპირობებული, რომ 2022 წლის შემდეგ ცხოვრება რეალურად გაუმჯობესდა, თუ იმით, რომ „არასწორი“ პასუხისთვის დასჯის შიში გაიზარდა.
ეს უკვე დისკუსიის თემაა სოციოლოგების, პოლიტოლოგებისა და სოციალური ფსიქოლოგებისთვის.
ამგვარად, „ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით“. მაგრამ რაც უფრო გადავდივართ ზოგადიდან კონკრეტულ კითხვებზე, მით უფრო მცირდება ოპტიმიზმი. ჩვეულებრივ, როცა ადამიანებს ფინანსურ პერსპექტივებზე ეკითხებიან, ისინი საკუთარი ოჯახის მომავალს უკეთ აფასებენ, ვიდრე ქვეყნისას. ადამიანი ამბობს: „ჩვენ როგორღაც გავუმკლავდებით, მაგრამ საერთოდ ქვეყანაში ეშმაკმა იცის, რა ხდება“. გასაგებია, ხო? ეს ჩვეულებრივი კორელაციაა, რასაც მრავალი წელი ვხედავდით.
ბოლო წლებში კი საპირისპირო სურათი გამოიკვეთა: „ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ხელისუფლება წარმატებულია, ქვეყანა ვითარდება, მაგრამ პირადად ჩვენ რთული მომავალი გველის“. რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ „ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის“.
ანუ რაც უფრო პირადულია კითხვა, მით უფრო პესიმისტურია შეფასება.
რას ნიშნავს ეს? მონაცემები ხშირად მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როგორც აკადემიურ წრეებში ამბობენ, თუ მონაცემებს დიდხანს „აწამებ“, ისინი ნებისმიერ ჰიპოთეზას დაადასტურებენ. ამიტომ მრავალნაირი ინტერპრეტირების შესაძლებლობა არსებობს.
რაც უფრო კონკრეტულია საკითხი, მით უფრო რეალისტურია შეფასება. ადამიანები ტელევიზიით ხედავენ პოზიტიურ სიუჟეტებს, მარიუპოლიდან ჩამოტანილ უზარმაზარ საზამთროებს და შესაძლოა ფიქრობენ, რომ ქვეყანაში საქმეები კარგად მიდის, მაგრამ ასევე ფიქრობენ, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერი პირიქითაა - ხელფასი არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ფასები; ბავშვის სკოლისთვის მომზადება უფრო ძვირი ჯდება; ახალი წლის ტრადიციული სალათა „ოლივიეც“ აღარ ჯდება იაფი და ა.შ.
შესაძლოა, პირიქითაც - ადამიანები, როდესაც ხედავენ როგორი „კარგი ვითარებაა ქვეყანაში“, იწყებენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასებას, უჩნდებათ მოლოდინი, რომ მათი ცხოვრებაც ისეთივე მშვენიერი უნდა გახდეს, როგორიცაა ტელევიზორში ნაჩვენები მეზობლების ცხოვრება, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება. რაც შეეხება გვირაბის ბოლოს სინათლეს — მთავარი სურვილი, რომელსაც პრაქტიკულად ყველა გამოკითხვა აჩვენებს, ომის დასრულებაა. ასეთ შედეგს იძლევა ყველა გამოკითხვა, იქნება ეს „რას ისურვებდით ახალ წელს?“ თუ „რა კითხვას დაუსვამდით პრეზიდენტს?“.
პირველ ადგილზეა მშვიდობა, და საკმაოდ დიდი უპირატესობით.
ამის შემდეგ, როგორც წესი, იწყება ინტერპრეტაციები: „მშვიდობა ჩვენი პირობებით“ და ა.შ.
თუმცა „საკუთრივ პირობებზე” საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ამასთან, დიდი იმედიც არ აქვთ. იმედი შედარებით გაიზარდა 2025 წლის დასაწყისში, გაზაფხულზე, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი შეიცვალა.
პირველ ადგილზეა მშვიდობა, და საკმაოდ დიდი უპირატესობით."
ეს იმედი მაშინ საკმაოდ მაღალი იყო. ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა გარკვეულწილად საკუთარ თავშიც იგრძნო ეს განწყობა, მაგრამ შემდეგ ისევ შემცირდა.
ამავე დროს ადამიანები კითხვაზე, „რამდენად წარმატებით მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები რუსეთისთვის?“ პასუხობენ: „წარმატებით, ძალიან წარმატებით. უბრალოდ, მოდი სწრაფად დავასრულოთ ომი. ისე კი ყველაფერი კარგადაა“.
თუ დავუბრუნდებით კითხვას, რა იხეირა და რა დაკარგა რუსმა მოქალაქემ ოთხი წლის განმავლობაში, საინტერესო იქნება თვალი შევავლოთ “ლევადა-ცენტრის” გამოკითხვას: „მეტი სარგებელი თუ მეტი ზიანი მოიტანა სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ?“
ავიღოთ თუნდაც 2023 წელს, როცა თითქოს „ყველაფერი კარგად მიდიოდა“. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საერთო ეიფორიის წელი, ერთგვარი ისტერიული ოპტიმიზმის პერიოდი - ომი უკვე მიმდინარეობდა, მაგრამ დაპირებული კატასტროფა არ მოხდა: წარმატებით ვომობთ, ეკონომიკა ვითარდება, ხელფასები იზრდება. მოკლედ, თითქოს ყველაფერი წარმატებით ვითარდებოდა. მაგრამ მაშინაც კი უფრო მეტნი იყვნენ ისინი, ვინც მიიჩნევდნენ, რომ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ზიანი მოჰქონდა, ვიდრე ისინი, ვინც სარგებელზე საუბრობდნენ. ხოლო როცა ეკითხებიან: „კერძოდ რა ზიანზეა საუბარი?“ — ყველაზე გავრცელებული პასუხია: „ბევრი ადამიანი დაიღუპა“.
ამგვარად, დანაკარგების გაცნობიერება თანდათანობით აღწევს საზოგადოებაში. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა, რადგან ქვეყანა დიდია და რეალურად ომში ძირითადად მიდიან ისინი, ვისაც უნდათ. ამითაც განსხვავდება ეს ომი “დიდი სამამულო ომისგან”. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის ვერშემჩნევაც შესაძლებელი იყო გარკვეული დროის განმავლობაში: თავიდან იოლად, შემდეგ უფრო რთულად.
არ ვიცი, არის თუ არა ეს პასუხი „გვირაბის ბოლოს სინათლის” შესახებ დასმულ კითხვაზე. ამ მხრივ საინტერესოა რუსეთში ანტიდეპრესანტების გაყიდვების გაზრდილი დინამიკაც. ეს გარკვეულად დადებითი ტენდენციაცაა: სჯობს ანტიდეპრესანტები, ვიდრე ალკოჰოლი ან თვითმკვლელობა.
დასასრულ, კიდევ ერთი დეტალი ჩვენი პირობითი „საშუალო რუსის“ - ელენა სმირნოვას - შესახებ. გარკვეული დროის შემდეგ მას ანასტასია ერქმევა: დღეს ის ჯერ კიდევ ელენაა, მაგრამ როცა „საშუალოსტატისტიკური რუსი“ იქნება 1980-იანი წლების შემდეგ დაბადებული ადამიანი, მას ანასტასია სმირნოვა ერქმევა.
ფორუმი