Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრ არაღჩის საქართველოსთან ურთიერთობების მომავალზე ვესაუბრე - ირანის ელჩი

„ხანგრძლივი საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ“ - წერს ალი მოჯანი
„ხანგრძლივი საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ“ - წერს ალი მოჯანი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, - რომელიც ბოლო დღეებში აკრიტიკებდა თბილისის მიერ ირანული ავიაციისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებას, - აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან „ხანგრძლივი საუბარი“ ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობებზე.

„დღეს საღამოსაც მქონდა ხანგრძლივი საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი სამსახურებრივი მიმართულების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და მის გარშემო არსებული გარემოს განვითარების პერსპექტივების შესახებ“, - წერს ირანის ელჩი საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე 15 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.

ელჩი მინისტრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, თუმცა განცხადებაში არ არის დაზუსტებული, აუდიენცია ფიზიკურად შედგა თეირანში თუ მათ ტელეფონით ისაუბრეს.

„თუ იმ საუბრისა და იმ ანგარიშის შედეგს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე, ერთ წინადადებაში შევაჯამებ: მომავალი ეკუთვნის იმ მარშრუტებს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ და არა მათ, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებას ცდილობენ“, - წერია მის განცხადებაში.

რა აღელვებს ირანის ელჩს

ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მიერ ირანული ავიაციის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

მისი შეფასებით:

  • ეს ნაბიჯი „ამერიკის დიდებისთვის“ გადაიდგა;
  • ირანელების საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვამ შესაძლოა ხალხებს შორის არსებული კავშირებიც დააზიანოს, - ამ კონტექსტში ახსენა ფერეიდნელი ქართველები;
  • გადაწყვეტილებას ეკონომიკურთან ერთად ადამიანური და სოციალური შედეგებიც ექნება;
  • ამავე პერიოდში ირანის საელჩომ ხაზი გაუსვა ირან-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებას, - მაშინ როცა ელჩის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო დატოვებული, ყირიმი კი უკრაინისგან განსხვავებულად იყო მონიშნული.

რას ამბობს თბილისი

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, - რომელსაც წარსულში დასავლელი ელჩები მწვავედ გაუკრიტიკებია „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ მითითებების გამო, - 14 სექტემბერს განაცხადა:

„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ თბილისის პოლიტიკას სანქციებზე „ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს“ და კვლავ გაიმეორა: „დანარჩენი, თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“.

საგარეო უწყებას ამ დისკუსიაზე საჯარო გამოხმაურება არ ჰქონია.

„ურთიერთობების გადახედვა“?

ალი მოჯანი ირანის უმაღლესი რანგის დიპლომატთან კონსულტაციების შემდეგ წერს, რომ თეირანში, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ექსპერტთა დისკუსიები ირანის მეზობლებთან, „განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ მეზობლებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხებზე“.

„ჩვენთვის ეს დისკუსიები [მეზობლებთან დაკავშირებით] მხოლოდ არსებული ურთიერთობების გადახედვას არ გულისხმობს“, - წერს ელჩი და განმარტავს:

„ირანის გარშემო არსებული გარემო იცვლება და ბუნებრივია, რომ საგარეო პოლიტიკაც ამ ცვლილებების შესაბამისად მუდმივად უნდა იქნეს შესწავლილი, შეფასებული, გადაიხედოს და ხელახლა ჩამოყალიბდეს“.

  • „ირანის ჩრდილოეთ მეზობლებს“ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც არიან;
  • მართალია, საერთო საზღვარი არ აქვთ, თუმცა, ზოგადად, მეზობლებში მოიაზრება საქართველოც;
  • ამ რეგიონში მის უშუალო მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი აქვთ დაგეგმილი - ირანის მეტოქე აშშ-სთან ერთად; მხარეთა თანახმად, დაგეგმვიდან ისინი უკვე „იმპლემენტაციის ფაზაზე“ გადადიან.

„დაკავშირება“ და არა „გამიჯვნა“

სეიედ ალი მოჯანის განცხადებით, ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ გლობალური სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო მეტად ადგას დივერსიფიკაციისა და ამასთანავე ინტეგრაციის გზას:

„ინდოეთის ოკეანის სანაპიროებიდან და ირანის სამხრეთ პორტებიდან შავი ზღვის სანაპიროებამდე, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან ევროპის, რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე, ახალი მარშრუტები ყალიბდება და არსებული მარშრუტები ხელახლა განისაზღვრება“.

მისი განცხადებით, კავკასიასაც სწორედ ამ თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა ირანისთვის. ის ასევე წერს:

„მსოფლიოში, სადაც მარშრუტები სულ უფრო მეტად ქსელური ხდება, ერთი ახალი შესაძლებლობის დამატება უფრო ღირებულია, ვიდრე რომელიმე შესაძლებლობის გაუქმება. ხოლო მარშრუტების ერთმანეთთან დაკავშირება უფრო მდგრადია, ვიდრე მათი ერთმანეთისგან გამიჯვნისთვის კონკურენცია“.

ირანისკენ ფრენები 21 სექტემბრიდან წყდება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში 21 სექტემბრიდან შეწყდება.

თეირანის აეროპორტის მონაცემებით, ირანიდან ფრენები გრძელდება ომანის, თურქეთის, სომხეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ერაყის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ტაილანდის მიმართულებით.

ამ ეტაპზე არცერთ ამ ქვეყანას არ გაუკეთებია განცხადება ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერების შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG