Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავითვალისწინებთ ძმური ირანის შეშფოთებას დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში - ფაშინიანი ირანის ელჩის კრიტიკაზე აქციების გამო


ნიკოლ ფაშინიანმა ირანის ელჩის განცხადებასა და კრიტიკას უპასუხა ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის ელჩის განცხადებასა და კრიტიკას უპასუხა ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით

ერევანში ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციების გამო სომხეთში ირანის ელჩის საჯარო საყვედურის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა გაითვალისწინოს „მეგობრული და ძმური ქვეყნის, ირანის ყველა შეშფოთება“.

პარალელურად მედიაში ვრცელდება ცნობები ერევანში გამართული აქციების მონაწილეების გამოკითხვის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (NSS) მიერ.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან წამოსულ განცხადებებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავითვალისწინოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის, ჩვენთვის მეგობარი და ძმური ქვეყნის, ყველა შეშფოთება, და ასეც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 15 იანვარს.

„როგორც იცით, 2018 წლიდან [როდესაც ფაშინიანი მთავრობაში მოვიდა] სომხეთში არც ერთი საჯარო შეკრება არ აკრძალულა და ჩვენ ვერცერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვერ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას“, - თქვა მან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, და იქვე დასძინა:

„დიახ, ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ გამოხატვის ფორმებმა არ უნდა შეაფერხოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ან სხვა ნებისმიერი საელჩოს ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას ... და ვიმოქმედებთ ჩვენი დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

„ადმინისტრაციული წარმოება“ და დემონსტრანტების გამოკითხვა

ასევე განაცხადა: „ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი მეგობარი და მოძმე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ წარმოიშვას“.

დაბოლოს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც გადაკვეთს კანონის საზღვრებს, განხორციელდება შესაბამისი სამართალწარმოება. როგორც ვიცი, რამდენიმე შემთხვევაში უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება“.

დღესვე, 15 იანვარს გამოცემა OC Media-მ გაავრცელა ცნობები, რომლის თანახმადაც პროტესტის მონაწილე არაერთ ირანელ დემონსტრანტს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და გამოჰკითხეს.

„[ჩემს ძმას] ჰკითხეს, რატომ აპროტესტებო. უპასუხა, იმის გამო, რაც ირანში ხდებაო“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ დემონსტრანტს, რომლის სახელსაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

მისი თქმითვე, ჰკითხეს, თუ ვინ ხელმძრვანელობდა აღნიშნულ პროტესტს ერევანში.

კიდევ ერთი დემონსტრანტი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის შემდეგ ქუჩაში, - კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე, - გააჩერეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა, რომლებიც, - როგორც ისინი ვარაუდობენ, - ირანის საელჩოს თანამშრომლები იყვნენ.

NSS-ს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აქციები ერევანში გასული კვირიდან მიმდინარეობს.

ელჩის განცხადება

სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალმა ელჩი 14 იანვარს ერევანს საჯაროდ უსაყვედურა საელჩოსთან აქციების შეზღუდვაზე უარის გამო და განაცხადა, რომ თეირანში მყარდება შეხედულება, რომ სომხეთი ხდება ირანისადმი მტრულად განწყობილი ძალების „ცენტრი“.

ელჩმა ხალილ შირღოლამიმ, - რომელიც 2025 წლის დეკემბრის ბოლოდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას, - 14 იანვარს ერევანში პრესკონფერენციაზე დაგმო საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციები.

  • ირანში მასობრივი დემონსტრაციები, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა, 28 დეკემბრიდან დაიწყო თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში;
  • უფლებადამცველები იუწყებიან დიდ მსხვერპლზე - სხვადასხვა ცნობებით, 2000-ზე მეტი დემონსტრანტია მოკლული ხელისუფლების მიერ.
  • აქციები ირანის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქალაქშიც იმართება - მათ შორის თბილისსა და ერევანშიც.

ელჩმა შირღოლამიმ ერევანში აქციებთან დაკავშირებით თქვა: „ადამიანთა ჯგუფს ირანის საელჩოს წინ მისვლის ნებართვა მიეცა. ისინი ძალიან უპატივცემულო და შეურაცხმყოფელ გამოთქმებს იყენებენ. ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ეს პროცესი გრძელდება“.

მისი თქმით, ამის გამო შესჩივლა სომხეთის შესაბამის უწყებებს, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია და აქციები გრძელდება.

დიპლომატის თქმით, ირანის საელჩოს წინ მომხდარი მოვლენები „ირანელი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩება“, რადგან „ყველაზე რთულ დროს ირანი სომხეთის სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით იდგა“. ელჩის თქმით, თუ „მტრული ძალები ირანის გახლეჩას მოახერხებენ, სომხეთიც დამარცხებულთა შორის იქნება“.

ელჩმა შირღოლამიმ ეს განცხადება გააკეთა 14 იანვარს, - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს და გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.

დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია, შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს. კომპანიას ჯერ 49 წლით, კიდევ 50 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით ექნება პროექტის განვითარების ექსკლუზიური უფლება.

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ ჯერ კიდევ 2025 წლის 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ირანი „არ დაუშვებს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას თავის საზღვართან, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით.

სომხეთისთვის ირანი ერთ-ერთია ოთხი მეზობლიდან იმ ორს შორის, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს (მეორე საქართველოა). სომხეთს ირანთან აქვს სახმელეთო საზღვარი და აქტიურად ვაჭრობს მასთან. ირანი სომხეთს ბუნებრივ გაზს აწვდის, სანაცვლოდ კი ელექტროენერგიას იღებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG