„ალტერნატივა - რეზა ფეჰლევი“, „გაუმარჯოს რეზა ფეჰლევის“, „მეფე რეზა ფეჰლევი“... ამ შეძახილებით იმართება საპროტესტო აქციები ირანის საელჩოს წინ თბილისში. ემიგრაციაში მცხოვრებ ირანელებს ხელში უჭირავთ რეზა ფეჰლევის სურათები და ისტორიული, ლომის გამოსახულებიანი დროშა.
„ირანის საელჩოები და საკონსულოები ირანელებს ეკუთვნით. დროა, ეს ეროვნული დროშა იყოს მათი დეკორაცია და არა ისლამური რესპუბლიკის სამარცხვინო დროშა“, - განაცხადა ფეჰლევიმ ორიოდე დღის წინ.
უფლისწული ფეჰლევების დინასტიიდან
რეზა ფეჰლევი 1960 წლის 31 ოქტომბერს თეირანში დაიბადა, ირანის ბოლო შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ოჯახში. 17 წლის აშშ-ში გაემგზავრა, რომ რეაქტიული თვითმფრინავის პილოტი გამხდარიყო. უკან ვეღარ დაბრუნდა. ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის 38-წლიანი მმართველობა 1979 წელს ისლამური რევოლუციის შედეგად დაემხო. დევნილი შაჰი 1980 წელს ეგვიპტეში გარდაიცვალა.
ირანის შაჰს პროდასავლური პოლიტიკა ჰქონდა, თუმცა ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით მართავდა.
ამასთან, მონარქის მიერ ოპონენტების დევნა შეუდარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებიც ისლამური რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო. ირანი მკაცრად თეოკრატიულ, ჩაკეტილ სახელმწიფოდ იქცა, ჩადრებით, მორალის პოლიციით, ბირთვულ იარაღზე მომუშავე ლაბორატორიებითა და ამ ლაბორატორიების გამო დაწესებული სანქციებით.
ამის შემდეგ რეზა ფეჰლევი ემიგრაციაში ცხოვრობს. ისწავლა პოლიტიკური მეცნიერებები კალიფორნიაში. შეირთო ცოლი და სამი ქალიშვილი ეყოლა. ის წლების განმავლობაში ლაპარაკობდა აიათოლების რეჟიმის სეკულარული წყობით ჩანაცვლებაზე. ერთხელ სპარსულენოვან გადაცემაში მისი მონაწილეობის გამო, ირანში ათასობით სატელიტური ანტენაც კი ამოიღეს.
შაჰზადე („შაჰის შვილი“, მემკვიდრე) განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდებოდა ხოლმე, როდესაც ირანში ვითარება იძაბებოდა. 2025 წელს, როდესაც ისრაელმა ირანს შეუტია, რეზა ფეჰლევი აიათოლა ხამენეიზე ამბობდა, „შეშინებული ვირთხა“ იატაკქვეშეთში გადავიდა და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგაო. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც თქვა, რომ ხამენეი იოლი სამიზნეა, იციან სადაც იმალება, მაგრამ ამჯერად საფრთხე არ ემუქრება: „არ ვაპირებთ მის იქიდან გამოყვანას (მოკვლას), ახლა არა“.
„დახმარება გზაშია, დავუბრუნოთ ირანს დიდება“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა უკვე ახლა, 13 იანვარს, მას შემდეგ, რაც მიუხედავად მოწოდებისა, არ დაეხოცათ დემონსტრანტები, აიათოლას რეჟიმმა ამბოხებულ ირანელებს ცეცხლი გაუხსნა.
ბოლო წლების განმავლობაში აიათოლების თეოკრატიული რეჟიმი რამდენჯერმე აღმოჩნდა კრიზისში. ასე დაიწყო 2026 წელიც, როდესაც 52-პროცენტიანი ინფლაციის გამო ირანში ბაზრობები გაიფიცა და ხალხი ქუჩებში გავიდა. გათიშულია ინტერნეტი, მაგრამ ის მწირი ინფორმაციაც, რომელიც ირანიდან ჟონავს, აჩვენებს, რომ უკვე ათასობით დემონსტრანტია მოკლული, კიდევ უფრო მეტი დაჭერილი და მათ ნაწილს ჩამოხრჩობა ელის.
ნაბიჯი წინ თუ წარსულში დაბრუნება?
„დარჩით ქუჩებში. ჩემი გული და სული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე პირადადაც თქვენთან ვიქნები“, - მოუწოდებს რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს ბრძოლისაკენ. ამბობს, რომ ხელს შეუწყობს ირანში თავისუფალი არჩევნების, კანონის უზენაესობისა და ქალთა თანასწორობის დამკვიდრებას. აღდგება მონარქია თუ ქვეყანა რესპუბლიკად ჩამოყალიბდება, ამას რეფერენდუმი გადაწყვეტს.
მოსახლეობის რა ნაწილი ემხრობა რეზა ფეჰლევის დაბრუნებას, ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა მას თავგამოდებულ მომხრეებთან ერთად, დაუფარავი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
„რევოლუციის შემდეგ, ბოლო 47 წლის განმავლობაში სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება. არ ვიცი, რამდენი კაცი უჭერს მხარს რეზა ფეჰლევის, მაგრამ ხალხი უკვე ხედავს, რომ ორი შაჰის დროს ქვეყანა ვითარდებოდა და ახლა სურთ, მესამედაც ფეჰლევი ჰყავდეთ მეფედ“, - ამბობს აქციის მონაწილე არიში. ის თბილისში, ირანის საელჩოს წინ, ირანში ფეჰლევის დაბრუნებას ითხოვს.
ჰამიდ რეზა ნიკ ბეჰში მონარქისტია. მასაც კონსტიტუციური მონარქიის დამყარების იდეა მოსწონს.
„ეს გამოსვლები მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებით არ არის განპირობებული. ის ზოგადად ისლამური რესპუბლიკის, ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. ხალხს დემოკრატია და თავისუფლება სურს. სჯერათ რეზა ფეჰლევის, ფიქრობენ, რომ ლიბერალური დემოკრატიის დამყარებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ის.
„მას [რეზა ფეჰლევის] სურს, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ დიადი გახდეს. ამ რეჟიმს რომ შევცვლით, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ [ქვეყნის მოწყობაზე - რ.თ.]. ხალხმა აირჩიოს რა უნდა: მონარქია, რესპუბლიკა თუ რა. შეუძლიათ, რაც უნდათ, იმას მისცენ ხმა“, - გვეუბნება აქციის კიდევ სხვა მონაწილე, ის სახელს არ ამხელს და სახეზეც ნიღაბი აქვს აფარებული.
მაგრამ ირანში ყველა ასე არ ფიქრობს. საქართველოში ირანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის მონაწილე მარიამ შარიფი ამბობს, რომ ხალხმა საკუთარი სიცოცხლე სწორედ იმის გამო შეაგდო სასწორზე, რომ უნდა დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს და არა ერთი კაცის მმართველობის ქვეშ.
„უმრავლესობას დემოკრატია უნდა, თავისუფლება, არა უბრალოდ ფეჰლევი და შაჰი... ახლა ეს გამოსვლები ხალხის მიერ არის ორგანიზებული და არა ერთი ლიდერის. იქ უამრავი ეთნიკური უმცირესობაა და ყველას დემოკრატია სურს. მონარქიაში ძალაუფლება ერთ ადამიანს აქვს და არა ხალხს, არა პოლიტიკურ პარტიებს. ასე კვლავ დიქტატურა იქნება, - ამბობს მარიამი, - რაც შეეხება იმ არგუმენტს, თუ არა რეზა ფეჰლევი, მაშინ ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში...ჩვენ ძალიან ბევრი განათლებული აქტივისტი გვყავს, მათ კარგი გამოცდილება აქვთ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობის, მმართველობის. ჩვენ ეს გვინდა და არა ერთი ადამიანი და წარსულში დაბრუნება“.
ფორუმი