Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარტყმები, ბლოკადა, კიბერთავდასხმა - რა ვარიანტები აქვს ტრამპს ირანის წინააღმდეგ?


ირანში საპროტესტო აქციების მხარდამჭერი აქცია ლონდონში, ირანის საელჩოსთან
ირანში საპროტესტო აქციების მხარდამჭერი აქცია ლონდონში, ირანის საელჩოსთან

ირანის ქალაქებსა და დასახლებებში საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სულ უფრო სასტიკი ანგარიშსწორების ფონზე, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედება, ჩანს, დაბრუნდა ვაშინგტონის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

დაუდასტურებელი ცნობებით, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი პროტესტის ჩახშობის მცდელობისას, ირანის ხელისუფლებამ 500-ზე მეტი ადამიანი დახოცა - ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, მსხვერპლი შესაძლოა რამდენჯერმე აღემატებოდეს ამ რაოდენობას.

დემონსტრაციებმა იფეთქა სულ უფრო მზარდი ინფლაციისა და ადგილობრივი ვალუტის კურსის შეუჩერებელი ვარდნის ფონზე, თუმცა მალევე გადაიზარდა უფრო ფართო პროტესტში ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ.

ვაშინგტონმაც და თეირანმაც გამოხატეს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა მაინც მიმართოს გარკვეულ ზომებს იმ ცნობების ფონზე, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოქმედებების შესახებ ვრცელდება.

„შესაძლოა შევხვდეთ მათ [ირანის ხელისუფლება - რ.თ.]. შეხვედრა მზადდება, მაგრამ შესაძლოა მოგვიწიოს მოქმედებამ იმის გამო, რაც ამ შეხვედრის წინ ხდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 11 იანვარს, საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მოკლე ბრიფინგის დროს.

ამ განცხადებიდან ორ დღეში, 13 იანვარს კი, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაპოსტა ირანელებისადმი მიმართვა:

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - ხელში აიღეთ თქვენი ინსტიტუტები!!! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან მანამდე, სანამ მომიტინგეთა ეს უაზრო ხოცვა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. MIGA [დავუბრუნოთ ირანს სიდიადე - რ.თ.]!!!”

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 12 იანვარს განაცხადა: „ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ სურს ომი, თუმცა სრულად მზად არის ომისთვის“.

მაშ ასე, მოქმედების რა ვარიანტები რჩება ვაშინგტონს, დიპლომატიის ჩავარდნის შემთხვევაში?

შეზღუდული დარტყმები

შეზღუდული დარტყმების უპირატესობა ის არის, რომ სიმბოლურ სამიზნეებზე თავდასხმები ნაკლებად სარისკოა ამერიკელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. რასაც ადვილად გასწვდება თავად აშშ, მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნების ჩართვის გარეშე.

„ეს არის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. მას არ ახლავს საპასუხო დარტყმის ისეთივე ალბათობა, როგორიც უმნიშვნელოვანესი სამხედრო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას“, - უთხრა 12 იანვარს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას მარინა მირონმა, ლონდონის კინგს კოლეჯის თავდაცვის კვლევის განყოფილების პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ სიმბოლურ სამიზნეებზე შეზღუდულ დარტყმებს არაერთი ნაკლი აქვს - უპირველეს ყოვლისა ის, რომ აშშ-ის ასეთი მოქმედება ირანის რეჟიმს მისცემს საფუძველს, ყურადღება საყოველთაო უკმაყოფილებიდან პატრიოტულ მხარდაჭერაზე გადაიტანოს. ამასთან, შეზღუდული დარტყმებით შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

ასევე, ეს ნაბიჯი დემონსტრანტებისთვის შესაძლოა იქცეს სიგნალად, რომ ვაშინგტონი არ ცდილობს მათ შველას იმ დროს, როდესაც ირანის უშიშროების ძალები მათ ხოცავენ და აპატიმრებენ.

შეზღუდული დარტყმების სამიზნედ შეიძლება იქცეს, მაგალითად, პოლიციის ნაგებობები, ბასიჯის გასამხედროებული დაჯგუფება ან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფები.

მდგრადი კამპანია

მეტად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფებზე უფრო მეტად ორგანიზებული თავდასხმების კამპანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის მოიცავს აგრეთვე ირანის სარაკეტო ობიექტებს, სარდლობისა და კონტროლის, აგრეთვე უშიშროების სხვა ძალებს.

ამ შემთხვევაში, პრობლემა ის არის, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები ახლა საკმარისი რაოდენობითა და შესაძლებლობებით არ იმყოფებიან რეგიონში. უახლოესი ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი ახლა სამხრეთ ჩინეთის ზღვაშია, სადაც ის ატარებს საბრძოლო ცეცხლის წვრთნებს. ამ ავიამზიდის სპარსეთის ყურემდე მიღწევას რამდენიმე დღე დასჭირდება.

აშშ-ის ძალებს აქვს სამხედრო ბაზები რეგიონში - ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნებმა ვაშინგტონს სთხოვეს, არ მიმართოს სამხედრო მოქმედებას.

ბევრს აღელვებს ირანის საპასუხო თავდასხმების პერსპექტივა. ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, როცა ისრაელი და აშშ ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებს დაესხნენ თავს, კატარში მდებარე ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმებმა აშშ-ის მოკავშირეები სპარსეთის ყურეში ძალიან შეაშფოთა.

ეს თავდასხმა უფრო სიმბოლური იყო, მაგრამ ირანი იმუქრებოდა საპასუხო მოქმედებით აშშ-ის მორიგი თავდასხმის შემთხვევაში და ამ ჯერზე მისი რეაქცია შესაძლოა გაცილებით სერიოზული იყოს. ამან შეიძლება შეაჩეროს ნამარხი ენერგომატარებლების ექსპორტი აშშ-ის მოკავშირე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჰორმუზის სრუტის გავლით. ისრაელიც შეიძლება აღმოჩნდეს თავდასხმის სამიზნე, რაც გაზრდის უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის გაჩაღების საფრთხეს.

„არსებული ვითარება ისლამური რესპუბლიკისთვის ეგზისტენციალურია. ეს არის ბრძოლა, რომელიც პირდაპირ ურტყამს რეჟიმის ბუნებასა და არსს“, - უთხრა რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურ „რადიო ფარდას“ ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალი მამურიმ, - თუკი მასზე თავდასხმა განხორციელდება, ის თითქმის გარდაუვალად იძიებს შურს“.

საგანგებო ძალები, მკვლელობა

ვენესუელის ყოფილ ლიდერ ნიკოლას მადუროს შემდეგ, არის თუ არა შემდეგი აშშ-ის საგანგებო ძალების მიერ დასაკავებელთა სიაში ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი?

მსგავსი ოპერაციის ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ს ვენესუელის გარშემო გადასროლილი ჰყავდა დიდი რაოდენობით ძალები და ფლობდა რეჟიმის შიგნიდან სადაზვერვო ინფორმაციას.

კიდევ ერთი სცენარი შეიძლება იყოს მკვლელობა, რეჟიმის ულიდეროდ დატოვება და ირანში ძალაუფლებისთვის ბრძოლის წახალისება. ასეთი სცენარის განხორციელებაც დიდწილად დამოკიდებული იქნება ბრწყინვალე დაზვერვის ყოლაზე.

კინგს კოლეჯის ანალიტიკოსი მარინა მირონი ამბობს, რომ „ყველაზე ლოგიკური ვარიანტი“ იქნებოდა „ადგილზე სადაზვერვო ძალისხმევის გაერთიანება, შესაძლოა - ოპოზიციის შეიარაღება...ერთ დიდ ქალაქზე მაინც რომ შეეცადონ კონტროლის დამყარებას და შემდეგ იქიდან გაავრცელებდნენ“.

ნებისმიერი ასეთი მიდგომის განხორციელების შესაძლებლობა რომც დავუშვათ, მისი უმთავრესი მინუსი იქნებოდა არაპროგნოზირებადი შედეგი, რადგან შესაძლებელია ასეთ მოქმედებას მეტი ქაოსი და სისხლისღვრა მოჰყვეს. თუმცა ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ახალ რეჟიმს, სულაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რომ იყოს მის სათავეში, შესაძლოა მოუნდეს ვაშინგტონთან თანამშრომლობა.

„ვფიქრობ, ასეთი რამ შესაძლებელია“, - უთხრა 6 იანვარს „რადიო ფარდას“ პენტაგონის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მაიკლ რუბინმა, რომელიც ვაშინგტონში მდებარე American Enterprise Institute-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

ბლოკადები, კიბერთავდასხმები, აკუსტიკური იარაღი

ტრამპს აქვს სხვა ვარიანტებიც.

„სავსებით შესაძლებელია, განიხილებოდეს არასამხედრო ვარიანტებიც. ეს შეიძლება მოიცავდეს ირანის სრულ ეკონომიკურ ბლოკადას, ჩინეთში მისი ნავთობის ექსპორტის შესაჩერებლად ან კიბერთავდასხმებს, რომლებიც მოშლიდა ირანის უშიშროების ძალების საკომუნიკაციო და გადაწყვეტილების მიღების სისტემებს“, - უთხრა „რადიო ფარდას“ „კრიზისების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის“ ირანის პროექტის დირექტორმა ალი ვაეზმა.

კიბერთავდასხმები ადრეც მომხდარა.

2021 წელს კიბერთავდასხმის სამიზნე იყო ირანის ბენზინგასამართი სადგურები. მაშინ ირანმა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, თავდასხმაში დაადანაშაულა აშშ და ისრაელი. მსგავსი თავდასხმები მას შემდეგაც განმეორდა.

2019 წელს, იარაღის სისტემებზე კიბერთავდასხმის შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ გაანადგურა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ჯაშუშური რგოლი. აშშ-ის მედია, ანონიმურ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ეს აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმა იყო.

შესაძლოა არსებობდეს ნაკლებად კონვენციური თავდასხმების ვარიანტებიც.

ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ, თეთრი სახლის სპიკერმა კეროლაინ ლივიტმა გაავრცელა კომენტარები კაცისა, რომელმაც, სავარაუდოდ, აკუსტიკური იარაღით თავდასხმა გამოსცადა:

„ეს იყო ძალიან ინტენსიური ხმოვანი ტალღა. უცბად ვიგრძენი, თითქოს თავი შიგნიდან მიფეთქდებოდა. ყველას დაგვეწყო ცხვირიდან სისხლდენა. ზოგიერთი სისხლს აღებინებდა. ძირს დავწექით, ვერ ვინძრეოდით“, - ასეთი იყო ლივიტის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ციტატა.

ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროდან ან ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG