Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერმა თანამდებობა განმარტებების გარეშე დატოვა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან ისე გადადგა, გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს. სამსახურებრივი მივლინებით პრაღაში მყოფმა წუხელ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე მოკლე განცხადება განათავსა.

გადმოწერა

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, - დაწერა ლაშა გოგიამ. ამ განცხადების შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ვიცე-მერმა გია გულორდავამ. გადადგომის მიზეზი საზოგადოებას არც მან აუხსნა და, ლაშა გოგიას მსგავსად, მედიასთან საუბარი არ ისურვა.

შეფასება როგორ გავაკეთო, ჯერ არაფერი ვიცი ნორმალურად. ჩამოვა და თვითონ გამართავს ბრიფინგს. ბატონი მერი ბრძანდება პრაღაში მივლინებით.
მაიზერ ნანავა

პარალელურად, ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება მერიის ააიპ-ის, „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობას, რომლის შესწავლაც სუსმა 16 აგვისტოს შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით დაიწყო. საქმეზე ყოფილი მერი და ააიპის დირექტორი უკვე გამოკითხეს.

იმის თაობაზე, უკავშირდება თუ არა მერის გადადგომა სუსში მიმდინარე გამოძიებას, კომენტარს არ აკეთებენ მერიაში. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათთვის მერის გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია.

თავის მხრივ, დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ ტელეკომპანია მის კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა. ტელეკომპანიამ დღეს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც, მათი თქმით, ისმის, როგორ საუბრობს ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს, მათ შორის ლაშა გოგიას და ვიცე-მერ გია გულორდავას, თანხა ბიზნესმენმა კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სურვილით გადაუხადა, თუმცა თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

ლაშა გოგიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამ თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლები დაყო.

მერიაში კომენტარი არც გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გაუკეთებიათ. მერის მოადგილე მაიზერ ნანავას თქმით, როგორც სხვებმა, მანაც ეს სიახლე სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.

„შეფასება როგორ გავაკეთო, ჯერ არაფერი ვიცი ნორმალურად. ჩამოვა და თვითონ გამართავს ბრიფინგს. ბატონი მერი ბრძანდება პრაღაში მივლინებით. ველოდებით პარასკევს. ასე რომ მოხდა, გაოგნებული ვარ. მოულოდნელი იყო“, - თქვა მაიზერ ნანავამ.

საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია ამბობს, რომ ყველა კითხვას, რაც მერის გადადგომის შემდეგ დარჩა, პასუხი მალე გაეცემა.

„აპირებს ბრიფინგს ორშაბათს და ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს“, - განმარტა თამუნა ჯიქიამ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზუგდიდის მერი საკუთარი სურვილით არ გადამდგარა, სინამდვილეში ის გადააყენეს. მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძეს კორუფციულ გარიგებებში ლაშა გოგიას მონაწილეობა მიაჩნია.

„ვერავინ მოახდენს თანამდებობის პირზე ზეწოლას, თუ ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ თუ ეს თანამდებობის პირი შემჩნეულია კორუფციაში, თუ ეს თანამდებობის პირი სძალავს ფულს თავისი თანამდებობის გამოყენებით ბიზნესმენს, მაშინ ასეთმა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ხალხს და თავის ამომრჩეველს აუცილებლად უნდა აუხსნას, რა ხდება. გულსატკენია, როცა ჩვენი არჩეული ადამიანები ასე მიდიან ჩვენგან.

თავის მხრივ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბართლომე შელია ამბობს, რომ როცა არჩეულ მერს ყოველგვარი განმარტების გარეშე აიძულებენ წავიდეს, ეს ამომრჩევლის ნების ფეხქვეშ გათელვაა.

„უბრალოდ, გავლენების გადანაწილების თემაა, ხელისუფლების ძველი შტო წავიდა, ახალი მოვიდა და გავლენების გადანაწილება სურთ. რეალურად დღეს ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ არჩეულ მერს აიძულეს გადადგომა“.

თანამდებობიდან ახსნა-განმარტების გარეშე გადადგომის გამო ყოფილი მერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზუგდიდელებმაც გააკრიტიკეს. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, არჩეული საჯარო მოხელეები ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან.

„ხალხს და თავის ამომრჩეველს აუცილებლად უნდა აუხსნას, რა ხდება. გულსატკენია, როცა ჩვენი არჩეული ადამიანები ასე მიდიან ჩვენგან“;

„რა მიზეზით წავიდა, ეს თავისი ამომრჩევლისთვის უნდა ეთქვა“;

„ხალხმა ხომ აირჩია და ეს ყველაფერი უნდა აეხსნა. ძალით წავიდა? ხომ არ გააგდეს? - ყველაფერი ახსნას, თავისი დანაშაული ხალხის წინაშე“, - აცხადებენ რესპონდენტები.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდტმა ლაშა გოგიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამ თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლები დაყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG