Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის „მიმინოდან“ შიდა ავიარეისების აღდგენას გეგმავენ


თელავის აეროპორტი "მიმინო"
თელავის აეროპორტი "მიმინო"

თელავის აეროპორტიდან, რომელიც ერეკლე მეორის სახელობისაა, თუმცა „მიმინო“ ჰქვია, წელს გაზაფხულიდან შესაძლოა, ავიარეისები შესრულდეს ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკითხი ჯერ მოლაპარაკების საგანია და თუ დადებითად გადაწყდა, ავიარეისები დაინიშნება ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქუთაისისკენ.

„ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან მოთხოვნა უკვე არის თბილისი-ბათუმზე. თელავი -ქუთაისზე კი, შეიძლება იყოს თვითონ მოქალაქეებისაგან ინიციატივა, რადგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ბევრი სარგებლობს და კახეთიდან ქუთაისამდე ჩასვლას სულ მცირე 6-7 საათი უნდა. თუკი შიდა ფრენები დაიწყება, რა თქმა უნდა, ეს შეამოკლებს გზა და გააიაფებს მგზავრობას“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. თუ თელავიდან შიდა ავიარეისები მართლაც დაინიშნა, მგზავრობას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება

დასასვენებლად, რომ მიდიან ჯერ ავტობუსით უნდა იწვალონ და შემდეგ მატარებლით. ასეთ შემთხვევაში, გაუადვილდება დამსვენებელს მგზავრობა.

თელავის აეროპორტიდან შიდა რეისების შესრულება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეწყდა. 2013 წლიდან “მიმინო“ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა და იქ პრაქტიკულ მომზადებას გადიან საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მცირე ზომის თვითმფრინავებით. აეროპორტს აქვს სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისთვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. თელავის აეროპორტი სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.

„მიმინოს“ პილოტ-ინსტრუქტორი ბონდო ბუზალაძე ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან თელავიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით შიდა რეისების შესრულება იგეგმება. მისი თქმით, მცირე ზომის თვითმფრინავებით, თითო რეისით შესაძლებელი იქნება 17 მგზავრის გადაყვანა.

თელავის აეროპორტიდან შიდა რეისების შესაძლო დანიშვნას დადებითად აფასებენ კახეთში გამოკითხული მოქალაქეები. რესპონდენტთა თითქმის უმრავლესობა ამბობს, რომ თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს კარგი იქნება მათთვისაც და რეგიონისთვისაც. „დასასვენებლად, რომ მიდიან ჯერ ავტობუსით უნდა იწვალონ და შემდეგ მატარებლით. ასეთ შემთხვევაში, გაუადვილდება დამსვენებელს მგზავრობა“ - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა

კახეთის მომავალი განვითარებისთვის აეროპორტის და რკინიგზის ამუშავება რომ აუცილებელია, 2018 წლის გაზაფხულზე განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ის ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან გადადგა. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის ორივე ინიციატივაზე საუბარი ჰქონდა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG