24 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ Credit Suisse-ს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების უზენაეს სააპელაციო სასამართლოში [JCPC] დასკვნითი დავაც მოუგო.
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტის გადაწყვეტილება ივანიშვილის პარტიის ლიდერებმა გამოიყენეს იმ კამპანიის გასაძლიერებლად, რასაც ბრიუსელი "ოცნების" ანტიევროპულ დეზინფორმაციას უწოდებს.
“დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, - უთხრა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკს ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. ეს თანხა, სავარაუდოდ, მხოლოდ მცირედით დაზუსტდება, მაგრამ მის მიღებაში ივანიშვილს შესაძლოა ამერიკულმა სანქციებმა შეუშალოს ხელი.
“გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ”
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე 4-დღიანი ინტერვალით გამოქვეყნებულ 2 ღია წერილში 11-ჯერ ახსენებს “დიპ სტეიტს”. დავის მოგებამდე და მოგების შემდეგ [20 და 24 ნოემბერს] ფეისბუკზე გამოქვეყნებული ტექსტები ირეკლავს
"დიპ სტეიტის"/"გლობალური ომის პარტიის" წინააღმდეგ აქამდე “ოცნების” ლიდერებისა თუ თავად ივანიშვილის გამოთქმულ ყველა ბრალდებას:
ადვოკატი წერს, რომ:
- ბიძინა ივანიშვილს “დიპ სტეიტი” მხოლოდ იმის გამო დევნის, ძარცვავს და აშანტაჟებს, რომ მან “საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მითითებების შემსრულებლად”.
- “ბატონ ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ. საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!”
ივანიშვილის ადვოკატი მიუთითებს, რომ ივანიშვილსა და მის ოჯახს, “დიპ სტეიტის” ძალისხმევით, უცხოეთში წვდომა აქვთ შეზღუდული კიდევ ერთ მსხვილ აქტივზე შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერშიც“, მიუხედავად იმისა, რომ, მისი განმარტებით, სანქციები ამ თანხას არ ეხება. 2025 წლის იანვარში ივანიშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დავას „ჯულიუს ბაერთანაც” გეგმავდნენ.
ადვოკატ წიქვაძის წერილში მითითებულია, რომ “დიპ სტეიტმა” “გადაიბირა” "კრედიტ სუისის" ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მილიონებს ითვისებდა; შემდეგ კი ის “ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს". სწორედ ამ ბანკირის გამო დაიწყო ბიძინა ივანიშვილის 8-წლიანი დავა შვეიცარიულ ბანკთან.
“გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ”, - ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები და ადვოკატები საზოგადოებას ოპერატიულად და ზედმიწევნით დეტალურად აყენებდნენ საქმის კურსში მმართველი პარტიის დამფუძნებლის პირადი გადარიცხვების შეფერხებისა თუ ტრასტების მიერ მართული თანხების გარკვეული ნაწილების გადარიცხვების დაყოვნების შესახებ.
ყოველთვის ხაზგასმული იყო, რომ ეს არა ტექნიკური ან სამართლებრივი პრობლემაა, არამედ "პოლიტიკური შანტაჟია" - ივანიშვილს დასავლეთში უსამართლოდ ექცევიან, ვინაიდან ვერ დაიმორჩილეს, “კრედიტ სუისი” კი მთავარ მიზანს ნიღბავდა და ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვას ხან „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა, ხანაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით. თუმცა, თუკი ითვალისწინებდა ერთ რეზოლუციას, არ ითვალისწინებდა მეორეს - “უფრო ძლიერ" რეზოლუციას და ე.ი. პროცესებს ხელოვნურად აჭიანურებდა.
ადვოკატი საქმის ბოლო ინსტანციაში მოგების შემდეგ წერს: "იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე „დიპ სტეიტს“ აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს" და ვარაუდობს, რომ "დიპ სტეიტი" ახლა სანქციების "უსაფუძვლო" ბერკეტს აამოქმედებს და ბიძინა ივანიშვილი თავის თანხას მაინც ვერ მიიღებს.
„რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“ - ასე იყო განმარტებული სანქციები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა 2024 წლის 27 დეკემბერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში დაუწესა; ეს გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ ტრამპის პირობებში არ შეცვლილა.
2022 წლის მაისში, როცა ბიძინა ივანიშვილის ქონების საზღვარგარეთ შეფერხება “ქართული ოცნების” ლიდერებმა საქართველოს ინტერესებს დაუკავშირეს, “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებელი პოლიტიკიდან უკვე მეორედ იყო წასული; ხოლო უკრაინაში რუსეთის ომი მესამე თვის დაწყებული იყო.
ამავე პერიოდს ემთხვევა ტერმინ “გლობალური ომის პარტიის” დამკვიდრებაც, რომელიც მოგვიანებით “დიპ სტეიტით” ჩანაცვლდა - აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ. “დიპ სტეიტზე” მანამდე სწორედ ტრამპი ლაპარაკობდა, მაგრამ განსხვავებული შინაარსით.
როგორ დაიწყო?
2022 წლის მაისში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკვეული ძალები უცხოეთიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის „ომში ჩართვისკენ“ უბიძგებენ; რის გამოც აშანტაჟებენ და პრობლემებს უქმნიან როგორც ფულადი გადარიცხვების, ასევე მოძრავი ქონების გადაადგილების მხრივ.
- მმართველი პარტიის ღიად ანტიდასავლური განწყობების მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა მალევე ივანიშვილისთვის ევროპაში შექმნილი ფინანსური დაბრკოლებები ამერიკას დააბრალეს. ირაკლი კობახიძემ მაშინ ეს ეჭვი არც დაადასტურა და არც უარყო.
- უკვე ერთი წლის შემდეგ, „ოცნების“ განაყოფი - „ხალხის ძალა“ - ამტკიცებდა, რომ “გლობალური ომის პარტია” „ამერიკულ და ევროპულ ოფიციალურ სტრუქტურებს” მართავდა და ეს იყო „საერთაშორისო აგენტოკრატია“, რომელსაც საქართველოში აგენტების ქსელი ჰყავდა.
მალევე “ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო პარტნიორებში “დამკვეთებს”, ხოლო პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებში "აგენტებს" დაუწყო ძებნა. ამ სახელით მოიხსენიებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერებს.
“ოცნება” დღემდე “გლობალური ომის პარტიიდან”/"დიპ სტეიტიდან" მომავალი საფრთხეებით ამართლებს ყველა იმ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას, რომელთა გამოც საქართველო თანდათან დასავლურ იზოლაციაში მოექცა, ხოლო საქართველოს - კანდიდატ ქვეყანას - ევროკავშირის ორბიტაზე ვეღარ ხედავენ.
- "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა არაერთი კანონი, რომლებმაც არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის საქმიანობა თითქმის შეუძლებელი გახადა; მთელი რიგი კანონები - ქუჩის პროტესტის წინააღმდეგაც.
- მოკავშირე ძალის - “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” - სარჩელის საფუძველზე ახალი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ - რომელთა დიდი ნაწილი ისედაც დაჭერილია.
- “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო “აგენტურული ქსელის” წარმომადგენლებად მოხსენიებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი.
თანდათან გაძლიერდა ვერბალური თავდასხმები აშშ-ის, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე; მწვავე ბრალდებები გაისმის ევროპარლამენტისა თუ ევროკომისიის წინააღმდეგაც, რომლებიც "ოცნების" პოლიტიკურ სამყაროში “გლობალური ომის პარტიით”, იგივე "დიპ სტეიტით" იმართებიან.
- 2024 წლის მაისში, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მკვლელობის მუქარაში დასდო ბრალი.
- რამდენიმე კვირაში, სუსმა დაიწყო გამოძიება ტერორისტული აქტის, მათ შორის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის “მკვლელობის მომზადებისა” და “სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე”. ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ შესაძლოა, ევროკომისარი ვარჰეი სწორედ ივანიშვილთან დაკავშირებულ საფრთხეზე მიანიშნებდა - რადგან ივანიშვილის მკვლელობა “გლობალურ პოლიტიკურ ძალებს სურდათ".
ივანიშვილის კომპლექსი
“როდესაც ადამიანი თავისი ბუნებით ავტორიტარი, ტოტალიტარია - უნდა, რომ მთელი სამყაროს პროცესები მის ნებაზე იყოს ორიენტირებული; როცა წინააღმდეგობას აწყდება, საქართველოს შიგნით ამას ახსნა, გაყიდვა სჭირდება … ჩვენთან აფიშირება ასე მიდის, რომ [ბიძინა ივანიშვილი] იდევნება, ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის, ომის არდაწყებისთვის - ანუ წამებულის მანტიას ასხამენ… შემდეგ ამით ხდება ოპერირება [საერთაშორისო დონეზე], რომ, აი, ჩემი ქვეყანა, ხალხი დაგიპირისპირდებათ, თუკი მე ვერ მივიღებ ჩემს ფულს, თუ მე ვერ მივაღწევ მიზანს...”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდია, პოლიტიკის ექსპერტი, ტელეწამყვანი, რომელიც წლების წინ ტელეგადაცემას [„20/30“] ბიძინა ივანიშვილთან ერთად უძღვებოდა. გამზარდიასთვის ლოგიკურია, რომ “დიპ სტეიტს” “ქართული ოცნება” სწორედ იქ ეძებს, სადაც წინააღმდეგობას აწყდება და შემდეგ ამით ანტიდასავლურ ხაზს ამყარებს.
“დიპ სტეიტი” თავისი არსით მთლიანად მითოლოგემაა. ვერაფერს აკონკრეტებენ, არაფრის თქმა არ შეუძლიათ, წარმომადგენლებს ვერ ასახელებენ. რა ვიცი, იმ ე.წ. მასონებიდან გვარებს მაინც ასახელებდნენ ხოლმე, ვინც თითქოს მასონთა ლოჟაში იყო… ეს “დიპ სტეიტი” კი მთლიანად ამორფულია და მის მიმართ განწყობა იქმნება რწმენითი. ამ რწმენებით, სადაც პრობლემაა, იქ არის “დიპ სტეიტი” და სადაც არ არის პრობლემა, ე.ი. იქ არ არის ან ვერ იმარჯვებს "დიპ სტეიტი". ამ ლოგიკით: ბრიტანეთის სასამართლოში “დიპ სტეიტი”, როგორც ჩანს, არ იყო”, - გამზარდია დარწმუნებულია, რომ “ოცნების” პოლიტიკაში “დიპ სტეიტის” ხატი საერთოდ არ გაჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაფერი ჰარმონიულად რომ განვითარებულიყო.
როცა პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის შეფერხების გამო უარს ამბობდა სახელმწიფოს საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩართვაზე.
- სხვადასხვა დროს, ივანიშვილი უარს ამბობდა აშშ-ის ელჩთან, კონგრესისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.
- 2025 წელს, უკვე სანქცირებულმა, მან აღარც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გზავნილი ჩაიბარა.
მანამდე, 2024 წლის 21 ოქტომბერს [საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე], ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს” უთხრა, რომ შეფერხებული ფულის თემამ “კომპლექსი” გაუჩინა და ამიტომ იკავებდა თავს სახელმწიფოს საკითხებზე საუბრებისგან, მათ შორის - აშშ-ის ელჩთან. “მე სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს”, - თქვა ივანიშვილმა.
ოდნავ მოგვიანებით, აწ უკვე ყოფილმა ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შთაბეჭდილებით, ივანიშვილი „თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.
ივანიშვილის ფული
ბიძინა ივანიშვილის ქონება, უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს, ზოგჯერ კი 30%-საც აღემატებოდა.
2025 წლის გაზაფხულიდან, Forbes-ის მილიარდერთა სიაში ის 1362-ე ადგილს იკავებს, Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიიდან კი ამოიღეს.
ივანიშვილმა, ფინანსურ კაპიტალთან ერთად, დასავლეთში პოლიტიკური კაპიტალიც დაკარგა.
ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მთელი დასავლეთი ივანიშვილმა თავისი ფულის გამო გადაიკიდა. მისი ვერსიაა, რომ შვეიცარიულ ბანკთან შექმნილი პრობლემები ივანიშვილმა საქართველოში ანტიდასავლური და შემდეგ უკვე პრორუსული ხაზის განსამტკიცებლად გამოიყენა.
“მე არ ვიზიარებ კონცეფციას, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე რუსული პროექტი იყო, მაგრამ რადგან მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა რუსეთში და სახელმწიფოს გაგება არ ჰქონდა, შეარჩია ის, რაც იცოდა - რუსეთის მართვის მოდელი, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის მოდელი - ერთი დომინანტური ძალითა და სატელიტური ოპოზიციით. ამას დაემთხვა მერე მისი პირადი [ფინანსური] პრობლემები, რომელსაც მიაბა “დიპ სტეიტის” თემა, რადგან ამ თემაში პოლიტიკური სარგებელი დაინახა”, - გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ დღეს “ბიძინა აღარ არის მოთამაშე”, ის დღეს “კრემლის დაქირავებული მენეჯერია”, რომელმაც “საქართველოს, როგორც მისი პირადი სააქციო საზოგადოების, აქციები უკვე გადააფორმა კრემლში” და ახლა “კრემლს რაც სჭირდება, საქართველოში უკვე ყველაფერი ისე ხდება”.
ხუხაშვილის თქმით, სწორედ რუსეთის დაკვეთას ჰგავს “ქართული ოცნების” მიერ ბოლოს დაანონსებული განათლების რეფორმა, რაც ქართველ ახალგაზრდებს, მათ შორის დასავლეთის სტანდარტებთან შესაბამისი 12-წლიანი სწავლების გაუქმებით, დასავლეთის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების გზაზე დამატებით პრობლემებს უქმნის და “ჩელიაბინსკში სწავლისკენ” უბიძგებს.
ირაკლი კობახიძემ სადავო პარლამენტში გამოსვლისას, ნოემბერში, თქვა, რომ დასავლეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის მე-12 კლასის დამთავრება შესაძლებელი იქნება კერძო სკოლებში ან სპეციალური კლასებში - საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის; თუმცა თავად მას ჰგონია, რომ “მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ სწავლას, ვიდრე პლუსი”. საქართველოდან სასწავლებლად ძირითადად ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში მიდიან. თავად კობახიძესაც და ბევრ მის თანაგუნდელსაც უმაღლესი განათლება ევროპაში აქვს მიღებული. საზღვარგარეთ სწავლობენ მათი შვილებიც.
Forbes-ი 2025 წლის აპრილის დასაწყისში, ივანიშვილის ქონებას 2,7 მილიარდ დოლარად აფასებდა, მკვეთრი ვარდნა იყო წინა წლის 4,9 მილიარდთან შედარებით. ივანიშვილის ქონება მკვეთრად შემცირდა Bloomberg-ის მონაცემებითაც, რომელიც 2025 წლის აპრილში ივანიშვილის ქონებას 7,35 მილიარდ დოლარად აფასებდა, თუმცა აპრილის ბოლოს უკვე 3,6 მილიარდ დოლარად. ქონების შემცირება სხვადასხვა ფაქტორით აიხსნება, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში კონკრეტული განმარტება და გამჭვირვალე მიზეზები მოცემული არაა.
შეეწირა თუ არა Credit Suisse-ი ივანიშვილის “პოლიტიკურ დევნას”?
ადვოკატი წიქვაძე 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ “დიპ სტეიტის” სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში “მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი „კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მიიყვანეს” .
ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ შვეიცარიულ ბანკს პრობლემები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო შეექმნა. Credit Suisse-ი სხვადასხვა დროს არაერთ სკანდალში გაეხვა.
ერთ დროს უძლიერესი Credit Suisse-ი, უკვე გაკოტრებული, 2023 წელს შვეიცარიის უმსხვილესმა საფინანსო კორპორაციამ - UBS Group AG-მა - შეიძინა; შერწყმის პროცესი 2024 წელს დასრულდა, მაგრამ UBS-ს დღემდე უწევს პასუხისმგებლობის აღება Credit Suisse-ის გარშემო დაგროვილ მთელ რიგ პრობლემებზე. პრობლემური ბანკის ყიდვისას UBS-მა შვეიცარიის მთავრობისგან გარკვეული გარანტიები მიიღო.
სკანდალებმა Credit Suisse-ს რეპუტაცია გვარიანად შეულახა. მედია აღნიშნავს, რომ საბანკო გიგანტის დაცემა დიდი დარტყმა იყო როგორც გლობალური საფინანსო სისტემისთვის, ასევე ტრადიციების დამცველი შვეიცარიელებისთვის.
სხვადასხვა დროს გახმაურებული საერთაშორისო საქმეები შეეხება ფულის გათეთრებას, რეგულაციების უხეშ დარღვევას, მოსყიდვას, კლიენტების აქტივების მართვას, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვასა თუ ეჭვებს სანქცირებული პირების მომსახურების შესახებ.
- მრავალწლიანი გამოძიების შედეგად, 2014 წელს დადგინდა, რომ Credit Suisse Group-ის დახმარებით მდიდარი ამერიკელები, თაღლითური სქემებით, გადასახადებს არიდებდნენ თავს. ბანკმა ბრალდებები აღიარა. შედეგად, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და ქვეყნის საფინანსო სტრუქტურებისთვის მას 2,6 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა.
- 2025 წლის მაისის ინფორმაციით, როცა „კრედიტ სუისი“ უკვე გაყიდული იყო - მისი საქმეების მწარმოებელ სტრუქტურას აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთვის 511 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა. გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქეები შემოსავლებს ოფშორულ ანგარიშებზე მალავდნენ.
- 2022 წელს ბანკი ფულის გათეთრების სკანდალში აღმოჩნდა - ეს იყო ბულგარელი კოკაინის რეალიზატორების მილიონობით ევროს [ნაღდი ფულის] გათეთრების საქმე. შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისმა“ ხელი არ შეუშალა კოკაინის რეალიზატორების განზრახვას. ბანკს, ჯამში, 20 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.
- 2022 წლის მარტის დასაწყისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Credit Suisse-ით დაინტერესდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ბანკის მიერ ინვესტორების გაფრთხილებაზე, რომ გაენადგურებინათ შემდგომში სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონების მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ბანკმა განაცხადა, რომ მისი ქმედებები სანქციებთან არ იყო დაკავშირებული და კლიენტების კონფიდენციალურობას იცავდა.
- 2023 წელს კი იუწყებოდნენ გამოძიების შესახებ, რომელიც ბანკში, იმავე სანქცირებულთა კონტროლის მიზნით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო.
- „კრედიტ სუისზე“ განსაკუთრებული კონტროლი დააწესა დიდი ბრიტანეთის საფინანსო მარეგულირებელმა სისტემამ.
„კრედიტ სუისის“ გაკოტრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო საფინანსო კორპორაციის - Archegos-ის - მიერ მიყენებულმა ზარალმა, რომელიც 2021 წლის მარტის მდგომარეობით 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მართალია, ივანიშვილი თაღლითი ბანკირის - პატრის ლესკადრონის - მიერ მოტყუებულ ყველაზე მსხვილ კლიენტად არის დასახელებული, რომელმაც სამართლებრივი დავებიც მოიგო ბერმუდის, სინგაპურისა თუ დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში, მაგრამ არაერთი წყაროს მიხედვით, ამავე ბანკირმა სხვა არაერთი კლიენტი დააზარალა, ხოლო როგორც თავად დაზარალებულების პორტალი - “Credit Suisse-ის მსხვერპლები” [CS Victims ] - აღნიშნავს, კლიენტების ზარალი, ჯამში, მილიარდ დოლარს აღემატება.
დაზარალებულთა შორის არის, მაგალითად, ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, “როსიისკი კრედიტის” თანადამფუძნებელი, რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი ვიტალი მალკინი. ადვოკატების თქმით, მან 2007-2008 წლებში 500 მილიონზე მეტი დაკარგა. ღია წყაროებში არაფერია ნათქვამი, რა ეტაპზეა მისი სამართლებრივი დავა.
“კრედიტ სუისს”, არცთუ იშვიათად, “რუსი ოლიგარქების ბანკს” უწოდებდნენ, ხოლო პატრის ლესკადრონს „რუსეთის ბანკირად“ მოიხსენიებენ, რადგან ის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის განსაკუთრებით მდიდარ ადამიანებზე მუშაობდა.
სასამართლოს მასალებით, ბიძინა ივანიშვილს ლესკადრონი 2006 წლიდან ემსახურებოდა და მისი რჩევებით სარგებლობდა 2011 წელსაც - რუსეთში ქონების გაყიდვით მიღებული აქტივების დაბანდებისას. ლესკადრონი რამდენჯერმე იყო ჩამოსული თბილისშიც.
57 წლის ბანკირმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, 2020 წელს. მანამდე მას, 2018 წელს, თაღლითობისა და უფლებების გადამეტების მუხლებით 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საპატიმრო დროზე ადრე დატოვა. „მარტოხელა მგელი“ - ასე უწოდებდა ბანკირს „კრედიტ სუისი“, ამტკიცებდა, რომ მისი თაღლითობა ყველასთვის შეუმჩნეველი იყო და რომ ბანკი მისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. თუმცა ბიძინა ივანიშვილის საქმეზე სასამართლომ ბანკის პოზიცია არ გაიზიარა.
ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი მანამდე ასევე დააყენა შვეიცარიის საფინანსო რეგულატორმა - FINMA.
“ლესკადრონს მეც კარგად ვიცნობდი. ის იყო ჩვეულებრივი თაღლითი და [ივანიშვილს] ბანალურად მოპარა ფული რა. ბუნებრივია, ბანკს ამ ფულის გადახდა არ უნდოდა. ეს არის წმინდა წყლის კერძო დავა. რა შუაშია აქ ”დიპ სტეიტი” და რაღაც ასეთები?! … როცა ლაპარაკობენ - დასავლეთის ინსტიტუტები ბიძინას ებრძვიან და გავლენა აქვთო - სინამდვილეში ლონდონის სასამართლომ დაადასტურა მისი სიმართლე ამ დავაში და როგორ მაშინ?!… ბიძინა გადარჩენილია, რომ ბრიტანეთში მოსამართლე მურუსიძე არ არის”, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას.
ფორუმი