Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის რუსეთის არმიის აქილევსის ქუსლი? - ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალ მიკოლა მალომუჟთან

"ხშირად ამბობენ, რომ ფედოროვი არმიაში ინოვაციების დანერგვას ცდილობდა, სირსკი კი ამას ეწინააღმდეგებოდა. მე ვიცი, რომ ეს მთლად ასე არ არის..." - უკრაინის არმიის გენერალი მიკოლა მალომუჟი
"ხშირად ამბობენ, რომ ფედოროვი არმიაში ინოვაციების დანერგვას ცდილობდა, სირსკი კი ამას ეწინააღმდეგებოდა. მე ვიცი, რომ ეს მთლად ასე არ არის..." - უკრაინის არმიის გენერალი მიკოლა მალომუჟი

„თუ დრაპატი სტრატეგიულ დონეზეც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას, რუსეთს დონბასის სრულად დაპყრობის არავითარი შანსი აღარ ექნება,“ – ამბობს უკრაინის არმიის გენერალი და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი (2005-2010) მიკოლა მალომუჟი რადიო თავისუფლებასთან

უკრაინის ახალ სამხედრო ხელმძღვანელობაზე, მიხაილო ფედოროვისა და ოლეკსანდრ სირსკის გადაყენებასა და ომის მომავალზე საუბრისას. უკრაინაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. თავად ფედოროვმა უარი თქვა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სხვა თანამდებობებზე და განაცხადა, რომ მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას დათანხმდება. მალომუჟის შეფასებით, ფედოროვისა და სირსკის გადაყენების მიზეზი მხოლოდ მათ შორის არსებული უთანხმოება არ ყოფილა და საქმე შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების შიგნით არსებულ უფრო ფართო პოლიტიკურ კრიზისს ეხებოდეს.

ფედოროვს რასაც ვერ დავუკარგავ, არის ის, რომ პოტენციალს, პერსპექტივებს კარგად ხედავს. თუმცა განხორციელების მხრივ სერიოზული ბარიერები არსებობდა

რადიო თავისუფლება: თავდაცვის აწ უკვე ექს-მინისტრმა ფედოროვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც 22 მიღწევა და სამი ის საკითხი ჩამოთვალა, რომელთა განხორციელებაც ვერ შეძლო. როგორ შეაფასებდით მის ექვსთვიან საქმიანობას ამ თანამდებობაზე?

მიკოლა მალომუჟი: გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ მე არ ვიზიარებ საზოგადოების ნაწილის ეიფორიას ბატონ ფედოროვთან მიმართებაში.

პირდაპირ ვიტყვი: ის ხმამაღალი გეგმები - სამი, შვიდი მილიონი დრონის შესახებ, ამ ექვსთვიან პერიოდში ვერ განხორციელდა. თავდაპირველად სამ მილიონზე საუბრობდნენ, შემდეგ ხუთზე, შვიდზე, თანაც ჯერ კიდევ მის მინისტრად დანიშვნამდე. უკვე მინისტრად მოსვლის შემდეგ ათ მილიონზეც დაიწყეს საუბარი.

ათი მილიონი დრონი, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბია? განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარია არა ჩინურ დრონებზე, რომლებიც ომის პირველ ორ წელიწადში შემოდიოდა, არამედ უკრაინულ და ევროპულ წარმოებაზე, ტექნოლოგიებზე, რომლებსაც რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებთან გამკლავება შეეძლება. მოკლედ, ეს რომ მოგვეხერხებინა, ბევრი დაკარგული ქალაქი ჯერ კიდევ ჩვენს კონტროლქვეშ იქნებოდა.

ფედოროვს რასაც ვერ დავუკარგავ, არის ის, რომ პოტენციალს, პერსპექტივებს კარგად ხედავს. თუმცა განხორციელების მხრივ, რა თქმა უნდა, სერიოზული ბარიერები არსებობდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერში გარკვეული როლი მისმა პირადმა ამბიციებმაც ითამაშა. ლოგიკა დაახლოებით ასეთი იყო: სტრატეგიას მე შევადგენ, დანარჩენებმა კი, კეთილი ინებონ და ამ ჩემს შედგენილ სტრატეგიას მისდიონ.

თუმცა ეს მხოლოდ ფედოროვის პრობლემა არ არის - იმას, რომ მან ბევრი სტრატეგიული ამოცანისა და კონკრეტული პროგრამის განხორციელება ვერ შეძლო, სავსებით ობიექტური მიზეზებიც აქვს: საქმე მხოლოდ დროის ნაკლებობაში არ იყო. არ არსებობდა აუცილებელი ორგანიზაციული, ბიუროკრატიული და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფინანსური პირობები. არ ჰყავდა არც ისეთი საკადრო გუნდი, რომელიც მასთან ერთად ამ დასახული გეგმების რეალობად ქცევაზე ეფექტიანად იმუშავებდა.

ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი, რომლებზეც ფედოროვი საუბრობდა, უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. აქ პასუხისმგებლობა მხოლოდ მინისტრს კი არა, უმაღლეს ხელმძღვანელობას ეკისრება.

რაოდენ სავალალოც უნდა იყოს, ბევრ შემთხვევაში ფედოროვის გეგმები გეგმებად დარჩა, ზოგჯერ ოცნებებადაც კი. ხელსაყრელი ვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი განხორციელება შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ გეგმებსა და რეალობას შორის უზარმაზარი სხვაობა აღმოჩნდა.

მაგალითად, თუ ლაზერულ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ესეც ფედოროვის პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა, თუმცა წინ ვერ წავიწიეთ.

როდესაც სირსკისთან უთანხმოება წარმოიშვა, ვფიქრობ, სწორედ პრეზიდენტს უნდა მოეგვარებინა ეს ვითარება. ის მათი უშუალო ხელმძღვანელია და პირადად ამტკიცებს ყველა ამ პროგრამას ამტკიცებს, მათ შორის ინოვაციებსა და მათ ჯარში დანერგვას. ამაში ხელს არავინ უშლიდა.

ამბობენ, რომ ფედოროვი არმიაში ინოვაციების დანერგვას ცდილობდა, სირსკი კი ამას ეწინააღმდეგებოდა. მე ვიცი, რომ ეს მთლად ასე არ არის.

რადიო თავისუფლება: სწორედ სირსკისა და ფედოროვის კონფლიქტზე უნდა მეკითხა - თქვენი აზრით, რა იყო ამ დაპირისპირების არსი? რა ვერ გაიყვეს?

მიკოლა მალომუჟი: ხშირად ამბობენ, რომ ფედოროვი არმიაში ინოვაციების დანერგვას ცდილობდა, სირსკი კი ამას ეწინააღმდეგებოდა. მე ვიცი, რომ ეს მთლად ასე არ არის.

სირსკი არმიაში ინოვაციების წინააღმდეგ ვერ იქნება. პირიქით, სწორედ მისი კომპეტენციაა ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება, მოწინავე ტექნოლოგიების ჯარში დანერგვა და მათი საბრძოლო პირობებში გამოყენება.

დიახ, არსებობს ბიუროკრატია, პირადი ამბიციები და სხვადასხვა წინააღმდეგობა. მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა ჩარეულიყო პრეზიდენტი.

ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გვქონოდა არმიის ინოვაციური განვითარების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით იქნებოდა დამტკიცებული და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მეშვეობით მიღებული. ასეთ შემთხვევაში ფედოროვთან მსგავს კონფლიქტში ვერავინ შევიდოდა, რადგან ეს იქნებოდა უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი.

ამიტომ მიმაჩნია, რომ საქმე მხოლოდ სირსკისა და ფედოროვის კონფლიქტს არ ეხება. ეს ბევრად უფრო ფართო პოლიტიკური დაპირისპირებაა, პოლიტიკური კრიზისი.

ჩემი აზრით, ზელენსკის ეშინია ძლიერი პოლიტიკური ფიგურების გამოჩენის, რომლებსაც საკუთარი რეიტინგი, გავლენა და ავტორიტეტი ექნებათ.

რადიო თავისუფლება: რამდენად მწვავეა ეს კრიზისი? ამ ყველაფერმა ზელენსკის პოზიციები გააძლიერა თუ, პირიქით, დაასუსტა?

მიკოლა მალომუჟი: პირდაპირ ვიტყვი - ჩემი აზრით, ზელენსკის ეშინია ძლიერი პოლიტიკური ფიგურების გამოჩენის, რომლებსაც საკუთარი რეიტინგი, გავლენა და ავტორიტეტი ექნებათ.

უკრაინა ხომ საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. თუ ძლიერი პრემიერ-მინისტრი და ძლიერი მთავრობა ჩნდება, ისინი კონსტიტუციის შესაბამისად მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს იღებენ.

პრეზიდენტ ზელენსკის კი მიაჩნია, რომ პრაქტიკულად ყველაფერს თავად უნდა ხელმძღვანელობდეს, მათ შორის იმ საკითხებსაც, რომლებიც მთავრობის კომპეტენციაში შედის. პრობლემაც აქედან წარმოიშვა.

ერთადერთი, რაც შეიძლება დადებითაც შეფასდეს, იყო ვითარების ნაწილობრივ მაინც სტაბილიზება ისეთი ავტორიტეტული მეთაურების დანიშვნით, როგორებიც არიან დრაპატი და ხმარა.

რადიო თავისუფლება: ორივე მათგანზე აუცილებლად გკითხავთ. თუმცა მანამდე ერთი შეკითხვა: როგორ დაახასიათებდით სირსკის მემკვიდრეობას?

მიკოლა მალომუჟი: სირსკი სერიოზულ საბრძოლო და სისტემურ გამოცდილებას ტოვებს. თუმცა შეცდომებიც იყო. იყო ბიუროკრატია. უახლოესი კადრების შერჩევისას სათანადო სიფხიზლე და ყურადღება არ გამოუჩენიათ. გარკვეული დოზით, კორუფციაც არსებობდა.

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კორუფცია მხოლოდ არმიაში კი არა, თავდაცვის სამინისტროშიც და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიცაა.

სამხედრო თვალსაზრისით ჩინებულადაა მომზადებული. თუმცა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ეს მისი სუსტი მხარეა. ამიტომ ვშიშობ, რომ ხმარას გაუჭირდება.

რადიო თავისუფლება: კარგი. ახალ სახეებზე გადავიდეთ - იევჰენ ხმარათი დავიწყოთ. თქვენი აზრით, როგორი მინისტრი იქნება?

მიკოლა მალომუჟი: ვფიქრობ, სამხედრო თვალსაზრისით ის ჩინებულადაა მომზადებული. თუმცა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ეს მისი სუსტი მხარეა. ამიტომ ვშიშობ, რომ ხმარას გაუჭირდება.

თავდაცვის მინისტრი მასშტაბური ფიგურა უნდა იყოს, რომელსაც მრავალმხრივი გამოცდილება ექნება - ერთნაირად კარგად უნდა ესმოდეს პოლიტიკა, სტრატეგია, სამხედრო საქმე, ეკონომიკა და ინოვაციები და ამავე დროს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტორიტეტიც უნდა ჰქონდეს. თავდაცვის სამინისტრო ასობით ურთულეს გადაწყვეტილებასა და ამოცანას მოიცავს.

ეს არის სამხედრო სტრატეგია, პოლიტიკა, ეკონომიკა, ტექნოლოგიები, სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფა, ლოგისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, „რამშტაინის“ ფორმატი და უამრავი სხვა მიმართულება.

ხმარას მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი - ჩემი კოლეგაა და სერიოზული საბრძოლო დამსახურებებიც აქვს. თუმცა ომის დროს ისეთ უზარმაზარ სექტორზე პასუხისმგებლობის გამოცდილება, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, ჯერ არ გააჩნია. ეს უკიდურესად რთული ამოცანაა.

სიტყვიდან საქმეზე გადასვლის პრობლემა გვიდგას. ჯერ კიდევ ბევრი მითია და ძალიან ბევრი რამ არ გაკეთებულა. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მილიონობით დრონი გვექნებოდა, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა. ახლა უკვე აცხადებენ, რომ ექვს თვეში ან ერთ წელიწადში ათიათასობით რაკეტა იქნება...

რადიო თავისუფლება: ფედოროვის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით უკრაინელ სამხედროებს შორის დანაკარგების შემცირება იყო. იქნება თუ არა სწორედ ეს კრიტერიუმი მისი მემკვიდრის საქმიანობის შეფასების მთავარი საზომიც?

მიკოლა მალომუჟი: როგორც ზელენსკისგან, ისე მოგვიანებით პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრისგან, მათ შორის ფედოროვისგანაც, ვითხოვდით, რომ ეს კომპონენტი მთავარი ყოფილიყო.

თუმცა ყველაფერი რატომღაც ჭიანურდებოდა. სიტყვიდან საქმეზე გადასვლის პრობლემა გვიდგას. ჯერ კიდევ ბევრი მითია და ძალიან ბევრი რამ არ გაკეთებულა. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მილიონობით დრონი გვექნებოდა, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა. ახლა უკვე აცხადებენ, რომ ექვს თვეში ან ერთ წელიწადში ათიათასობით რაკეტა იქნება, თუმცა ესეც ჯერ არ განხორციელებულა.

რადიო თავისუფლება: სულ რაღაც ერთი წლის წინ ბევრს საუბრობდნენ ე.წ. „დრონების კედლის“ შექმნაზე, რომელსაც რუსეთი უნდა შეეჩერებინა. თუ ასეთი კედელი საერთოდ შენდება, რამდენად ახლოს არის ის დასრულებასთან?

მიკოლა მალომუჟი: აქ საქმე მხოლოდ დრონებზე არ არის, საჭიროა ანტიდრონებიც. აუცილებელია კომპლექსური სისტემა, რომელიც მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, დრონებსა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს.

მთავარი ამოცანაა, რუსეთის შეტევითი პოტენციალი უშუალოდ მათი განლაგების ადგილებში განადგურდეს: მაგალითად, ავიღოთ ტუ-95 ან ტუ-160. ვურტყამთ აეროდრომს და ვანადგურებთ ფრენების მართვის სისტემას. ასეთ შემთხვევაში ჰაერში ვეღარაფერი აფრინდება.

თუ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გავანადგურებთ, სტრატეგიული ბომბდამშენი ვეღარ აფრინდება. თუ საბრძოლო მასალის საწყობს გავანადგურებთ, მის აღჭურვას ვეღარ შეძლებენ. თუ იქვე მდებარე სპეციალური საწვავის საწყობს გავანადგურებთ, ვერაფერი ვეღარ იფრენს.

ათი აუცილებელი ელემენტიდან ერთის განადგურებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სტრატეგიული ბომბდამშენი ვეღარ აფრინდეს.

მთავარია, ეს ყველაფერი უშუალოდ განლაგების ადგილებში განადგურდეს. სწორედ ეს იქნება წარმატება. უკვე ჰაერში მყოფი სამიზნეების განადგურება გაცილებით რთულია. მსოფლიოს ვერც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა, საკუთარი ცის სრულად ჩაკეტვა ვერ შეძლო.

რადიო თავისუფლება: ახალ მთავარსარდალზე გადავიდეთ. დრაპატიზე რას ფიქრობთ?

მიკოლა მალომუჟი: დრაპატის პირადად და კარგად ვიცნობ. ტაქტიკურ დონეზე ის ერთობ ეფექტიანი მეთაურია, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე მუშაობისთვის ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა.

“დრაპატის პირადად და კარგად ვიცნობ. ყველა აუცილებელი მონაცემი აქვს, ტაქტიკურ დონეზე ის ერთობ ეფექტიანი მეთაურია, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე მუშაობისთვის ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა.”

კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ტაქტიკურ ამოცანებს ის ბრწყინვალედ უმკლავდებოდა. თუმცა ჩვენი ფრონტის სიგრძე დაახლოებით 1 300 კილომეტრია. ამას ემატება კიდევ დაახლოებით 1 100 კილომეტრი ე.წ. „ნაცრისფერი ზონა“ - მათ შორის ბელარუსი, რომელიც მუდმივ საფრთხეს ქმნის, და უკრაინის ჩრდილოეთი.

ჯამში ეს დაახლოებით 2 500 კილომეტრია. საჭიროა როგორც ფრონტის, ისე სახელმწიფო საზღვრის დაცვა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებებზეც დაიწყოს რეალური საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ მთავარსარდალი სტრატეგიული გაქანების ლიდერი უნდა იყოს.

უდავოა, რომ დრაპატის შესაშური საბრძოლო გამოცდილება აქვს, მაგრამ ასეთი სტრატეგიული დონის გამოცდილება ჯერ აკლია. იმედი ვიქონიოთ, რომ ძლიერი გუნდი, რომელსაც ის ქმნის, და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ეფექტიანი მუშაობისთვის საჭირო პირობებს შეუქმნის.

მას ყველა აუცილებელი მონაცემი აქვს, თუმცა ჯერჯერობით გამოცდილება და შესაბამისი მასშტაბი აკლია. სწორედ ამ მიმართულებით მოუწევს განვითარება.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი პირველი ამოცანა, რომლის გადაჭრაც მას მოუწევს, სამხედრო პერსონალის დეფიციტია. რამდენად სერიოზული პრობლემაა დღეს უკრაინაში მოქმედი მობილიზაციის სისტემა?

მიკოლა მალომუჟი: მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ საბრძოლო კორპუსის დეფიციტი გვაქვს და შემიძლია აგიხსნათ, რატომ. რუსეთს დღეს ფრონტზე 753 ათასამდე ჯარისკაცი ყავს. ჩვენ კი - როგორც ზალუჟნის, ასევე სირსკის განცხადებით, მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თავს ვიცავთ - რა თანაფარდობაა საჭირო იმისთვის, რომ თავდაცვაში მყოფმა მხარემ მოწინააღმდეგე შეაკავოს? დაახლოებით ერთი სამთან, ხშირ შემთხვევაში ერთი ხუთთანაც საკმარისია. ანუ თავდაცვაში მყოფ მხარეს შეიძლება სამჯერ, ზოგჯერ კი ხუთჯერ ნაკლები ცოცხალი ძალა ჰყავდეს და ფრონტის ხაზი მაინც შეინარჩუნოს.

ამიტომ, თუ მილიონამდე სამხედრო გვყავს, გამოდის, საკმარისი რეზერვიც გვქონია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ რესურსს უფრო ეფექტიანად უნდა ვიყენებდეთ.

რადიო თავისუფლება: და თუ მართლაც ასეა - თუ უკრაინას მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, ფრონტის შესავსებად რატომ არ ჰყოფნის?

მიკოლა მალომუჟი: ფაქტია, რომ ამ რიცხვს ასახელებდა გენერალი ზალუჟნი. გენერალმა სირსკიმაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ იგივე გაიმეორა.

წარმოიდგინეთ: რუსეთს ფრონტზე დაახლოებით 750 ათასი ადამიანი ჰყავს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში კი მილიონზე მეტი სამხედროა.

საჭიროა როტაციისა და მომზადების სწორად ორგანიზება, სამხედრო ფორმირებების გადახედვა და იმ ძალოვანი სტრუქტურების ნაწილობრივი ჩართვა, რომელთა რესურსები ომისთვის ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული.

დრაპატის არასტანდარტული ოპერაციების ჩატარების განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ეს კი რუსეთის და რუსული არმიის აქილევსის ქუსლია

რადიო თავისუფლება: მოდით, ვითარებას ფრონტის რუსული მხრიდანაც შევხედოთ. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია პუტინის გათვლები, რომ 2027 წლის ბოლოსთვის მაინც შეძლებს დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას?

მიკოლა მალომუჟი: ვფიქრობ, რუსეთს არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ამის შანსი ნულის ტოლია.

პუტინი არათუ დონბასს ვერ დაიკავებს სრულად, მეტიც, თუ დრაპატი სტრატეგიულ დონეზეც სრულად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, რუსეთს დონბასის სრულად დაკავება კი არა, რაც აქვს, იმის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდება. მას არასტანდარტული ოპერაციების ჩატარების განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ეს კი რუსეთის და რუსული არმიის აქილევსის ქუსლია - მათ არასტანდარტული მოქმედებები აშინებთ. ფაქტია, რომ დრაპატის მსგავსი მიდგომები ცალკეულ მიმართულებებზე უკვე გამოუყენებია და ამას რუსეთის შეტევების ჩაშლა და კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარება მოჰყვა.

მაგალითად, გავიხსენოთ ხარკოვის ოპერაცია, როდესაც ტერიტორიები გავათავისუფლეთ. ან როდესაც რუსეთის ჯარები ვოვჩანსკის მიმართულებით უტევდნენ. ისინი არა მხოლოდ შეაჩერეს, არამედ უკან დახევა და მანამდე დაპყრობილი ტერიტორიების დათმობაც აიძულეს.

იგივე მოხდა ხერსონში, როდესაც ქალაქი გავათავისუფლეთ, და სხვა მიმართულებებზეც.

თუ არასტანდარტულ მეთოდებს გამოვიყენებთ და ინოვაციურ კომპონენტს გავაძლიერებთ, ჩემი აზრით, რუსეთს აღარანაირი პერსპექტივა არ ექნება. პუტინი იძულებული იქნება აღიაროს, რომ პერსპექტივა არ აქვს და რომ მარცხი რეალურია, და სწორედ მაშინ, როდესაც ნათელი გახდება, რომ წარმატების პერსპექტივა აღარ არსებობს, რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება.

როდესაც გამოუცდელი ბატალიონები, ბრიგადები და პოლკები მხოლოდ ფრონტისკენ მიემართებიან, სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო მათი სისტემურად განადგურება. აი მაშინ კი წარმოუდგენელი პანიკა დაიწყება. ამას როგორც არმიის გენერალი, ისე გეუბნებით.

რადიო თავისუფლება: და თუ პუტინი ვა-ბანკზე წავა, გამოაცხადებს და ჩაატარებს მასშტაბურ მობილიზაციას, შეძლებს თუ არა უკრაინა შეტევის ახალ ტალღებს გაუძლოს, ძირითადად დრონებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით?

მიკოლა მალომუჟი: დიახ. ისინი იერიშზე წამოვლენ, ჩვენ კი უახლესი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

ასეთ შემთხვევაში რიცხობრივი უპირატესობა გადამწყვეტ როლს აღარ შეასრულებს. რუსული ქვედანაყოფები ფრონტზე მისვლამდე უნდა განადგურდნენ, როდესაც ისინი რკინიგზით, ავტომაგისტრალებით ან ფეხით გადაადგილდებიან და საბრძოლო შეხების ხაზიდან ჯერ კიდევ 200, 100 ან 50 კილომეტრით იქნებიან დაშორებული.

როდესაც გამოუცდელი ბატალიონები, ბრიგადები და პოლკები მხოლოდ ფრონტისკენ მიემართებიან, სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო მათი სისტემურად განადგურება.

აი მაშინ კი წარმოუდგენელი პანიკა დაიწყება. ამას როგორც არმიის გენერალი, ისე გეუბნებით. ნებისმიერი არმიისთვის პანიკა ყველაზე საშიში რამ არის. როდესაც პანიკა იწყება, ჯარისკაცები ბრძოლაში აღარ შედიან, მაშინაც კი, თუ იარაღს მიუშვერ. რუსები ორგანიზებულად მოქმედებას ვეღარ შეძლებენ.

სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. ამ სამუშაოს ჩვენს ნაცვლად სხვა არავინ შეასრულებს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG