Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკული შეუსაბამობები გურჯაანის ბაღებში


ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ეზო
ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ეზო

მოშლილი სავენტილაციო სისტემები და დაობებული კედლები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის საბავშვო ბაღებში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. პროლემებს აღიარებენ ბაღების გაერთიანების სამსახურში. კიდევ რა პრობლემებია კახეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში და იგეგმება თუ არა მათი მოგვარება?

გადმოწერა
კედლები და ჭერი მთლიანად შევცვალეთ, პლასტიკატი გაიკრა, ანუ ყველა ეს კრიტიკული შეუსაბამობა, რაც დაფიქსირდა, აღმოფხვრილია. მეორე და მესამე ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია, სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა ბაკურციხის ბაღში...
ლელა თევდორაშვილი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა განაცხადა, დარღვევებს შეიძლებოდა გამოეწვია საკვები პროდუქტის დაბინძურება. უფრო კონკრეტულად კი, გურჯაანის N2 ,N3 და სოფელ ბაკურციხის ბაღის სამზარეულოში არ მუშაობდა სავენტილაციო სისტემა, რამაც ჭერისა და კედლების დაობება-დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და თითოეული მათგანი 1000 ლარით დაჯარიმდა. ბაღები გურჯაანში გასული კვირის მიწურულს შეამოწმეს.

„კრიტიკული შეუსაბამობა მდგომარეობდა შემდეგში: არაეფექტური სავენტილაციო სისტემის გამო ხდებოდა კედლებისა და ჭერის დაობება და შეიქმნა საშიშროება იმის, რომ ნაწილაკები მოხვედრილიყო სურსათში. ბაღებს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ სასწავლო პროცესი. ვადა დამოკიდებულია თავად მეწარმეზე. რა ვადებშიც მოახერხებენ ამ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრას, მას შემდეგ შეიძლება საწარმოო პროცესის განახლება“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ლელა თევდორაშვილი ამბობს, რომ ბაღებს საწარმოო პროცესი 4 მაისს, გასული კვირის პარასკევს, შეუწყდათ. შესაბამისმა სამსახურებმა შაბათ-კვირას იმუშავეს და ბაღებმა ფუნქციონირება უკვე დაიწყეს. ლელა თევდორაშვილის თქმით, მოწესრიგდა სავენტილაციო სისტემები, შეიცვალა ჭერი და შეიღება კედლები.

სადაც სახელმწიფოს ჩართვის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება და თუ სადმე დავინახავთ ასევე საკანონმდებლო ხარვეზს, ჩვენ წავიღებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ დონეზე ვერ მივაღწევთ რამე შედეგს, შესაძლებელია სარჩელები წავიდეს ევროპულ სასამართლოშიც...
ნინო ტლაშაძე

„კედლები და ჭერი მთლიანად შევცვალეთ, პლასტიკატი გაიკრა, ანუ ყველა ეს კრიტიკული შეუსაბამობა, რაც დაფიქსირდა, აღმოფხვრილია. მეორე და მესამე ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია, სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა ბაკურციხის ბაღში. უბრალოდ, ბაკურციხის საბავშვო ბაგა-ბაღში სამზარეულოს რემონტი არ დამთავრებულა ჯერ. დღეს დამთავრდება. მხოლოდ იატაკიღა დარჩა მოსაწყობი. სამზარეულო მოვაწყეთ დროებით თავისუფალ ოთახში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვაცნობეთ სურსათის უვნებლობას. მათთან შეთანხმებით სასწავლო პროცესი სამივე ბაღში დღეს განახლებულია“.

სურსათის ეროვნული სააგენტო არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდომარეობას სწავლობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგარეჯოს, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ძირითადად სოფლების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესწავლას იწყებს. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე ამბობს, რომ თუ მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემები დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, სარჩელები ევროპულ სასამართლოებში გაიგზავნოს:

„სადაც სახელმწიფოს ჩართვის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდება და თუ სადმე დავინახავთ ასევე საკანონმდებლო ხარვეზს, ჩვენ წავიღებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ დონეზე ვერ მივაღწევთ რამე შედეგს, შესაძლებელია სარჩელები წავიდეს ევროპულ სასამართლოშიც, იმისათვის რომ სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და ადამიანებისთვის ნორმალური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა იყოს აუცილებლად გარანტირებული“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კახეთში ბაღებსა და სკოლებში არსებული პრობლემების გამოვლენაზე მუშაობას ახლა იწყებს, თუმცა ბაღების ნაწილში რომ არასათანადო პირობებია, ამის შესახებ მშობლები და პედაგოგები ხშირად საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ კახეთის სკოლებსა და ბაგა-ბაღების ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების სისტემებიც მოშლილია. ბაღებში პრობლემურია ელექტროგაყვანილობის სისტემაც.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG