კონცერტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო დაესწრნენ.
კირიენკომ ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებლებს ვლადიმირ პუტინის მიმართვა გააცნო. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მომავალშიც გაუწევს აფხაზ პარტნიორებს ყოველმხრივ მხარდაჭერას, მათ შორის ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში“.
კირიენკომ კი სოხუმს მადლობა გადაუხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“(ასე უწოდებენ მოსკოვში უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას) მხარდაჭერისთვის.
„ასობით აფხაზი რუსი მეომრების მხარდამხარ დადგა რუსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. მთელი რუსეთი ძალიან აფასებს აფხაზეთის მამაცი შვილების ამ წვლილს“, - აღნიშნა კირიენკომ.
სოხუმში ვიზიტამდე კირიენკო ცხინვალს სტუმრობდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მარატ კამბოლოვს შეხვდა.
18 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთში „არჩევნები“ იმართება, თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი ექნება - კამბოლოვს მხარს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს.
„აღიარების დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი 26 აგვისტოს ცხინვალშიც გაიმართა.
- 2008 წლის 26 აგვისტოს, აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“.
- მედვედევი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს. 2026 წლის 26 აგვისტოს მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა და იქ მცხოვრებ ხალხებს „შემდგომი სტაბილური განვითარება და აყვავება“ უსურვა.
ფორუმი