Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მორიელი" სომხეთის სამხედრო აღლუმზე - იყო თუ არა ეს ირანული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა?

სავარაუდოდ, ირანული წარმოების AD-08 Majid საჰაერო სისტემები ჩანს ერევანში, სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე 28 მაისს, 2026 წ.
სავარაუდოდ, ირანული წარმოების AD-08 Majid საჰაერო სისტემები ჩანს ერევანში, სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე 28 მაისს, 2026 წ.

ერევანში სამხედრო აღლუმზე წამყვანმა „მორიელის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა წარადგინა. მაგრამ ეს სინამდვილეში ირანული „მაჯიდი“ ხომ არ იყო? სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არც დაადასტურა და არც უარყო, რომ ერევანში გამოფენილი სრულიად ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანული წარმოებისაა.

28 მაისს სომხეთის რესპუბლიკის დღის სამხედრო აღლუმზე საფრანგეთსა და ინდოეთში წარმოებული სარაკეტო გამშვები სისტემების, დრონებისა და ჯავშანტექნიკის გვერდით, როგორც ჩანს, ირანული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემაც გამოჩნდა.

თეირანიდან შეძენილმა იარაღმა შეიძლება უხერხულობა შექმნას მაშინ, როდესაც სომხეთი ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს - ერევანში სამხედრო აღლუმი გაიმართა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ივნისისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მოკლე რადიუსის მოქმედების, სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული საჰაერო თავდაცვის სისტემა AD-08 Majid პირველად, სავარაუდოდ, აღლუმის რეპეტიციის დროს შენიშნეს. სომხურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნაწილობრივ შეფუთული სისტემების ფოტოები, რომლებიც მათ „მაჯიდად“ ამოიცნეს.

28 მაისს რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა იგივე სისტემები უკვე რესპუბლიკის მოედანზე გადაიღო. თუმცა სამხედრო მარშისა და საზეიმო მუსიკის ფონზე, ოფიციალურმა წამყვანმა სისტემის წარმომავლობაზე საუბარს თავი მოხერხებულად აარიდა:

„მოკლე რადიუსის თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო სისტემა ‘მორიელი’ - განკუთვნილია დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და განადგურებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი სამხედრო და სამრეწველო ობიექტების საჰაერო დაცვისთვის“, — თქვა მან.

როგორც ჩანს, „მორიელი“ სისტემისთვის სომხეთის ხელისუფლების მიერ მინიჭებული ადგილობრივი სახელწოდებაა. სხვა ქვეყნებიდან შეძენილ სამხედრო ტექნიკასაც ადგილობრივი სახელები დაარქვეს. მაგალითად, ფრანგულ Caesar-ის ჰაუბიცებს სომხურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაების - არამაზდის - სახელი ეწოდა.

ერევანში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ფრთხილი იყო - მან არც დაადასტურა და არც უარყო, რომ „მორიელი“ მართლაც ირანული წარმოშობისაა.

თუმცა ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა სამხედრო ანალიტიკოსმა, სირუს ამერიანმა, რადიო თავისუფლების „რადიო ფარდას“ უთხრა, რომ სისტემის წარმომავლობა ეჭვს არ ტოვებს.

„ვინც ამ ირანული სისტემების ფოტოებს ნახავს, ოფიციალური სომხური დადასტურების გარეშეც მარტივად შეძლებს მათ ამოცნობას“, — თქვა მან.

„თუ ამ სისტემის კომპონენტებსა და სტრუქტურას ‘მაჯიდის’ ფოტოებს შევადარებთ, ჩემი აზრით, დაახლოებით 99,5%-იანი დამთხვევაა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ იგივე სისტემაა. შესაძლოა, ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე ან იმის გამო, რომ სომხეთი სანქციების ქვეშ არ იმყოფება და უკეთეს საერთაშორისო შასზე აქვს წვდომა, სისტემა ირანული ‘არასის’ ნაცვლად იტალიურ Iveco-ს ბაზაზე დაამონტაჟეს“, — დასძინა მან.

სამხედრო აღლუმი ერევანში
სამხედრო აღლუმი ერევანში

რატომ „მაჯიდი“?

„მაჯიდი“ ირანის შედარებით ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც, Tehran Times-ის ცნობით, ირანმა პირველად გასულ წელს, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს გამოიყენა.

თუ სომხეთმა ეს სისტემა მართლაც შეიძინა, ქვეყანა მისი პირველი უცხოელი მყიდველი იქნება - ამის შესახებ 27 მაისს გამოცემა Defense Security Asia წერდა.

„სისტემას შეუძლია პოზიციის დაკავება, სტაბილიზატორების გაშლა, ოპტიკური სისტემების გააქტიურება, სამიზნის აღმოჩენა, რაკეტის გაშვება და ხუთ წუთში 5–10 კილომეტრით გადაადგილება. ეს მობილურობა, სიმსუბუქე და ის ფაქტი, რომ ყველაფერი ერთ მანქანაშია ინტეგრირებული, ძალიან მიმზიდველს ხდის მას“, — უთხრა ამერიანმა რადიო თავისუფლებას.

ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „მაჯიდი“ ეფექტიანად გამოიყენეს ამერიკული ძალების წინააღმდეგ მარტსა და აპრილში, მათ შორის იმ ინციდენტისას, რომლის დროსაც, მათი მტკიცებით, F-35 ტიპის გამანადგურებელი დაზიანდა. თუმცა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანში გამართული სამხედრო აღლუმის მიზანი იყო ქვეყნისთვის ანგარიშის ჩაბარება იმ შეიარაღების შესახებ, რომელიც სომხეთმა 2023 წელს აზერბაიჯანთან ომში დამარცხების შემდეგ შეიძინა სამხედრო ძალების გასაძლიერებლად.

ამ კონფლიქტმა მკაფიოდ წარმოაჩინა სომხეთის მოწყვლადობა დრონების შეტევების მიმართ და დასრულდა იმით, რომ დაახლოებით 100 000 ეთნიკურმა სომეხმა დატოვა საკუთარი სახლი მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლი აღადგინა.

„არმიის ტრანსფორმაცია ომისთვის კი არა, მშვიდობისთვის ხდება“, — განაცხადა ფაშინიანმა 28 მაისს. „ჩვენ დავისახეთ ამოცანა, გავზარდოთ სომხეთის თავდაცვისუნარიანობა.“

მისი თქმით, აღლუმზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა შვიდი ქვეყნიდან, მათ შორის ფრანგული Bastion-ის ჯავშანმანქანები, ამერიკული M2 ტიპის ტყვიამფრქვევები და რუსული Mi-17 ვერტმფრენები.

არჩევნები და მხარდაჭერა

7 ივნისს ფაშინიანი რთულ საარჩევნო ბრძოლაში შედის. მისი მთავარი პოლიტიკური გზავნილი სომხეთის რუსეთისგან ეტაპობრივი დისტანცირება და ვაშინგტონთან დაახლოებაა — კურსი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერაც მოიპოვა.

„ნიკოლს ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს ხელახალი არჩევისთვის“, — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში 27 მაისს.

ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, 26 მაისის ვიზიტი, რომლის შემდეგაც მან თქვა, რომ ფაშინიანი სომხეთს „უფრო ნათელ და დამოუკიდებელ მომავალს“ ჰპირდება.

ფაშინიანი ასევე ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას. სომხეთის პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მისწრაფებას აფიქსირებს.

ეს გეოპოლიტიკური ცვლილება მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„ვერ ვიქნებით გულგრილები სომხეთის ხელმძღვანელობის იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას გულისხმობს — ალიანსთან, რომლის ძირითადი პოლიტიკა მოსკოვის წინააღმდეგაა მიმართული“, — თქვა მან 28 მაისს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი საგარეო პოლიტიკის გადახედვას ცდილობს, გეოგრაფიას ვერ შეცვლის. თურქეთითა და აზერბაიჯანით გარშემორტყმულ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს მეზობელ ირანთან, რომელიც ქვეყანას ნავთობპროდუქტებითა და სამრეწველო საქონლით ამარაგებს და, ჰორმუზის სრუტის დახურვამდე, ირანი სომხური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტიც იყო.

რა დამოკიდებულება აქვს ირანს სომხეთის პროდასავლური კურსის მიმართ, ბოლომდე ნათელი არ არის. სომხეთში ირანის ელჩი, ხალილ შირღოლამი, სამხედრო აღლუმის სტუმრებს შორის იმყოფებოდა.

სამხედრო ანალიტიკოსი სირუს ამერიანი ფიქრობს, რომ ირანის დამოკიდებულებას, სავარაუდოდ, კვლავ პრაგმატიზმი განსაზღვრავს.

„როგორც ჩანს, ირანი სომხეთის დასავლეთისკენ გადახრას საფრთხედ არ აღიქვამს და ეს გარიგება, შესაძლოა, უბრალოდ ექსპორტის შესაძლებლობით იყო ნაკარნახევი. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ირანია, 500 მილიონი დოლარის (როგორც ცნობილია, ამ კონტრაქტების სავარაუდო ღირებულების) ექსპორტი უმნიშვნელო ნამდვილად არ არის“, - დასძენს ის.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG