Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პატრიარქი ჩამოვა, მაგრამ არ აღავლენს მსახურებას ილია II-ის დაკრძალვაზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. არქივის ფოტო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. არქივის ფოტო.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კვირას, 22 მარტს თბილისში ჩამოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვისთვის, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება.

ინფორმაცია, რომ იგი მსახურებას არ აღავლენს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას დღეს საღამოს, 19 მარტს.

„თითქმის დადასტურდა“ - თქვა დილას დეკანოზმა თათარაშვილმა

19 მარტს, დილის საათებში, სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელმა მღველმა, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა:

თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას“, - განაცხადა მან.

„არ ყოფილა დაგეგმილი“ - საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხუთშაბათ საღამოს რადიო თავისუფლებას კითხვაზე პასუხად მისწერა:

„არ ყოფილა დაგეგმილი [ბართლომეოსის მსახურება]. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლისგან არ გავრცელებულა და იმთავითვე არაზუსტი იყო“.

ეს პასუხი მივიღეთ მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ მას დაუსვა შეკითხვა: „მართალია თუ არა, რომ მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას აღარ გაუძღვება, როგორც ეს დაგეგმილი იყო, და მხოლოდ წესის აგებას დაესწრება?“

დეკანოზმა ჯაღმაიძემ ასევე მოგვწერა, რომ კვირას ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გაუძღვება.

რადიო თავისუფლება 19 მარტს, გვიან საღამოს ასევე დაუკავშირდა მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციების სამსახურს კითხვით, შეუძლიათ თუ არა განმარტონ, იგეგმებოდა თუ არა მსოფლიო პატრიარქის მიერ 22 ილია მეორის დაკრძალვისას მსახურება, ან თუ განიხილებოდა ეს იდეა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

ილია მეორის ცხედარი 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს
ილია მეორის ცხედარი 18 მარტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს

ვინ ჩამოვა - ჯერ ზუსტი სია უცნობია

„ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია“, - განაცხადა დეკანოზმა თათარაშვილმა დღეს დილას.

მოწვეულთა შორისაა ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მეთაური.

  • თუმცა მისთვის სომხეთის ხელისუფლებას, - რომელსაც სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ, - ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს.
  • შეკითხვაზე, ხომ არ მიაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას უნდა დაესწროს სომეხთა კათალიკოსი, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „არ აღიარებს“ კტრიჩ ნერსისიანს [გარეგინ II-ის სახელი ერისკაცობაში] ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად“.

რაც შეეხება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას - რუსეთის სამთავრობო სააგენტო „სპუტნიკი“ წერს, რომ რუსეთის ეკლესია ილია მეორის დაკრძალვაზე გზავნის ბელარუსის ეგზარქოსს, მიტროპოლიტ ვენიამინს.

ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

  • 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
  • სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
  • საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან.

„ჩვენს სამძიმარსა და მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და მის ერთგულ მრევლს. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის ცოცხალთა ქვეყანაში და მართალთა სავანეში, რათა ეკლესიის აღმაშენებელმა და მთავარეპისკოპოსმა, ქრისტემ აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე. მარადიული და უკვდავი იყოს ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ნეტარი პატრიარქის, ელია II-ის ხსოვნა“, - წერია ბართლომეოსის გამოგზავნილ სამძიმრის წერილში.

ინფორმაცია განახლდება ვენიამინის შესახებ ცნობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG