სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გასვენებაში მონაწილეობას სომხეთი უმაღლეს დონეზე მიიღებს.
როგორც ფაშინიანმა დღეს, 19 მარტს ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი შეკითხვის პასუხად - "მონაწილეობის ფორმატს ახლა განიხილავენ".
შეკითხვაზე, ხომ არ მიაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას უნდა დაესწროს სომხეთის პატრიარქი, ფაშინიანმა უპასუხა, რომ "არ აღიარებს" კტრიჩ ნერსისიანს (გარეგინ II) ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად".
ბოლო პერიოდში სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს ფაშინიანი საერო სახელით მოიხსენებს და გარეგინ II-ს მაგივრად კტრიჩ ნერსისიანს ამბობს.
გარეგინ II-ს სპეციალური მიწვევა გავუგზავნეთ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
მანამდე, დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, სამების ტაძართან, სადაც პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გარეგინ II-ს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა, მისი თქმით ეს შესაძლებლობა არ ეძლევა.
"ვინ ჩამოვა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს, როგორც წესი და რიგია. ისე, გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან, მაგალითად, სომხეთის პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ჯერ ერთი ისტორიული ურთიერთობა, მაგრამ, იქ სომხეთშია ძალიან სერიოზული არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან, ჩვენ გავუგზავნეთ სპეციალური მოწვევა და თუ გამოუშვებენ ჩამოვა"- თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
სომხეთში გარეგინ II-ის მიმართ საქმეა აღძრული
სომხეთის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ და აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.
ამის გამო ის ვერ დაესწრო ავსტრიის ქალაქ სანქტ-პიოლტენში დაგეგმილ შეხვედრას,რომელიც 55 იერარქი უნდა დასწრებოდა სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჯმიაწინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია;
უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა და ახლა კიდევ უფრო გამწვავდა;
გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას; ეჯმიაწინმა გარეგინ მეორის ეს პოზიცია 2024 წლის ოქტომბერშიც დაადასტურა;
ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, კათოლიკოსს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გამოსახულების ამოშლას და ა.შ.
ვის ელიან საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე
ამ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის თანახმად,"მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას" "კვირას ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას".
"ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე", - თქვა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა მედიასთან საუბარში.
17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში
1/30ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად აღსაყდრებამდე.
2/30არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
3/30ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
10/30სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
13/30ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
15/30ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
16/30ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.
18/30ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
19/30ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში, პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
20/30ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
21/30ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
22/30ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი,რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
24/30ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
27/30ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნისცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
ფორუმი