Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩერდება ომი?!

ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. კოლაჟი
ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. კოლაჟი

2026 წელი რუსეთისთვის მძიმე გამოცდად იქცა: ეკონომიკური პრობლემები, საწვავის კრიზისი, უკრაინის დარტყმები და ომით დაღლილი საზოგადოება. ომის შეწყვეტა თითქოს ორივე მხარის ინტერესებშია, თუმცა ის მაინც გრძელდება. რატომ ვერ პოულობენ კიევი და მოსკოვი დაზავების გზას?

2026 წელი - რუსეთისთვის ეს არის თითქმის ყოველდღიური დარტყმები სიღრმეში: ქალაქებსა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე; ეს არის საწვავის კრიზისი, ეკონომიკური პრობლემები და ხელისუფლების რეიტინგების რეკორდული ვარდნა. ბევრი ფიქრობდა, რომ 2026 წელი უკრაინაში მიმდინარე ომის ბოლო წელი იქნებოდა, რადგან რუსეთი სულ უფრო მწვავედ გრძნობს როგორც ცოცხალი ძალის უკმარისობას, ასევე უკრაინის საჰაერო იერიშებისა და სანქციების შედეგებს, რომლებსაც წესით შეთანხმების მიღწევისადმი კრემლის ინტერესი უნდა გაეზარდა. თავის მხრივ, ომის შეჩერებას მოითხოვს უკრაინა, რომლის შეიარაღებული ძალების იერიშებმა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, სულ სხვა ხარისხი შეიძინეს როგორც რეგულარობის, ასევე სიშორისა და სიზუსტის თვალსაზრისით. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ომი მაინც გრძელდება.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

კიევი მზადაა მშვიდობისთვის, დანებებისთვის - არა

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო სიტყვით მიმართა ერს და ბევრ სხვა საკითხთან ერთად ილაპარაკა მშვიდობის, ომის შეჩერების სურვილზეც.

„პუტინს იმედი აქვს, რომ ჩვენ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასოდეს ესმოდა, ახლა კი ვეღარც მოასწრებს. თქვენ გინდოდათ წაგეღოთ მთელი ჩვენი უკრაინა, მთელი ჩვენი მიწა, მაგრამ ამის ნაცვლად დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ფლოტი, შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. თქვენ გინდოდათ, რომ რუკაზე აღარ ვყოფილიყავით, ახლა კი თქვენ აღარ არსებობთ მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, შეერთებულ შტატებსაც გაუქრა ილუზია იმის თაობაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს ომის დასრულება:

„მჯერა, რომ ამერიკაში რუსეთთან მიმართებით ყველა წინააღმდეგობა და ფობია გაქრება. საჭიროა რუსების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა. ბოლოს და ბოლოს საჭიროა ისეთი სანქციები, რომელთა შემდეგაც ისინი აკივლდებიან. უკრაინას უნდა მიეცეს ყველაფერი, რაც რუსებს ომის დასრულებას აიძულებს. და ეს შესაძლებელია. <…> უკრაინას ძალიან სურს მშვიდობა, მაგრამ ის უბრალოდ დანებებას არ აპირებს.“

უკრაინა რომ “უბრალოდ დანებებას” არ აპირებს ეს კარგად გამოჩნდა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის მიერ შექმნილმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო რობოტიზებულმა კომპლექსებმა.

“ომის წლებში უკრაინამ პრაქტიკულად ახალი თავდაცვითი მრეწველობა ააშენა - თანამედროვე და ტექნოლოგიური. მრეწველობა, რომელიც ომის გამოწვევებს პასუხობს. დღეს ამ მუშაობის შედეგებს ყველანი ვხედავთ - ხმელეთზე, ზღვასა და ცაში. უკრაინული ძალა, რომელიც დღეს ხრეშჩატიკზე, დნეპრსა და ცაში ვიხილეთ, დრონების პირველი ასეთი აღლუმია, - დაწერა ვოლოდიმირ ზელეგნსკიმ სოციალურ ქსელ Facebook-ში, - სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსები - „Терміт“, „Рись“, „Сімба“, „Ардал“, „Змій“ და „Ратель“. ჩვენი ფლოტი, რომელიც უკრაინამ დიდი ომის დროს შექმნა - უკრაინული საზღვაო დრონები: Sea Baby, Magura და „ Сарган “. ჩვენი საჰაერო სამიზნეების გადამჭერები - P1-Sun, „Літавр“ და „Стінг“. უკრაინული ბომბდამშენები - Vampire, „Лазар“ და Heavy Shot Vampire; სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები - Shark და LF-400, ჩვენი შორსმსროლელი სანქციები - „Морок“ და „Січень“. და ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რითაც უკრაინამ უკვე შეიძლება იამაყოს. ეს არის უკრაინის სიმძლავრე. ის, რითაც ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ვიცავთ; ის, რაც ამ ომს ახლა განსაკუთრებულს ხდის და ის, რაც ომის შემდეგ უკრაინას უსაფრთხოების ნამდვილ დონორად გახდომის საშუალებას მისცემს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საჩვენებლად გამოსატანი. და გვაქვს საფუძველი გადავუხადოთ მადლობა იმ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენს იარაღს აწარმოებენ და იყენებენ. ჩვენ გვგავს რაღაც, რითაც უკრაინის დამოუკიდებლობას დავიცავთ”.

ომის დასრულება - როგორც რაციონალური გამოსავალი

რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის ბერლინის კარნეგის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრ გაბუევის თქმით, რუსეთის მდგომარეობა როგორც ფრონტზე, ასევე ეკონომიკასა და დიპლომატიაში იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

„ერთი წლის წინ, როცა პუტინი ანკორიჯში შეხვდა ტრამპს, ფრონტის ხაზი ბევრად სწრაფად მოძრაობდა: რუსეთი წინ მიიწევდა მისთვის მნიშვნელოვან უბნებზე დონბასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქში, ზრდიდა დარტყმებს უკრაინის სიღრმეში. ეკონომიკაშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარება ჰქონდათ. ამიტომ ბევრს ეგონა, რომ რუსეთი შეძლებდა თავისი პირობებით ომის დამთავრებას, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთი ახლა ნელა მიიწევს წინ, ეკონომიკაში დიდი პრობლემები აქვს: საწვავის კრიზისი, მშპ ზრდის შეჩერება... თუ სამხედრო მრეწველობას გამოვაკლებთ, რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია. პარალელურად უკრაინის იერიშებმა შეიძინა სულ სხვა ხარისხი: გაიზარდა მათი როგორც რეგულარობა, ასევე სიშორე და სიზუსტე“, - ამბობს ალექსანდრ გაბუევი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს პოდკასტში.

მეცნიერის თქმით, რუსეთს არც დიპლომატიურ ასპარეზზე აქვს ძლიერი პოზიციები - რუსეთმა ვერ ისარგებლა შესაძლებლობით, რომელიც მას გაეხსნა ანკორიჯის შეხვედრის (2025 წლის აგვისტო) შემდეგ:

„პუტინი ძალიან ხისტად იცავდა თავის პირობებს, რომლებიც ტრამპსაც კი გადაჭარბებულად მოეჩვენა. დღეის მდგომარეობით, აშშ კვლავ აწვდის უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, შეიარაღებას, მარაგნაწილებს, ევროკავშირი კი უწევს მასშტაბურ ფინანსურ მხარდაჭერას, ხოლო თვითონ უკრაინამ გამოავლინა მდგრადობა და გამომგონებლობაც კი ომის წარმოებისას. ყოველივე ამან რაციონალურ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკაზე, დემოგრაფიასა და უსაფრთხოებაზე, უნდა უბიძგოს ჯერ ზავისკენ, შემდეგ კი მშვიდობისკენ, მაგრამ ვლადიმირ პუტინი ასეთი არ არის“.

ალექსანდრ გაბუევი
ალექსანდრ გაბუევი

რუსეთის ეკონომიკას ძალიან უჭირს, თუმცა არა იმდენად, რომ ამის გამო კრემლმა უარი თქვას ომის წარმოებაზე. ექსპერტთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკის სამოქალაქო სექტორში რეცესიაა, ინფლაცია მაღალია და საწვავის კრიზისია, სახელმწიფოს მაინც საკმარისი ფინანსური და მატერიალური რესურსი აქვს ომის გასაგრძელებლად. ეკონომიკა სრულად გადაწყობილია სამხედრო რელსებზე, რის გამოც სამოქალაქო სექტორის დასუსტება ბიუჯეტიდან არმიის დაფინანსებას საფრთხეს ჯერ კიდევ არ უქმნის.

არ შეცვლილა რუსეთის მიდგომები დიპლომატიაშიც. ალექსანდრ გაბუევის თქმით, რუსული დიპლომატია არ აჩვენებს რეალურ მზაობას კომპრომისისთვის და კვლავ აყენებს პირობებს, რომლებიც უკრაინისთვის დე ფაქტო კაპიტულაციის ტოლფასია. გარდა ამისა, მოსკოვი, ნებისმიერ საუბარს მოლაპარაკებებზე იყენებს მხოლოდ პაუზის ასაღებად, ძალების გადასაჯგუფებლად ან დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობის დასათესად.

რატომ არ ფიქრობს პუტინი მშვიდობაზე? მკვლევარი ასახელებს სამ ფაქტორს:

  • რეალური სურათის არქონა (დეზინფორმაცია): პუტინი იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში - გარემოცვა მას ვითარებას „ვარდისფერ ფერებში“ უხატავს და უმალავს ფრონტსა თუ ეკონომიკაში არსებულ რეალურ პრობლემებს
  • საკმარისი რესურსების რწმენა: მას სჯერა, რომ რუსეთის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები გაძლებს უფრო დიდხანს, ვიდრე უკრაინისა და დასავლეთის თმენის უნარი.
  • სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა: იმედი აქვს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების მასობრივი წარმოების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინას საჰაერო თავდაცვის (ბალისტიკური) საშუალებების დეფიციტი აქვს.

ალექსანდრ გაბუევის თქმით, პუტინის პოზიციაზე გავლენას ვერ ახდენს რუსეთის მოსახლეობა. მისი თქმით, რუსულ საზოგადოებაში იზრდება ომით დაღლილობა, ინფლაციითა და ფასების ზრდით უკმაყოფილება, თუმცა ეს განწყობა არ გარდაიქმნება პოლიტიკურ მოთხოვნებად. მკაცრი რეპრესიული აპარატისა და შიშის გამო, მოსახლეობა ირჩევს ადაპტაციასა და პასიურ აპათიას, ვიდრე ქუჩის პროტესტს ან ომის შეწყვეტის აქტიურ მოთხოვნას. არადა, ექსპერტის თქმით, ომის დროებითი შეჩერება ან თუნდაც გარკვეული დეესკალაცია (მაგალითად, ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობაზე შეტევების პაუზა) სტრატეგიულად ხელსაყრელი იქნებოდა როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის: ”უკრაინას ეს ჰაერივით სჭირდება ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ადამიანური რესურსების გადასარჩენად, ხოლო რუსეთს - ეკონომიკური გადახურების შესამცირებლად და არმიის ხელახლა შესავსებად”.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ომის შეწყვეტა გამარჯვების მკაფიო იმიტაციის გარეშე პირდაპირ საფრთხეს უქმნის პუტინის პირად ხელისუფლებას. ომი გახდა რუსეთის პოლიტიკური სისტემის არსებობის მთავარი ძრავა. მისი გაჩერება გააჩენს კითხვებს დანაკარგების აზრზე, რამაც შესაძლოა შიდა მწვავე კრიზისი გამოიწვიოს.

ომით შეპყრობილი

2026 წლის 22 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინნაია როსსიას“ („ერთიანი რუსეთის“) წინასაარჩევნო ყრილობაში, სადაც ის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, „ისე იმყოფებოდა, როგორც ბაბა-იაგა დღესასწაულზე“.

„კონტრაქტების რიგში ჩადექით, ძაღლის შვილებო“, - ფაქტობრივად ამის სათქმელად მოვიდა პუტინი, რომლის გამოსვლის მსვლელობისას კამერა აჩვენებდა დარბაზში მყოფი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთსა და იმავე მონაწილეებს, თუმცა გასაგებია, რომ დარბაზი ძირითადად კარგად ნაკვები ფუნქციონერებისგან შედგებოდა. კამერა ეშმაკურად იღებდა მედლებით დახუნძლულ ომის მონაწილეებს, თითქოს მათ მთელი დიდი სამამულო ომი გაიარეს წინ და უკან. პუტინს სურდა დარბაზში მყოფი ელიტისათვის ეთქვა მთავარი: “ქვეყანაში ომია! მორჩა, მე მაინტერესებს მხოლოდ ომი! არ მაინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, თუ რამდენად ეფექტურები ხართ თქვენ ამ ომში. თუ თქვენ არ ხართ ეფექტურები ომში, მე თქვენ ჩაგანაცვლებთ მათით, ვინც სანგრებიდან ამოდიან, თუნდაც ისინი სრულიად უმეცარნი იყვნენ სახელმწიფოს მართვაში”, - თქვა პოლიტოლოგმა YouTube-არხ Ходорковский LIVE-ის ეთერში.

პოლიტოლოგის თქმით, მმართველი პარტიის ყრილობაზე წარმოთქმულ სიტყვაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო მომდევნო დღეს, 23 აგვისტოს პუტინის მიერ ჟურნალისტ, პაველ ზარუბნისათვის მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებული გზავნილები.

“არსებითად რისთვის დასჭირდათ ეს ინტერვიუ? ეს იყო ე.წ. „ჩვენი პასუხი ჩემბერლენს“. პუტინმა ჩამოაყალიბა კონცეპტუალური პასუხი ზელენსკის “40 დღეზე” და ეს პასუხი ასეთია: “ნებისმიერ მიზეზზე ვიპოვით ფსონის გაორმაგების გზას”. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ეს გზავნილი მიმართულია არა მხოლოდ კიევისკენ, არამედ ბერლინის, ლონდონისა და პარიზისკენ, რომ რესურსი ჯერ გვაქვს და უკრაინის წინააღმდეგ ტერორს გავაორმაგებთ”, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი, რომლის თქმითაც, რუსეთის სიღრმეში Wildberries-ის საწყობების განადგურების პასუხია ოდესის პორტების დაბომბვა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება:

“ეს სერიოზული პრობლემაა. ვინც უკრაინულ ამბებს უყურებს, ესმის, რომ არსებობს საფრთხე მოსავლის უბრალოდ განადგურებისა, უბრალოდ ვერსად წაიღებენ. პლუს უშუალოდ აგროსაწარმოებსაც ურტყამენ. თქვენ ლოგისტიკაზე, ჩვენ - მარცვლეულზე. ასე გამოიყურება მოსკოვის პასუხი. გარკვეული გაგებით მარცვლეული უკრაინული ნავთობია. თუ ამას გამოთიშავ, უკრაინა ჩამოეკიდება მხოლოდ ევროპულ დახმარებას. მაშინ ან ევროპა თანხმდება ომში მყოფი 40-მილიონიანი ხალხის შენახვაზე, ან ეს ომი შეუძლებელი ხდება. ეს საკმაოდ მკაფიოდ ითქვა. მგონი, ამ სიტყვისა და ფსონების გაორმაგების მუქარის გამო ჩაიწერა ეს ინტერვიუ”.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ომის გაგრძელებას აუცილებლად მოჰყვება მობილიზაცია, ოღონდ არა იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობას კონტრაქტით დაქირავებისთვის საჭირო ფული გაუთავდება, არამედ იმიტომ, რომ იდიოტები (ვინც მზადაა ფულისთვის მოკვდნენ) გამოილევიან:

“იდიოტების რაოდენობა ილევა, ციხეებიდან შევსების რესურსიც შეზღუდულია. ამიტომ მობილიზაცია გარდაუვალი იქნება - ან ომი შეწყდება, ან ეს მოხდება. თუმცა ფორმა განსხვავებული იქნება. ეს არ იქნება ისეთი ქაოსი, რაც 2022 წლის სექტემბერში ვნახეთ. ეს უფრო დაემსგავსება „ოდისეას“ სცენებს, სცილასა და ქარიბდას შორის გავლას, როცა რაღაც ძალა სათითაოდ იტაცებს ხალხს, დანარჩენები კი ცურვას აგრძელებენ და ვერ ხვდებიან, სად გაქრა ადამიანი, რომელიც ახლახან გვერდით ეჯდათ. ფიქრობ, ამ გზით წავლენ. პასუხისმგებლობას საწარმოებს, კომპანიებს დააკისრებენ - თუ გინდა საწარმო არ გაკოტრდეს, შენი რიგებიდან უნდა გამოყო ხალხი მობილიზაციისთვის, თორემ ცუდად იქნება საქმე. ასეთ „დიფუზურ“ მობილიზაციას ველოდები, რომ ფსიქოლოგიური და სოციალური დაძაბულობა მოიხსნას”.

ზელენსკის ხედვა

რუსული საზოგადოების 60%-ზე მეტს უკრაინასთან ომისა და ცეცხლის შეწყვეტა სურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა. მისი თქმით, ეს სურვილი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უკავშირდება უკრაინის ოპერაციების შედეგებსაც, რომლებიც რუსეთის ზურგში დარტყმების (მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და Wildberries-ის საწყობებზე) განხორციელებას გულისხმობს.

„რუსეთში ბევრს სურს, რომ ომი დასრულდეს. ამას ასე აყალიბებენ: „უბრალოდ დასრულდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის ერთგვარ მტკიცებულებად შეიძლება იქცეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან პარტია „იაბლოკოს“ მოხსნაც. ზელენსკის აზრით, კრემლში ვარაუდობდნენ, რომ „იაბლოკო“ - ერთადერთი პარტია, რომელმაც თავის პროგრამაში ომის შეწყვეტის მოთხოვნა შეიტანა, ხმების არაუმეტეს 4%-ს მიიღებდა, თუმცა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პარტიას 11-12%-ის მიღების შანსი ჰქონდა.

„ისინი არჩევნებიდან მოხსნეს, რათა ომის ალტერნატივა საერთოდ არ არსებობდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 990 კვ. კილომეტრი დაიკავა, თუმცა უკრაინამ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე 820 კვ. კილომეტრი დაიბრუნა. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის ეს თანაფარდობა 1:1-ზე იქნება. მისი თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს წლის ბოლომდე მთელი დონბასის ხელში ჩაგდებას - პირველ რიგში სლავიანსკისა და კრამატორსკის, თუმცა უკრაინა ამის საშუალებას არ მისცემს. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, აშშ-სა და ევროკავშირთან კვლავ განიხილება დონბასში ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობა, რაც რიგი ტერიტორიებიდან მხარეთა სამხედრო ძალების ურთიერთგაყვანას გულისხმობს. რუსეთში ადრე განაცხადეს, რომ ეს მათთვის მიუღებელია. უკრაინა ასევე მზად არის განიხილოს ენერგეტიკულ და აგრარულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტა, თუმცა არა ცალმხრივად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებული დარტყმები პასუხია უკრაინის იერიშებზე. პუტინის თქმით, იგი კვლავ იღებს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა წინადადებას, რომელთაგან ზოგიერთი, მისი სიტყვებით, „ეგზოტიკურია“. პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს „ადგილზე არსებული რეალობის“ გათვალისწინებით, თუმცა კრემლი იმ ტერიტორიების გადაცემასაც მოითხოვს, რომლებიც ჯერ ისევ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დასრულებისთვის არსებული „ფანჯარა“ 2027 წლის ზაფხულამდე იარსებებს. ამის შემდეგ აშშ-ში საარჩევნო კამპანიის აქტიური ფაზა დაიწყება. ზელენსკი ადრე აცხადებდა, რომ რუსეთის მშვიდობისკენ იძულებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლომდე იარსებებს.

რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის ბერლინის კარნეგის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრ გაბუევის თქმით, ომის შესაჩერებლად საჭიროა კომპლექსური ზეწოლა - სანქციების გვერდის ავლის გზების ჩაკეტვა, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების მკვეთრი გაძლიერება და რუსული ეკონომიკის შემოსავლების კიდევ უფრო შეზღუდვა. ასევე, მნიშვნელოვანია პუტინისთვის იმის დემონსტრირება, რომ ომის გაგრძელება მისთვის უფრო ძვირი და სახიფათო იქნება, ვიდრე ომის შეჩერება.

ალექსანდრ გაბუევი არც ომის მოულოდნელად შეჩერების ალბათობას გამორიცხავს. მისი თქმით, ავტორიტარული სისტემების სპეციფიკის გამო, რუსეთის მსგავს რეჟიმებში კრიზისი გარეგნულად არ ჩანს მანამ, ვიდრე უცებ არ იფეთქებს (როგორც ეს პრიგოჟინის ამბოხის დროს გამოჩნდა). მისი თქმით, ხელისუფლება ინარჩუნებს სიმტკიცის ილუზიას მანამ, სანამ რომელიმე მოულოდნელი ტრიგერი (მაგალითად, მსხვილი სამხედრო მარცხი ან ეკონომიკური შოკი) სისტემის მყისიერ პარალიზებას არ გამოიწვევს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG