Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა" არ არის უსაფრთხო - აი, როგორ ხსნის უარს ლაშა ბუღაძის წიგნის ციხეში შეტანაზე პენიტენციური სამსახური

ლაშა ბუღაძე და მისი წიგნი ციხის კედლის ფონზე - ფოტოილუსტრაცია
ლაშა ბუღაძე და მისი წიგნი ციხის კედლის ფონზე - ფოტოილუსტრაცია

ლაშა ბუღაძის რომანის, “დამკვირვებლის” სათაური პენიტენციურმა სამსახურმა ბუნდოვნად მიიჩნია, მას “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა” უწოდა და ჩათვალა, რომ პატიმარ ნანა სანდერისათვის ამ წიგნის შეტანა ციხეში არ იქნებოდა უსაფრთხო.

სწორედ ამ შინაარსის ოფიციალური წერილი მიიღო ორგანიზაცია “საფარმა” პენიტენციური დაწესებულებისგან, როცა ნანა სანდერის უფლების დაცვა გადაწყვიტა და მოითხოვა განმარტება, რის საფუძველზე აუკრძალეს მას ინფორმაციის, ამ შემთხვევაში - წიგნის მიღება.

ოფიციალურ წერილში წერია, რომ რომანის სათაური

“არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებითდა ციხეში მისი შეგზავნა ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილადო.

შემდგომ აბზაცში უარის მიზეზი უფრო დაზუსტებულია:

“გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი”, - წერს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნიკა აბრამიშვილი.

“რას ნიშნავს ბუნდოვანია? - გვეუბნება “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, - ნანა სანდერს აქვს უფლება, მიიღო ინფორმაცია და დღეს მისი ეს უფლება შეზღუდულია”.

“გარკვეული წიგნები, შესაძლოა, ციხეში არ იყოს დაშვებული და შესაბამისი კრიტერიუმებიც არსებობს, მაგრამ რა სჭირს “გაუგებარი” ამ სათაურს? თუ კრძალავ, ისიც კარგად უნდა გესმოდეს, რატომ კრძალავ ამა თუ იმ წიგნს. “დამკვირვებელი” არჩევნების შესახებ დაწერილი წიგნია... ვფიქრობ, წერილში რეალური პასუხი არ წერია, უბრალოდ არ სურდათ ამ წიგნის ციხეში შეტანა და რეალური მიზეზიც სწორედ ისაა, რაც ბადრაგმა პირდაპირ თქვა: პოლიტიკურია და არ გვინდაო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბაია პატარაია.

თავად ავტორი, ლაშა ბუღაძე, პენიტენციური სამსახურის ასეთ ახსნა-განმარტებას უწოდებს ერთდროულად დისკრიმინაციულს, საშიშს და ბრიყვულსაც:

„არ მგონია, რომ ვინმემ საბოლოოდ წიგნებთან ომი მოიგო“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, პროპაგანდისტები თავიანთი ფეისბუკგვერდებიდან ამ წიგნის გამოყენებით, საქმეში ჩაუხედავი მოქალაქეების წაქეზებას და „მტრის ხატების“ შექმნას ცდილობენ.

„ [პენიტენციურის პასუხი] რომ ეს „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურაა“, „ბუნდოვანი სათაურია, რომელიც არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“... ასეთი სისულელე არ წამიკითხავს... მეორე მხრივ, ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, იყვნენ მკაცრები და დაიცვან თავიანთი „წესები“ - სუროგატული მოდელი პუტინისტური რუსეთის ჩინოვნიკებისა. ლიტერატურული ტექსტის ცენზურის მცდელობის გარდა, ეს არის პატიმართა დისკრიმინაცია და მათი უფლებების შეზღუდვა", - უთხრა ლაშა ბუღაძემ რადიო თავისუფლებას.

პენიტენციური სამსახურის პასუხამდე ცოტა ხნით ადრე, წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ლიკა ლაზიშვილმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მაღაზიაში ლაშა ბუღაძის ეს წიგნი და კიდევ რამდენიმე სხვა ავტორის წიგნი განგებ იყო დაზიანებული. გადაფურცვლის შემდეგ მან ნახა, რომ „დამკვირვებლის“ პირველ გვერდზე ფალოსები იყო კალმით მიხატული.

ვანდალიზმს გამოეხმაურა საქართველოს პენცენტრი და გამომცემლობა „სულაკაური“, ლაშა ბუღაძის რომანის გამომცემელი.

„ვშიშობთ, რომ ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება“, - წერდა მაშინ გამომცემლობა.

ამ ამბავს კი წინ უძღოდა თავად უარი - „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულ ნანა სანდერს ლაშა ბუღაძის წიგნი გაუგზავნეს, თუმცა ციხემ ის პატიმარს არ გადასცა იმ მოტივით, რომ „წიგნი პოლიტიკურია და ის პატიმრისთვის არ შეიძლებაო“.

საქართველოს პენცენტრმა წიგნის ციხეში შეგზავნაზე უარი ცენზურად შეაფასა:

„ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ - სრულიად აშკარად - ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციას“.

ახლა “საფარი” ნანა სანდერის სახელით ამ პასუხის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს და როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ არგუმენტებით პენიტენციური სამსახური საქმეს ვერ მოიგებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG