Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 წლით, 2031 წლამდე გადაავადეს პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვა

გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

2026 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოთხი წლით, 2031 წლამდე გადავადდება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის იმპორტის, წარმოებისა და გაყიდვის აკრძალვა.

თავდაპირველად, პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებული შემზღუდავი დადგენილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 2026 წლის 12 მარტს მიიღეს.

რა იყო დაგეგმილი

იმ დადგენილების თანახმად:

  • 2026 წლის 1 ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებოდათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიყიდვა;
  • 2027 წლის 1 თებერვლიდან კი პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოებაც იკრძალებოდა.
  • პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება დაშვებული იქნებოდა, თუკი მწარმოებელი მას ქვეყნის გარეთ გაყიდდა. მაგრამ მათი უცხოეთიდან შემოტანა (იმპორტი) იკრძალებოდა.
  • რეგულაციის ამოქმედება გამოიწვევდა პლასტმასის ბოთლების მასობრივი მოხმარების ჩანაცვლებას შუშის ბოთლებით, - რაც, სავარაუდოდ, პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევდა იმ დროს, როდესაც საპარლამენტო კომისია მარკეტებში პროდუქციის გაძვირების მიზეზებს სწავლობდა.

მალევე, 16 მარტს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილებისთვის გადაეხედათ.

ბოლოს, 2026 წლის 8 აპრილს, კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტეს, რეგულაციების ამოქმედება ოთხი წლით გადაავადონ.

რა მოხდება საბოლოოდ

8 აპრილს გამართულ სხდომაზევე კობახიძემ თქვა, რომ პლასტმასის მოხმარება ზიანის შემცველია და „რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა“ პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად.

„თუმცა ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე“, - განაცხადა მან.

„ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები“, - თქვა მან და კონსულტაციების ფასილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით სონღულაშვილს.

„ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“, - განაცხადა მან.

დასაბუთება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 12 მარტის განცხადებაში პირვანდელი გადაწყვეტილების საფუძვლად ასახელებდა გარემოზე ზრუნვას.

უწყების თანახმად, საქართველოში პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ:

  • „მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს;
  • მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის.
  • მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს“, - წერდა სამინისტრო.

რეგულაციები და რეალობა

2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი“ პლასტმასის საგნების, ერთჯერადი ჭურჭლის, კონტეინერებისა და თავსახურების რეალიზაცია.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების რეალიზაციაზეც არის დაწესებული შეზღუდვები:

მოქმედი კანონმდებლობით, სავაჭრო ობიექტებში ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა ეს წესი სავაჭრო ობიექტების მხოლოდ ნაწილში სრულდება.

საქართველოში კვლავ არ ხდება ნაგვის სეპარირება, ანუ განცალკევება, რაც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უშლის ხელს და გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების შემთხვევაში იქნებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG