1989 წლის შემოდგომაზე განვითარებულ მოვლენებს, რომლის ავანგარდშიც ჩეხოსლოვაკიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ, სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და დემოკრატიაზე გადასვლა მოჰყვა.
მიუხედავად დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის თავდაპირველი შეტაკებებისა, რევოლუცია უსისხლოდ განხორციელდა, რის გამოც მას „ხავერდოვანი“ ეწოდა.
„ეს იყო ნამდვილი ეიფორია“
32 წლის წინ მსოფლიოს მოედო ცნობა იმის შესახებ, რომ ბერლინის კედლის დანგრევიდან მეცხრე დღეს პრაღაში ძალის გამოყენებით სასტიკად დაშალეს სტუდენტთა ანტისამთავრობო, მშვიდობიანი დემონსტრაცია. კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქციების ავანგარდში იყვნენ ჩეხოსლოვაკიის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, რომლებმაც პირველი დემონსტრაციები 1989 წლის იანვარში გამართეს. პოლიციამ მაშინაც ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები პატივს მიაგებდნენ ჩეხი სტუდენტის იან პალახის ხსოვნას. 1969 წელს პალახმა თავი დაიწვა პრაღის ცენტრში, პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
მართალია, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის უშიშროების ძალებმა პირველი აქცია ჩაახშეს, მაგრამ საპროტესტო სულისკვეთება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მატულობდა და მოსახლეობის ფართო ფენებზე ვრცელდებოდა.
ჩეხოსლოვაკიაში დემონსტრაციები მოეწყო აგვისტოშიც, 1968 წლის მოვლენების 21-ე წლისთავზე. შემდეგი საპროტესტო აქცია გაიმართა 1989 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიის დაარსების 71-ე წლისთავზე. პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, დემონსტრანტები თავისუფლებასა და დემოკრატიას მოითხოვდნენ.
ამ აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს იმხანად დამწყები ჟურნალისტი პეტრა პროხაზკოვა, რომელიც ჟურნალ „კვეტიში“ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევარი დარჩა და იძულებული იყო, თავი ვაგონების დალაგებით ერჩინა, პეტრა პროხაზკოვა 32 წლის წინანდელ დღეებს სიამაყით და სიხარულით იხსენებს.
„ამ დემონსტრაციით ჩვენს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ერა. მე მეგობრებთან ერთად ფაქტობრივად ქუჩაში ვცხოვრობდი: დავდიოდით დემონსტრაციებზე, უმაღლეს სასწავლებლებში და დისკუსიებს ვმართავდით სტუდენტებთან. მე თავად ორი წლის დამთავრებული მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ამიტომ მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და სტუდენტებთან ერთად განვიხილავდით შექმნილ ვითარებას. ეს იყო ეიფორია. იცით, ასეთი დღეები უკვე აღარასოდეს განმეორდება. ეს იყო თავისუფლების შეგრძნება იმ ადამიანისა, რომელმაც უეცრად იგრძნო, რომ შესწევს ძალა გავლენა მოახდინოს თავის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პეტრა პროხაზკოვა, რომელიც ცნობილია თავისი ჰუმანიტარული პროექტებით და ყოფილი საბჭოთა კავშირის კონფლიქტურ ზონებში სამხედრო ჟურნალისტური საქმიანობით. 1990-იან წლებში ის გროზნოდან იტყობინებოდა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების შესახებ.
„ხელისუფლებამ თავის თავს გამოუტანა განაჩენი“
ჩეხოსლოვაკიაში გარდამტეხი გამოდგა 1989 წლის 17 ნოემბრის დემონსტრაცია, უდიდესი საპროტესტო აქცია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ათასობით სტუდენტმა მოაწყო მშვიდობიანი მსვლელობა პრაღის ცენტრში, ვიდრე აქციის მონაწილეებს „ნაროდნი ტრჟიდას“ ქუჩაზე, გზას პოლიციის კორდონი გადაუღობავდა. სტუდენტები ანთებდნენ სანთლებს და გაიძახოდნენ, ჩვენ შიშველი ხელებით მოვედითო (ანუ, შეუიარაღებელი ვართო). მაგრამ პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებმა აქციის მონაწილეებს ჯერ გასაქცევი გზები გადაუკეტეს, მერე კი მათზე იერიში მიიტანეს.
„იცით, როგორც დღესაც ვფიქრობ, არ იყო აბსოლუტურად არავითარი საჭიროება ამ, ძალის გამოყენებისა. ამ ქუჩით, ნაროდნით, ჩვენ იძულებული გავხდით წავსულიყავით მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პოლიციამ ჩაკეტა ყველა სხვა გზა და გასასვლელი. ვფიქრობ, რომ ისინი იმან შეაშინა, რომ ჩვენ არ გვეშინოდა. ისინი შეაშინა იმან, რომ ჩვენ არ დავემორჩილეთ პოლიციის ბრძანებას. ლოზუნგები არ ყოფილა. იყო დაუმორჩილებლობა პოლიციის სულელური ბრძანებისადმი. ამან ისინი გააბრაზა და გამოიყენეს ძალა, რითაც ხელისუფლებამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ძალის ეს გამოყენება იმდენად უაზრო იყო, რომ ყველა მიხვდა, ისინიც კი, ვინც იმჟამინდელ ახალგაზრდულ კავშირებში იყვნენ გაწევრიანებული და სოციალისტური რეჟიმისადმი სიმპათიებს ჯერ კიდევ განიცდიდნენ, - რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და ჩვენ ვეღარ ავიტანდით ამ კომუნისტურ რეჟიმს, რომელსაც ეს მოძალადე პოლიცია განასახიერებდა“, - ჰყვება პეტრა პროხაზკოვა.
სხვადასხვა მონაცემით, ჩეხოსლოვაკიის უშიშროების ძალების და სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების შედეგად დაზარალდა 600 ადამიანი. არავინ დაღუპულა.
მეორე დღეს გაიფიცნენ პრაღის თეატრების თანამშრომლები, ხოლო სტუდენტებმა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების კამპუსები დაიკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრანტთა რიცხვი უკვე ასიათასობით განიზომებოდა.
24 ნოემბერს დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია. ვაცლავის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი შენობის აივნიდან შეკრებილთ მიმართა ცნობილმა დრამატურგმა და დისიდენტმა, ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა ვაცლავ ჰაველმა.
თანდათან საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, დემონსტრაციები პრაღის ერთ-ერთ უდიდეს პარკში - ლეტნაში - გადაეტანათ. 26 ნოემბერს, ვაცლავ ჰაველისა და ოპოზიციის სხვა ლიდერთა გამოსვლების მოსასმენად, ამ პარკში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
1989 წლის ბოლოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტი ლიდერები თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ. დეკემბერში მოწყობილ არჩევნებში გაიმარჯვა დისიდენტმა დრამატურგმა ვაცლავ ჰაველმა, რითაც დაიწყო დემოკრატიის აღდგენის პროცესი.
„ამის შემდეგ ყველაფერი, როგორც იტყვიან, თავისი გზით წარიმართა. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ცხადია, რაც შემდეგ ხდებოდა ქვეყანაში, ყველაფერი როდი მოგვწონდა მე და ჩემს მეგობრებს, ე.წ. პრაღელ ინტელექტუალებს, როგორც იმხანად გვიწოდებდნენ. მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ დღეს, 1989 წლის 17 ნოემბერს, პირველად ვიგრძენი, რომ შემიძლია ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ჩემი ხმა ისმის, სადაც ვიღაც არ მკარნახობს, თუ რა უნდა გავაკეთო, სადაც მაქვს არჩევანის უფლება. უბრალოდ, მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო და თუ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, ესეც ბუნებრივია. დემოკრატია ხომ ჩემი მოსამსახურე არ არის. დემოკრატია ნიშნავს, რომ შენ უნდა იბრძოლო იმისთვის, რაც გგონია, რომ სწორია მაგრამ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა“, - ამბობს პეტრა პროხაზკოვა, რომელიც ჟურნალისტური მივლინებით ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება და წელს პირველად ვერ მიიღო მონაწილეობა „ხავერდოვანი რევოლუციისადმი“ მიძღვნილ ხსოვნის მსვლელობაში.
ისევე, როგორც 32 წლის წინ, ეს მსვლელობა, პარასკევს დაიწყო ალბერტოვის რაიონში, სადაც მდებარეობს კარლის უნივერსიტეტის რამდენიმე სამეცნიერო კორპუსი. მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტია მდინარე ვლტავის სანაპიროზე მდებარე ვიშეჰრადის გორა. მარშმა, რომელიც „ნაროდნი ტრჟიდას“ ქუჩაზე დასრულდა, სტუდენტების იმ ლეგენდარული გამოსვლების მარშრუტი გაიმეორა, რომელმაც არა მხოლოდ ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში მისცა ძლიერი ბიძგი დემოკრატიულ პროცესებს.