რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომლის რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯერ ბიუროკრატიული ბარიერებით შეიზღუდა საბჭოთა სადამსჯელო ორგანოების არქივებზე წვდომა, შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებით, ბოლოს კი კრიმინალიზებითა და მკვლევრების სისხლისსამართლებრივი დევნით. პუტინმა ფაქტობრივად სრულად ჩაკეტა ЧК–ОГПУ–НКВД–МГБ–КГБ-ს (საგანგებო კომისია, გაერთიანებული მთავარი პოლიტიკური სამმართველო, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) არქივები სტალინური რეპრესიების მკვლევრებისთვის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ყოფილ საკავშირო რესპუბლიკაში, მათ შორის რუსეთშიც, დაიწყო ე.წ. საარქივო რევოლუციის პერიოდი, როდესაც ჯერ რეპრესირებულთა ნათესავებმა, შემდეგ კი მკვლევრებმა მიიღეს წვდომა პოლიტიკური დევნის საქმეებზე. თუმცა თავისი მმართველობის 26 წლის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინმა რუსეთი დააბრუნა „გამოგონილი ისტორიის“ სივრცეში, ხოლო ის ისტორიკოსები, რომლებიც პროპაგანდისტებად არ იქცნენ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და რეპრესიების მსხვერპლად აქცია.
ეკატერინბურგელი ისტორიკოსი და მხარეთმცოდნე ოლეგ ნოვოსელოვი, რომელიც ურალში პოლიტიკური რეპრესიების ისტორიას იკვლევდა, რამდენიმე დღის წინ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა 66.ru წერს ეკატერინბურგის ვერხ-ისეტსკის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ნოვოსელოვს ბრალად ედება „ტერორისტული საქმიანობისკენ მოწოდება ან გადაბირება“, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2026 წლის 28 აპრილიდან ისტორიკოსი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში ირიცხება.
რისთვის?
37 წლის ოლეგ ნოვოსელოვი არქივებში იკვლევდა სტალინის ეპოქაში რეპრესირებულთა საქმეებს და 2021 წლიდან მართავდა Telegram-არხს Репрессии в Свердловске („რეპრესიები სვერდლოვსკში“), სადაც თავისი ბოლო პოსტი 20 აპრილს გამოაქვეყნა:
„გუშინ ჩემს მშობლიურ ტომსკში აიღეს „გლოვის ქვა“ — პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი. და ეს იმ ქალაქში, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი რეპრესირებულთა შთამომავალია. მათ შორის — რუსი გერმანელებისაც.“
2025 წლის ოქტომბერში სწორედ ნოვოსელოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის რამდენიმე რეგიონში არქივებმა რეპრესირებულთა საქმეების გაცემა შეწყვიტეს.
უარის მიზეზად სახელდებოდა „როსარქივის“ 2025 წლის მარტის №38 ბრძანება, რომლის თანახმადაც, ეს დოკუმენტები შეიცავენ „შეზღუდული გავრცელების სამსახურებრივ ინფორმაციას“ და მათი გავრცელება კი „რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის პოტენციური საფრთხეა“.
„ახლა თუ რომელიმე საქმეს გამოვითხოვ, აღარ მომცემენ არცერთი ფორმით. ზეპირად მითხრეს, რომ დაეყრდნობიან „როსარქივის“ მარტის განკარგულებას. მაშინვე ვკითხე არქივის თანამშრომლებს: როგორ შეიძლება ამგვარი ქვემდებარე აქტი ფედერალურ კანონზე მაღლა იდგეს? ეს ხომ აბსურდია. ფედერალური კანონის დარღვევა საერთოდ დანაშაულია“, — ამბობდა მაშინ მკვლევარი.
„დადიოდა არქივებში, იქექებოდა ისტორიაში“
ეკატერინბურგის „მემორიალის“ საბჭოს წევრი ანატოლი სვეჩნიკოვი ამბობს, რომ ნოვოსელოვი არასოდეს ყოფილა ამ ორგანიზაციის წევრი და მას დამოუკიდებელ მკვლევრად მოიხსენიებს:
„განსაკუთრებით აინტერესებდა შემთხვევები, როდესაც რეპრესიების მანქანა თავად ჩეკისტებსაც უსწორდებოდა. ბევრს წერდა შინსახკომის თანამშრომლებზე, რომლებიც საკუთარი სისტემის მსხვერპლნი გახდნენ. საერთოდ კი, დიდი ხანია მიმდინარეობს ბრძოლა ისტორიკოსებისა და ისტორიის წინააღმდეგ. ნოვოსელოვის დაპატიმრება ამ ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდია. ყველაფერი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ინფორმაციის სრულად დახურვისკენ მიდის. ეს საქმეები რეპრესირებულთა ნათესავებისთვისაც კი მიუწვდომელი იქნება. სავარაუდოდ, ადამიანებს მხოლოდ საქმის პირველ ორი-სამ და ბოლო გვერდებს აჩვენებენ. ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლებისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულად დამალონ როგორც დამსმენების, აგრეთვე მწამებელ გამომძიებელთა სახელები“.
ეკატერინბურგში ამჟამად მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი ურალის ისტორიულ-გენეალოგიური (საგვარტომო) საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის, იური კონოვალოვის, წინააღმდეგ. ოფიციალურად მკვლევარს ასამართლებენ იმისთვის, რომ თითქოს არქივში დოკუმენტებს ფოტო გადაუღო, მაგრამ საჭირო თანხა არ გადაიხადა, რითაც „მატერიალური ზარალი მიაყენა სვერდლოვსკის ოლქის არქივს“. თავდაპირველად ზარალი ასობით ათას რუბლად იყო შეფასებული, მოგვიანებით კი ათეულობით მილიონამდე (1 მლნ რუბლი - 14 ათასი $) გაიზარდა.
ოლეგ ნოვოსელოვი შესაძლოა სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში მხოლოდ დიდი ტერორის ეპოქის კვლევების გამო არ მოხვდა. 2024 წლის 8 დეკემბერს, იმ დროს, როცა რუსეთში ნებისმიერი, თუნდაც ერთი კაცის პიკეტიც კი იდევნებოდა, ნოვოსელოვი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (ლენინის ძეგლთან) გამოვიდა პლაკატით, რომელიც შეახსენებდა საზოგადოებას, რომ 38 წლის წინ ჩისტოპოლის ციხეში გარდაიცვალა უფლებადამცველი ანატოლი მარჩენკო.
ანატოლი მარჩენკო - დისიდენტი, უფლებადამცველი, მწერალი. პირველად ციხეში 1958 წელს მოხვდა. ბრალი წაუყენეს ჩხუბის გამო, რომელშიც ის არ მონაწილეობდა. ერთი წლის შემდეგ ციხიდან გაიქცა და საბჭოთა კავშირი-ირანის საზღვრის გადაკვეთა სცადა. დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს „სამშობლოს ღალატისთვის“. პირველი პატიმრობის შემდეგ დაწერა დოკუმენტური წიგნი საბჭოთა პოლიტპატიმრების შესახებ "ჩემი ჩვენება". სსრკ-ში წიგნი ვრცელდებოდა სამიზდატში, დასავლეთში კი ყველა ევროპულ ენაზე ითარგმნა. სიცოცხლის განმავლობაში მარჩენკო ექვსჯერ გაასამართლეს. 1981 წლის სექტემბერში მიესაჯა 10 წლით პატიმრობა და 5 წლით გადასახლება რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ("ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა") ჩადენის გამო. 1986 წლის აგვისტოში მარჩენკომ შიმშილობა დაიწყო სსრკ-ში ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით. საპროტესტო აქცია 117 დღეს გაგრძელდა. 1986 წლის 8 დეკემბერს იგი გარდაიცვალა ქალაქ ჩისტოპოლის (თათრეთის ასსრ) საავადმყოფოში.
გარდა ამისა, მხარეთმცოდნე ნოვოსელოვი მშობლიურ ქალაქში ექსკურსიებსაც აწყობდა და მათი მსვლელობისას აუცილებლად ჰყვებოდა სვერდლოვსკში (ეკატერინბურგი) დიდი ტერორის (როგორც მსხვერპლთა, ისე ჯალათთა) ისტორიას.
სტალინური ეპოქის შესახებ საკუთარ Telegram-არხზე წერისას ნოვოსელოვი ხშირად ავლებდა პირდაპირ პარალელებს დღევანდელ მოვლენებთან. მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში ის წერდა:
„დღეს ვნახე დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუბრუნდნენ საომარი მოქმედებების ვეტერანები მშვიდობიან ცხოვრებას და რა როლი შეიძლება ითამაშონ მათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საბჭოთა ისტორიაში არსებობს ერთი მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად დავიწყებულია და პროფესიონალ ისტორიკოსებს სათანადოდ არ შეუსწავლიათ (შესაძლოა ვცდები, მაგრამ მსგავსი ნაშრომები არ შემხვედრია) - ეს არის საზოგადოება „წითელი პარტიზანების” ისტორია.“
ოლეგ ნოვოსელოვის თქმით, ეს საზოგადოება 1920-იან წლებში შეიქმნა ურალში და მას დაახლოებით ისეთივე სტატუსი ჰქონდა, როგორიც „ძველ ბოლშევიკებსა“ და „პოლიტკატორღელებს“ — მრავალ შეღავათზე წვდომით, იქნებოდა ეს საცხოვრებლის მიღება, სპეციალური მომარაგების სისტემით სარგებლობა, სანატორიუმების საგზურები, სამედიცინო მომსახურება და სხვა.
თუმცა, როგორც ნოვოსელოვი წერს, დროთა განმავლობაში „წითელ პარტიზანებში“ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სტალინის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. 1930-იან წლებში მათი დიდი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
ეკატერინბურგელი ყოფილი მაღალჩინოსანი (უსაფრთხოების მიზნით მისი სახელი არ სახელდება) ამბობს, რომ ნოვოსელოვი მხოლოდ ბლოგერი კი არა, სერიოზული მკვლევარიც იყო.
“მას თითქმის დასრულებული ჰქონდა დიდი წიგნი ურალში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ. ვფიქრობ, ესეც მისი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზია, - ვარაუდობს რესპონდენტი, - ამასთან, გამოცემა 66.ru-მ, რომელმაც პირველმა დაწერა ოლეგ ნოვოსელოვის დაპატიმრების შესახებ, ერთი უზუსტობა დაუშვა: მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ურალის „მემორიალთან“, რომელმაც რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შემდეგ საქმიანობა შეწყვიტა. ნოვოსელოვი სრულიად დამოუკიდებელი მკვლევარი იყო".
ეკატერინბურგელი ისტორიკოსი ნიკოლაი (სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით) ასევე ძალიან აფასებს ნოვოსელოვის კვლევით საქმიანობას:
„ის სისტემატურად დადიოდა არქივში, ითხოვდა რეპრესირებულთა საქმეებს, აგროვებდა ინფორმაციას, იკვლევდა და ადგენდა რთულ კავშირებს. მიღებულ მასალებს საკუთარ არხზე აქვეყნებდა. ხანდახან „მემორიალის“ აქციებზეც დადიოდა. მაგალითად, იყო ღონისძიებაზე „სახელების დაბრუნება“, ბოლოს კი ორი-სამი კვირის წინ ვნახე ევგენი როიზმანის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. ოლეგიც რიგში იდგა წიგნით ხელში ავტოგრაფის მისაღებად. ცოტა ვისაუბრეთ. ეს მის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ის ფაქტი, რომ მას ტერორისტული საქმიანობისთვის ადამიანების გადაბირებაში ედავებიან, დღევანდელი რუსეთის პირობებშიც კი შოკისმომგვრელია. შესაძლოა, ოდესღაც ჰქონდა ურთიერთობა რომელიმე ორგანიზაციასთან, რომელიც მოგვიანებით „არასასურველად“ ან „ტერორისტულად“ გამოაცხადეს... დღეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვით „მემორიალიც“ კი ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნეს”.
ნიკოლაის იმედი აქვს, რომ „მემორიალთან“ კავშირს მაინც არ „შეტენიან“, რადგან ახალგაზრდა მეცნიერი ყოველთვის „მარტოხელა მგელი” იყო და არცერთ ორგანიზაციას არ ეკუთვნოდა: „ძალიან მინდა მისი მხარდაჭერა, წარმომიდგენია, რამდენად რთულია მისთვის ახლა. ამჟამად მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. როგორც ჩანს, დაცვის მხარემ დუმილის ტაქტიკა აირჩია, თუმცა, ჩემი აზრით, ასეთ საქმეებში თუ რამე მაინც ეხმარება ადამიანს, ეს სწორედ საჯაროობაა”.
ჟურნალისტი დმიტრი კოლეზევი, რომელიც ომამდე ეკატერინბურგულ გამოცემას, It's My City-ს, ხელმძღვანელობდა, წერს, რომ ოლეგ ნოვოსელოვს „მხოლოდ ვირტუალურად“ იცნობდა, თუმცა მის Telegram-არხს მუდმივად ადევნებდა თვალს.
2024 წლის ივლისში გამოცემამ გამოაქვეყნა ნოვოსელოვის რეპორტაჟი ურალის სოფელ პოლდნევიდან, სადაც 1500-მდე მაცხოვრებელია და 12 წლის წინ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ამასთან, სოფლის მოსახლეობამ მემორიალი საკუთარი სახსრებით ააგო 1938 წლის 9 თებერვლის ტრაგიკული მოვლენების ხსოვნის ნიშნად - სოფელში 46 მამაკაცი დააპატიმრეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ, 7 მარტის ღამეს, ყველა მათგანი დახვრიტეს. ამ სტატიაში ნოვოსელოვი დეტალურად აღწერდა "შინსახკომის" იმ თანამშრომლების ბედსაც, რომლებიც პოლდნევაში მოწყობილ რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
„ჩემი წარმოდგენით, ის თავად იყო ერთგვარი „მემორიალი“ — ადამიანი, რომელიც მარტო, ენთუზიაზმის ხარჯზე უზარმაზარ საქმეს აკეთებდა რეპრესიების შესასწავლად და მეხსიერების შესანარჩუნებლად, მაგრამ დღეს „მემორიალიც“ აკრძალულია და ოლეგიც ციხეშია“, — დაწერა დმიტრი კოლეზევმა.
„ამხანაგ სტალინის ბრალი არ არის“
საერთაშორისო ასოციაცია „მემორიალის“ მმართველობის წევრი სერგეი კრავენკო მიიჩნევს, რომ ნოვოსელოვის საქმე სრულად ჯდება იმ საერთო პოლიტიკაში, რომელიც დიდი ტერორის ეპოქის პატიოსანი მკვლევრების დევნას ისახავს მიზნად:
„ის მოხვდა იმ ტალღაში, რომლის მიზანია, გაისრისოს ყველა და ყველაფერი „მემორიალთან“ და იმ ადამიანებთან დაკავშირებული, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს იკვლევენ. სახელმწიფო პოლიტიკა დღეს მიმართულია რეპრესიების ხსოვნის სრულ წაშლაზე. ხოლო მას შემდეგ, რაც ურალის „მემორიალი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა, ადგილობრივმა ძალოვნებმა, ალბათ, გადაწყვიტეს თავი გამოეჩინათ — თითქოს, ამ საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი „ექსტრემისტული უჯრედი“ აღმოაჩინეს”.
საკუთარ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერში ნოვოსელოვი წერდა:
„ხმამაღალი ფიქრები... მახსოვს, ბავშვობაში ძალიან მიკვირდა, როცა ბებიები ჰყვებოდნენ, როგორ წვავდნენ ოჯახებში წერილებს, დღიურებსა და ნათესავების ფოტოებს, რომლებიც „ექსტრემისტებად“ იყვნენ გამოცხადებული. „ჩაედოთ ზარდახშაში და დაემალათ მიწაში უკეთესი დროის მოლოდინში, როგორც განძი“, - ვფიქრობდი მაშინ პატარა მე. მრავალი წელი გავიდა და ახლა უკვე ჩვენ ერთმანეთს აკრძალულ მესენჯერებში ვაძლევთ რჩევებს, რომელი შეტყობინებები, ბმულები და ფოტოები უნდა წავშალოთ და რა სახის მარკირება დავურთოთ მათ.
„თავისუფლება თუ უსაფრთხოება?“ — კითხულობს ინტერვიუს ბოლოს ერთი ცნობილი ჟურნალისტი ქალი.
მე კი სხვაგვარად დავსვამდი კითხვას: უსაფრთხოება თუ საკუთარი თავის პატივისცემა?“
უფლებადამცველების თქმით, რუსეთში მიმდინარეობს „რეპრესიების ხსოვნის (მეხსიერების) სრულად წაშლის სახელმწიფო პოლიტიკა“. 2021 წლის ბოლოს რუსეთში „მემორიალის“ დახურვა და დამოუკიდებელი ისტორიკოსების დაპატიმრებები ნაწილია ერთი და იმავე პროცესისა - სტალინიზმისა და სსრკ-ის სადამსჯელო ორგანოების რეაბილიტაციისა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" აკვირდება რუსეთში ისტორიკოსების დევნას და მოითხოვს პოლიტპატიმრებად აღიარონ ის მკვლევრები, რომელთა წინააღმდეგაც ბრალდებები სრულად გაყალბებულია და რომლებიც სასჯელს იხდიან არჩადენილი დანაშაულისთვის. ასეთ მეცნიერთა შორის ყველაზე ცნობილები არიან:
იური დმიტრიევი — კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელი, შინსახკომის სასაკლაოების (სადაც ხვრეტდნენ ადამიანებს) — სანდარმოხისა და კრასნი ბორის - აღმომჩენი. მას 15 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით. „მემორიალმა“ იური დმიტრიევი პოლიტპატიმრად აღიარა.
სერგეი კოლტირინი — კარელიის მედვეჟიეგორსკის მუზეუმის დირექტორი და დმიტრიევის კოლეგა, რომელიც სანდარმოხში დახვრეტილთა ხსოვნას იცავდა. მასაც იმავე მუხლით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2020 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ალექსანდრ ჩერკასოვი და „მემორიალის“ მმართველობის სხვა წევრები — ისტორიკოსები, რომლებსაც ბრალად ედებათ „არმიის დისკრედიტაცია“, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა“ და „ექსტრემიზმი“. მათმა უმრავლესობამ რუსეთის დატოვება მოასწრო, ხოლო დარჩენილთა წინააღმდეგ (მათ შორის ოლეგ ორლოვი) სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
იური კონოვალოვი — ურალის ისტორიულ-გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ბრალდებულია „მოტყუების გზით ქონებრივი ზიანის მიყენებაში“ (არქივის დოკუმენტებს გადაუღო ფოტოები შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშე). ამჟამად სასამართლოს წინაშეა, ხოლო სვერდლოვსკის ოლქის არქივისთვის მიყენებული სავარაუდო ზარალის ოდენობა უკვე ათეულობით მილიონ რუბლამდეა გაზრდილი.
„მემორიალში“ აღნიშნავენ, რომ იმ ისტორიკოსებისა და მოქალაქეების რეალური რაოდენობა, რომლებიც არქივებში რეპრესირებული ნათესავების შესახებ სიმართლის ძიების გამო იდევნებიან (მათ შორის სისხლისსამართლებრივადაც), ოფიციალურად გამოცხადებულზე ბევრად მეტია.
კრიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს საბჭოთა რეპრესიების შესახებ ინფორმაციის კონტროლს და ისტორიული მეხსიერების ფორმირებაზე სახელმწიფოს გავლენის გაძლიერებას. რუსეთის ხელისუფლება კი ამ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების, კანონმდებლობის დაცვისა და ისტორიული ინფორმაციის გამოყენების რეგულირების აუცილებლობით ხსნის.
მრავალი ისტორიკოსისა და უფლებადამცველის შეფასებით, თანამედროვე რუსეთში შეინიშნება ტენდენცია, როდესაც სტალინური ეპოქის ზოგიერთი მაღალი რანგის ფიგურა უფრო დადებით ან „ეფექტიან სახელმწიფო მოღვაწეებად“ წარმოჩინდება, ხოლო მათი მონაწილეობა მასობრივ რეპრესიებში მეორეხარისხოვან თემად იქცევა.
ფორუმი