Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დისკომბობულატორი“ - რა არის „საიდუმლო იარაღი“, რაც, ტრამპის თქმით, მადუროს აყვანისას გამოიყენეს


„დისკომბობულატორი - ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
„დისკომბობულატორი - ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ-ერთ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციისას ამერიკელმა სამხედროებმა საიდუმლო იარაღი გამოიყენეს.

დონალდ ტრამპმა 24 იანვარს გამოცემა New York Post-თან ინტერვიუში თავად ახსენა საიდუმლო იარაღი, რომელიც მოიხსენია, როგორც „დისკომბობულატორი“.

აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ტერმინი და როგორ და რატომ უკავშირებენ მედიაში მას „ჰავანის სინდრომთან“, - მოვლენასთან, რომელიც, 2024 წლის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისშიც დაფიქსირდა.

„დისკომბობულატორი“ - „საუბრის უფლება არ მაქვს“

გამოცემის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ როდესაც ამერიკული ვერტმფრენები 3 იანვარს კარაკასში ჩაფრინდნენ, – რათა მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დაეპატიმრებინათ, – შტატების ჯარისკაცების მიერ გამოყენებულმა საიდუმლო იარაღმა მოწინააღმდეგის „აღჭურვილობა მწყობრიდან გამოიყვანა“.

სწორედ აქ ახსენა იარაღის დასახელებაც: „დისკომბობულატორი. ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს“, - უთხრა ტრამპმა Post-ს ოვალურ კაბინეტში ექსკლუზიურ ინტერვიუს დროს.

თქვა, ამაზე სიამოვნებით ვილაპარაკებდიო, თუმცა, გამოცემის ცნობითვე, დაადასტურა საიდუმლო იარაღის გამოყენება სპეცოპერაციისას.

„მათ რაკეტების გაშვება ვერ მოახერხეს. კი, რუსული და ჩინური რაკეტები ჰქონდათ, მაგრამ ვერცერთის გაშვება ვერ მოახერხეს. ჩვენ შევედით, ისინი ღილაკებს კი აჭერდნენ, მაგრამ არაფერი მუშაობდა. ფაქტობრივად, „გამზადებულები“ იყვნენ [რომ აგვეყვანა]“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი.
  • ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.

ტრამპმა ამ საკითხზე მაშინ ისაუბრა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა 2026 წლის იანვარში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, - ცნობების თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საიდუმლოდ შეიძინა იარაღი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევდა იმას, რასაც „ჰავანას სინდრომს“ უწოდებენ.

„ჰავანის სინდრომი“

„ჰავანის სინდრომი“ ეწოდება ჯერაც ოფიციალურად დაუდგენელ დაავადებას, რომლის დადასტურებული შემთხვევებიც, ძირითადად, შეერთებული შტატების თანამშრომლებს, - თეთრი სახლის თანამშრომლებს, დიპლომატებს, უსაფრთხოების ოფიცრებს, მათი ოჯახის წევრებს, - აღენიშნებათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

  • სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პირველად 2016-17 წლებში კუბის დედაქალაქ ჰავანაში, აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა (ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-მა და კუბამ ურთიერთობები აღადგინეს).
  • „ჰავანის სინდრომი“ საკამათო საკითხად ითვლება.
  • კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში დასრულებული კვლევის თანახმად, დაავადებას აქვს „ძირითადი მახასიათებლების უნიკალური კომბინაცია, რომელიც ვერ აიხსნება ამ დროისთვის ცნობილი სამედიცინო მდგომარეობით ან გარეფაქტორით, და შესაძლოა, გარე სტიმულებით იყოს გამოწვეული“.

2023 წლის მარტში აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ეს სინდრომი „უცხოელი მეტოქის“ ქმედებებით იყოს გამოწვეული.

2024 წელს The Insider-ის, Der Spiegel-ისა და PBS-ის ჟურნალისტური გამოძიება შეეცადა ეჩვენებინა, რომ „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება ერთსა და იმავე კვალს მიჰყვებოდეს და ეს კვალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ელიტურ ქვედანაყოფამდე - Unit 29155-მდე - მიდიოდეს.

  • იმ შემთხვევებში, სადაც ადამიანები „ჰავანის სინდრომს“ უჩიოდნენ, ჟურნალისტებმა – მათ შორის მაიკლ ვაისმა და ხრისტო გროზევმა – მოიპოვეს ცნობები, რომ ზუსტად იმ დროს შესაბამის ქალაქებში UNIT 29155-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ;
  • რუსეთის სამხედრო დაზვერვა - ГРУ (GRU/გრუ) - დიდი ხნის განმავლობაში ცდიდა „არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციურ შესაძლებლობას“, - და სწორედ ამის შედეგია „ჰავანის სინდრომის“ მრავალი შემთხვევა.
  • ამავე ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ თბილისშიც დაფიქსირდა - ეს ამბავი გადახდა საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამდებობის პირის ცოლს; საქმეში კი ფიგურირებდა ГРУ-ს აგენტი, ალბერტ ავერიანოვი – 29511 ქვედანაყოფის დამფუძნებლის, ანდრეი ავერიანოვის ვაჟი.

„ბაიდენის დროს შეიძინეს“

2026 წლის 13 იანვარს გამოცემა CNN-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც ამერიკის ხელისუფლებიდან ოთხი ინფორმირებული, ანონიმური წყარო ამბობს, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლოს შეიძინა მოწყობილობა, რომელსაც გამომძიებლები „ჰავანის სინდრომთან“ აკავშირებდნენ.

წყაროების ცნობით, მოწყობილობა შეიძინეს „მილიონობით დოლარად“ - ზუსტ რიცხვს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ თანხა „რვაციფრიანია“.

მათ თანახმადვე, მოწყობილობას კვლავ სწავლობენ და კვლავ კამათობენ იმის შესახებ, აქვს თუ არა მართლაც კავშირი იმასთან, რასაც „ჰავანის სინდრომს“ უწოდებენ. CNN-ი წერს, რომ ერთ-ერთი წყაროს თანახმად:

  • „ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მიერ შესყიდული მოწყობილობა გამოყოფს პულსირებულ რადიოტალღებს, - რაც, როგორც ზოგიერთი ჩინოვნიკი და მკვლევარი წლების განმავლობაში ვარაუდობდა, შესაძლოა იწვევდეს აღწერილ ინციდენტებს;
  • მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა მთლიანად რუსული წარმოშობის არ არის, ის რუსულ კომპონენტებს შეიცავს“.

CNN-ი ასევე წერს, რომ მისთვისაც არ არის ცხადი, თუ როგორ შეიტყო აშშ-ის მთავრობამ მოწყობილობის არსებობის შესახებ და როგორ მოახერხა მისი შესყიდვა.

15 იანვარს წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა CNN-ის სტატიაზე დაყრდნობით მიმართეს DHS-ს და მოსთხოვეს განმარტება, რატომ, როგორ, საიდან და რა ფასად შეიძინეს ეს მოწყობილობა და რა აჩვენა მას შემდეგ მიმდინარე ტესტირებებმა.

„სიმპტომები ემთხვევა“

დონალდ ტრამპის ინტერვიუს შემდეგ New York Post-მა გაიხსენა თეთრი სახლის პრესმდივნის, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტის პოსტი პლატფორმა X-ზე, სადაც ის აზიარებს, სავარაუდოდ, მადუროს დაცვის წევრის (ასევე ანონიმურ) მონათხრობს.

ამ წყაროს თანახმად, ოპერაციისას შტატებმა „რაღაც გამოიყენა“, „რაღაც „ძალიან ინტენსიური ბგერითი ტალღის მსგავსი“:

„უცებ ვიგრძენი, თითქოს თავი შიგნიდან მიფეთქდებოდა“, - თქვა მან. - „ყველას ცხვირიდან სისხლდენა დაგვეწყო. ზოგი სისხლს აღებინებდა. მიწაზე დავეცით, ვერ ვმოძრაობდით“.

CNN-ი წერს, რომ ეს მონათხრობი დამოუკიდებლად გადამოწმებული არ აქვთ.

„ჰავანის სინდრომის“ ძირითადი სიმპტომები კი არის:

  • ძლიერი და ქრონიკული თავის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა (ვერტიგო) და წონასწორობის დაკარგვა;
  • გულისრევა;
  • სმენითი პრობლემები და ტინიტუსი (ხმაური სიჩუმეში);
  • კოორდინაციის დარღვევა;
  • უძილობა და ხანგრძლივი ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემები.

New York Post-თან ტრამპის ინტერვიუს შემდეგ CNN-ს კიდევ ერთმა წყარომ მოქმედი ადმინისტრაციიდან განუცხადა, რომ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ერთმანეთში აერია ამერიკელი სამხედროების სხვადასხვა შესაძლებლობა.

რას ნიშნავს „დისკომბობულატორი“

სანამ ამ „საიდუმლო იარაღს“ უწოდებდნენ - ასეთი ტერმინი არ არსებობდა.

ის ნაწარმოებია სიტყვა „დისკომბობულირებისგან“/„დისკომბობულაციისგან“.

Dictionary.com-ის თანახმად, ეს სიტყვა პირველად 1800-იან წლებში გამოიყენეს და მას, სავარაუდოდ, იუმორისტული საწყისები აქვს, რადგან „ფსევდო-ლათინური“ ჟღერადობით გამოირჩევა.

მერიამ-ვებსტერის ლექსიკონის თანახმად, ეს სიტყვა – „დისკომბობულაცია“ (discombobulate) – ნიშნავს „დაბნევას“, „დეზორიენტირებას“.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG