Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიგნალია რუსეთის ბირთვული წვრთნები ბელარუსში — რეალური მუქარა თუ ფსიქოლოგიური ოპერაცია უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ? 

ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ბირთვული პოტენციალი (ფოტოკოლაჟი).
ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ბირთვული პოტენციალი (ფოტოკოლაჟი).

რუსეთმა დაასრულა სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბური სამდღიანი სწავლება, რომელშიც ჩართული სამხედროების რაოდენობა (64 ათასი ადამიანი), სავარაუდოდ, მასშტაბით აღემატება 2019 წლის წვრთნას, რომელიც რუსეთის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო მანევრებად მიიჩნეოდა.

19 მაისს ბელარუსში დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობდა სრული ბირთვული ტრიადა: კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, ატომური წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები — ჯამში 140 თვითმფრინავი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი.

სამხედრო ექსპერტთა თქმით, მსგავსი მანევრები რუსეთში რეგულარულად, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო სწავლება 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა, თუმცა ამჯერად მასში მონაწილეობდა ბელარუსი, სადაც ლუკაშენკას ხელისუფლებამ 19 რაიონში ჩაკეტა ტყეები, რომელთა დიდი ნაწილი უკრაინას, პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სწავლების ფარგლებში რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე „საველე საცავებში“ გადაიტანა ბირთვული საბრძოლო მასალები. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც აღნიშნა, რომ სწავლების დროს რუსეთმა და ბელარუსმა დაამუშავეს იმ რუსული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხები, რომლებიც, კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული. სამინისტროს მტკიცებითვე, ასევე შემოწმებული იქნა ბირთვული იარაღით აღჭურვილი დანაყოფების მზადყოფნა, წინასწარი მომზადების გარეშე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან გაუშვან რაკეტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამხედრო სატვირთო ავტომობილები ტყეში გრუნტის გზებზე გადაადგილდებიან, შემდეგ კი ჭექა-ქუხილის ფონზე ცლიან ტვირთს — ბოლო კადრებში ჩანს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი “ისკანდერი”. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, სამხედროები „ისკანდერ-М“-ის რაკეტა-მატარებლებით აღჭურავენ და ფარულად გადიან დანიშნულების პუნქტზე, რათა რაკეტის გაშვებებისთვის მოემზადონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სწავლების ფარგლებშიც იგეგმებოდა ბელარუსთან ერთად ბირთვული იარაღის გამოყენების დამუშავება — იმ ბირთვული იარაღისა, რომელიც, რუსეთის მტკიცებით, ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული. რუსეთმა, მოსკოვის მტკიცებით, ბელარუსს გადასცა სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“, რომლებსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ — როგორც უშუალოდ საბრძოლო ველზე გამოსაყენებლად, ისე შორეულ ობიექტებზე შეზღუდული დარტყმების განსახორციელებლად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში „გლობალური უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდეს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებასა და რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ ბირთვულ სწავლებებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ, 21 მაისს შვედეთში გამართულ უკრაინა-ნატოს საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე მოკავშირეების კოლეგა მინისტრებს ბელორუსიიდან მომავალი მზარდი საფრთხეების შესახებ აცნობა, რის შესახებაც სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა:

“მოკავშირეებს ვაცნობე ბელარუსიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ და მოვუწოდე, მიიღონ შესაბამისი ზომები შეკავებისა და იმ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც მოსკოვსა და მინსკს აგრესიის გაფართოების საშუალებას არ მისცემენ.

უკრაინა აღარ არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ დახმარებას ითხოვს; ჩვენ უკვე ვართ უსაფრთხოების პროცესის კონტრიბუტორი, დონორი და პარტნიორი, რომელიც მზად არის მოკავშირეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

თავდაცვაზე გაზრდილი ხარჯები მშვიდობის გარანტიას წარმოადგენს და მე მოვუწოდებ ნატოს თითოეულ წევრ ქვეყანას, შეიტანოს წვლილი უკრაინის თავდაცვაში. ეს ინვესტიცია ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში მშვიდობას ყველაზე მეტ დივიდენდს მოუტანს”.

სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სწავლებების საფარქვეშ ბელარუსისა და რუსეთის არმიებმა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან და ლატვიისა და ლიეტუვის მახლობლად, სწორედ იმ ტყეებში, რომლებიც მოქალაქეებისთვის დაიხურა, სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერება დაიწყონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, უკრაინულ პორტალ „მილიტარნისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის მხრიდან საფრთხე რეალურია.

„არსებობს ტენდენცია, რომ ფრონტის ხაზი გაიზარდოს: თქვენ იცით, ჩვენი დაზვერვის ბოლო მონაცემები და უკრაინის პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებები ბელარუსის მიმართულებიდან მომდინარე რუსულ საფრთხეზე. უკრაინის ჩრდილოეთიდან შესაძლო ოპერაციების საფრთხე რეალურია. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ რუსეთის გენშტაბი ამჟამად აქტიურად ითვლის და გეგმავს ჩრდილოეთიდან შეტევითი მოქმედებების ოპერაციებს“, — განაცხადა გენერალმა სირსკიმ.

ოლიაქსანდრ სირსკი
ოლიაქსანდრ სირსკი

კიევი შესაბამის ზომებსაც იღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს აქვს პრევენციული მოქმედების შესაძლებლობა:

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, პრევენციულად ვიმოქმედოთ რუსეთის იმ ტერიტორიის მიმართ, საიდანაც შესაძლოა საფრთხეები მოდიოდეს, ასევე ბელარუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც ფხიზლად უნდა იყოს — ანუ მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევს ახსოვს, „რომ 2022 წელს შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდანაც ხორციელდებოდა“ და იცის, „რა საფრთხეები არსებობს და როგორ უნდა მოხდეს მათზე რეაგირება“.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ), ბელარუსში მიმდინარე წვრთნების პარალელურად, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ხუთ რეგიონში (ჩერნიგივის, კიევის, ჟიტომირის, ვოლინოს, რივნეს ოლქებში) უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ბელარუსთან საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობებს ამაგრებს და დამატებით ტერიტორიას ნაღმავს.

რატომ გამართეს რუსეთმა და ბელარუსმა ბირთვულ სწავლება სწორედ ახლა — მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა მოსკოვზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს და რუსეთის სპეცსამსახურებმა ბალტიის ქვეყნები დაადანაშაულეს იმაში, რომ თითქოს ისინი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გაშვებაში ეხმარებიან? სინამდვილეში რა ხდებოდა ბელარუსში მიმდინარე ბირთვულ სწავლებებზე?

რადიო თავისუფლების პროექტი The CurrentTime ბელარუსში გამართულ „ბირთვულ სწავლებაზე“ ესაუბრა ულადიმირ ჟიგარს — ინიციატივა BELPOL-ის წარმომადგენელს.

BELPOL აერთიანებს ბელარუსის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და თავდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უარი თქვეს ლუკაშენკას რეჟიმთან თანამშრომლობაზე. ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია, ბელარუსში ვითარების მონიტორინგით არის დაკავებული, მათ შორის ბელარუსის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით.

ჟიგარი არ გამორიცხავს, რომ რუსეთისა და ბელარუსის ბირთვული სწავლებები უფრო უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების დაშინებაზე იყოს გათვლილი, ვიდრე ორი ქვეყნის რეალური სამხედრო-ბირთვული თანამშრომლობის დამუშავებაზე.

„როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ ბელარუსში მსგავსი რამ ტარდებოდა, რუსმა სამხედროებმა დაინახეს, რომ ბელარუსელი კოლეგები ასეთი ტიპის (ბირთვულ) იარაღთან მუშაობისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ.“

ულადიმირ ჟიგარის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ბირთვული სწავლება ისე ჩატარდა, რომ რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტროებს მის შესახებ ძალიან ცოტა ვიდეო და ფოტო გამოაქვეყნა.

“ვიდეოებისა და ფოტოების სიმცირე, შესაძლოა, იმით აიხსნებოდეს, რომ ამ სწავლებებზე რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა — უბრალოდ გარკვეული მანევრები დამუშავდება. ამიტომ ამ სწავლებების ეფექტი შესაძლოა უფრო ფსიქოლოგიური იყოს: ეს შეიძლება იყოს ერთგვარი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია. არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნატოს ქვეყნების წინააღმდეგაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ BELPOL-ს არ აქვს არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღია განთავსებული. ჩვენ ამას ვამოწმებდით, ვეძებდით, ვაკვირდებოდით, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს“.

ულადიმირ ჟიგარის თქმით, რუსეთის ბირთვული იარაღი მართლა რომ იყოს ბელარუსში, ამისთვის აუცილებელი იქნებოდა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საკმაოდ დიდი რაოდენობის შეყვანა, რადგან ბელარუსში სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები არ არსებობს.

„ამ იარაღის მართვა, მისი ტექნიკური შემოწმება, კონტროლი, თუნდაც საცავიდან (ბოქსებიდან) გამოტანა — ეს ყველაფერი რუს სამხედროებს უნდა გაეკეთებინათ", - ამბობს ჟიგარი, - "თუმცა ბოლო წლებში ბელარუსის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მსგავსი გადაადგილება არ დაფიქსირებულა. ასევე არ დასტურდება „ორეშნიკის“ ბელარუსის ტერიტორიაზე შეტანის ფაქტიც. უნდა გვესმოდეს, რომ „ორეშნიკის“ გადაადგილება ბელარუსში შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ეს ერთი მანქანა არ არის — საუბარია დაახლოებით 20-25 მანქანაზე, რომლებიც ძალიან ნელა გადაადგილდებიან და უკიდურესად დიდები არიან. მათი გადაადგილების არშემჩნევა ბელარუსში უბრალოდ შეუძლებელია. ინფორმაცია ამის შესახებ აუცილებლად მიაღწევდა BELPOL-მდე და ამ ყველაფრის დანახვა სატელიტებითაც იქნებოდა შესაძლებელი“.

თუმცა, ექსპერტების შენიშვნით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის, იგივე „ორეშნიკის“, განთავსებისთვის სამართლებრივი ბაზა უკვე შექმნილია. არსებობს საკავშირო სახელმწიფოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც 2024 წელს გაფორმდა და 2025 წელს რატიფიცირდა. მთელი სამართლებრივი ბაზა უკვე არსებობს. ასევე არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რათა მსგავსი იარაღის სწრაფი გადატანა მოხდეს.

ულადიმირ ჟიგარის თქმით, ბელარუსმა, ლუკაშენკას წყალობით, სამხედრო სუვერენიტეტი 2022 წლის 24 თებერვალს დაკარგა, რაც დამატებით გამყარდა საკავშირო სახელმწიფოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებით: „რასაც რუსები გადაწყვეტენ და რასაც კრემლი საკუთარ სტრატეგიულ ამოცანად ჩათვლის, სწორედ ისე იქნება“.

რატომ დახურა ბელარუსის ხელისუფლებამ ტყეები ქვეყნის ცხრამეტ რაიონში, რომელთა ნაწილი უკრაინას, პოლონეთსა და ლიეტუვას uvos ესაზღვრება?

„პირველ რიგში, ტყეები ამ სწავლებებამდეც იკეტებოდა და, ზოგადად, ბელარუსისთვის ეს ახალი არ არის. ასეთი ზომები ძალიან ხელსაყრელია დაძაბულობის შესაქმნელად და ყურადღების გადასატანად“, - ამბობს ულადმირ ჟიგარი.

ექსპერტთა თქმით, კიევში შეუმჩნეველი არ რჩებათ, როგორ უყრის თავს ბელარუსი შეიარაღებულ ძალებს უკრაინის საზღვართან. უკრაინაში ასევე ფიქრობენ, რომ სწავლების საფარქვეშ შესაძლოა ხდებოდეს გარკვეული ძალების გადაადგილება, როგორც ეს 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

BELPOL-ის წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთანაც. როდესაც ბელარუსში რაიმე ცვლილებები ხდება BELPOL ცდილობს ამის შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდოს ინფორმაცია პარტნიორებს.

“ის, რომ ბელარუსიდან საფრთხე მოდის, უდავო ფაქტია", - ამბობს BELPOL-ის წევრი ულადმირ ჟიგანი, - "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბელარუსი ტოტალურად მილიტარიზდა. მეტიც — მილიტარიზაცია მრავალ ასპექტში მიმდინარეობს. მილიტარიზდება ბელარუსის ეკონომიკა, მილიტარიზდება ბელარუსელი ბავშვები, მილიტარიზდება ბელარუსის სამართლებრივი ბაზაც. იცვლება სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული კოდექსი, უკვე შეიცვალა ბელარუსის კონსტიტუციაც. შემოდის, მაგალითად, შესაძლებლობა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის არამოქალაქეებმა სამხედრო სამსახური გაიარონ ბელარუსის შეიარაღებული ძალების რიგებში. ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ფულით შენდება სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურა, რომელიც არაფერში არ სჭირდება ბელარუსს, თუ ის მოკლევადიან პერსპექტივაში ომისთვის არ ემზადება”.

რაც შეეხება ლუკაშეკას მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამჯერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბელარუსი „ომისთვის ემზადება“. ულადიმირ ჟიგარის თქმით, ლუკაშენკა ამით კრემლისადმი სრულ ერთგულება აჩვენებს.

„მას ძალიან კარგად ესმის, ვისთან აქვს საქმე კრემლში. ამიტომ იმას, რისი თქმაც შეუძლია, ამბობს კიდეც და აჩვენებს, რომ რუსების მხარეს დგას. ბოლო ის, რაც რეალურად ხდება ბელარუსის შიგნით — როგორ მიმდინარეობს მისი მილიტარიზაცია და რა მიუთითებს სინამდვილეში ქვეყნის ომისთვის მზადებაზე ან მომზადებაზე — საზოგადოების თვალისთვის დაფარული რჩება”, - ამბობს BELPOL-ის წარმომადგენელი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG