Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცრაზმელები, მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები - რომელი გახმაურებული საქმეები დაიხურა და რატომ

გახმაურებული საქმეების დახურვის მიზეზად ყველაზე ხშირად: მოწმეების დაცვა და სახელმწიფო საიდუმლოებაა დასახელებული (ფოტომონტაჟი).
გახმაურებული საქმეების დახურვის მიზეზად ყველაზე ხშირად: მოწმეების დაცვა და სახელმწიფო საიდუმლოებაა დასახელებული (ფოტომონტაჟი).

სასამართლოში, დახურულ კარს მიღმა განიხილება იმ საქმეების უმრავლესობა, სადაც ბრალდებულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, საჯარო მოხელეები, სპეცრაზმელები ან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან. დახურული ნიშნავს იმას, რომ სხდომებზე არც ჟურნალისტებს უშვებენ.

ვისი სასამართლო დაიხურა და რა მიზეზით? - ყველა ასეთი საქმე რადიო თავისუფლებამ შეაგროვა. გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად მიზეზად: მოწმეების დაცვა და სახელმწიფო საიდუმლოებაა დასახელებული.

ამ სტატიაში მხოლოდ იმ საქმეებს ვეხებით, რომლებიც ან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების შემდგომ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის პირმშოა ან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ დანაშაულს უკავშირდება.

საქმე #1 - ძალადობისთვის დაკავებული სპეცრაზმელები

ასეთი საქმეებიდან ყველაზე ბოლოს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს თანხმობით განსაკუთრებულ დავალებათა იმ დეპარტამენტის ხუთი თანამშრომლის სასამართლო სხდომები დაიხურა, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტებზე ძალადობაში არიან ბრალდებულები. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

საუბარია 7 მაისს დაკავებულ ხუთ ძალოვანზე, რომლებმაც პროკურატურის თქმით, 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე იძალადეს. ხუთი დაკავებულიდან სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, მეხუთე კი შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

ამ ხუთიდან ორი უკვე დაკავებული იყო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და ციხეში ბრალდებულის სტატუსით იმყოფებოდა. რა საქმეზე და რა ბრალდებით გენერალურ პროკურორს არ უთქვამს.

ამჯერად, ხუთივე დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში ედებათ ბრალი, ეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტია.

გურამ როგავას ცემისთვის დაკავებულს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლისთვისაც გაასამართლებენ. წარდგენილი ბრალდებები 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღკვეთის ღონისძიების სხდომა სრულად დახურული იყო. საზოგადოებას არ უთხრეს დაკავებულების სახელი და გვარები, უცნობი დარჩა მათი პოზიცია.

სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ დაზარალებულებს ჰქონდათ, მათ შორის იყო ზვიად მაისაშვილი. ეს გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა საზოგადოებას იმ კადრებით დაამახსოვრდა, რომელშიც ჩანს, რომ მას შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი ფერდებში წიხლს, მეორე ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს უმატებს.

„ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რა პირობებში მოხდა მათი დადგენა, ამდენი ხანი რატომ ვერ იძიებდნენ… არ ვართ არც იმაში დარწმუნებულები, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ისინი არიან, ვინც ჩვენზე იძალადეს თუ ისინი, რომელთა დაკავებაც გაუადვილდებოდათ“, - თქვა ზვიად მაისაშვილმა სპეცრაზმელების დაკავების დღეს.

აღკვეთის ღონისძიების სხდომის - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - დასრულების შემდეგ კი, თქვა:

„ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მომიხადეს ბოდიში. მე არც არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ ზიზღი ან შურისძიების განცდა. თუმცა, ის, რომ ბოდიში მოიხადეს, დადებითი მოვლენაა.

ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რომ მათ პირადად დაუშვეს შეცდომა, მოხდა გადაცდომა. თუმცა, ამის რა თქმა უნდა, არ სჯერა არავის, რადგან აქ არ იყო ერთეული შემთხვევები და მხოლოდ მე არ ვარ დაზარალებული და მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი. მასობრივი წამება და ძალადობა მიმდინარეობდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე“.

„ხელისუფლებამ სიმართლის დადგენა გაასაიდუმლოვა“, - ამბობს ჟურნალისტი გურამ როგავა და აბსურდს არქმევს იმას, რომ საქმის მასალებზე სრული წვდომა შეუზღუდეს, მნიშვნელოვან დეტალებზე კი საჯაროდ საუბარი აუკრძალეს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

„ხელისუფლება საზოგადოებას ეუბნება დაგვიჯერეთ სიტყვაზეო...რატომ უნდა იყოს დახურული საქმე, სადაც დაზარალებულები არიან მომიტინგე, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი და საზოგადოებას აქვს მაღალი საჯარო ინტერესი…როდესაც ძალოვანი სისტემის წარმომადგენელს ეხება საქმე და პროცესი მთლიანად იხურება რჩება ძლიერი განცდა, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც სისტემა ხელს დააფარებს, გაუთქმელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო არ მაქვს უფლება საზოგადოებას დავანახო და შევაფასებინო მართლმსაჯულების პროცესი, საჯაროდ ვერ ვლაპარაკობ არასერიოზულ მტკიცებულებებზე, ვერ ვხედავთ ბრალდებულებს და ვერ ვუსმენთ როგორ დააზუთხვინეს ბრალდებულებს აღიარებითი ერთნაირი ტექსტები“, - ამბობს გურამ როგავა.

გურამ როგავას 2025 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელი დაესხა თავს. ფოტო თავდასხმის შემდეგაა გადაღებული.
გურამ როგავას 2025 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელი დაესხა თავს. ფოტო თავდასხმის შემდეგაა გადაღებული.

ის არ არის დარწმუნებული, რომ ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ორ დღეში დაკავებული რეალური თავდამსხმელია და უჩნდება ეჭვი, რომ სხდომები რეალური დამნაშავის დასაცავად დახურეს.

რა შემთხვევაში ტარდება სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო სხდომა, როგორც წესი, საჯარო და ზეპირია, თუმცა კანონი ადგენს სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პირობებს.

სხდომის დახურვა სავალდებულო ხდება მაშინ, როცა საქმე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს ეხება.

სხვა შემთხვევებში კი მოსამართლეს შეუძლია, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, სხდომა სრულად ან ნაწილობრივ დახუროს:

  • პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;
  • პროცესის მონაწილის ან მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • სქესობრივი, ოჯახური დანაშაულის ან ტრეფიკინგის მსხვერპლის ინტერესების დასაცავად;
  • პირადი მიმოწერის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად;
  • ასევე მაშინ, თუ პროცესის მონაწილე ფარულ საგამოძიებო ან ოპერატიულ საქმიანობაში მონაწილეობდა.

კანონით, სხდომა შეიძლება დაიხუროს ნაწილობრივ ან სრულად.

ამასთან, მოსამართლეს შეუძლია სხდომა წესრიგის დაცვის მიზნითაც დახუროს.

მიუხედავად დახურული ფორმატისა, სასამართლო ვალდებულია სხდომის დახურვის საფუძველი საჯაროდ გამოაცხადოს, სასამართლოს გადაწყვეტილებები ნებისმიერ შემთხვევაში საჯაროდ ცხადდება.

საქმე #2 - ჯაშუშების საქმე

დახურვის მიზეზი: სახელმწიფო საიდუმლოება

სრულად დახურულია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული თამაზ გოლოევის სასამართლო განხილვაც. მიზეზი - სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალებია.

თამაზ გოლოევი, ჯაშუშობის ბრალდების დაკავებული
თამაზ გოლოევი, ჯაშუშობის ბრალდების დაკავებული

გოლოევი სუს-ის კონტრდაზვერვამ დააკავა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობაში დასდო ბრალი. მიმალვაშია საქართველოს ორი მოქალაქე. მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნაც გამოცხადდა.

თამაზ გოლოევს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მართალია, სუს-მა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნისთვის ჯაშუშობდნენ საქართველოს მოქალაქეები, სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ რუსეთზე მიანიშნეს.

27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი) ახალგორელია. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

სუს-ის ცნობითვე, მას ფულის სანაცვლოდ, მას დაავალეს ინფორმაციის შეგროვება:

  • სუსის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
  • საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე მათი გადაღებაც.


ამ შემთხვევაში დახურვის მოტივი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები გახდა.

პირველივე დღიდან დახურული იყო ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი უძილაურის საქმე. მას „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობაში ედება ბრალი.

საქმე #3 - გრიგოლ ლილუაშვილის საქმე

დახურვის მიზეზი: მოწმეების დაცვა

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას „ბრალად ედება ქრთამის აღება სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე“.

სუს-მა კორუფციის ბრალდებით, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის წევრებიც მისცა პასუხისგებაში.

ამ ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი „ქოლცენტრებსაც“ უკავშირდება. პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2021-2023 წლებში საქართველოში „ქოლცენტრების“ შედარებით „მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი“, რომელიც სისტემას ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით მართავდა.

ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია - ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.

კორუფციის ბრალდებით ლილუაშვილის გარემოცვის კიდევ ერთი წევრია დაკავებული - კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მის სახლში ნახეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;

ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელმაც შვილი სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, მოანათვლინა, ბიზნესმენიც იყო და ვანის საკრებულოს დეპუტატიც 2017 და 2021 წლებში. 2016 წელს "ქართულ ოცნებას" 12 000 ლარიც შესწირა.

„აბსოლუტურად არანაირი სამართლებრივი საფუძველი სხდომების დახურვის არ არსებობს. საუბრობენ მოწმეთა უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჯერ ერთი არც ერთი მოწმე გრიგოლ ლილუაშვილთან შემხებლობაში არ არის და ვერ ამხელს გრიგოლ ლილუაშვილს, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია….“, - ამბობს ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.

მას პროკურატურამ ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა, რის გამოც სასამართლო სხდომის დეტალებზეც ვერ საუბრობენ მედიასთან. მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საინფორმაციო ველი სრულად აითვისა პროკურატურამ, ისინი განსაზღვრავენ დღის წესრიგს, მესიჯსა და განწყობებს, ადვოკატებს კი გაუთქმელობის პირობის დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

რატომ გვინდა სხდომების საჯაროობა? - ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად საქმეში არ არის მტკიცებულებები და ეს ადამიანი ჭორაობის რანგის მტკიცებულებების გამო ზის ბრალდებულის სკამებზე… ისეთი განწყობაა შექმნილი, რომ რთული კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა, პროკურატურა საზოგადოებაზე მოქმედებს… ეს ხელწერილი არათანაბარ პირობებში გვაყენებს“, - ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე და ჩამოთვლის შეკვეთილ სიუჟეტებს, რომლითაც მათი ოპონენტები „დღის წესრიგს ქმნიან“.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, სხდომის დახურვა მოწმეთა უსაფრთხოებისა და თავისუფალი ნების დაცვის არგუმენტით მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„მოწმეებს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია აქვთ დაფიქსირებული. ჩემი მოტივაცია, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის არის, რომ საქმეზე დადგეს ობიექტური შედეგი… ამ მოტივაციისა და მიზნის მისაღწევად ბრალდების მხარე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რომ ამ პირებზე არ განხორციელდეს ზეწოლა. როდესაც მოწმე საუბრობს ამა თუ იმ ყოფილ თანამდებობის პირზე, არაერთ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ამხელს, ბუნებრივია, მასზე, როგორც საქმისთვის მნიშვნელოვან მოწმეზე, დიდი არის საფრთხე, რომ მოხდეს ზეწოლა“, - განაცხადა პროკურორმა.

„რა ინტერესი უნდა გამაჩნდეს ზემოქმედება მოვახდინო მოწმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას არ აძლევს?“, - სვამს საპასუხო კითხვას ადვოკატი.

სუსის უფროსობამდეც და მას შემდეგაც, ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრედ და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ ფიგურად მიიჩნეოდა. წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში - „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და გენერალურ დირექტორად თუ „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

2016 წელს ლილუაშვილი პარლამენტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა [ვანი და ხონი], ხოლო 2017 წლის დეკემბრიდან, სუსში ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო.

2019 წლის 17 ოქტომბერს, პარლამენტმა სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი 85 ხმით დაამტკიცა სხდომაზე ზეპირი განხილვისა და კითხვა-პასუხის გარეშე. მმართველ პარტიაში ითქვა, რომ ეს პროცედურა საჭირო აღარ იყო - კანდიდატის მანამდე გამოვლენილი დამაჯერებელი კომპეტენციების გამო. ამას აპროტესტებდა ოპოზიცია.

ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა პარლამენტში მისულ შს მინისტრს, რომ დაწყებულიყო გამოძიება თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე - ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეების გამოსავლენად. ხაბეიშვილმა მაშინ კონკრეტული გვარები დაასახელა. ამ თემაზე მასალები მზადდებოდა მედიაშიც.

გრიგოლ ლილუაშვილმა ხაბეიშვილისა და ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაშინ ის გაამართლა.

საქმე #4 - კილაძე, ფარცხალაძე, ლილუაშვილი - ე.წ. ქოლცენტრების საქმე

დახურვის მიზეზი: მოწმეების დაცვა

„მოწმეების დაცვის“ არგუმენტით დაიხურა ე.წ. ქოლცენტრების საქმის ის ეპიზოდიც, სადაც გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ბრალდებულია ჟურნალისტი ელისო კილაძე და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

ამ საქმეზეც მარიამ ბერძენიშვილია პროკურორი, ამ საქმეზეც ადვოკატები სხდომის დახურვის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდნენ. მათაც გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი.

„დღეს სახელმწიფო ბრალდება გვეუბნება, რომ დაცვის მხარე უნდა გაჩუმდეს, არ უნდა ამოიღოს ხმას და არ უნდა გააგებინოს საზოგადოებას რა არის ბრალის წარდგენის საფუძველი, სიჩუმეში უნდა ვიცხოვრო და ამ სიჩუმეში ბრალდების მხარე უნდა იყოს მოკალათებული მშვიდად. სხდომის დახურვა ისახავს მიზნად, რომ არ იცოდეს საზოგადოებამ რა გახდა საფუძველი თუნდაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენისა და დაწერის…დახურვა ემსახურება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე ნაწილობრივი ინფორმაციის გავრცელებას“, - ამბობს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.

ჟურნალისტი ელისო კილაძე 2026 წლის 18 თებერვალს სახლთან დააკავეს.

ერთ საათში პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული მორიგი დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი ადამიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

ეს ათი ადამიანია:

  1. ელისო კილაძე
  2. ოთარ ფარცხალაძე
  3. გიორგი მიქაძე
  4. დავით მიქაძე
  5. ირაკლი სეხნიაშვილი
  6. მიხეილ ჩოხელი
  7. ბენ ანორი
  8. თორნიკე ჯანელიძე
  9. გიორგი კამლაძე
  10. გივი ჯიბლაძე

სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, „ქოლცენტრების საქმეზე“ უკვე ჰქონდა წარდგენილი ბრალი.

პროკურატურის მტკიცებით, 2020-2023 წლებში „ქოლცენტრების“ დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფებს, რომლებიც თაღლითური შემოსავლებით ოპოზიციურ მედიებს აფინანსებდნენ, ხოლო „ქოლცენტრების“ ნაწილს გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრები მფარველობდნენ.

ჩამოთვლილი საქმეებიდან სასამართლომ დახურვის არცერთ მოთხოვნაზე არ უთხრა უარი პროკურატურას. ყველა ამ საქმეზე ადვოკატები მოსამართლეს სთხოვდნენ მხოლოდ ის სხდომები დახურულიყო, სადაც დაიკითხებოდა მოწმე, რომლის „დაცვის მოტივიც“ ბრალდებას ამოძრავებდა.

საქმე #5 - გიორგი ბაჩიაშვილი და ბიტკოინები

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა
გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა

ნაწილობრივ დახურული. მიზეზი: კონფიდენციალური ინფორმაცია

ნაწილობრივ დახურული იყო ე.წ. ბიტკოინების საქმე, სადაც ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ბაჩიაშვილი იყო, დაზარალებული - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილი 2011 წლიდან იყო ბიძინა ივანიშვილის „პირადი ფინანსისტი“ და მისი ნდობით აღჭურვილი პირი. მოგვიანებით - „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი.

2015 წელს სწორედ მან გამოამჟღავნა ბანკირ პატრიკ ლესკადრონის მაქინაციები ივანიშვილის ქონებით, რაც გახდა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან ივანიშვილის მრავალწლიანი და ჯერაც დაუსრულებელი დავის დაწყების საფუძველი.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.

2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

გაქცეული ბაჩიაშვილი სუს-მა 2025 წლის 27 მაისს დააკავა. ამ დროისთვის ჟურნალისტებს უკვე აკრძალული ჰქონდათ სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში გადაღება. ამ უფლების მინიჭება კი სრულად გადავიდა იუსტიციის საბჭოს ხელში.

გიორგი ბაჩიაშვილი ერთადერთი ბრალდებული იყო, რომლის სასამართლო სხდომის გადაღების უფლებაც იუსტიციის საბჭომ ორ ტელევიზიას: საზოგადოებრივ მაუწყებელსა და იმედს მისცა. არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი როდესაც კამერები სასამართლო დარბაზში დაეშვათ. ტელევიზიები, ოფიციალური განცხადებების დაწერის მიუხედავად, გადაღების უფლებას ვერ იღებენ.

საქმე #6 - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ტოვებს საქალაქო სასამართლოს შენობას იმ გასასვლელიდან, სადაც უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 24 ოქტომბერს.
ირაკლი ღარიბაშვილი ტოვებს საქალაქო სასამართლოს შენობას იმ გასასვლელიდან, სადაც უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 24 ოქტომბერს.

საპირისპიროდ, სასამართლომ მანდატურების დახმარებით ყველაფერი გააკეთა, რომ მედიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი ვერ გადაეღო. ის სასამართლოში დაბურული ავტომობილით მოიყვანეს და შენობაში უკანა შესასვლელით შეიყვანეს. მის გადაადგილებას სასამართლოს დერეფანში ათობით მანდატური იცავდა და აკონტროლებდა. სხდომა ღია იყო, კონტროლი გაძლიერებული. მანდატურები აკვირდებოდნენ ჟურნალისტების ტელეფონის ეკრანებს და მათ ხელებში თითოეულ მოძრაობას.

ირაკლი ღარიბაშვილს 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს, მოგვიანებით კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების სხდომის თარიღი მხოლოდ მხარეებს შეატყობინეს. მედიამ საჯარო სხდომაზე მას შემდეგ შეიტყო, რაც ყოფილი პრემიერი საბადრაგო სამსახურმა ციხეში დააბრუნა.

საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მუხლი, რომელსაც ღარიბაშვილს ედავებოდნენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

მას ასევე დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

საქმე #7 - ე.წ. საბოტაჟის საქმე

დახურვის მიზეზი: წესრიგის დარღვევა

საჯაროდ განიხილებოდა, თუმცა „წესრიგის დარღვევის მიზეზით“ დახურა მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმე. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, განხილვა არც მომდევნო სხდომაზე გახადა საჯარო. 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღემდე დახურულ კარს მიღმა ასამართლებენ.

ამ სისხლის სამართლის საქმეში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული:

  • მიხეილ სააკაშვილი;
  • ელენე ხოშტარია;
  • გიორგი ვაშაძე;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
  • ნიკა გვარამია;
  • ნიკა მელია;
  • მამუკა ხაზარაძე;
  • ბადრი ჯაფარიძე.

მათგან სამი პოლიტიკოსი [სააკაშვილი, ხოშტარია, მელია] სხვადასხვა საქმეზე, ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან; საპატიმროში ისხდნენ დანარჩენებიც - სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არგამოცხადების გამო.

დახურული სასამართლო სხდომიდან ამბები ადვოკატებსა და პროკურორს გამოაქვთ.

ადვოკატ ომარ ფურცელაძეს მიაჩნია, რომ სხდომების დახურვით სასამართლოს შემდგომ სხდომებზე „გამოსაკვლევი გარემოებების დამალვის“ მოტივი ამოძრავებს, ვინაიდან საქმეში პოლიტიკოსების წინააღმდეგ „მტკიცებულებები არაა“.

„როცა ბრალდებულები ითხოვენ, რომ მათი სასამართლო წარიმართოს საჯაროდ და ღიად, ეს ნიშნავს, რომ მისი [საჯაროობის] შეზღუდვით იზღუდება ბრალდებულის უფლებები... სხდომის დახურვა წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოს უკიდურესი გადაწყვეტილება, როგორც ყველაზე მკაცრი ზომა... ამას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება, წესრიგის დამრღვევი კონკრეტული პირის მიმართ ზომების გატარება - გაფრთხილება და საჭიროების შემთხვევაში, დარბაზიდან პირის გაძევება. და როცა ეს ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს სათანადო წესრიგს სასამართლოში, მაშინ მიიღება გადაწყვეტილება სასამართლოს დახურვასთან დაკავშირებით. რეალურად არავითარი მსგავსი ფაქტობრივი წინაპირობა არ ჰქონია ამ გადაწყვეტილებას გასულ სასამართლო სხდომაზე“, - ამბობს ის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ „საბოტაჟის საქმეში“ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლია:

  • 317-ე მუხლი - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ - [ისჯება პატიმრობით 3 წლამდე]- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ;
  • 318-ე მუხლის 1 ნაწილი - საბოტაჟი - “საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა” [ისჯება პატიმრობით 2-დან 4 წლამდე] - ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე;
  • 319-ე მუხლი - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება [საპატიმრო სასჯელი 7-დან 15 წლამდე] - ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე;
  • 321​-ე პრიმა 1 მუხლი - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა - [საპატიმრო სასჯელი 6-დან 10 წლამდე] - ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ.


საქმე #8 - ბაჩო ახალაია

დახურვის მიზეზი: მოწმეების უსაფრთხოება

ბაჩო ახალაია სუს-ში გამოკითხვაზე
ბაჩო ახალაია სუს-ში გამოკითხვაზე

„მოწმეთა დაცვის“ არგუმენტით დაიხურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განხილვაც.

ბაჩო ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილია. ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა სასამართლო განხილვების დახურვა ასე დაასაბუთა:

„საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სუსის წარმოებაშია საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე... ეს საქმე 21 დეკემბერს გამოსაძიებლად გადაეცა კრიმინალურ პოლიციას, ამ საქმეზე დადგენილია კონკრეტულ პირთა, მათ შორის სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია, ისინი გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. მათი ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში დაზიანდება პერსონალური ინფორმაცია და საგამოძიებო ინტერესები...“

ბრალდებულის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროკურორს დაეთანხმა მოსამართლე მეია მელქაძე.

ბაჩო ახალაიას თქმით, სხდომის დახურვის შემთხვევაში, საზოგადოება ვერ ნახავს, რა მტკიცებულებები დევს, საქმეში, რა არგუმენტები აქვს მას თავად და ვერ გაიგებს სუსის იმ თანამშრომლების ვინაობებს, რომლებიც მას „ოჯახით ემუქრებოდნენ“.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ „ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს“.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ის სუს-ის თანამშრომლები როცა მოვლენ და დაიკითხებიან ის სხდომები დახურეთ მეთქი, უარი გვითხრეს, რადგან ეს არ იყო რეალური მიზეზი, სხდომები დაიხურა იმიტომ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა არ ჰქონდათ, ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს… იმიტომაა დახურული რომ მასალა არ არსებობდეს, დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა ვერ შეისწავლო, მედია ვერ დაესწროს და ვერ ნახოს რომ წარდგენილ ბრალს ვერ უმტკიცებენ.. მეც არ მიშვებენ, რადგან არ სურთ იქიდან ამბები გამოვიტანო… მათი მიზანია ბაჩოს სახელი შავ-ბნელი დარჩეს“, - აცხადებს ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი.

დახურული სასამართლოები ჟურნალისტებსაც ართმევს შესაძლებლობას გადაამოწმონ ან დააზუსტონ მხარეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონათხრობი. გაარკვიოს, უფრო მეტი დაკითხულ მოწმეზე, დასვას დამაზუსტებელი კითხვები და მოუსმინონ ბრალდებულს.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG