ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სახელწოდებაში, სარეკლამო ტექსტებსა თუ საჯარო კომენტარებში იყენებს სიტყვას - სკოლა; მოსწავლეებიც კლასიდან კლასში გადაჰყავთ.
ისინი შინ სწავლების [Homeschooling] რეჟიმზე გადასულ მოსწავლეებს ამეცადინებენ და უკვლევენ გზას რუსული ატესტატების აღებისკენ. ზოგ შემთხვევაში, სწავლება სრულად რუსულ საგანმანათლებლო პროგრამებს მიჰყვება.
ეს სკოლები, რომლებიც საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული, ოკუპაციის ფონზე ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაზე ლაპარაკობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები. პრობლემა ხშირად იქცევს გამომძიებელი ჟურნალისტების ყურადღებას.
რადიო თავისუფლება არაერთ ასეთ რუსულ კერძო სასწავლო დაწესებულებას დაუკავშირდა. შეკითხვებზე პასუხები მხოლოდ ერთისგან მივიღეთ.
2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არასრულ ერთ წელიწადში, საქართველოს საზღვარი მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა და ზუსტად არავინ იცის, რამდენი დარჩა. ოფიციალური ინფორმაციით, წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემული იყო 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე; აქედან 32 129 რუსეთის მოქალაქე იყო.
ამ სტატიაში რუსული არავტორიზებული სკოლებისა და მათ გარშემო პერიოდულად დაწყებული დისკუსიების შესახებ გიყვებით.
ღია წყაროებით ვარკვევთ, რომ ეს არის რუსული კერძო საოჯახო სკოლების ქსელი, რომელიც 2018 წელს რუსეთის კრასნოდარის მხარეში დაარსდა; ხოლო ბელგრადისა და ერევნის შემდეგ, ბათუმში - 2024 წელს გაიხსნა. სწავლება რუსულ ენაზეა.
UNIT School-ის ვებსაიტზე არაფერია ნათქვამი საქართველოს განათლების სისტემის ავტორიზაციაზე.
მეწარმეთა რეესტრის მიხედვით - ეს სკოლა 2023 წელს, შპს-ს სტატუსით დააფუძნა რუსეთის მოქალაქე ეკატერინა შერჩენკოვამ.
საჯარო წყაროებით, სწავლება Happy School-ში მიმდინარეობს ФГОС-ის (განათლების ფედერალური სახელმწიფო სტანდარტების) შესაბამისი სამუშაო პროგრამებით.
- რუსეთის ეროვნული სასწავლო გეგმა მკაცრად ცენტრალიზებულია და ასახავს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიას.
- ФГОС-ის სტანდარტის სახელმძღვანელოებში ხშირად დამახინჯებულია მსოფლიოსა თუ ცალკეული ქვეყნების, მათ შორის - საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. საქართველოს ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა არ არის რეალურად წარმოსახული და საქართველო თავად არის გამოყვანილი აგრესორად.
- იყენებენ რუკებს, სადაც ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ნაწილს არ წარმოადგენს და დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღიარებული.
2023 წლის ინფორმაციით, „ჰეფი სქული“ აპირებდა საქართველოს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის მოპოვებას, თუმცა შედეგის შესახებ საჯარო წყაროებში არაფერი იძებნება.
ამ სასწავლო დაწესებულებასთან კონტაქტის დამყარების მცდელობა ჩვენთვის უშედეგოდ დასრულდა.
ეს არის რუსული კერძო სკოლა - ასევე ავტორიზაციის გარეშე, რომელიც აცხადებს რომ ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრია. მეწარმეთა რეესტრში ამ სახელწოდებით იძებნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც, 2023 წელს, რუსეთის მოქალაქემ იაროსლავ რუდენკომ დააფუძნა. ყოველთვიურად 900 ლარის ფასად, სთავაზობს რუსულ ენაზე, რუსეთის ფედერაციის სასწავლო პროგრამის ადაპტირებული ვერსიით სწავლებას. ასწავლიან უცხო ენებსაც.
სკოლას ქართული ავტორიზაცია არა აქვს. საჭიროა რუსეთის ფედერაციის სკოლასთან მიმაგრება და ატესტაციის ამგვარად გავლა.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე იძებნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სკოლა „პროექტორი“ 2023 წელს ავტორიზაციის გავლას ცდილობდა, მაგრამ მას საბჭომ უარი უთხრა, მათ შორის - შენობის ხარვეზებისა და არასაკმარისად მომზადებული პერსონალის გამო.
სწავლის საფასური წელიწადში 7 750-12 000 დოლარამდე მერყეობს, კლასების, ნაკადისა და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. ეს საფასური მოიცავს სასწავლო მასალებს, სწავლებას, დამატებით წრეებს და 3-ჯერად, დაბალანსებულ კვებას.
ამჟამად, ვებსაიტის თანახმად, „პროექტორს“ აქვს Cambridge International Assessment Education-ის ავტორიზაცია, რომელიც აღიარებულია, მათ შორის, ქართული კანონმდებლობითაც - „კურსდამთავრებულებს აძლევს უფლებას, გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ ქართულ უნივერსიტეტებში, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებში“. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ პროექტორს მოპოვებული აქვს Cambridge Pathway პროგრამის განხორციელების უფლება, რომლის დანერგვაც მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით.
თუმცა მოსწავლეებს სკოლაში ასევე ეძლევათ შესაძლებლობა „შეინარჩუნოს კავშირი რუსეთის ფედერაციის განათლების სისტემასთან” - ხდება მათი ჩარიცხვა რუსეთის სკოლებში, ტესტირებას გადიან რუსეთის განათლების სისტემის სტანდარტებით და დისტანციურად იღებენ მოსკოვის სკოლის საბუთებს. საბოლოოდ, ატესტატის ასაღებად აუცილებელია ფიზიკურად ჩასვლა რუსეთში.
რისკები
“პროექტორი” და “გლობუსი”, სხვა სკოლებთან ერთად - საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის სარისკოდ მოიხსენია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა, განათლების სამინისტროსთან სექტემბრის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე.
“განათლების სამინისტრო რუსეთიდან ანუ მორდორიდან შემოსულ ხალხს უფლებას აძლევს სოკოებივით გაამრავლოს რუსული სკოლები და ბაღები თბილისის ტერიტორიაზე… ბავშვები რუსული კურიკულუმებით სწავლობენ. სწავლობენ იმას, რომ საქართველო არის აგრესორი, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია”, - ფავლენიშვილმა თქვა, რომ ბავშვები საერთოდ არ იღებენ ქართულ განათლებას, არ სწავლობენ ქართულ ენას და ყალიბდებიან პარალელურ საზოგადოებად - “მოქალაქეებად, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს საქართველოსთან და ქართველობასთან”. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველოში უკონტროლო არაავტორიზებული სკოლები არ უნდა არსებობდეს.
განათლების სამინისტროს ოფიციალური პასუხი ფავლენიშვილის ბრალდებებზე არ გაუცია.
მსგავსი სკოლები სხვა დროსაც მოქცეულა ყურადღების ცენტრში. პოლიტიკის ექსპერტები და ოპოზიციური პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ განათლების სამინისტროს კონტროლის მიღმა დარჩენილი სივრცე ჩრდილოვან პროცესებს ახალისებს და რუსეთის ჰიბრიდული ომის მიზნების წისქვილზე ასხამს წყალს.
“პროექტორს” ვებსაიტზე უწერია, რომ რუსულენოვან ნაკადში სწავლება მიმდინარეობს "სკოლისთვის ადაპტირებული ან სპეციალურად შემუშავებული პროგრამებით” და რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან:
„განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენს მუშაობაში არ იყოს ისეთი სასწავლო მასალები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.
"Школа ШАГИ / სკოლა ნაბიჯები"
“ჩვენ სკოლა კი არა, საგანმანათლებლო ცენტრი ვართ, რომელიც მომსახურებას უწევს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ რუსულენოვან ან ბილინგვურ ოჯახებს”, - „შაგი“ ერთადერთი აღმოჩნდა რუსულ კერძო სკოლებს შორის - რომელიც რადიო თავისუფლებას გამოეხმაურა.
ხელმძღვანელი, მარინა მიხაილოვა გვეუბნება, სურთ საქართველოს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის მიღება - თუმცა, ორი მიზეზით იკავებენ თავს:
1. პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით - “ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ, რამდენად გვაქვს მისი მიღების შანსი” და
2. მათი მოსწავლეების ოჯახები [რუსები, ბელარუსები, უკრაინელები თუ ყაზახები] სამომავლოდ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ და „ამიტომ ურჩევნიათ - თავიანთი ქვეყნების სასკოლო პროგრამებს მიჰყვნენ”.
„შაგის“ თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ამ ეტაპზე, ჯამში - 105 მოსწავლე ჰყავთ 1-8 კლასებში; თუმცა რაოდენობა მუდმივად მერყეობს:
“ზოგიერთი ოჯახი ტოვებს საქართველოს, ზოგი ახლა ჩამოდის, ზოგი ვიზას ელოდება, ზოგიერთი ბავშვი კი ქართულ სკოლაში ადგილის გამოთავისუფლებას ელის. ჩვენ კარგი დროებითი შესაძლებლობა ვართ მაშინ, როდესაც გარემოებები გაურკვეველია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ქართული ენის გაკვეთილებიც - კვირაში 2 გაკვეთილი თითოეულ კლასში”.
რამდენად ადეკვატურად არის ასახული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია, ოკუპაცია სახელმძღვანელოებსა და პროგრამებში?
“ჩვენ სიტყვასიტყვით არ მივყვებით რუსულ პროგრამას”, “ჩვენ არ ვიყენებთ რუკებს რუსული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან”, “ჩვენი ყველა მოსწავლის მშობელი აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, “მათგან ზოგიერთს რუსეთის დატოვება საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო მოუწია, სხვებს კი უბრალოდ არ სურთ აგრესორ სახელმწიფოში ცხოვრება“ - გვპასუხობს მარინა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე.
სახელმძღვანელოების ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, თუმცა მარინამ გამოგვიგზავნა საქართველოს რუკის ფაზლის ფოტო - რომელსაც, მისი თქმით - სკოლის ყველა მოსწავლე აწყობს.
რაც შეეხება რუსეთის მიერ დამახინჯებულ ისტორიას, მარინა მიხაილოვას თქმით - მე-20 და 21-ე საუკუნის ისტორია მე-10-მე-11 კლასებში ისწავლება და მათ სკოლაში ეს კლასები არ არის.
„სხვათა შორის, გასულ სასწავლო წელს ჩვენი ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი უკრაინიდან, კერძოდ - ოდესიდან იყო. წელსაც ვაპირებ უკრაინელის აყვანას, ისიც ოდესიდანაა. თავიდან უარი თქვა, რადგან ჰგონია, რომ რუსული პროგრამით მოუწევდა სწავლება, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ მოუწევს”, - გვეუბნება და იმასაც დასძენს, რომ მე-10-11 კლასებში, მშობლებს ურჩევს - ან ქართულ სკოლებში გადავიდნენ ანდა საერთაშორისო სკოლებში - “რადგან რუსული ატესტატი არ არის საუკეთესო ვარიანტი მათი შვილისთვის”.
"შაგის" ხელმძღვანელი განმარტავს ასევე, რომ მოსწავლეების რუსეთის სკოლებზე "მიმაგრება" იძულებითი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ასეთი შესაძლებლობა არ არის.
"ქართულ სკოლებში ექსტერნატის ოფიციალური ფორმა რომ არსებობდეს და ბავშვებს წლის ბოლოს გამოცდების ჩაბარება ქართულ სკოლაში შეეძლოთ, რუსულ პლატფორმებსა და პარტნიორ სკოლებს აღარავინ მიმართავდა. სრულიად მესმის ქართულ სკოლებში რუსული სექტორის შემცირების პოლიტიკა, მაგრამ არსებობენ რუსულენოვანი ბავშვები (არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და კანადიდანაც კი) – მათთვის ყველაზე მარტივი გზა რუსულად სწავლაა, რათა ეტაპობრივად მოემზადონ ქართულისთვის ან ინგლისურისთვის".
საჯარო წყაროებში იძებნება რამდენიმე ათეული რუსული კერძო სკოლა. განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არცერთ რუსულ კერძო სკოლას ავტორიზაცია არა აქვს.
დასაშვებია თუ არა საქმიანობა ავტორიზაციის გარეშე?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო დოკუმენტებში იძებნება 192-ე პრიმა მუხლის [უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა] პირველი ნაწილით 2022 წლის 3 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ ცნობა.
გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გამოძიება „ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე“. დაწესებულება არ დაუსახელებიათ, თუმცა იმავე პერიოდში გახდა ცნობილი, რომ საგამოძიებო სამსახურს განათლების სამინისტროდან ბათუმში მოქმედი რუსული სკოლის - “School Club Georgia”-ს გამო მიმართეს.
School Club Georgia სოციალურ ქსელებში საკუთარ თავს უწოდებდა სკოლამდელი აღზრდის და ატესტაციისთვის მომზადების ცენტრს, სადაც მოსწავლეების რუსეთის ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით [ФГОС] ასწავლიდნენ. ამ ეტაპზე ამ სკოლის ვებსაიტი ამ ინფორმაციას აღარ ავრცელებს და მოსწავლეებს ძირითადად წრეებზე იწვევს.
192-ე პრიმა მუხლის ჩანაწერით, დასჯადია - “ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება”. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთიდან სამ წლამდე.
განათლების სამინისტროს ვკითხეთ - იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა 2022 წლის შემდეგ და ზოგადად, აკონტროლებს თუ არ, და თუ კი - როგორ აკონტროლებს უწყება არაავტორიზებული სკოლების საქმიანობას საქართველოში?
მივიღეთ პასუხი, რომ საგამოძიებო უწყებას ამა თუ იმ სასწავლო დაწესებულების საკითხი ორ შემთხვევაში გადაეცემა:
1. როდესაც სკოლა ფუნქციონირებდა წლების განმავლობაში და შემდეგ მიმართა ავტორიზაციისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს;
2. თუკი ნებისმიერი მესამე ადამიანი მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულცენტრს შესაბამისი ინფორმაციით ამა თუ იმ, სავარაუდოდ უკანონოდ მოქმედი სასწავლო დაწესებულების შესახებ - საკითხს შეისწავლიან და გადასცემენ საგამოძიებო უწყებას.
თუკი ავტორიზაციისთვის ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს ცენტრს - მისი საკითხი არ გადაეცემა საგამოძიებო უწყებას.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ავტორიზაცია ესაჭიროებათ სკოლებს, რომლებიც თავად გასცემენ კლასიდან კლასში გადასაყვან საბუთებსა და ატესტატებს, რათა საქართველოს სახელმწიფომ ეს დოკუმენტები აღიაროს. ხოლო რაც შეეხება საოჯახო ტიპის სკოლებს - ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად ვერ ჩაითვლება და შესაბამისად, არც ავტორიზაცია ესაჭიროება.
განათლების უფლება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სპეციალისტი მანანა რატიანი ამბობს, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად წარმომავლობისა - უნდა ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა და საერთაშორისო კონვენციებით გამყარებული ამ ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოსაც ევალება; მით უფრო - როდესაც რუსულენოვანი ლტოლვილების დიდ ნაკადს, რომელიც სახელმწიფომ შემოუშვა, ადგილები არ ჰყოფნის ავტორიზებულ რუსულ სკოლებში თუ ქართული საჯარო სკოლების რუსულ სექტორზე.
სოციალური ქსელების ჯგუფებში არაერთი მიგრანტი, მათ შორის - რუსეთიდან თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ეძებს რუსულ სექტორს სკოლებში, რომლებიც აკრედიტებულია საქართველოში, ატესტატის ადგილზე აღების შესაძლებლობით. ისინი ხშირად იძულებით მიდიან რუსულ კერძო არაავტორიზებულ სკოლებში, რადგან ბავშვების სწავლის გარეშე დატოვება არ სურთ.
“ეს ბავშვები უკვე ჩამოვიდნენ, უკვე საქართველოში ცხოვრობენ და ამდენად, განათლების მიღმა მათი დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება… ნამდვილად არ ვეთანხმები აზრს, რომ სკოლები არ უნდა არსებობდეს… ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ სახელმწიფოს როლზე - უნდა აკონტროლებდეს თუ არა ამ პროცესს… მე მგონია, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს, ამ ბავშვების შესახებ - სკოლის მიღმა არიან, თუ არაავტორიზებულ სივრცეში არიან”, - მანანა რატიანს არ უკვირს, რომ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია რუსული სკოლებისკენ, თანაც როფესაც ინფორმაცია მწირია:
“უმჯობესია, ჩვენ ვიცოდეთ, რას სწავლობენ ეს ბავშვები და რამდენად სწორად არის წარმოჩენილი [სასწავლო პროგრამებში] ჩვენს ქვეყანასთან რუსეთის ურთიერთობა; რამდენად იციან ისტორია - გეორგიევსკის ტრაქტატიდან დაწყებული დღემდე - რამდენჯერ დაესხა თავს რუსეთი საქართველოს, რომ რუსეთი ჩვენთან მიმართებით ოკუპანტი ქვეყანაა - ეს ნამდვილად უნდა კონტროლდებოდეს”.
ფორუმი