Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე ვხატავ სამყაროს ისეთს, როგორიც არის“ – პუტინისა და “რუსკი მირის” მამხილებელი მხატვარი ემიგრაციაში მოკლეს

პოლონეთში რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და "აქციონისტი", სემიონ სკრეპეცკი მოკლეს. 44 წლის მამაკაცს, რომელიც კრემლის ელიტასა და კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს. პოლიცია „სიკვდილით დასჯის” ვერსიაზე მუშაობს. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.

“რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი (ნამდვილი სახელი რობერტ კუზავკოვი) 15 ივნისს, დილის დაახლოებით 9:30–9:45 საათზე მოკლეს", - განაცხადა პოლონეთის ლუბლინის საოლქო პროკურატურის პრესსპიკერმა, მარტინ კოზაკმა, რომლის თქმითაც, მკვლელობა მოხდა ლუბლინის სავოევოდოს ქალაქში, ცერებელსკასა და დედოფალ იადვიგას ქუჩების კვეთაზე მდებარე ავტოსადგომზე, ბელარუსის საზღვრიდან 30-40 კილომეტრში.

კოზაკის თქმით, მკვლელი ზურგიდან მიუახლოვდა სკრეპეცკის და ახლო მანძილიდან სამჯერ ესროლა. "როდესაც სემიონი მიწაზე დაეცა, მამაკაცი მასთან მივიდა და კიდევ ორჯერ ესროლა". მოკლულს ტყვიები თავისა და გულმკერდის ზედა ნაწილში მოხვდა. ეჭვმიტანილმა მოკლელულიანი იარაღი გამოიყენა. მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილია 9 მილიმეტრის კალიბრის მასრები და ტყვია.

„ეს ჰგავდა სიკვდილით დასჯას. იყო რამდენიმე გასროლა ახლო მანძილიდან. რუსეთის მოქალაქე (მოკლული) სოციალურ ქსელებში აქტიურად წერდა თავისი ადგილმდებარეობის შესახებ, თუ სად იქნებოდა. სამწუხაროდ, იგი იოლი სამიზნე აღმოჩნდა“, - განუცხადა პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა თანამშრომელმა პოლონურ პორტალ Onet-ს.

საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში მდებარე საკონსულოსთან ახლოს დააკავეს ბელარუსის ორი მოქალაქე, რომელთა ასაკი 30-დან 40 წლამდეა. ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წარუდგენიათ.

„ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებმაც საშუალება მოგვცა დაგვეკავებინა ბელარუსის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა იყვნენ ან ყოფილიყვნენ ამ საქმეში გარეულნი“, — აღნიშნა მარტინ კოზაკმა. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპატიმრებები არ არის გამორიცხული.

პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას სთხოვეს, მიაწოდონ ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც გადაღებულია ვიდეოთვალთვალის აპარატიდან ან სხვა ვიდეოკამერებიდან, რათა დროულად მოხდეს ეჭვმიტანილის მარშრუტის იდენტიფიცირება.

სემიონ სკრეპეცკი ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა, პოლონეთის მთავრობამ კი მალევე მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.

ბელარუსელმა მხატვარმა ულადისლაუ ბოჰანმა, რომელიც სემიონ სკრეპეცკისთან მეგობრობდა, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს განუცხადა, რომ სემიონი მუქარებს რეგულარულად იღებდა.

„ის არ იყო იმ ტიპის ადამიანი, ვინც რაიმეზე დაიწყებდა წუწუნს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც მან კადიროველების სასტიკი ტროლინგი და ლანძღვა დაიწყო, ვფიქრობ, მუქარებს ყოველდღე იღებდა. როგორც წესი, ეს იყო კომენტარები Instagram-სა თუ YouTube-ზე. ის სკრინშოტების ნაკრებებს აკეთებდა. ეს მისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო. არ ვიცი, ეშინოდა თუ არა ამის. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვისაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა და არაფრის ეშინოდა. მისმა მისამართმა ქსელში ბევრჯერ გაჟონა. ალბათ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე უნდა ეფიქრა“, — თქვა ულადისლაუ ბოჰანმა.

ბოლო კონტაქტი 14 ივნისს სკრეპეცკის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჰქონდათ. “სემიონმა შემომთავაზა, ქუჩის პროტესტი გავმართოთ ბერლინში ან ვარშავაში", - ამბობს ვლადისლავ ბოჰანი, - "მისი ზოგიერთი გამონათქვამი, შესაძლოა, ზედმეტად მკვეთრი, გადამეტებულად უხეშიც კი იყო, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც აღწერდა (დოკუმენტირებას უკეთებდა) სიღრმისეული რუსეთის ცხოვრებას. ჩემი აზრით, მას აქვს ბრწყინვალე ნამუშევრები, რომლებიც ასახავს რუსეთის იმ ნაწილს, რომელიც ომში მონაწილეობს. ის შეეხო იმ ადამიანებს - კადიროველებს, რომლებსაც ბევრი გვერდს უვლის. სემიონ სკრეპეცკი დიდი ადამიანია, თავისი საკუთარი ხედვით, რომელიც ყოველთვის როდია მარტივი და კომფორტული“.


ულადისლაუ ბოჰანი, მხატვარი
ულადისლაუ ბოჰანი, მხატვარი

მხატვარი, როგორც წესი, უმწვავესი სარკაზმით ხატავდა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ე.წ. რუსკი მირის პერსონაჟებს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების პუტინის, სტალინის, კადიროვის, მისი ვაჟის — ადამ კადიროვისა და „ახმატის“ მეთაურის, აპტი ალაუდინოვის გროტესკულ ტილოებს.

სკრეპეცკი ასევე ცნობილი იყო გამომწვევი, ეპატაჟური პერფორმანსებით, რომლებსაც ის ევროპის დედაქალაქებში სიცოცხლის ბოლომდე აწყობდა. მხატვარმა თავისი ბოლო წარმოდგენა გამართა რუსეთის დღესთან დაკავშირებით 12 ივნისს, ბერლინში რუსეთის საელჩოსთან, სადაც მან აქციის მსვლელობისას, შარვლის უკანა ნაწილში გაკეთებული ხვრელიდან რუსეთის დროშა გამოიძრო და ნაგვის ურნაში გადააგდო. ამის შემდეგ მხატვარი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდა ნახატით, რომელზეც გამოსახული იყო სტალინი ჩვილ პუტინთან ერთად. პერფორმანსის დროს სემიონ სკრეპეცკის ფეხზე ეცვა რუსული “ლაპტები“ (ქალამნების მსგავსი ფეხსაცმელი), ეხურა "უშანკა" (ყურებიანი ქუდი) და ეკეთა წმინდა გიორგის ლენტი.

პერფორმანსიდან სამი დღის შემდეგ, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, სემიონ სკრეპეცკიმ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა, რომ მისი აქცია “ფოკუსი დროშით” ძალიან მოეწონათ რუს პატრიოტებს და რომ კადიროვის სახელით მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მხატვარმა იქვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი მუქარის შემცველი პოსტის სკრინშოტი:

“პირადად კადიროვი გაგაუპატიურებს პუტინის ბრძანებით ომის შემდეგ. შენი პოვნა კი ექვს წამიანი საქმეა. ასე რომ, მოემზადე. და კიდევ, არ დაგავიწყდეს სოლიდოლი“.

რამზან კადივროვი და მისი კარიკატურული დიქტატურა მხატვრის საყვარელი თემა იყო. სოციალურ ქსლებში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში მხატვარი დასცინის ჩეჩნეთის თავკაცის მიერ თავის სამფლობელოში დამკვიდრებულ საჯარო ბოდიშის მოხდის მანკიერ ტრადიციას და ისიც ბოდიშს იხდის რამზან ახმატის ძე კადიროვისა და მისი შვილის, ახმატ რამზანის ძე კადიროვის წინაშე, ოღონდ, ბოდიშის მოხდის პარალელურად, ხელში უჭირავს შიშველი კადიროვის თოჯინა უკანალში ფანქრის სათლელით, სადაც შერჭობილი აქვს კიდეც ფანქარი, რომელსაც ვიდეოს მსვლელობისას დაუსრულებლად ატრიალებს.

ვინ იყო, რას და რატომ ხატავდა

სემიონ სკრიპაცკი - ფერმწერი, მოქანდაკე და ავტორი ინტერნეტპუბლიკაციებისა, რომლებშიც მკვეთრად აკრიტიკებდა თანამედროვე რუსეთსა და მის პოლიტიკურ ელიტას. თავის ნამუშევრებში სკრეპეცკი იკვლევდა ავტორიტარიზმის, კორუფციისა და ქვეყნის სოციალური მდგომარეობის თემებს. კოლეგების თქმით, ამ საქმიანობამ დროთა განმავლობაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა მხატვარს, რის გამოც იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მხატვარმა გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელზეც სტეპან ბანდერა რუს მაროდიორ ჯარისკაცებს ფეხით თელავს. 2023 წელს კარიკატურისტი საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. ბოლო წლებში სემიონ სკრეპეცკი ემიგრაციაში ცხოვრობდა და რუსული ოპოზიციის მხარდამჭერ ინიციატივებში მონაწილეობდა.

თავის Telegram-არხზე სკრეპეცკიმ რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ აქციას „ობსკურანტიზმის აღლუმი“ უწოდა, რადგან ბერლინის მსვლელობაზე რუსეთისა და უკრაინის დროშები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო განლაგებული. ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, კრიტიკისა და კარიკატურების გამო სკრეპეცკის არაერთხელ ემუქრებოდნენ ანგარიშსწორებით. მიღებული მუქარების ნაწილს ის საკუთარ Telegram-არხზეც აქვეყნებდა.

მხატვრის მკვლელობა მოულოდნელი არ ყოფილა არც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის და არც ოპონენტებისთვის.

სიარგეი სპარიაშმა - ბელარუსმა პოლიტიკოსმა და ლუკაშენკას რეჟიმის ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, რომელიც 2025 წლის სექტემბერში შეიწყალეს და იძულებით გააძევეს ბელარუსიდან, მხატვრის შესახებ დაწერა:

“გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მხატვარი სემიონ სკრეპეცკი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ვიტყვი: პოლიტიკური კარიკატურისტისთვის საკუთარი შემოქმედების გამო სიკვდილი - აღიარების უმაღლესი ფორმაა”.

დამკვირვებლები სოციალური ქსლების რეაქციებიდან გამომდინარე ასკვნიან, რომ მხატვრის უკიდურესად ეპატაჟური შემოქმედებიდან გამომდინარე, მისი მკვლელობას ბევრი ელოდა. ერთ-ერთმა ე.წ. ნეიტრალურმა მომხმარებელმა ასეთი რამ დაწერა:

“მოკლულია ფრიკი მხატვარი, რომელიც შეურაცხყოფდა პუტინსა და კადიროვს. როდესაც სოციალურ ქსელებში ვხედავდი ამ „მხატვრის“ ქცევებს, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან მას მოკლავდნენ. და არა იმიტომ, რომ სისხლისმსმელი ვარ ან მისი სიკვდილი მსურდა. ის უბრალოდ გადადიოდა ყველა ზღვარს და განზრახ, ცინიკურად, დამახინჯებული ფორმით შეურაცხყოფდა არა მხოლოდ პუტინსა და კადიროვს. ის შეურაცხყოფდა იმ „მორწმუნეთა“ გრძნობებს, ვინც ამ ლიდერებს უჭერენ მხარს - რუსებს, რუსეთის მოქალაქეებს, ჩეჩნებს და სხვებს. ასეთ შემთხვევებში, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ამბობენ: „რაც დათესე, იმას მოიმკი”.

მართლა შეურაცხყოფდა მხატვარი, არა მხოლოდ პუტინსა და კადიროვს, არამედ რუსეთის რიგით მოქალაქეებსაც? ამ კითხვას დიდწილად უპასუხებს სკრეპეცკის რამდენიმე წლის წინანდელი განმარტება იმაზე, თუ ვის, რატომ და როგორ ხატავს.

„40 წლამდე რუსეთში ვიცხოვრე", - ამბობს მხატვარი, - "2008-დან 2021 წლამდე ვიცხოვრე ალთაის მხარის მიყრუებულ სოფელში და მთელი ამ დროის განმავლობაში ვსწავლობდი „რუსული სამყაროს“ ფილოსოფიას, ვსწავლობდი ადამიანებს, ვცდილობდი მათ გაგებას, რუსული სამყაროს ლოგიკაში ჩაწვდომას და შედეგად დავასკვენი, რომ რუსული სამყაროს იდეა პრინციპში ლოგიკის შეურაცხყოფაა. არაფერი მასში არ არის, მხოლოდ არაფერზე დაფუძნებული ბრმა რწმენა! და როგორც მხატვარმა, დავიწყე იმის ტილოზე გადატანა, რასაც ვხედავ, რადგან მე კარგად შევისწავლე რუსული სამყარო, კარგად ვხედავ როგორ გამოიყურება ეს სამყარო პროპაგანდის გარეშე, როგორი სახე აქვს სინამდვილეში. ამიტომ ჩემი ყველა ნახატები აბსოლუტურად ნამდვილი და ალალ-მართალია. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მე რუსოფობი ვარ, ჩირქსა ვცხებ და ა.შ. არა, მე ვხატავ სამყაროს ისეთს, როგორიც არის, შელამაზების გარეშე“.

ე.წ. რუსული სამყაროს რიგითი მოქალაქეები არიან სემიონ სკრეპეცკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოს „თავის ტვინის პუტინომის“ პერსონაჟები - რუსი „მუჟიკები“, რომლებსაც თავზე ჩეჩმები ადგამთ, ჩეჩმაში კი პუტინი ისაქმებს.

„თავის ტვინის პუტინომა - ნახატი რომელმაც მსოფლიო ფსიქიატრები აღაფრთოვანა", - ამბობს ერთგან მხატვარი თავის ნამუშევარზე, - "ეს არის ყველა მასობრივი ეპიდემია, რომელმაც 21-ე საუკუნეში გაანადგურა ათეულობით და შეიძლება ასეულობით მილიონი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ ევრაზიის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც თრგუნავს ადამიანის ნებას, თრგუნავს კრიტიკულ აზროვნებასა და თვითგადარჩენის ინსტინქტს“.

ემიგრაციაში მცხოვრებმა მწერალმა ეკატერინა მარგოლისმა, რომელიც მხატვართან მეგობრობდა, გამოაქვეყნა მიმოწერის (2026 წლის გაზაფხული) ფრაგმენტები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას ქმნიან სემიონ სლეპეცკის ღირებულებებისა და შემოქმედების შესახებ:

„<…> მე ვარ ხუილოს, იმპერიის მოწინააღმდეგე და რუსეთის დაშლის მომხრე. თქვენ სამი წელია ეწინააღმდეგებით იმპერიას, მე კი - 30 წელი. მე ასევე ვერ ვიტან ნავალნისტებს და მთლიანად მოსკოვურ ოპოზიციას სწორედ მათი იმპერიული ხედვების გამო. რადგან მათ მოსწონთ რუსეთის არსებული მოწყობა. მაშინაც კი, თუ პუტინის ნაცვლად ტახტზე იულია ნავალნაია დაჯდება, რუსეთის ხალხებისთვის არაფერი შეიცვლება.

<...> ჩემი ბიძაშვილი ფულის საშოვნელად წავიდა უკრაინელების მოსაკლავად, და თვითონ ის მოკლეს. არავინ აიძულებდა. ზარმაცი და ლოთი იყო. უბრალოდ ფულის საშოვნელად წავიდა. მთელი ცხოვრება ამ რუსულ სამყაროში ვიცხოვრე, ყველაზე დაბალ სოციალურ ფენაში. არა ის, რომ მე ვიყავი ფსკერზე - ფსკერი თავად არის ღრმა რუსეთი, სადაც ჩვეულებრივი რუსი, ალთაელი თუ ბაშკირი ადამიანი ცხოვრობს. მათთან ერთად ვმუშაობდი, ვთევზაობდი, ვურთიერთობდი და ა.შ. ანუ ეს რუსული სამყარო შიგნიდან ვიცი. წლების განმავლობაში ტუალეტი ეზოში მქონდა, ხოლო სასმელი წყალი სახლიდან 200 მეტრში მდებარე ჭიდან მომქონდა.

<...> პოლონეთში ვარ 2021 წლიდან. მთელი ოჯახი გამოვიყვანე. მყავს ხუთი შვილი. სისტემა გავტეხე. მრავალშვილიანი ოჯახი ევროპაში გადმოვიყვანე. 2021 წელს მივხვდი, რომ ბავშვები სასწრაფოდ უნდა გადამერჩინა. მათ ჩემს გარდა ვერავინ იხსნიდა. მოვემზადე და დავახვიე. არ წავიდოდი. ციხის არ მეშინია - უპრობლემოდ მოვიხდიდი. შემდუღებელი და ტატუ-მასტერი ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვიშოვი ძეხვსა და ყველს. უფროსი ქალიშვილი 24 წლისაა, უმცროსი 17-ის. ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი მყავს.

<…> ჩემი ნახატები, მიუხედავად იმისა, რომ პრიმიტიულ კარიკატურებს ჰგავს, ყოველთვის ღრმა შინაარსს ატარებს - ბევრი მინიშნებითა და პარალელით. უაზრო ნახატები არ მაქვს. სანამ რაიმეს შევქმნი, ვსწავლობ საკითხს და ვაკეთებ ანალიზს. ხალხების განადგურებაზე ვფიქრობდი კიდეც. მინდოდა თანამედროვე ინტერპრეტაციით დამეხატა „სატურნი, რომელიც შვილებს ჭამს“, მაგრამ მკვიდრი ხალხები პუტინისთვის შვილები არ არიან, ამიტომ ეს იდეა არ გამოვიდა…“

ეკატერინა მარგოლისის თქმით, მისი მეგობარი ძლიერი, დამოუკიდებლად მოაზროვნე და მასშტაბური ადამიანი, რის გამოც სწორედ ის მიიჩინეს იმპერიისა და რუსული სამყაროს მტრად და ამოიღეს სამიზნეში.

„ისინი მხატვრებს კლავენ. ისინი ტაძრებს ბომბავენ. ისინი მუზეუმებს უმიზნებენ. ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია, ერთსა და იმავე ჯაჭვის, რომლისთვისაც აუტანელია ყველაფერი ცოცხალი და თავისუფალი. არის თუ არა რამე უფრო თავისუფალი, ვიდრე ხელოვნება? ნებისმიერი ფორმის ხელოვნება. კულტურული ფრონტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მასობრივი კულტურაც. ისინი ამას თავად აღიარებენ თავიანთ დოკუმენტებში, ეკონომიკურ ფორუმებზე და, ყველაზე მეტად - საკუთარ ქმედებებში. მათ ეშინიათ და ამიტომ კლავენ. ბოლოს ისინი დამარცხდებიან, მაგრამ ადამიანებს ვერ გავაცოცხლებთ”, - დაწერა ეკატერინა მარგოლისა.

სხვა თავდასხმები პუტინისა და კადიროვის ოპონენტებზე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში თავს ესხმიან ადამიანებს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური ელიტის კრიტიკით არიან ცნობილი. მაგალითად, 2024 წელს თავდასხმის მსხვერპლი გახდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ ვოლკოვი - გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი.

2024 წლის მარტში ვოლკოვს საკუთარ სახლთან, ვილნიუსში დაესხნენ თავს: თავდამსხმელმა მისი ავტომობილის მინები ჩაამსხვრია, თვალებში ბენზინი შეასხა და ჩაქუჩით სცემა. ვოლკოვმა ხელის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები მიიღო. იმ დროს ლიეტუვის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. მოგვიანებით პოლონეთში ამ საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა ბელარუსელი კრიმინალი ვიქტორ პავლიკა, რომელიც ადრე თაღლითობის საქმეზე იყო გასამართლებული.

ასევე სცადეს რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი ცნობილი ოპონენტის, ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის მოკვლაც. ჩეჩენი ბლოგერი მრავალი წელია YouTube-ზე აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებს რამზან კადიროვს, რომელსაც „ჩეჩენი ხალხის სირცხვილს“ უწოდებს. 2020 წლის დეკემბერში უცნობმა პირმა ბლოგერის ბინაში შეაღწია (შვედეთის ქალაქი იევლე) და აბდურახმანოვის მოკვლა სცადა. თავდამსხმელი დააკავეს და მოგვიანებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამის შემდეგ ტუმსო აბდურახმანოვი გარკვეული დროით საინფორმაციო სივრციდან გაქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს 2022 წელს სხვა თავდამსხმელების გამოვლენისა და დაკავების ოპერაციის ნაწილი იყო. ოპერაციამ შედეგი გამოიღო. მოგვიანებით მიუნხენის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც აბდურახმანოვის მოსაკლავად, კადიროვის პირადი დავალებით გაემგზავრა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბელარუსის სპეცსამსახურების საქმიანობა

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის 15 ივნისს ბიალა-პოდლიასკაში სემიონ სკრეპეცკის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. ასევე უცნობია, რა შესაძლო როლი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ საქმეში ბელარუსის სპეცსამსახურებს. საკონსულოს თანამშრომლებს შესაძლოა არც კი ეფიქრათ, რომ მხატვრის მკვლელობაში სავარაუდოდ მონაწილე ერთ-ერთი პირი მათ ტერიტორიაზე დამალვას შეეცდებოდა. ამ გარემოებებს პოლონეთის პროკურატურა იძიებს.

თუმცა ცნობილია, რომ ლუკაშენკას რეჟიმის სპეცსამსახურები საზღვარგარეთაც მოქმედებენ. ამის მაგალითია ყოფილი უკრაინელი ვოლონტიორის ვასილი ვერამეიჩიკის საქმე: ახალგაზრდა მამაკაცი ბელარუსელი ძალოვნების მოთხოვნით ვიეტნამში დააკავეს და შემდეგ ბელარუსში გადაიყვანეს. ამ ოპერაციის ყველა გარემოება დღემდე ბოლომდე არ არის ცნობილი.

გარდა ამისა, ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურები აქტიურად აკვირდებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც ლუკაშენკას წინააღმდეგ და თავისუფალი ბელარუსის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობენ. ამ ადამიანებს სისხლის სამართლის დევნით ემუქრებიან და მათი ნათესავების დაშინებასაც ცდილობენ.

რადიო თავისუფლების ბელარუსულმა რედაქციამ გამოავლინა ახალგაზრდები, რომლებიც ვილნიუსში ბელარუსის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი მიტინგის მონაწილეების გადასაღებად იყვნენ დაქირავებული. მათ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ ფოტო- და ვიდეოგადაღება განახორციელეს, შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბარში ცდილობდნენ უარეყოთ, რომ იცოდნენ, ვისთვის მუშაობდნენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG