„მამები და ბაბუები - რუსეთის ხელისუფლების გენეალოგიური სტრუქტურა“ - ასე ჰქვია ჟურნალისტური გაერთიანების, „პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევას იმის შესახებ, თუ როგორ ჩამყალიბდა პუტინის რუსეთში „მმართველი დინასტიები“ და რა როლს თამაშობს ნათესაური (პირადი) კავშირები თანამედროვე რუსეთის მართვაში.
პატრუშევების ოჯახი
2025 წლის დასაწყისში ბრიანსკის ოლქს ესტუმრა რუსეთის ვიცე-პრემიერი, დმიტრი პატრუშევი. მაღალი რანგს მოსკოველ სტუმარს გვერდს უმშვენებდნენ ასევე მაღალი რანგის სხვა მოხელეები, რაც გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა მათი გვარი. დმიტრი პატრუშევი იმყოფებოდა ნიკოლაი და ვიქტორ პატრუშევების, ასევე მაღალი თანამდებობისა და გავლენის მქონე მამისა და ბიძის გარემოცვაში. საგულისხმოა, რომ პატრუშევების ამ ოჯახურ ტრიოს მასპინძლობას უწევდა ადგილობრივი გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი, რომლის ნათესავები (სულ ცოტა ხუთი მაინც), გარდა იმისა, რომ აკონტროლებენ ბრიანსკის ოლქის რამის მთელ სოფლის მეურნეობას, ასევე იკავებენ მაღალ თანამდებობებს ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში. როგორც “პროექტის” მკვლევრები შენიშნავენ, ნიშანდობლივი სტუმარ-მასპინძლობა გამოვიდა, რადგან ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის რეჟიმი ახდენს თავისი თავის კვლავწარმოებას - მობერებული მმართველების ჩანაცვლებას მათივე შთამომავლებით.
„პროექტმა“ შეისწავლა დაახლოებით 10 000 თანამდებობის პირისა და მათი ნათესავების ბიოგრაფია და შეადგინა იმ საჯარო მოხელეების დოსიე, რომლებმაც, სავარაუდოდ, თანამდებობები მამებისა და ბაბუების წყალობით მიიღეს, ან რომლებმაც თავიანთი მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები და სხვა ნათესავები საჯარო სამსახურში ან საჯარო სექტორთან დაკავშირებულ პრესტიჟულ სამსახურებში მოაწყვეს, ან დაეხმარნენ მათ ისეთი ბიზნესის წამოწყებაში, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტებით ყვავის.
„პროექტის“ მკვლევართა თვალსაწიერში მოექცა საჯარო ადმინისტრირების ძირითად სფეროებში (პრეზიდენტი, მთავრობა, ე.წ. ძალოვანი უწყებები, რეგიონული მთავრობები, სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო მედიაორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, მუზეუმები, თეატრები და ა.შ.) მაღალ თანამდებობებზე მყოფი 1329 პირის ბიოგრაფია. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 76%-ს (1012 ადამიანს) ჰყავს ნათესავები, რომლებიც ასევე იკავებენ მაღალ თანამდებობებს საჯარო სამსახურში ან სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კომპანიებში.
„ეს უზარმაზარი წილია - ყოველი ოთხი თანამდებობის პირიდან სამმა ან მემკვიდრეობით მიიღო ადგილი სხვა თანამდებობის პირებისგან, ან სახელმწიფოს ხარჯზე თვითონ მოუწყო ცხოვრება თავის შთამომავლებს“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რედაქციას „პროექტის“ ჟურნალისტმა, მიხაილ რუბინმა.
ჟურნალისტებმა გამოთვალეს იმ მაღალი თანამდებობის პირთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ დასაქმებული ხელისუფლებაში ან სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნესებში (ე.წ. „ნეპოტიზმის ინდექსი“). რუსეთის უზენაეს სასამართლოსა და თავდაცვის სამინისტროში ყველა მაღალი თანამდებობის პირს (100%-ს) ჰყავს ნათესავები, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ სახელმწიფო სტრუქტურებში. „პროექტის“ კვლევის თანახმად, სხვა უწყებებში ასეთი ვითარებაა:
- ფედერაციის საბჭო - 86%
- სახელმწიფო დუმა - 84%
- კრემლი - 74%
- ე.წ. ძალოვანი უწყებები და მოსამართლეები - 74%
- გუბერნატორები - 69%
- მთავრობა - 61%
გარდა ამისა, „სბერბანკის“, „ვითიბი ს“-ის, „გაზპრომის“, „როსსელხოზბანკის“, „ვებ.რფ“-ის, „როსტელეკომის“, „ავტოდორის“ და „რუსეთის რკინიგზის“ ყველა ხელმძღვანელმა პირმა და მმართველი საბჭოს წევრმა შეძლო თავისი ნათესავებისთვის სამთავრობო ან სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმების უზრუნველყოფა.
„პროექტი“ ასევე წერს, რომ რუსეთში ჩამოყალიბდა ან ყალიბდება მმართველი დინასტიები - „ნათესაობით დაკავშირებულ იმ პირთა ჯგუფები, რომლებიც ერთდროულად იკავებენ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს, მათ შორის ხშირად ინტერესთა პირდაპირი კონფლიქტით, სადაც, მაგალითად, მამა თავისი შვილის უშუალო უფროსია. კვლევამ გამოყო 25 ასეთი „მმართველი დინასტია“:
- ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი - 27 ნათესავი/ახლობელი თანამდებობაზე
- რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის მეთაური - 96
- არსენ კანოკოვი, ფედერაციის საბჭოს წევრი - 19
- სერგეი ჩემეზოვი, როსტეკის ხელმძღვანელი - 16
- ნიკოლაი პატრუშევი, პრეზიდენტის თანაშემწე - 15
- იური ჩიხანჩინი, როსფინმონიტორინგის დირექტორი - 15
- არტემ შეიკინი, ფედერაციის საბჭოს წევრი - 13
- სულეიმან ქერიმოვი, ფედერაციის საბჭოს წევრი - 13
- ზელიმხან მუცოევი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი - 12
შემდეგ მოდიან: ანდრეი კოსტინი, VTB-ის ხელმძღვანელი (12); ოლეგ კოლესნიკოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი (12); ახმატ სალპაგაროვი, ფედერაციის საბჭოს წევრი (12); ვიაჩესლავ მაკაროვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი (11); ალექსეი ტკაჩევი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე (11); კაპლან პანეში, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი (10); აიდარ მეტშინი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი (10); ვიაჩესლავ მარხაევი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი (10); დიმიტრი როგოზინი, ფედერაციის საბჭოს წევრი (10); ანტონ სილუანოვი, ფინანსთა მინისტრი (10); ალექსანდრ ნოვაკი, ვიცე-პრემიერი (10); ბორის კოვალჩუკი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე (10); სერგეი ვერემეენკო, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი (10); ევგენი პრიმაკოვი უმცროსი, როსსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელი (10); მარატ ხუსნულინი, ვიცე-პრემიერი (10).
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, ყველაზე მეტი ნათესავი ჰყავს დასაქმებული სამთავრობო ან სახელმწიფოსთან დაკავშირებულ სტრუქტურებში. „პროექტის“ გათვლებით, მისი მეგობრები და ნათესავები 96 ასეთ ადგილს (თანამდებობას) იკავებენ. მაგალითად, ჩეჩნეთის მთავრობაში კადიროვის ნათესავია 20-დან სულ მცირე 9 პირი. გარდა ამისა, კადიროვის უახლოესი წრის სულ მცირე 8 წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას იკავებს ფედერალურ დონეზე, მათ შორის არაიან: სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი და სენატორი სულეიმან გერემეევი.
„პროექტის“ მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო თანამდებობებსა ან სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნესებში დაასაქმა თავისი 27 ნათესავი ან უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელთა შორის არიან:
- ალინა კაბაევა, სავარაუდოდ, პუტინის დიდი ხნის პარტნიორი და მისი ვაჟების დედა
- სვეტლანა კრივონოგიხი, სავარუდო საყვარელი
- ლუდმილა ოჩერეტნაია, პუტინის ყოფილი ცოლი
- არტურ ოჩერეტნი - პუტინის ყოფილი ცოლის ქმარი
- ანა ცივილიოვა, პუტინის ბიძაშვილი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა
- სერგეი ცივილიოვი - ანა ცივილიოვას ქმარი, რომელიც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრია
გარდა ამისა, ვლადმირ პუტინის მეგობარია ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი, რომლის ერთი შვილი, პიოტრ ფრადკოვი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთავრი ბანკის „პრომსვიაზბანკის“ მმართვეოლია, ხოლო მეორე შვილი პაველი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე. პუტინის ძველი მეგობარია იური კოვალჩუკი, რომლის შვილი, იური კოვალჩუკი რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელია, ხოლო ძმისშვილები სტეპანი და კირილი მსხვილ რუსულ ტელემედიებსა და სოციალურ ქსელებს მართავენ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მიხაილ რუბინის თქმით, რუსი ჩინოვნიკები ბევრნი არიან და მათ კიდევ უფრო მეტი ნათესავი ჰყავთ.
„საერთო ჯამში კი, რუსეთი ნათესაური კავშირების ჯაჭვია, მმართველობის სისტემა, რომელშიც მხოლოდ საკუთარ ხალხს შეგიძლია ენდო“, - ამბობს ჟურნალისტი.
„პროექტი“ იმითაც დაინტერესდა, თუ რომელ რუს ოლიგარქებთან საქმდებიან ყველა ხშირად რუს ჩინოვნიკთა ოჯახების წევრები. ასეთ ბიზნესმენთა პირველ ხუთეულში შედიან პუტინის თაობის ოლიგარქები - პუტინის მეგობრები, რომლებიც მსხვილ მეწარმეებად მისი წყალობით იქცნენ. შემდეგ მოდიან ოლიგარქები, რომლებიც მსხვილ მოთამაშეებად 1990-იან წლებში ჩამოყალიბდნენ, მაგრამ თავიანთ პოზიციებს პუტინთან და მის ელიტასთან კავშირების წყალობით ინარჩუნებენ.
- არკადი და ბორის როტენბერგები, ვლადიმირ პუტინის მეგობრები - 19 დასაქმებული
- ოლეგ დერიპასკა, ბორის ელცინის ოჯახის წევრი - 11
- მიკაილ გუცერიევი, სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი - 10
- იური კოვალჩუკი, ვლადიმირ პუტინის მეგობარი - 9
- სულეიმან კერიმოვი, ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების დიდი კლანის ლიდერი - 9
- კონსტანტინ მალოფეევი, კრემლთან და საიდუმლო სამსახურებთან კავშირების მქონე თაღლითი - 8
- ვლადიმირ ევტუშენკოვი, ფსბ-ს ხელმძღვანელობის ნათესავი და მეგობარი - 7
- ისკანდარ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, კრიმინალური კავშირების მქონე მილიარდერები - 7
- ალიშერ უსმანოვი, დიმიტრი მედვედევის სპონსორი - 6
- ვლადიმირ პოტანინი, ყოფილი მინისტრი და 1990-იანი წლების პრივატიზაციის არქიტექტორი, რამაც მილიარდერად აქცია - 5
- ვიქტორ ვექსელბერგი, 1990-იანი წლების პრივატიზაციის ბენეფიციარი - 5
- გენადი ტიმჩენკო, ვლადიმირ პუტინის მეგობარი - 5
„პროექტის“ კვლევიდან ასევე ირკვევა, რომ რუსი თანამდებობის პირების 20%-ზე მეტს ოჯახის წევრთა შორის ჰყავთ ე.წ. ძალოვან უწყებებში დასაქმებული სულ ცოტა ერთი პირი მაინც. თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო მოხელეების 29% ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელია. პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზე კრემლია:
- კრემლი - 36%
- სახელმწიფო დუმა - 23%
- ფედერაციის საბჭო - 23%
- სხვა სამთავრობო უწყებები - 20%
- მთავრობა - 14%
- სახელმწიფო კომპანიები და სახელმწიფო ბანკები - 14%
- გუბერნატორები - 13%
პროექტმა იმის გარკვევაც სცადა, თუ რამდენი მოქმედი რუსი ჩინოვნიკია საბჭოთა ბიუროკრატიული დინასტიების მემკვიდრე ან თვითონ იკავებდა მაღალ თანამდებობებს საბჭოთა ეპოქაში? აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტი - 58%.
„ისინი, როგორც მემკვიდრეობას, ისე გადასცემენ ჩვენს თავს თავიანთ შთამომავლებს“, - აღნიშნავს კვლევისთვის დართულ ვიდეო ვერსიაში „პროექტის“ მთავარი რედაქტორი რომან ბადანინი.
საბჭოთა ნომენკლატურის შთამომავლების განაწილება სახელმწიფო ორგანოებში:
- ფედერაციის საბჭო - 86%
- სახელმწიფო დუმა - 84%
- კრემლი - 72%
- გუბერნატორები - 69%
- უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მოსამართლეები - 67%
- მთავრობა - 63%
მიხაილ რუბინის თქმით, რუსეთში კლანურობის ტრადიცია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ პუტინის დროს ეს ტრადიცია თვალში საცემად გაძლიერდა.
„სისტემა ირჩევს ადამიანებს, რომლებიც თაობებმა გამოსცადეს. დარწმუნებული ვარ, პუტინი არავის ეუბნება, მხოლოდ საბჭოთა ეპოქის ჩინოვნიკების შთამომავლები მიიღეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ სისტემა მუშაობს ისე, რომ ამნაირ ადამიანებს არჩევს, მორჩილებაში გამოცდილებს“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
ვინ არიან ეს ნათესაური კავშირებით ერთმანეთზე გადახლართული ადამიანები?
ამ კითხვის პასუხად ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი, პოლიტოლოგი მარია სნეგოვაია ამბობს, რომ დიდწილად სწორედ ეს არის ის Deep State, რომელიც დღევანდელ რუსეთს მართავს. მისი თქმით, სისტემაში შემთხვევითი ადამიანისთვის შესვლა ძალიან რთულია, როგორც წესი, სისტემის განახლება და რეპროდუქცია ოჯახური, ნათესაური კავშირების მეშვეობით ხდება.
"არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიან ეს ადამიანები; მთავარი ისაა, რომ ისინი შემთხვევითი ადამიანები არ არიან; მათ ძალიან მაღალი ფსონები აქვთ და არ აპირებენ სისტემის რეფორმირებას ან რაიმე ფორმით ლიბერალიზაციას. ეს დამახასიათებელია რუსული და საბჭოთა სისტემისთვის. იმთავითვე ამგვარი სისტემა ყალიბდება პირად კავშირებზე, რასაც პოლიტოლოგები პატრიმონიალიზმს უწოდებენ. ანუ არა ინსტიტუტები, არამედ კავშირები. ეს ქმნის ურთიერთ პასუხისმგებლობის, მანკიერ სისტემას: რადგან გადარჩენა უფროსობაზეა დამოკიდებული, კედლად უნდა დაუდგეს მას, რაც კორუფციის პოტენციალს ზრდის. ეს სისტემა რუსეთისთვის ახალი არ არის, თუმცა მაგრამ ამ ნომენკლატურული ტრადიციის ფაქტი რევანშიზმს ქმნის.“, - ამბობს მარია სნეგოვაია რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბარში.
ფორუმი