ამასთან, ჩნდება კითხვები მათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტებისა და კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ.
„Х..й войне“ და „Единая Россия“-ს დეპუტატის მანდატი
რუსულ ჯგუფ t.A.T.u-ს კონცერტი, რომელიც 30 იანვარს თბილისში უნდა გამართულიყო, გაუქმდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ორგანიზატორებს მიზეზი არ უთქვამთ. სოციალურ ქსელებში წერდნენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ორგანიზატორებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გათვალისწინესო. პროტესტი კი იმას მოჰყვა, რომ ჯგუფის წევრებს სხვადასხვა დროს კონცერტები ჰქონდათ ჩატარებული რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფი საქართველოში საკონცერტო აფიშაზე ისევ გამოჩნდა, ამჯერად ბათუმში. t.A.T.u-ს კონცერტი 1 აგვისტოს ბათუმის კორტების ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ბილეთების ფასი 140-დან 300 ლარამდეა.
„1 აგვისტოს, პირველად საქართველოში, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის – t.A.T.u-ს გრანდიოზული კონცერტი გაიმართება“, - წერია Biletebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ანონსში.
ჯგუფი t.A.T.u., რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, პოპულარული გახდა თავისი პროვოკაციული იმიჯითა და „აკრძალული სიყვარულის“ თემით. 2000-იან წლებში ის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პროექტად იქცა, ხოლო 2003 წელს ევროვიზიაში მონაწილეობის შემდეგ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. თუმცა ოცი წლის შემდეგ ჯგუფი სცენას სულ სხვა პოლიტიკურ გარემოში დაუბრუნდა.
ბათუმში დაგეგმილ კონცერტამდე ერთი წლით ადრე, 2025 წელს ჯგუფ t.A.T.u-ს წევრებმა - იულია ვოლკოვამ და ლენა კატინამ - კონცერტი ანექსირებულ ყირიმში გამართეს.
ორივე მომღერალი უკრაინული პროექტ „მიროტვორეცის“ ბაზაშია შეყვანილი.
„მიროტვორეცი“ – უკრაინული საზოგადოებრივი ონლაინპროექტია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. მასში ქვეყნდება ინფორმაცია მათზე, ვისაც პროექტის ადმინისტრაცია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობასთან აკავშირებს. ეს საიტი არც სახელმწიფო რეესტრია და არც სხვა რომელიმე სახელისუფლებო ორგანოს პლატფორმა, რის გამოც იქ მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ამას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
პროექტის ვებგვერდის მიხედვით, იულია ვოლკოვა „მიროტვორეცის“ ბაზაში 2020 წლის სექტემბერში შეიყვანეს. მიზეზად მითითებულია მისი კონცერტები ანექსირებულ ყირიმში და 2018 წელს ქერჩის ხიდის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა.
„უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეგნებული დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში შეღწევის მიზნით. <...> ანექსირებულ ყირიმში უკანონო საკონცერტო საქმიანობა. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობის საჯარო მხარდაჭერა“, – ნათქვამია საიტზე.
ერთ-ერთ ინტერვიუში უკრაინულ არხზე იულია ვოლკოვამ თქვა, რომ ყირიმში ვიზიტების დროს თავს „სრულიად მშვიდად“ გრძნობდა.
„მე ნეიტრალური ვარ, ადამიანებს არ ვყოფ. <...> ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამ საკითხებს არ ვუღრმავდები და არ ვერევი. ჩვენი რა ბრალია“, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ იულია ვოლკოვა საკუთარ თავს აპოლიტიკურად მიიჩნევს, 2021 წლის აპრილში მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის მმართველი პარტიის „Единая Россия“-ს პრაიმერიზში, დუმის არჩევნების წინ.
ჯგუფის მეორე სოლისტი ლენა კატინა „მიროტვორეცის“ სიაში 2018 წელს შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც იგი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში გამართულ ღონისძიებებზე გამოვიდა.
„პრორუსულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. რუსეთის (აგრესორი სახელმწიფოს) პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობა“, – აღნიშნულია პროექტის ვებგვერდზე.
2014 წელს, უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ლენა კატინა სოციალურ ქსელებში ანტისაომარ განცხადებებს აქვეყნებდა. ერთ-ერთ პოსტში მან აღნიშნა: „ძალიან მინდა, რომ დედამიწაზე მშვიდობა იყოს! ომის დედაც – ეს ჩვენი სლოგანია!!! და ყოველთვის ასეთი იქნება!!!“
2003 წელს t.A.T.u-ს წევრები ამერიკულ ტელევიზიაში გამოჩნდნენ მაისურებით წარწერით „Х..й войне“ [ომის დედაც], რითაც მათ ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჯგუფის არცერთ წევრს ომი საჯაროდ არ დაუგმია.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, ჯგუფის წარმომადგენლებს და ბათუმის კონცერტის ორგანიზატორებს რადიო თავისუფლების კითხვებზე არ უპასუხიათ.
„მადლობა რუს ჯარისკაცს“
კიდევ ერთი რუსული ჯგუფის „Воровайки-ს” კონცერტი ბათუმში, კლუბ Teatro-შია დაგეგმილი. ბილეთების ფასი 80 ლარია. სოცქსელებში ანონსების ქვეშ დატოვებულ კომენტარებში ძირითადად ნოსტალგიური განწყობა ჩანს - რუსულენოვანი მომხმარებლები წერენ, რომ ეს მათი ბავშვობის მუსიკაა.
„Воровайки“ 1999 წელს დაარსდა და შანსონს ასრულებს. ჯგუფმა სახელი ციხისა და ქუჩური ცხოვრების თემატიკით გაითქვა. საქართველოში ისინი ახალი შემადგენლობით ჩამოდიან.
„ჩვენი ფანები მსოფლიოს ყველა კუთხეში არიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს კონცერტზე მეგობრული ატმოსფერო იქნება, რადგან ეს თანამოაზრეთა შეხვედრა იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯგუფის დირექტორმა ივან ლუშნიკოვმა.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კლუბ Teatro-ს წარმომადგენლებს არ გაუციათ პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვებზე.
ჯგუფ „Воровайки-ს“ იმის გამოც აკრიტიკებენ, რას მღერიან და იმის გამოც, სადაც მღერიან. 2019 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფის წევრებს ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა. გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკავშირდებოდა სიმღერას „Хохлы“ (რუს. хохол არის სლავური წარმოშობის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს უკრაინელების დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მეტსახელს). „თუ საჭირო გახდა, ოდესასაც წავართმევთ“, („Если будет надо, заберем Одессу“) „ქათამი ჩიტი არაა, ხოხოლების ქვეყანა კი საზღვარგარეთი”. („Курица не птица, хохлы не заграница“) - მღეროდნენ ჯგუფის წევრები. თავად მუსიკოსების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ სიმღერით რუსეთის პროპაგანდას დასცინოდნენ.
ღია წყაროების მიხედვით, 2017 წელს „Воровайки“ ოკუპირებულ ლუგანსკში გამოვიდა. ბათუმში დაგეგმილი კონცერტის შემდეგ კი მათ ანექსირებულ ყირიმშიც აქვთ კონცერტები დაგეგმილი.
ჯგუფის დირექტორმა ივან ლუშნიკოვმა რუსულ გამოცემა „Абзац-თან” ინტერვიუში თქვა, რომ „Воровайки“ არაერთხელ ყოფილა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. მისი თქმით, ჯგუფი რეგულარულად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს ომში მონაწილე სამხედროებისთვის და ასევე მიღებული აქვს პრეზიდენტისგან მადლობის წერილები. 2024 წელს კი, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაგრძელების ფონზე, ჯგუფმა გამოუშვა სიმღერა „Спасибо русскому солдату“ ( მადლობა რუს ჯარისკაცს), რომელშიც “რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობას იცავენ”.
ინტერნეტში ასევე იძებნება 2024 წლის სოხუმის აფიშა, რომლის მიხედვით „Воровайки“ 9 აგვისტოს კონცერტში სხვა რუს არტისტებთან ერთად უნდა გამოსულიყვნენ. თუმცა ჯგუფის დირექტორმა რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ ჯგუფი იქ არ გამოსულა.
„მანდ უნდოდათ, ჩვენ იქ ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ იქ არ ვიყავით“, - გვითხრა მან.
ლიუბოვ უსპენსკაია: ყირიმი ჩვენია
რუსული „შანსონის დედოფლის“ ლიუბოვ უსპენსკაიას კონცერტი ბათუმში 11 სექტემბერსაა დაგეგმილი. გამოსვლა გაიმართება Casino Grand Bellagio-ში.
უსპენსკაია კიევში დაიბადა და ყოველთვის ცდილობდა პოლიტიკისგან შორს დაეჭირა თავი. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მშვიდობისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ არტისტებმა ადამიანები უნდა გააერთიანონ. თუმცა, მისი ბოლო განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხარდასაჭერია.
2022 წლის ოქტომბერში მან საჯაროდ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე და მას „დიდი ქვეყნის დიდებული ადამიანი“ უწოდა. 2023 წელს, ანექსირებულ ყირიმში წასვლის შემდეგ, უსპენსკაიამ თქვა, რომ ყირიმი „რუსეთს ეკუთვნის“ და რომ მას არასდროს დათმობენ.
2023 წლის 7 იანვრიდან უსპენსკაია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების ქვეშ იმყოფება ანტიუკრაინული საქმიანობის გამო. იმავე წლის აპრილში ის „მიროტვორეცის“ ბაზაშიც შეიყვანეს.
„ეს არის პირი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ და გადასცენ უკრაინის ან ნატოს სამართალდამცავ ორგანოებს“, - წერია საიტზე.
2026 წლის იანვარში უკრაინის კულტურის სამინისტრომ უსპენსკაია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირთა სიაში შეიყვანა.
„მე მეუბნებიან, რომ უკრაინელი ვარ. მე რუსეთი მიყვარს და მხარს ვუჭერ მას. <...> მე მჯერა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს. <...> ბებია მეუბნებოდა: “რუსეთს ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს, და ვინც მის განადგურებას შეეცდება, თავად განადგურდება. რუსეთი კი იცოცხლებს“, – თქვა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში 2024 წელს.
შემდგომ წლებში უსპენსკაია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუს სამხედროებს ხვდებოდა. 2024 წლის ივლისში ის თავის ქალიშვილთან ერთად დონეცკშიც იმყოფებოდა და იქ გააკრიტიკა თავისი კოლეგები, რომლებმაც ომის შემდეგ რუსეთი დატოვეს.
„მე მათ ცხოვრებაში ხელს აღარ ჩამოვართმევ, არასდროს მივესალმები. <...> ეს ღალატია. ასეთ სიტუაციებში, როცა ომია, - რუსეთში ფული იშოვეს, პოპულარობა მოიპოვეს, - მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქვეს მხარდასაჭერად“, – თქვა მან.
ამ ინტერვიუს დროს მას ეცვა მაისური, სამხედრო დანაყოფ „Пятнашка-ს“ შევრონით და აფხაზეთის დროშით.
„Пятнашка“ – რუსული არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც 2014 წლიდან მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში. დანაყოფი ძირითადად აფხაზებისგან შედგებოდა. მისი დამფუძნებელი ახრა ავიძბაა, რომელიც ცნობილია მეტსახელით „აფხაზი“.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კლუბ Teatro-ის წარმომადგენლებს ბათუმში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების კითხვებზე არ უპასუხიათ.
რატომ ბათუმში?
2022 წლის შემდეგ ბათუმში საგრძნობლად გაიზარდა რუსულენოვანი მოსახლეობა და რუსული კაპიტალის შემოდინება. ამ ფონზე კონცერტის ორგანიზატორებისთვის რუსი არტისტების ჩაყვანა უფრო მოგებიანი გახდა.
ბათუმში რუსი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში 53%-ითაა გაზრდილი. დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 234 ათასს. წინა, 2014 წლის საყოველთაო აღწერისას, ბათუმში 152 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის ასეთი ზრდა სხვა არცერთ ქალაქსა თუ რეგიონში არ ჩანს.
ანალიტიკოსების ნაწილი ამ ზრდას უკავშირებს არა მხოლოდ ბუნებრივ მატებას, არამედ მიგრაციას, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას.
რუსი ემიგრანტების სიმრავლე უძრავი ქონების ბაზარზეც ჩანს. Galt & Taggart-ის მონაცემებით, ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს უცხოელი მყიდველები ქმნიან, მათ შორის, რუსეთის, ისრაელის, პოლონეთისა და თურქეთის მოქალაქეები.
ბათუმს დღეს თავისი რუსულენოვანი ნაწილი აქვს თავისი სერვისებით, ბიზნესებითა და ინფრასტრუქტურით - ბათუმი იქცა სივრცედ, სადაც პოსტსაბჭოთა სცენის არტისტებზეც მოთხოვნა გაჩნდა.
ფორუმი