Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რეჟიმი გვწამლავს!” - საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება


აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ.

“რეჟიმი გვწამლავს!” “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება!” - თბილისში საპროტესტო აქცია იმართება - მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ.

აქცია-მარში დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით იმართება. მათ ეჭვები არა თუ ვერ გაუქრო, არამედ კიდევ უფრო გაუძლიერა 6 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულმა ბრიფინგმა, როდესაც გამოცხადდა, რომ BBC-ის საგამოძიებო ფილმში გამოკვეთილი ვარაუდები სრულად გააბათილეს.

“რეჟიმს უნდა, რომ 5-დღიანი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ რომ რაღაც ნივთიერებას გამოაცხადებს, ის დაიჯეროს ხალხმა. ეს არის სრული აბსურდი, ეს არ მოხდება. რეჟიმის გადამკვდარი მომხრეც კი არ დაიჯერებს. ვინც იტყვის, რომ სჯერა, უბრალოდ - აწყობს და იმიტომ იძახის… ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება, ხალხის სიმშვიდისთვის”, - ამბობს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თავის ლაივ-მიმართვაში. სოციალურ ქსელში მან ასევე აქციის დაწყებამდე დაწერა, რომ "როგორც როდიონოვის დანაშაულს ვერ გამოიძიებდა საბჭოთა რეჟიმი, ისე ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიძიებს ამ ნაძირალების დანაშაულს".

პარტია “ფედერალისტები” მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ორგანიზატორების თქმით, ქუჩაში გასვლა აუცილებელი იყო, რადგან ჯანმრთელობასთან უფლებასთან დაკავშირებული სიმართლის დადგენა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის - “ქართული ოცნების” მომხრეების ინტერესებშიც შედის.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით 20:00 საათისთვის დაიძრნენ. ისინი აცხადებენ, რომ არ ენდობიან სუსის მიერ გამოცხადებულ ინფორმაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია უდავო სიმართლის დადგენა, რაც მხოლოდ მიუკერძოებელ ექსპერტებს შეუძლიათ.

"უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება", "რეჟიმი ცდილობს, დამალოს დანაშაული", - ამბობენ დემონსტრანტები.

"დაუსრულებელი ოცნება მომწამვლელია!" "შხამიანი რეჟიმი უნდა გადადგეს!" - წერია პლაკატზე, რომელიც დემონსტრანტებს უჭირავთ.

რა გამოცხადდა და რამ გააჩინა ეჭვები?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 დეკემბერს, საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს, საპროტესტო აქციებზე გამოყენებული იყო არა Bromobenzyl cyanide-ი, იგივე Camite - რასაც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ექსპერტები ვარაუდობენ, არამედ - Chlorobenzylidenemalononitrile; ხოლო მის გამხსნელად გამოიყენეს Propilenglicol-ი და არა Trichloroethylene (TCE), რასაც BBC ვარაუდობს.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების ვარაუდია, რომ, 2024 წლის მიწურულს, საქართველოში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს სამხედრო მიზნებით შექმნილი და პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება - Bromobenzyl cyanide (CA).

სუსმა არ უარყო, რომ შს სამინისტროს მართლაც ჰქონდა BBC-ის მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტში მითითებული ნივთიერებები გაეროს კოდებით UN3439 და UN1710 და ისიც დაადასტურა, რომ - კოდით UN1710 შესყიდული იყო სწორედ Trichloroethylene (TCE), რომელსაც საერთაშორისო ექსპერტებმა ძლიერ მომწამვლელი და ძალიან სახიფათო უწოდეს, მით უფრო - თუკი მას წყლის ჭავლში შეურევენ, რადგან ჭავლის ძლიერი ნაკადით, ადამიანს შესაძლოა ეს ტოქსიკური ქიმიკატი გადაეყლაპოს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამ ნივთიერებას ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევაც შეუძლია.

  • სუსი აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში Trichloroethylene (TCE) არ გამოუყენებიათ, მაგრამ ადასტურებს, რომ შს სამინისტროდან ამ ნივთიერების სინჯიც ამოიღეს. სუსის თანახმად, ლაპარაკია „ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით”.
  • გამოძიება არ აკონკრეტებს - რატომ ინახავდნენ ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას შს სამინისტროში, თუკი ის "ჩამოწერილი" იყო.
  • სუსის გამოძიების თანახმად, დასახელებული ნივთიერებები, მათ შორის - Trichloroethylene (TCE) 2007 და 2009 წლებში იყო შეძენილი.


Chlorobenzylidenemalononitrile, რომელზეც სუსი მიუთითებს, საერთაშორისო კატალოგებში ასევე მოხსენიებულია ცრემლსადენ გაზად - CS. გამოძიების თანახმად, ის შეძენილი კოდით - UN3439.

CS, რომლის გამოყენებაზეც სუსი მიუთითებს, ცრემლმდენი გაზია, რომელიც გამოიყენება აეროზოლის მდგომარეობაში, სამართალდამცავების მიერ მასობრივი არეულობის გაკონტროლებისთვის. მისი მოქმედება (თვალების წვა, ცრემლდენა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კანის წვა), თუკი გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უნდა იყოს დროებითი. CS-ის წყალში გახნა არ არის სტანდარტული გამოყენება და დოზების დარღვევისა ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში
შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები, მათ შორის - ქიმიური დამწვრობაც.

  • BBC-ს საგამოძიებო ფილმის მიხედვით, UN3439 კოდით გაერთიანებულ ნივთიერებებს შორის, Bromobenzyl cyanide (CA), იგივე camite, ერთადერთია, რომელიც მასობრივი თავყრილობების დასაშლელად ოდესმე ყოფილა გამოყენებული და საერთაშორისო ექსპერტებმა დიდწილად ამიტომაც ივარაუდეს, რომ - 2024 წელს საქართველოშიც ეს ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული.
  • ამ ჯგუფის ყველა ქიმიური ნივთიერება ძლიერ ტოქსიკურია და ძირითადად ინდუსტრიაში გამოიყენება.


Propilenglicol-ი საერთოდ არ არის ნახსენები BBC-ის ფილმში.

საზოგადოების წარმომადგენლებსა თუ ცალკეულ ჯგუფებს, რომლებიც ბოლო დღეებში დეტალებში გარკვევას ცდილობდნენ, სუსის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ დამატებითი შეკითხვები და ეჭვები გაუჩინა.

სუსმა კი, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ გამოძიებამ ყველა შეკითხვას უპასუხა და "უტყუარ მტკიცებულებებზე" დაყრდნობით დაადგინა, რომ „BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები, საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღ "კამიტის" მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას”.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება კვლავ გაგრძელდება მეორე მიმართულებით - "იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს".

საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება რომ იყო გარეული, ამას თავდაპირველად მომიტინგეები თავად მიხვდნენ - დამწვრობებისა თუ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გახანგრძლივებული სიმპტომებით. იმ პერიოდში, ბევრი მათგანი ამის შესახებ რადიო თავისუფლებასაც უყვებოდა.

აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ერთი წლის განმავლობაში არ დაუსახელებია, რა სახის ქიმიურ ნივთიერებას ურევდნენ წყალში, 2024 წლის აქციებზე, ათობით ათასი მომიტინგის წინააღმდეგ. ერთი წლის თავზე კი, BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, 6 დეკემბრამდე აცხადებდა, რომ გამოყენებული ფხვნილს სახეობას ექსპერტიზა დაადგენდა.

სუსის გამოძიება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზას ეყრდნობა.

"ქართული ოცნება" ბოლო დღეებში აცხადებდა, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების უკან სპეცსამსახურები დგანან. თავიდანვე თქვეს ასევე, რომ ბრიტანულ მაუწყებელს უჩივლებდნენ და ბოდიშს მოახდევინებდნენ.

BBC-ს მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება მხოლოდ Bromobenzyl cyanide-ს არ შეეხება. ფილმის ძირითადი ხაზია დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი ძალადობა და ძალოვნების დაუსჯელობა.

მიტინგებზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მუშტებს, წიხლებს - ხშირად თავში; სცემენ მათ ქუჩაში, ძირს დაგდებულებსაც. დაზარალებულების მონათხრობით, ცემა დაკავების მანქანებშიც გრძელდებოდა. ძალადობის კადრები BBC-ს დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა. მასში ასევე მოთხრობილია, თუ როგორ დააჯილდოვა „ქართულმა ოცნებამ“ საპოლიციო სისტემის მაღალჩინოსნები.

  • დემონსტრანტებსა თუ ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო, ძალოვნებისგან არავინ დასჯილა.
  • პოლიციასთან დაპირისპირების, დაუმორჩილებლობის გამო თუ ჯგუფური ძალადობის ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილე - ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ცრუ მოწმეების ნაამბობზე დაყრდნობით.


“ქართული ოცნების” ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, საერთაშორისო სანქციები აქვთ დაწესებული საპოლიციო სისტემის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG