უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გადაწყვეტილების შესახებ ეს მისი პირველი კომენტარია.
მის ამ სიტყვებს უნივერსიტეტის პრესცენტრი ავრცელებს ფეისბუკზე.
ჯაბა სამუშიას კომენტარი შემდეგი ორი წინადადებით შემოიფარგლება:
- „აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია.
- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება“, - ვკითხულობთ თსუ-ს ფეისბუკის გვერდზე.
„მიზანშეწონილია შეხვედრა სამინისტროსთან“
ამავე წყაროს ცნობით, სამუშიამ ეს პოზიცია დააფიქსირა თსუ-ს მმართველი ორგანოების, აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებულ სხდომაზე.
სხდომა ორშაბათს, 2 თებერვალს, გაიმართა.
„სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებთან“, - წერს თსუ.
„ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოსა და სენატს“, - წერია 4-აბზაციან ცნობაში.
სტუ თსუ-ში
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან. შედეგად მიღებულ სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
29 იანვრიდან მოყოლებული პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა 29 იანვარს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.
სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამის შესახებ თავად წინა დღეს გაიგო.
„დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ“, - გვითხრა მან.
კვირას, პირველ თებერვალს, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეო-განმარტება - ის ამბობს, რომ ცვლილების მიზანია კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობისა და მათი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა.
მისი თქმით, ყველაფერს იღონებენ, რომ „არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა“.
მიქანაძემ ეს მიმართვა გაავრცელა 2 დღეში მას შემდეგ, რაც ტექნიკური უნივერსიტეტიდან „ქართული ოცნების“ მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.
ივანიშვილისადმი მიძღვნილი განცხადება მთავრდება სიტყვებით: „პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება“.
მინისტრის მოადგილე სტუ-ში
2 თებერვალსვე სტუ-ში პროფესორებთან შესახვედრად მივიდა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.
შეხვედრის დაწყებამდე სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ „ტვ პირველს“ უთხრა: „ჩემი პოზიცია გახდება ცნობილი თავიდან ბოლომდე, როდესაც მოხდება კონსულტაციები მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან“.
„მე ჩემს პროფესორებთან ყოველდღე ვსაუბრობ, ზოგს მოწონს, ზოგს არა“, - თქვა მან.
„ჩვენ მოვისმინეთ რექტორების საცოდავი რეაქცია“, - ასე შეაფასა ორშაბათ საღამოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რექტორების გამოხმაურებები.
ფორუმი