Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ

ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი
ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი

მასალა განახლებადია კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები.

სასულიერო ლიდერების სამძიმარი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

ერთ-ერთმა პირველმა, სამძიმრის ტექსტი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.

მისი პატრიარქობის ათწლეულების განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის რჩებოდა სულიერ ორიენტირად, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ტრადიციების შესანარჩუნებლად და საზოგადოების სულიერი აღორძინებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.

ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია.

ილია მეორეს პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთააგონა, დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე პერიოდებშიც, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, ვისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა.

ვილოცებთ, რომ მამამ ზეციურმა მიიღოს თავისი მსახური ზეციურ სავანეში. უფალმა დაამკვიდროს ახლად განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სული თავის სასუფეველში და მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა ყველა მათ, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!“ - დაწერა მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს აქვეყნებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.~

„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე..

სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ ჩვენს ქართულ ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგს.

გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან“, - წერს პატრიარქი კირილე.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

განცხადება გაავრცელა რუმინეთის საპატრიარქომ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით.

სამძიმრის წერილში პატრიარქი დანიელი წერს, რომ ილია მეორე „იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა“.

„... ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის "აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი.

დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!", - წერია განცხადებაში.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანას უსამძიმრებს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია. მათ მიერ გავრცელებული ტექსტში მიმოხილულია ილია II-ის ბიოგრაფია და წერია:

„ღმერთმა შეიწყალოს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე! იყოს ხსენება მისი მარადიული და კურთხეული!“.

საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმარი

ისრაელის საელჩო

სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ისრაელის საელჩომ საქართველოში, სადაც წერია, რომ ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - წერს ისრაელის საელჩო.

ტვიტერზე პოსტი დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა:

„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი.“

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“ - წერია განცხადებაში.

თურქეთის საელჩო

სოციალურ ქსელში სამძიმრის ტექსტი გაავრცელა თურქეთის საელჩომ საქართველოში:

„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.

ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, - წერია სამძიმრის ტექსტში.

საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.


„როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.

მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას“, - წერია განცხადებაში.

შვედეთის საელჩო

შვედეთის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მართლმადიდენელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი“, - წერია ტექსტში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“.

პოლონეთის საელჩო

ქვეყანას და მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში პოლონეთის საელჩომ.

„მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.

მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, - წერია განცხადებაში.

იტალიის საელჩო

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - წერს იტალიის საელჩო საქართველოში.

იაპონიის საელჩო

იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს ქართველ ხალხს და „პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე მისი ხსოვნა მარადიული იყოს“.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ X-ზე.

მისი თქმით, ილია მეორეს „ერთგულება რწმენისადმი, ერთიანობისადმი და სულიერი ძალისადმი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გასტანა, წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს“.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა რაშიდ ალ-მაქტუმმა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში სამძიმარს გამოხატავენ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხეთის საელჩო

ჩეხეთის საელჩო საქართველოში წერს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს“.

რელიგიური კონფესიების სამძიმარი

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“.

„მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, - წერია სამძიმრის ტექსტში.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილის ავტორია ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი.

„კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე.

მისი სახელი სამუდამოდ დარჩება როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.

საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, - წერს იგი.

პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG