Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხეების რუკა - იმპერიუმის ალმასი


თბილისი, 1980-იანი წლები
თბილისი, 1980-იანი წლები

“ჩვენ უკვე საქართველოში ვართ, ამას უთქმელადაც მიხვდებით, ამის შესახებ ქართული ანბანიც გვეუბნება. ირგვლივ მიმოიხედავ და გრძნობ, რომ დიახ, საქართველოში ხარ. სომხეთისგან განსხვავებით საქართველო მდიდარია, მდიდრული სახლებით, ვენახებით, დიდი თამბაქოს პლანტაციებითა და დიდი მწვანე მდელოებით“ - ასე იწყებს საქართველოში მოგზაურობის აღწერას პოლონელი ჟურნალისტი, პოეტი და ფოტოგრაფი რიშარდ კაპუშცინსკი თავის წიგნში „იმპერიუმი“, რომელიც 1993 წელს გამოიცა;

იმპერიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის იმპერიის სიმბოლოა, ის სიმბოლო, რომელიც იმპერიაში შემავალი ქვეყნების ერთმანეთისთვის დამსგავსებას ცდილობდა, ცდილობდა, რომ ყველა ქვეყანა ბეტონის, ნაცრისფერ არქიტექტურაში მოექცია. ხომ უნდა ეთქვათ, ეს საბჭოთა კავშირიაო. ჟურნალისტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოგზაურობს და თავის მოგონებებს გვიზიარებს, ერთ-ერთი საქართველოცაა, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს საბჭოთა დროების დანატოვარს და იმ სტერეოტიპებს, რომლებიც დღემდე შემორჩა.

რიშარდ კაპუშცინსკი
რიშარდ კაპუშცინსკი

კაპუშცინსკის მეგზურობას სტუდენტი გოგონა უწევს და იგი მოხიბლულია სტუდენტის „რომანტიული სილამაზით“. კაპუშცინსკი ასევე მოხიბლულია ქართული ფრესკებით, მცხეთით, ვარძიით. ნიკო ფირსომანიშვილის ოთახში ნახავს ნახატებს, რომელსაც მალე პარიზში გამოფენაზე წაიღებენ. „ნიკო ფიროსმანი ქართველი ნიკიფორი ან რუსო იყო. ის ნახალოვკის (ნაძალადევის) ოცნებებს ხატავდა“, - წერს ჟურნალისტი. იხსენებს, როგორ აღწერდნენ თბილისელები ქალაქს - „თბილისი ადრე ერთი ქუჩა ყოფილა, რუსთაველის გამზირი, რომელიც კილომეტრებზე იყო გადაჭიმული. თბილისი მწვანე მთებში ჩაფლული მზიანი ქალაქი ყოფილა, რომელიც შვეიცარიის ან იტალიის ალპებს მოგაგონებდათ. რუსთაველი თურმე სოლოლაკის უბნით მთავრდებოდა. ეს უბანი გორაკებზე მდებარეობდა, პატარა სამეზობლო ულამაზესი სახლებით, ვერანდებით, აივნებითა და ბაღებით“. ამ ყველაფერს ავტორს უყვებოდნენ 1990 წლის ზაფხულში და სწორედ ამ ზაფხულს ავტორი ერთ, ნიშანდობლივ ფაქტორზე საუბრობს, რომელიც დღემდე აწუხებს ქალაქს. „თბილისი შეიცვალა, სწრაფად და არაბუნებრივად ვითარდება, საშინელი დისპროპორციაა ქალაქსა და გარეუბანს შორის. საქართველოს ერთი მეოთხედი თბილისში ცხოვრობს... ცხოვრება სოფლად ნიშნავს სიღარიბესა და უიმედობას, ამიტომ ყველა დედაქალაქისკენ მიიწევს. აქ განვითარების მეტი საშუალებაა. ამიტომაც, თბილისი, ერევანი, ბაქო მჭიდროდ დასახლებულმა სამეზობლოებმა შთანთქეს, რომლებმაც დედაქალაქები მთლიანად ჩაყლაპა“.

თბილისი, 1980-იანი წლები
თბილისი, 1980-იანი წლები

რიშარდ კაპუშცინსკი 90-იანი წლების საქართველოს ერთ თავისებურებასაც იხსენებს - ერთგვარ მენტალურ რუკას, რომელიც, ჟურნალისტის დაკვირვებით, ყოველი ქართველის მეხსიერებაშია ჩაბეჭდილი; ამ რუკის დეტალებს ის „სწავლობს ბავშვობიდან - მის სახლში, მის სოფელში, მის ქუჩაზე... ეს არის ერთგვარი საფრთხეების რუკა... რომელიც კავკასიელებს აფრთხილებს სხვა კლანის, სხვა ტომის, სხვა ეროვნების შესახებ;

„ფრთხილად ამ სახლში ოსი ცხოვრობს,“ „ფრთხილად, ეს აფხაზური სოფელია.“ „ფრთხილად, ამ ბილიკზე არ გაიარო, იმიტომ რომ შენ ქართველი არ ხარ; ქართველები ამას არ გაპატიებენ" - ეს ყველაფერი კაპუშცინსკის 90-იანი წლების საქართველოში ესმის და იქვე უჩნდება კითხვა: „ნეტა, საქართველო უარს იტყვის აფხაზეთზე? ოთხი მილონი ქართველი და 100,000 აფხაზი.“ აფხაზეთში უფრო ადრე იყო; ასე იხსენებს:

„აფხაზეთის დედაქალაქია სოხუმი, პალმის ხეების ქალაქი. იქ 1967 წელს ვიყავი და აი, ჩემი ჩანაწერიც: სოხუმში გურამმა წამიყვანა რესტორან „დიოსკურიაში“ შემწვარი თევზის საჭმელად. ფანტასტიური ადგილია. რესტორანი გორაკებზეა და შავ ზღვაშია შეჭრილი. ნეტა, კიდევ თუ არსებობს ეს რესტორანი?!“.

სოხუმი, 1980-იანი წლები.
სოხუმი, 1980-იანი წლები.

ჟურნალისტის საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დიდად არც არაფერი შეცვლილა. თბილისი ისევ სწრაფად და არაბუნებრივად ვითარდება; ცენტრსა და პერიფერიას შორის ისევ დიდი სხვაობაა და ცენტრისგან მოშორებით ისევ არქიტექტურული საბჭოთა კავშირი იწყება. სოფლადაც უიმედობაა და ყველა ერთად აწყდება თბილისს, რომელიც მწვანე დიდი ხანია აღარ არის. სოხუმი და ცხინვალი ისევ მოუწვდომელია, და არა მარტო მენტალურ რუკაზე; ხოლო კითხვა „ნეტა საქართველო უარს იტყვის აფხაზეთზე?“ სხვა კითხვით შეიცვალა - ნეტა აფხაზეთი დაბრუნდება?

„იმპერიუმი“ აუცილებლად წასაკითხი წიგნია, რომელიც კარგად აღწერს რა სურდათ „დიდ იმპერიაში“ და კარგი რეპორტაჟია, რომელიც საბჭოეთის ნანგრევებზე გამოგზაურებთ, 90-იან წლებში.

ანა ფაცაცია, რადიო თავისუფლების სტაჟიორი

XS
SM
MD
LG