Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო მარტივი ნადავლი იქნებოდა“ - პროფ. ნილ მაკფარლეინი რუსეთის შესაძლო გეგმებზე

ინტერვიუ ნილ მაკფარლეინთან
ინტერვიუ ნილ მაკფარლეინთან

ნილ მაკფარლეინი: „თუ პუტინი უკრაინაში მიზანს ვერ მიაღწევს, შესაძლოა, შემდეგი საქართველო იყოს“  

„თუ პუტინი იძულებული გახდება უკრაინაში გაცილებით მოკრძალებულ შედეგს დათანხმდეს, შესაძლოა, რუსეთის საზოგადოების ყურადღების გადასატანად თავისი ამბიციები საქართველოსკენ მიმართოს “, - ასე აფასებს საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ნილ მაკფარლეინი, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც საქართველოს, რუსეთსა და სამხრეთ კავკასიას იკვლევს. საქართველოში მორიგი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მაკფარლეინი ქვეყნის შიდა და საგარეო გამოწვევებზე, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, რუსეთის შესაძლო ნაბიჯებსა და იმ ეგზისტენციალურ არჩევანზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

საქართველოში ოპოზიცია არც ერთიანია და არც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს. მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ გერონტოკრატიული ელფერიც დაჰკრავს - მუდმივად ერთი და იგივე, ძველი სახეები

რადიო თავისუფლება: სად არის დღეს საქართველო? რა მდგომარეობაშია ქვეყანა, რა არჩევანის წინაშე დგას და რამდენად ეგზისტენციალურია ეს არჩევანი?

პროფ. ნილ მაკფარლეინი: საქართველოს დღეს ორი-სამი მთავარი გამოწვევა აქვს.

შიდა პოლიტიკაში მთავარი გამოწვევა ავტორიტარული ხელისუფლების სიმტკიცეა. ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს და, კულისებიდან, ბიძინა ივანიშვილს.

ესაა ხელისუფლება, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ მყარად გამოიყურება და ამ ეტაპზე ძნელად დასანახია, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს, თუმცა, რა თქმა უნდა, გარეგნული სტაბილურობა ხშირად მოჩვენებითია - ეს უკვე ვნახეთ უნგრეთში ორბანისა და პოლონეთში კაჩინსკის შემთხვევაში, სადაც ერთი შეხედვით მყარად ნაგები ავტორიტარული სისტემები სწრაფად ჩამოიშალა.

პოლონეთში დონალდ ტუსკმა და მისმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ისე წარმართეს, რომ ათასობით აქტივისტი ჰყავდათ სოფლებში. ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოიარეს. დაახლოებით იგივე მოხდა უნგრეთშიც, მადიარის შემთხვევაში.

საქართველოში ოპოზიცია არც ერთიანია და არც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს. მეტწილად ქალაქებზეა ორიენტირებული და, მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ გერონტოკრატიული ელფერიც დაჰკრავს - მუდმივად ერთი და იგივე, ძველი სახეები.

თუ ოპოზიცია ახალი ადამიანების გარშემო გაერთიანდება, ადამიანებისა, რომლებსაც საქართველოს მომავლის მკაფიო ხედვა ექნებათ და ხალხს აუხსნიან, თუ როგორ შეიძლება ამ უკეთესი მომავლის რეალობად ქცევა, მაშინ, ჩემი აზრით, შანსი გაჩნდება.

საგარეო პოლიტიკის კუთხით, ვფიქრობ, საქართველოს, სულ მცირე, სამი სხვადასხვა სიმძიმის გამოწვევა აქვს.

რადიო თავისუფლება: იგივე კითხვას საგარეო პოლიტიკის ჭრილშიც შევხედოთ. რა არჩევანის წინაშე დგას დღეს საქართველო? რა რეალური ვარიანტები აქვს და რამდენად გადამწყვეტი შეიძლება გამოდგეს ეს არჩევანი ქვეყნის მომავლისთვის?

ნილ მაკფარლეინი: საგარეო პოლიტიკის კუთხით, ვფიქრობ, საქართველოს, სულ მცირე, სამი სხვადასხვა სიმძიმის გამოწვევა აქვს.

პირველი თავად სამხრეთ კავკასიაა - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.

მეორე - რუსეთი და ის სივრცე, რომელსაც ადრე ყოფილ საბჭოთა კავშირს ვუწოდებდით, ანუ ის, თუ რა მიზნები და ამბიციები აქვს პუტინს ამ რეგიონში.

და მესამე - უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტი: შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დასავლეთში მიმდინარე პროცესები და, რა თქმა უნდა, უკრაინის ომი.

დღეს ბაქო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა. რეალური კონკურენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს, რადგან, მაგალითად, საქართველოს სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, ნელ-ნელა საერთოდ გაქრობა-გაუქმებისკენ მიდის

რადიო თავისუფლება: სამხრეთ კავკასიით დავიწყოთ.

ნილ მაკფარლეინი: ჩემი აზრით, რეგიონში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, გეოპოლიტიკური ამინდის შემცვლელი ცვლილება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა. ეს, ერთი მხრივ, ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის ცალსახა გამარჯვების შედეგია, მეორე მხრივ კი - სომხეთის სურვილის, თურქეთთან საზღვარი გახსნას.

ამას ემატება TRIPP [ Trump Road for International Peace and Prosperity, ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის - რ.თ. ]- ტრამპის ინიციატივა, რომელიც სიუნიქის დერეფნის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი ბმულის შექმნას და ამ პროცესში სომხეთის ჩართვას ითვალისწინებს.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო საკუთარ სატრანზიტო ფუნქციას და რამდენად არის მასზე დამოკიდებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს [TRIPP-ი] უშუალოდ საქართველოსთვის კონკურენტი პროექტია.

ზოგი ამბობს, ორივე მარშრუტისთვის საკმარისი ტვირთი მოიძებნებაო. მე ასე დარწმუნებული არ ვარ, ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყოდი.

არის კიდევ ანაკლიის საკითხიც. ანაკლია, ფაქტობრივად, საქართველოს შუა დერეფნის ბუნებრივი ბოლო წერტილია.

თუ აღმოჩნდება, რომ ორივე დერეფნის დასატვირთად საკმარისი ტვირთბრუნვა არ არსებობს, მაშინ აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანსა და შემდეგ თურქეთამდე ახალი მარშრუტის გახსნა უპირობოდ დააზარალებს საქართველოს, როგორც აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის მთავარ სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს. ჩემი აზრით, ეს სერიოზული რეგიონული გამოწვევაა.

მეორე გამოწვევა კი რეგიონში აზერბაიჯანის ძალის არაპროპორციული ზრდაა.

დღეს ბაქო სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა. რეალური კონკურენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს, რადგან, მაგალითად, საქართველოს სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, ნელ-ნელა საერთოდ გაქრობა-გაუქმებისკენ მიდის.

თუ ამას რეალპოლიტიკის გადმოსახედიდან შევხედავთ, არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ მაინც რეალური რისკი - სომხეთის დამარცხების შემდეგ აზერბაიჯანმა საქართველოზე სცადოს ზეწოლა.

ვიმეორებ, ეს დაბალი ალბათობის სცენარია, მაგრამ შესაძლებელი.

არ გამოვრიცხავ, აზერბაიჯანმა გადაწყვიტოს, თავისი სამხედრო სიძლიერე სამხრეთ კავკასიაში გავლენის კიდევ უფრო გასაზრდელად გამოიყენოს.

რადიო თავისუფლება: და რის საფუძველზე? რა შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მიზეზი?

ნილ მაკფარლეინი: ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოებს აგრესიული საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად რაიმე განსაკუთრებული საბაბი სჭირდებათ, გარდა საკუთარი ან რეჟიმის ინტერესებისა.

ამასთან, ბაქო-თბილისს შორის დღემდე გადაუჭრელია საზღვრის დელიმიტაციის რამდენიმე სერიოზული პრობლემა. პირველ რიგში დავითგარეჯი, ასევე ზაქათალა. თეორიულად, ეს ყველაფერი შეიძლება საბაბად იქცეს.

რა თქმა უნდა, ახლა ვსპეკულირებ, მაგრამ მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ასეთი სცენარი სრულიად დასაშვებია. არ გამოვრიცხავ, აზერბაიჯანმა გადაწყვიტოს, თავისი სამხედრო სიძლიერე სამხრეთ კავკასიაში გავლენის კიდევ უფრო გასაზრდელად გამოიყენოს.

რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა იმ მხრივ, რომ უკრაინა ასეთი უიღბლოა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს თავისი ზღვარი აქვს და ამ მომენტში მათი სამხედრო რესურსი მთლიანად უკრაინაზეა მიმართული.

ამის გამო, საქართველო მათთვის მეორეხარისხოვანი მიმართულებაა. ჩემი აზრით, ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინაში ომი მიდის, ომი, რომელსაც ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, უკრაინა იგებს. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი.

თუ პუტინი იძულებული გახდება ისეთ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც ძალიან შორს იქნება მისი თავდაპირველი მიზნისგან - უკრაინელებისა და რუსების გაერთიანებისგან - და მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, როგორ შეძლებს ის ამ მიზნის მიღწევას - თუ მოუწია, იმაზე გაცილებით მოკრძალებულ შედეგს დაყაბულდეს, ვიდრე თავიდან ჰქონდა ჩაფიქრებული, შესაძლოა, რუსეთის საზოგადოების ყურადღების გადასატანად თავისი ამბიციები და სამხედრო აგრესია საქართველოსკენ მიმართოს.

საქართველოს წყენინება არ მინდა, მაგრამ 2008 წელს საქართველო რუსეთისთვის საკმაოდ ადვილი ნადავლი გამოდგა.

რადიო თავისუფლება: პატარა ტრიუმფალური ომის სცენარით?

ნილ მაკფარლეინი: დიახ. საქართველოს წყენინება არ მინდა, მაგრამ 2008 წელს საქართველო რუსეთისთვის საკმაოდ ადვილი ნადავლი გამოდგა.

გარკვეულწილად, ეს მათი სამხედრო შესაძლებლობების გამოცდაც გახლდათ. მაშინ ბევრი სისუსტე გამოჩნდა, რომელთა ნაწილი მომდევნო წლებში გამოასწორეს, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერა.

თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ვფიქრობ, საქართველოს ამის შესაჩერებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებს.

და თუ საქართველო რაიმე ფორმით წინააღმდეგობას გაუწევს, ეს, შესაძლოა, საბაბად გამოიყენონ და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყონ.

რადიო თავისუფლება: წინააღმდეგობრივად არ გეჩვენებათ სცენარი, სადაც რუსეთი საქართველოს ესხმის თავს მაშინ, როცა დღევანდელ ქართულ ხელისუფლებასთან, კრემლს ალბათ, ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოს რომელიმე ხელისუფლებასთან ჰქონია?

ნილ მაკფარლეინი: ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. არ მეხალისება ამის თქმა, თუ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო საფრთხე რუსეთია, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამ საფრთხის შემცირების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებით იმუშავა - სწორედ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით.

თუ მთავარ, ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევ, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით „ოცნება“ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს

რადიო თავისუფლება: მაგრამ რის ფასად?

ნილ მაკფარლეინი: ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესების ფასად. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

თუ მთავარ, ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევ, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით „ოცნება“ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როცა, ჩემი შთაბეჭდილებით, მიშა, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსეთი გაეღიზიანებინა.

ამიტომ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გარკვეული დამსახურება ნამდვილად აქვს რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზებაში. საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ამოცანა იყო.

რაც შეეხება თქვენს კითხვას - რამდენად პარადოქსული იქნება, თუ რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება იმ პირობებში, როცა ურთიერთობები საკმაოდ კარგია - დიახ, დღეს ეს ლოგიკური შეკითხვაა.

მაგრამ მე თქვენ საპირწონედ სხვა კითხვას დაგისვამდით: რა მოხდება, თუ უკრაინის ომი დასრულდება და პუტინი ვერ მიაღწევს იმ მიზნებს, რაც დასახული ჰქონდა? ასეთ შემთხვევაში საქართველო, როგორც უკვე ვთქვი, მისთვის საკმაოდ მარტივი ნადავლი იქნებოდა.

თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოში „საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, ამის გაკეთება მისთვის რთული არ იქნება.

რადიო თავისუფლება: არ გეკამათებით, მაგრამ რუსი ხალხისთვის ეს სანუგეშო ჯილდოდ გამოდგება? იმ ვითარებაში, როცა სომხეთი ღიად აღარ გემორჩილება, აზერბაიჯანი - მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავ, მოლდოვა კი ევროკავშირის წევრი ხდება, პუტინი გამოდის და ამბობს: „იცით რა? მაგარი რაღაც მოვიფიქრე: მოდი, დავარტყათ ერთადერთ ქვეყანას რეგიონში, რომელმაც ჩვენთან მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნა.“ და რუსებიც ტაშს დაუკრავენ - „რა მაგარია, დიდებული გეოპოლიტიკური სვლააო?!“

ნილ მაკფარლეინი: როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ ვარაუდია. მაგრამ თუ ამ ჰიპოთეტურ სცენარში რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოში „საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, ამის გაკეთება მისთვის რთული არ იქნება.

ამის შემდეგ კი უკვე ჩნდება კითხვა - შემდეგი ვინ იქნება? ლოგიკური შემდეგი სამიზნე სომხეთია, რადგან გიუმრიში უკვე აქვთ დიდი სამხედრო ბაზა და საქართველოზე კონტროლის დამყარების შემდეგ, უკვე საერთო საზღვარის არქონის პრობლემაც გადაიჭრება. შედეგად, სომხეთიც შედარებით ადვილი სამიზნე იქნებოდა.

ამ კონტექსტში რუსეთის მთავარი პრობლემა თურქეთთან ურთიერთობაა.თურქეთი რეგიონში საკუთარ გავლენას სულ უფრო ზრდის. და, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რუსეთი თურქეთთან ურთიერთობას მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მაგრამ მომავლის პრობლემა სწორედ ეს არის - მომავალი, როგორც ამბობენ, სხვა ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც არც მე და არც თქვენ არასდროს ვყოფილვართ.

ჩინეთს რუსეთის მიმართ საკუთარი, უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვს. მაგალითად, საკმარისია გავიხსენოთ 1689 წლის ნერჩინსკის ხელშეკრულება, როდესაც რუსეთმა ჩინეთი აიძულა რუსეთისთვის დაეთმო უზარმაზარი ტერიტორიები წყნარი ოკეანის სანაპიროსა და აღმოსავლეთ ციმბირში

რადიო თავისუფლება: ამ ჰიპოთეტურ სცენარს მგონი კიდევ ერთი სუსტი მხარე აქვს - დაშვება, რომ პუტინი უკრაინის ომს მისთვის არასასურველი შედეგით ამთავრებს, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკურად -ან სულაც, ფიზიკურად გადარჩება. მეტიც - უკრაინაში ომს გამარჯვების გარეშე დაასრულებს, შემდეგ კი დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენის ნაცვლად, სანქციების მოხსნისა და ურთიერთობების დათბობის ნაცვლად, ახალ ომს დაიწყებს. ანუ თავადვე არ დატოვებს სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას და დასავლეთს მასთან ურთიერთობის აღდგენის არანაირ შანსს არ დაუტოვებს.

ნილ მაკფარლეინი: არა მგონია, ბატონ პუტინს დასავლეთთან ურთიერთობები განსაკუთრებით აღელვებდეს. რომ აღელვებდეს, უკრაინაში საერთოდ არ შეიჭრებოდა.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც არის - რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდება და ფართოვდება.

შეიძლება ეს თავად რუსეთში ყველასთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ ვფიქრობ, პუტინი თვლის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დასავლეთთან დაახლოების სრულიად მისაღები ალტერნატივაა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირთან, და შესაძლოა, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენა რუსეთისგან გარკვეულ დათმობებს ნიშნავს, აი, ჩინეთი კი დათმობებს არ ითხოვს. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მხარდაჭერა [დასავლეთის წინააღმდეგ], რადგან რუსეთი მისი პარტნიორია. ამასთან, ამ ორ რეჟიმს ერთმანეთთან იდეოლოგიური სიახლოვეც აკავშირებს.

ამასთან, ვფიქრობ, ჩინეთს რუსეთის მიმართ საკუთარი, უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვს. მაგალითად, საკმარისია გავიხსენოთ 1689 წლის ნერჩინსკის ხელშეკრულება, როდესაც რუსეთმა ჩინეთი აიძულა რუსეთისთვის დაეთმო უზარმაზარი ტერიტორიები წყნარი ოკეანის სანაპიროსა და აღმოსავლეთ ციმბირში.

ამ ურთიერთობაში ბევრი დაუმთავრებელი საკითხი რჩება. მაგრამ, საბოლოოდ, ვინ იცის? როგორც უკვე ვთქვი, მომავალი ისეთი სამყაროა, სადაც არც ერთ ჩვენგანს არასოდეს უმოგზაურია.


  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG