Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონები, ჩიპები, გემები, სამუშაო ადგილები სომხეთსა და აზერბაიჯანში - როგორ ხვდება "ამერიკის დაბრუნებას" რეგიონში საქართველო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს 9-11 თებერვალს სტუმრობდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანს 9-11 თებერვალს სტუმრობდა.

2024 წლამდე შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში ერთი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავდა - საქართველო; ამ ეტაპისთვის უკვე ორი ჰყავს - მაგრამ საქართველო მათ შორის აღარ არის. სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის 3-დღიან ტურნეს თბილისიდან "სუფთა ფურცლით" ადევნებდნენ თვალს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში 9-11 თებერვალს, საქართველოში შეჩერების გარეშე დასრულდა. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამაში არაფერი იყო მოულოდნელი. იმავეს ამბობენ "ოცნების" ოპონენტებიც - თუმცა სულ სხვა მიზეზებით.

მაშინ, როდესაც ბაქომ და ერევანმა ეკონომიკური შეთანხმებები, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს, თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას ელოდება და ბოლო დღეებში ოპტიმიზმისთვის მეტ საფუძველს ხედავს, თუმცა მიუთითებენ იმასაც, რომ წლების განმავლობაში გაფუჭებული ურთიერთობები იოლად ვერ გამოსწორდება.

"ლოგიკური", "მხოლოდ ვიზიტი"

ვიდრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავიდოდა, 4 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში ჩადის, რათა „გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)".

რადგან ეს პროექტი საქართველოს არ მოიცავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფიქრობს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტურნეს მარშრუტში საქართველოს ადგილი ბუნებრივად არ იყო. „ლოგიკურია, რომ ვიზიტის ადრესატი არის ორი ქვეყანა“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ, ჯერ კიდევ ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასვლამდე.

მმართველი პარტიის განაყოფისა და მოკავშირის - “ხალხის ძალის” - წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით კი - არც თავად ვიზიტი არ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულს. “არც მხოლოდ მოკითხვა და არც მხოლოდ ვიზიტი არაფერს არ მოუტანს ამ ქვეყანას… ბევრი რამე მოხდება ისეთი, რაც იქნება საქართველოში და არ იქნება აზერბაიჯანში… რა შედეგი ჰქონდა 2005-ში რომ იყო ჩამოსული [ჯორჯ ბუში]?!”- ასე უპასუხა მაჭარაშვილმა 9 თებერვალს მედიის შეკითხვებს ჯეი დი ვენსის ტურნესთან დაკავშირებით.

„საქართველოს ინტერესებს არც ხელის ჩამორთმევაში გავცვლით, არც ვიზიტებში, არც „დიპ სტეიტის“ ფილიალის მსგავსად ცალ ფეხზე არ დავდგებით”, - ესეც მაჭარაშვილის სიტყვებია.

2024 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ჩამოვიდა, გურამ მაჭარაშვილი ამბობდა, რომ ეს იყო “უბედურების ზარი” ოპონენტებისთვის; რადგან საქართველოში ასეთი მაღალი მაღალჩინოსნის ვიზიტი, "ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ლეგიტიმურობას და მეორე მხრივ, მწვანეს უნთებს და გზას უხსნის ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან”.

უსაფრთხოება, განვითარება - სომხეთი რეგიონის ფოკუსში

ჯეი დი ვენსი აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია.

შეთანხმებული საკითხების ფართო სპექტრი ექსპერტებისთვის აშკარას ხდის, რომ ვიზიტი ფართო თანამშრომლობის პერსპექტივებს აჩენს. მხარეებმა გააფორმეს არაერთი შეთანხმება, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული სომხეთის სიუნიქის რეგიონზე გამავალ “ტრამპის მარშრუტთან” [TRIPP], მაგრამ ემსახურება მშვიდობის განმტკიცებას.

  • ვენსმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები აშშ-სგან: საწყის ეტაპზე - აშშ-დან 5 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ექსპორტი; ხოლო შემდეგ, გრძელვადიანად - კიდევ 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები - ბირთვულ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.
  • რადიო თავისუფლების სომხეთის სამსახურის ინფორმაციით, ერევანი აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან მოდულური ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ; თუმცა ეს საკითხი ბოლომდე შეთანხმებული ჯერ ისევ არ არის. აქამდე სომხეთს ერთადერთი ატომური ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიებს მოსკოვი აწვდიდა.
  • მედიამ სწორედ ვენსის ვიზიტის დროს შეიტყო, რომ სომხეთი ყიდულობს აშშ-ის წარმოებულ 11 მილიონი დოლარის უპილოტო საფრენ აპარატებს - რაც სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის და განავითარებს სადაზვერვო საჭიროებებს.
  • ასევე ვიზიტის დროს გაირკვა, რომ სომხეთმა მიიღო თანხმობა NVIDIA-ის წარმოების მძლავრი ჩიპების მორიგი პარტიის შემოტანისთვის. ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ასეთი ჩიპები არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას.


ეს ჩიპები ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრისთვის არის გამიზნული, რომლის მშენებლობა დაწყებულია მანამდე [ტრამპსა და ფაშინიანს შორის] ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში; მოელიან, რომ პირველი შედეგები უკვე წელს გახდება ხილული.

ჯამში კი - როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა - ამ მასშტაბურ "მონაცემთა ცენტრს" სომხეთში 4 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია და “ის შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს”, მათ შორის ამერიკელებისთვის.

„მჯერა, ჩვენ ვართ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია სომხეთი ვაქციოთ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მსოფლიოს ამ რეგიონში; რაც არა მხოლოდ შეინარჩუნებს სამშვიდობო შეთანხმებას, არამედ მოუტანს დიდ კეთილდღეობას სომეხ ხალხს, და რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის - შეერთებული შტატების ხალხსაც“, - თქვა ჯეი დი ვენსმა ერევანში.

„დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიურია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებს. უსაფრთხოება დღეს პირდაპირ გადაჯაჭვულია ტექნოლოგიებთან და შეერთებული შტატები სწორედ ტექნოლოგიური გადასახედიდან განიხილავს პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში.

ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა სომხეთისთვის თანამედროვე მიკროჩიპებთან დაკავშირებული ინვესტიცია, ასევე დრონების მიწოდება... ასევე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის - საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით“, - გვეუბნება უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ანდრო გოცირიძე; ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ის არა “მხოლოდ ვიზიტად”, არამედ “რეგიონში აშშ-ის დაბრუნებად” განიხილავს და მით უფრო სამწუხაროდ თვლის, რომ საქართველო ამ პროცესების მიღმა დარჩა.

გოცირიძისთვის მკაფიოა, რომ საქართველო „დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტის პოზიციას კარგავს" და ქვეყნისთვის ეს "უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავს“:

„იმის მაგივრად, რომ [თბილისს] ერთი ნაბიჯი წინ გადაედგა და ამ კონკურენტულ გარემოში ქვეყანა მაღალი ტექნოლოგიების ჰაბად ქცეულიყო, შეეთავაზებინა ახალი მარშრუტები, ღრმაწყლოვანი პორტები - აშშ-სთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან - თანამშრომლობით; ამის ნაცვლად საქართველომ ["ქართული ოცნების" ხელისუფლებამ] აირჩია იზოლაციის პოლიტიკა და ანტიდასავლური პროპაგანდა.

ამით საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოთი დაინტერესება ნაკლები იქნება და არა მხოლოდ დემოკრატიული სამყაროს მხრიდან“.


აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სომხეთი 2025 წლის დასაწყისში გახდა. ხოლო აზერბაიჯანსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ბაქოში 10 თებერვალს მოაწერეს ხელი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

“[აშშ აპირებს] აზერბაიჯანს გაუგზავნოს ახალი გემები ტერიტორიული წყლების დაცვაში დასახმარებლად”, - განაცხადა ვენსმა, ქარტიის ხელმოწერის შემდეგ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის “ძალიან კარგი საუბარი” შედგა და “ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის”.

ალიევმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას “კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის”.

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის 30 ნოემბრის მიწურულს შეაჩერა - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს; თუმცა საკითხი დღემდე არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ გადაუსინჯავს. სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც. აშშ-ის მიერ სანქცირებულია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სანქცირებულთა დიდმა ნაწილმა მაღალი თანამდებობები დატოვა.

ურთიერთობების "სუფთა ფურცლით" განახლების იმედი

სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზვიად შალამბერიძე პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში ამბობს, რომ აშშ-ის ტრამპის ადმინისტრაცია აქამდე დაკავებული იყო და „როგორც კი სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწია... დაიწყო უკვე ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსა და ამერიკას შორის დათბობის რეჟიმში“. ამის დასტურად შალამბერიძე ჩამოთვლის:

"რამაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ნაბიჯით დაგვაახლოვა ურთიერთობის დათბობაზე, რასაც, რა თქმა უნდა, ველოდებით“, - ამბობს შალამბერიძე.

მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის „სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა ძალიან ცოტა დროში მოხდება“ და „უმოკლეს ხანში გარკვეული ოფიციალური ვიზიტების გაცვლა იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის“.

ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების იმედი მის გუნდში სხვებსაც აქვთ, მაგრამ სწრაფ ტემპებთან დაკავშირებული პროგნოზის გაკეთებას უმეტესობა ერიდება.

უმრავლესობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა, 9 თებერვალს ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ მკვეთრად დაზიანებული ურთიერთობების აღდგენა ძალიან რთული იქნება - „საქმის გაფუჭებაა ადვილი, თორემ შემდეგ ამის შემოტრიალება რთულია“.

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“...

ეს არის ფრაზა, რომელსაც ამ დღეებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირები ყველაზე ხშირად იყენებენ. მათ შორის - ირაკლი კობახიძეც.

“დაველოდებით რამდენიც იქნება საჭირო! იმედი გვაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება… მზად ვართ, ყველა დეტალი ყოველგვარი პირობების გარეშე განვიხილოთ და განვიხილოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ორივე მხარის ინტერესი იქნება ასახული. მზად ვართ, სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ. ეს არის ჩვენი პოზიცია!“ - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 10 თებერვალს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის იმედისმომცემი ამბები მილანიდან მიხეილ ყაველაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა ჩამოიტანეს. ამბობენ, რომ იტალიაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნისთვის ჩასულებს, ჰქონდათ კომუნიკაცია ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და ურთიერთობების განახლების დაპირებაც სწორედ მაშინ მიიღეს.

“სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში”, - უთხრა ბოჭორიშვილმა 9 თებერვალს ჟურნალისტებს. დააზუსტა, რომ მისთვის იმედისმომცემია მოადგილის, ლაშა დარსალიას მიერ ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიც - “საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში”.

2025 წლის სექტემბრის მიწურულს, ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეაზე ჩასულმა მიხეილ ყაველაშვილმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის საერთო ვახშამზე პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა; უთხრა, რომ დროა, ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ და მიიღო დაპირებაც, რომ ის ამ საკითხს “დაუბრუნდება”. საუბარი იყო პრეზიდენტ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებაზე 23 სექტემბერს, რომლის დროსაც, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპთან “კომუნიკაცია გამართა”.

2025 წლის სექტემბრის დასაწყისში, ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ექსპერტებმა უხეში ტონი და მუქარაც დაინახეს. მას აღარ განუმარტავს, რა გამოხმაურება მოჰყვა იმ წერილს.

"ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები მაშინაც აცხადებდნენ, რომ შემდგომ პროცესებს მოთმინებით დაელოდებოდნენ.

ანდრო გოცირიძეს ეეჭვება, რომ, ამჟამად არსებულ ვითარებაში, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების წლების წინ არსებულ მაღალ ნიშნულზე დაბრუნება მოხერხდეს, რადგან "შეერთებულ შტატებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარება" და “სანდო და ანგარიშვალდებული პარტნიორი”. პოლიტიკაში მას არ წარმოუდგენია ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან დაწყება”, ძირეული ცვლილებების გარეშე.

გოცირიძე ახსენებს გზავნილს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შარშან გამოუგზავნა პირადად ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ მიღებაზე უარი განაცხადა და მაშინდელი ელჩი რობინ დანიგანი ირაკლი კობახიძისკენ გადაამისამართა.

კობახიძემ მაშინ გამოხატა ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც „დიპ სტეიტის“ გავლენით“. იმავე პერიოდში კობახიძე მოუწოდებდა სახელმწიფო დეპარტამენტს, დაემტკიცებინა თბილისისთვის, რომ არ მოქმედებდა “დიპ სტეიტის” გავლენით.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG