Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინოდის სხდომა დაიწყო - დღეს პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ

საპატრიარქოში დილიდან მივიდნენ მღვდელმთავრები პატრიარქობის სამი კანდიდატის გამოსარჩევად.
საპატრიარქოში დილიდან მივიდნენ მღვდელმთავრები პატრიარქობის სამი კანდიდატის გამოსარჩევად.

სამშაბათს, 2026 წლის 28 აპრილს, ნაშუადღევს დაიწყო სინოდის სხდომა, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოავლენენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს.

წმინდა სინოდის სხდომა თბილისში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში იმართება. მღველმთავრები იქ დილიდან მივიდნენ.

ილია მეორის გარდაცვალებიდან ორ თვეში საქართველოს ახალი პატრიარქი უნდა ჰყავდეს. მისი გარდაცვალებიდან 40 დღე 25 აპრილს გავიდა.

ეკლესიის ახალ საჭეთმპყრობელს წმინდა სინოდი ირჩევს, - მღვდელმთავართა კრება, რომელიც ამჟამად 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. მომავალი კათოლიკოსი ერთ-ერთი მათგანი იქნება.

ვინ იქნება სამი კანდიდატი?

ჯერჯერობით უცნობია, მღვდელმთავრობის რამდენ კანდიდატურას წამოაყენებენ სინოდის წევრები.

დღეს, დახურულ სხდომაზე კანდიდატთა დასახელების შემდეგ, სინოდის წევრები ფარული კენჭისყრით გამოარჩევენ სამ კანდიდატს.

გამოკვეთილი კანდიდატია სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ილია მეორის სიცოცხლეში მის მიერ მოსაყდრედ გამორჩეული მაღალიერარქი.

საბოლოო არჩევნებზე მას ორი კონკურენტი ეყოლება.

როდის აირჩევენ ახალ პატრიარქს?

ახალი პატრიარქი დღეს გამორჩეული სამი კანდიდატურიდან ირჩევა.

გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა - კრების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.

  • თუკი საბოლოო კენჭისყრით ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ხელმეორე კენჭისყრა გაიმართება.
  • აქ კენჭს უყრიან მხოლოდ ორი კანდიდატს, რომელთაც პირველ ჯერზე ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

როდის იქნება საბოლოო კენჭისყრა, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. დღეს, სავარაუდოდ, სინოდი ამ თარიღზეც შეთანხმდება.

2026 წლის 17 მაისს ახალი პატრიარქი უკვე არჩეული უნდა იყოს.

რა კრიტერიუმებით აირჩევენ?

პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.

პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება - ასეთია ასევე 30 წევრი (მათ რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ განათლება მიღებული).

„კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა“, - დაადასტურა დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

„რაც შეეხება განათლებას“, - თქვა მან, - „როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! - სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით“.

გამორჩეული მღვდელმსახურების გამოსაკვეთად შეიძლება გამოდგეს მათთვის პატრიარქის მინიჭებული უმაღლესი ჯილდო, სკუფიაზე [მღვდელმსახურის თავსაბურავი] ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

ოფიციალური და წინასწარ გაწერილი წესების გარდა, თეოლოგებისა და ისტორიკოსების ნაწილი, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ არსებობს დაუწერელი კრიტერიუმი:

ახალი პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებისთვისაც უნდა იყოს მისაღები და რუსეთის ეკლესიისათვისაც.

ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 22 მარტს დაკრძალეს თბილისში, სიონის ტაძარში.

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG